„კახა კალაძე დამოუკიდებელ დრეიფში გადაეშვა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია“
პოლიტიკა

„კახა კალაძე დამოუკიდებელ დრეიფში გადაეშვა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია“

„კახა კალაძე დამოუკიდებელ დრეიფში გადაეშვა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია“
მანანა ნოზაძე

2018-01-08 15:11:54

For.ge დაინტერესდა იმით, 2018 წელს რა პოზიციაზე დარჩება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ამოწურავს თუ არა თავის მისიას პრემიერად, ან გახდება თუ არა დედაქალაქის მერის თანამდებობა ტრამპლინი კახა კალაძისთვის პრემიერობის გზაზე? ამასთან, ვინ შეემატება საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა კოჰორტას და ვინ დაიმსახურებს საქორწილო გენერლის სტატუსს?!  

ქართული ისტებლიშმენტის ბედის შესახებ თავისებური მოსაზრება აქვს ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას. მას ეჭვი ეპარება, კახა კალაძე ამ წელს რაიმე კუთხით გაერიოს ცენტრალური მთავრობის პრეროგატივაში. უბრალოდ, კალაძე ახლა ძალას იკრებს და ემზადება გრძელვადიანი და დიდი ნახტომისთვის. ნებისმიერი თანამდებობა, თუნდაც პრემიერობა მისთვის ამ ეტაპზე არამომგებიანი პოლიტიკური ტექნოლოგიური ნაბიჯი იქნება. ის თავის კაპიტალს ამ მიმართულებით არ გააფუჭებს. ამიტომ სადაც არის ამჟამად, ამ პოზიციაზე დარჩება მთელი წლის განმავლობაში, ამ პოზიციას გააპიარებს, გაამყარებს, შექმნის ძლიერ იმიჯს. მით უმეტეს, რომ კახა კალაძემ პოზიტიური ელემენტებით უკვე დაიწყო მოქმედება და ახალი ელემენტებიც შემოიტანა პოლიტიკაში, ის კარგად იყენებს იმ პოლიტიკურ ტექნოლოგიურ რესურსს, რომელიც გააჩნია.

„კახა კალაძე გამოვიდა გარეთ და გამოეცალა მმართველი „ქართული ოცნების“ დაჯგუფებას. სწორედ იმიტომ გადავიდა თბილისის მერიაში, რომ მმართველ გუნდთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს გასცლოდა. ის ახლა აძლიერებს თავის გუნდს, თავის პოზიციებს, იგი აჩვენებს, რისი გამკეთებელია და  რას გააკეთებს  მომავალში, როცა გახდება პრემიერ-მინისტრი. პრემიერი რომ გახდება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგი პრემიერი იქნება, ოღონდ არა ახლა. კალაძე წავიდა დამოუკიდებელ დრეიფში, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგიცაა, რადგან ქმნის კონკურენციას  ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის თანამდებობა უკვე გახდა საპრეზენტაციო. მით უმეტეს, როცა ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, პრეზიდენტობა უკვე გახდება საქორწილო გენერლის ტიპის სტატუსი. სერიოზული პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე არ წავა. აქ შეიძლება წავიდნენ ისინი, ვისაც აქვთ ამბიცია, ქორწილის გენერლის სტატუსი მიიღონ. ამ პოსტის დასაკავებლად, ყველა ვარიანტში, წავა გიორგი მარგველაშვილი, შეიძლება ირაკლი  ღარიბაშვილმაც წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა და არც გიორგი კვირიკაშვილია გამოსარიცხი. შალვა ნათელაშვილმა კი უკვე დააანონსა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

„პრეზიდენტობის სურვილი 5-6 კანდიდატს ექნება, მაგრამ, როცა ახალი პრეზიდენტი მიიღებს ფიცს, ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, ეს სრული აჯაფსანდალი და გაურკვევლობა. მე მგონი, ორი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ მოგვიწევს ახალი კონსტიტუციური გუნდის შექმნა. სულ ვამბობ, რომ კონსტიტუცია არ არის იურიდიული დოკუმენტი. კონსტიტუციას არ უნდა ქმნიდნენ იურისტები და საეჭვო განათლების თუ რეპუტაციის მქონე პიროვნებები. ეს პოლიტოლოგებისა და პოლიტიკური ანალიტიკოსების საქმეა. ამ დროს კი ყველა ჯურის ავანტიურისტი გაერთიანდა ამ საქმეში. სიყვარულის არ იყოს, რომელიც ბრუნვადი და ვერტიკალურია, კონსტიტუციაც პოლიტიკური ვერტიკალია, რომელიც უნდა ააგონ პოლიტოლოგებმა და ანალიტიკოსებმა და არა იურისტებმა, ეკონომისტებმა, სპორტსმენებმა, ან კიდევ, პროფესიონალმა ავანტიურისტებმა. ვფიქრობ, უკვე 2018 წლიდანვე ახალი კონსტიტუციის შექმნის პროცესი დაიწყება“,-მიაჩნია ვახტანგ მაისაიას.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი თავი ჯერ არ ამოუწურავს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს  სერიოზული შეცდომა მოუვიდა, როდესაც პარლამენტში ნიკა მელიას აგინა, შესაძლებლობები ამ პოსტზე ჯერ არ ამოუწურავს. ვაჟა ბერიძეს ამის თქმის საშუალებას აძლევს ის ფაქტი, რომ გასული წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის პერსპექტივის თვალსაზრისით, კვირიკაშვილის დროს სერიოზული გარღვევა მოხდა.

„წინგადადგმული ნაბიჯები განხორციელდა გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდში, რაც მის სასარგებლოდ მეტყველებს. ეს ყველაფერი უნდა განავითაროს კვირიკაშვილმა, როგორც მენეჯერმა, მაგრამ მისი კავშირი საზოგადოებასთან, მედიასთან, მისი ხედვების გაუგებრობა, ხშირ შემთხვევაში, მაინც გავლენას ახდენს ყველაფერზე. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მას პარლამენტში ისე არ ეჭირა თავი, როგორც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, პირველ პირს ეკადრება. მესმის, რომ ბევრს მოეწონა პრემიერის ქმედება, განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, რომლებიც კრიტიკულად უყურებენ „ნაციონალებს“, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ ამშვენებს პრემიერ-მინისტრის გინება პარლამენტის დარბაზში. ეს იყო შეცდომა, რომელიც პრემიერმა დაუშვა“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე და კვირიკაშვილის პერიოდში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ასახელებს.

კერძოდ, ეს იყო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება, მიუხედავად იმისა, რომ  ხელისუფლებასა და ექსპერტებს ჯეროვნად არ გაუანალიზებიათ, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ეს დიდი შესაძლებლობა ქართული ეკონომიკისთვის და რას მოიტანს იგი არა მარტო ღვინის მრეწველობისთვის, არამედ სხვა დარგებისა და მეწარმეობისთვის საქართველოში.

ამავე დროს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი იყო, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, მიმდინარეობს ოთხპუნქტიანი პროგრამის რეალიზება, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, 2,7 მილიარდი შემოვიდა ტურიზმიდან.

რა თქმა უნდა, ეს არ ასახულა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე, მაგრამ ელემენტარულად რომ დავფიქრდეთ, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ კეთილდღეობას უნდა მივაღწიოთ. 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება რეგიონში და ეს ყველაფერი ხდება რუსეთის პრობლემების, უკრაინის დესტაბილიზაციის საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, თურქეთის პრობლემების გათვალისწინებით საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რომელიც, ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია. ამას ემატება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა. თბილისში გამართული „დიდი აბრეშუმის გზის“ ფორუმი, რომელიც ჩინური სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში ჯდება - „ერთი გზა - ერთი სარტყელი“. აქ ჩვენ გვყავს სერიოზული მეტოქეები, მათ შორის, რუსეთის სახით, რომელსაც ასევე სურს, ამ გზამ ევროპისკენ სწორედ მის ტერიტორიაზე გაიაროს, თუმცა ჯერჯერობით ჩინეთს ჩვენ ვეიმედებით პარტნიორად.

რაც შეეხება მოარულ ხმებს კახა კალაძის გაპრემიერებასთან დაკავშირებით, ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ რთული თემაა, ვინ რა პოზიციას დაიკავებს საქართველოში, რადგან ამის გადაწყვეტას არც ექსპერტებს ეკითხება ვინმე, არც საზოგადოებას და არც პარტიად წოდებულ „ქართულ ოცნებას“. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი-ბიძინა ივანიშვილი. ჯერჯერობით ამ პრაგმატულ, გონიერ და პატრიოტ ადამიანს ამის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადავაგორეთ ისე, რომ უკან არ წავსულვართ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო დემოკრატიის ზეიმი. საზოგადოება მიმდინარე წელს პრეზიდენტის არჩევის წინაშე დადგება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს მაინც პირდაპირ ავირჩევთ, რადგან ქართველ ხალხს მოსწონს, როდესაც თუნდაც სიმბოლურ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს პირდაპირ ირჩევს. სწორია თუ არასწორი ქართველი ხალხის ნება, ის მაინც უზენაესი უნდა იყოს.

თუ რომელი ძალის კანდიდატი გავა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ან გავა თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს სიტუაციის სერიოზული ტესტირება იქნება. ამ მხრივ გამოცდა ელის „ქართულ ოცნებას“. თუკი მისმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, ეს მისი უკუსვლის სერიოზული ნიშანი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ ეტაპზე შესაბამისი კანდიდატები არ ჩანან, ვინც სიმბოლური და მედიატორული ფუნქციის მქონე პრეზიდენტად უნდა აირჩიონ. სამწუხაროდ, პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვერ ახერხებს პოპულარობისა და გავლენის მქონე კანდიდატების წარმოჩენას და წამოწევას წინა პლანზე.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორია კანდიდატების შერჩევის პრაქტიკა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ ჭარბი ავტორიტეტის ფონზე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ არენაზე მყოფთაგან პრეზიდენტობის შანსი აქვს გიორგი კვირიკაშვილს, სკაბრეზული ფრაზებით პარლამენტში თავის გამოჩენის მიუხედავად“, - განმარტავს ვაჟა ბერიძე.

ამასთან ექსპერტი ფიქრობს, რომ გარკვეული შანსები, რა თქმა უნდა, აქვს ირაკლი ღარიბაშვილს და კახა კალაძეს, მაგრამ საეჭვოა, ამ ეტაპზე პრეზიდენტის პოსტზე კალაძის გადასროლა ღირდეს. კალაძემ აჩვენა, რომ ის მხოლოდ ფეხბურთელი კი არ არის, რომელიც პოპულარობის გამო ხალხმა აირჩია, არამედ მზარდი პოლიტიკოსია. თუმცა იგი საპრეზიდენტო რეზერვად კი არა, უფრო კვირიკაშვილის ალტერნატივად განიხილება ისევე, როგორც გიორგი გახარია.

ბერიძის თქმით, საზოგადოების წინაშე კადრების წამოწევისა და შეთავაზების ბიძინა ივანიშვილისეულ სტილს თუ გავითვალისწინებთ, ჯერჯერობით ჩვენ გვყავს ორი კანდიდატი პრემიერობის პოსტზე, ეს არის კახი კალაძე და გიორგი გახარია. რაც შეეხება პრეზიდენტობას, ვაჟა ბერიძე ფიქრობს, რომ ამ პოსტზე რეიტინგული კახა კალაძე იქნებოდა, ასევე, კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი. თუმცა სხვაც ბევრია, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ საპრეზიდენტოდ გამოსაჩენი, გონიერი ადამიანების დეფიციტი არ გვაქვს.

ვაჟა ბერიძის აზრით, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობის გარეშე არ გაეცლება პოლიტიკურ სარბიელს. მარგველაშვილს, რომელსაც ყველა აყვედრის, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად, სხვა გამოსავალი არც აქვს. ამიტომ მან პრეზიდენტის პოსტზე უნდა წარადგინოს საკუთარი თავი და თუნდაც ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდეს.

ამიტომ მარგველაშვილი წამოაყენებს თავის კანდიდატურას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ პოლიტიკურ არენაზე დასავლური ფლანგი ძალზე დასუსტებულია, ვაჟა ბერიძე პრეზიდენტს ურჩევს, გააერთიანოს პროდასავლური ყაიდის მოღვაწეები, პარტიები, საინტერესო ადამიანებისგან შემდგარი თავისი აპარატი და სწორედ ასეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას ჩაუდგეს სათავეში. ეს უფრო წაადგებოდა ქართულ საქმეს. 

ნანახია - 5104

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80