ხელისუფლებამ პატრიარქს სომხების გამო სამაგიერო გადაუხადა?!
რეტრომედია

ხელისუფლებამ პატრიარქს სომხების გამო სამაგიერო გადაუხადა?!

ხელისუფლებამ პატრიარქს სომხების გამო სამაგიერო გადაუხადა?!
„სარკე“, 11 ივლისი, 2011 წელი

2018-01-10 09:43:58

ალბათ ყველას გახსოვთ საქართველოში სომეხთა სულიერი მამის გარეგინ მეორის ვიზიტი. თბილისში ჩამოსვლამდე, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. სომხურ მედიაში იწერებოდა, რომ ის აუცილებლად მიაღწევდა თავისას. გარეგინი ქართული მხარისგან სადავო ეკლესიების გადაცემასა და საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსის განსაზღვრას ითხოვდა.

გარეგინმა ეს მოთხოვნები ჩვენს პატრიარქთან შეხვედრის დროსაც დააყენა. ჩვენმა პატრიარქმა მას საპასუხო მოთხოვნები წაუყენა. ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოში სომხური ეკლესია იგივე სტატუსს მიიღებდა, რასაც სომხები ქართულ ეკლესიას მისცემდნენ სომხეთში.

ამის გარდა, ჩვენმა პატრიარქმა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესიების გადმოცემაც მოითხოვა. გარეგინმა თბილისში ყოფნის დროს ამაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა, ერევანში ჩასულმა სხვა ხმაზე დაიწყო გალობა.

სომხური მედია კი სრულ ისტერიკაში ჩავარდა. "გარეგინ მეორემ საქართველოში სრული ფიასკო განიცადა" – ასეთი სათაურებით იყო აჭრელებული მაშინ სომხური მედია.

თავისი უკმაყოფილება სომხურმა ეკლესიამაც გამოთქვა. განცხადება ეპისკოპოს არშაკს გააკეთებინეს. გულხელდაკრეფილი არც გარეგინი მჯდარა. და ცოტა ხანში საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრინეს. თავიდან ჩვენი საგარეო უწყება არ აღიარებდა მისი ვიზიტის ნამდვილ მიზეზებს. წინა კვირაში კი ოფიციალურად თქვეს, სომხური ეკლესიის სტატუსზე სალაპარაკოდ იყო ჩამოსულიო.

ამის თქმა საჭირო აღარ იყო. რადგანაც 1 ივლისს უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. იმ დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ პარლამენტმა ეს საკითხი დაჩქარებული წესით განიხილა. დიდი გადაწყვეტილება კი ჩვენმა ეროვნულმა პარლამენტმა 5 ივლისს მიიღო. ეს დღე აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში.

5 ივლისი ასევე აუცილებლად შევა სომხეთის ისტორიაშიც. და მადლიერი სომეხი ერი ჩვენს დეპუტატებს ამ გადაწყვეტილებას არ დაუვიწყებს. მათი სულების გადასარჩენად კი, ალბათ, გარეგინ მეორე აღავლენს ლოცვას. ეს მათ ძალიან დასჭირდებათ, რადგანაც ნაციონალები და ეროვნული დეპუტატები საპატრიარქოს წინააღმდეგ წავიდნენ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 4 ივლისს საგანგებო განცხადება გაავრცელა. ეს ერთი დღით ადრე მოხდა ვიდრე ჩვენი კანონმდებლები ერევნულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევდა, რომ აუცილებელია შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

- მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა – მეორე და მესამე მოსმენა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს, – ნათქვამი იყო პატრიარქის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიისა და მთლიანად ხალხისთვის სრულიად მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტმა პირველ ივლისს, პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

- თავის მხრივ, ეკლესია არასდროს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული. სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრებისა და მოვლა–პატრონობის საკითხი დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა, – ამბობდა პატრიარქი.

პატრიარქის ამ განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ თავი სერიოზულად გაინერვიულა. პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ საკითხის გადადება უნდა მომხდარიყო.

ნაციონალებმა ეს მოთხოვნა ყურად არ იღეს და საკითხი დაჩქარებული წესით მიიღეს. მათთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა საქართველოს პატრიარქის პოზიცია. როგორც ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ნაციონალებმა პატრიარქის დასასჯელად მიიღეს. მათ თავიანთი ჭკუით ასე გადაუხადეს სამაგიერო უწმინდესს 26 მაისის გამო.

26 მაისს საქართველოში რაც მოხდა, ყველას გახსოვთ. ისიც გახსოვთ, რომ სისხლიანი დარბევიდან რამდენიმე საათში იმავე ადგილზე აღლუმი გამართა ხელისუფლებამ. აღლუმს საქართველოს პატრიარქიც უნდა დასწრებოდა. მისი უწმინდესობა იქ არ მივიდა. ამის გამო ნაციონალები მაშინ ძალიან გამწარდნენ და როგორც ამბობენ, სამაგიეროც გადაუხადეს.

სანამ პარლამენტი დიდ ერევნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ნაციონალი კუბლაშვილი საპატრიარქოში მივიდა. საპატრიარქოსა და დეპუტატს შორის შეთანხმება არ შედგა. ამის მიუხედავად, ნაციონალებმა საკითხი დაჩქარებული წესით განიხილეს.

საკითხის გადადებასა და საპატრიარქოს წინადადების გათვალისწინებას ითხოვდა საპარლამენტო ოპოზიცია. ნაციონალებმა არაფერი არ გადადეს. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა. ნაცელიტამ კი კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა. ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას მხარი 70–მა ნაციონალმა დაუჭირა, რასაც მათ ისტორია, ალბათ, არ დაუვიწყებს.

პარლამენტის გადაწყვეტილებიდან ცოტა ხანში საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდი იქნება. ამაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქო ხელისუფლებას აკისრებს.

- მათ წარმოადგინეს კანონპროექტის შეცვილილი ვარიანტი, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი. საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, შემდეგ კი, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა. შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენი საპატრიარქოსგან განსხვავებით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სომხური მხარე ბედნიერია. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართულ ეპარქიას იმედი აქვს, რომ ნელ–ნელა მიიღებენ საკუთრების უფლებას იმ ეკლესიებზე, რომელიც ამჟამად საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკუთვნის.

ამის შესახებ სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის მეთაურმა, ვაზგენ მირზახანიანმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მირზახანიანი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, 5 რელიგიურ კონფესიას, მათ შორის, სომხურ სამოციქულო ეკლესიას, იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭოს.

- უდავოა, ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენს ფაქტობრივ არსებობას საქართველოს ხელისუფლება, საპატრიარქო და ქართული საზოგადოება აღიარებდა, მაგრამ ეს კანონი დიდ უპირატესობას მოგვცემს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ სამართლებრივ კალაპოტში გადავალთ და ნელ–ნელა მივიღებთ საკუთრების უფლებას იმ ეკლესიებზე, რომლებიც ამჟამად საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. ეს მიდგომა დემოკრატიული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. საქართველოში არა მარტო სომხური სამოციქულო ეკლესია, არამედ სხვა რელიგიური კონფესიები, წლების განმავლობაში ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას, – ამბობს სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის მეთაურმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეუფე ზენონიც გამოეხმაურა. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ჩართვისას მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამარჯვებული დარჩა გარეგინ მეორე.

- ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე და მე მინდა გითხრათ, რომ დამარცხებული ქართული ეკლესია არც საქართველოში ვიქნებით და არც არსად. როდესაც სომხეთის პატრიარქი ჩამოვიდა საქართველოში, ის ჩამოვიდა კონკრეტული მისიით – მიეღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიეღო მესაკუთრის უფლების აღდგენა იმ ეკლესია–მონასტრებსა და ნაგებობზე, რაზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მის უწმინდესობასთან შეხვედრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ, როდესაც მოისმინა ეს განცხადება, მას უთხრა, რომ არა გვაქვს საწინააღმდეგო, რომ მიიღოთ სტატუსი, თუმცაღა, ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები სომხეთში ქართული ეპარქიისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ. და მაშინ ასეთი რამ მოხდა, რომ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო წუთებში მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე, აი, ამ შეთანხმების. გარეგინ მეორის ვიზიტს ცოტა ხანში მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის ვიზიტი. ეს ვიზიტი სწორედ ამ სტატუსის მიღებას უკავშირდებოდა. სომხურმა ეკლესიამ იმ წუთში მიზანს ვერ მიაღწია, როგორც მას ჰქონდა დასახული, მაგრამ მან მიაღწია ხელისუფლების საშუალებით... როდესაც სომხეთის პატრიარქი დაბრუნდა სამშობლოში, მის ვიზიტს საქართველოში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სომხურ წრეებში და ასეთი ტერმინითაც იყო ასახული, რომ გამარჯვებული ვერ დაბრუნდა სომხეთის პატრიარქი, – აღნიშნა მეუფე ზენონმა "მაესტროსთან" საუბარში.

მეუფე ზენონის განმარტებით, საქართველოში კათოლიკური და ბაპტისტური ეკლესიები არ ითხოვდნენ საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსის მინიჭებას.

- დღევანდელი სტატუსის შესახებ, როდესაც გაჩნდა მოცემულობა, აღმოჩნდა, რომ კათოლიკური ეკლესია ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად არ იყო საქმის კურსში. უფრო მეტიც, მას ეს სტატუსი არ ჰქონდა მოთხოვნაში, მას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსის მოთხოვნა, იმიტომ, რომ ის საერთაშორისო სუბიექტს წარმოადგენს და შესაბამისად, უნდოდა ამ სახით დარეგისტრირება საქართველოში.

ბაპტისტურ ევანგელისტურ ეკლესიას, ასევე, არ მიაჩნდა და არ მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის საუკეთესო სტატუსი, მას თავისი ხედვები გააჩნია, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საქართველოს პარლამენტის მიერ სხვადასხვა კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული სამართლის პირის სტატუსის მინიჭებაში საქართველოსთვის საფრთხეებს ხედავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" არეშიძემ განუცხადა, ქვეყნის ინტერესებს შედარებით მცირერიცხოვანი რელიგიური კონფესიები არ წარმოადგენენ, მით უფრო ისინი აგრესიით არ გამოირჩევიან, თუმცა, სტატუსით ბევრი პრივილეგიის მოთხოვნის უპირატესობა მიენიჭებათ.

- ეს სერიოზული სტატუსია და ამის მინიჭების გამო მათ უკვე ბევრი რამის მოთხოვნა შეუძლიათ; სერიოზული პრობლემები შეუძლიათ შეუქმნან სახელმწიფოს, თუ მოინდომებენ. აღნიშნული პრობლემა არ არის იუდეველებისა და ტრადიციული ისლამის მიმდევართა მხრიდან, რადგან ისინი მცირერიცხოვანნი არიან; გარდა ამისა, მათთან ყველაფერი გარკვეულია; ამასთან ერთად, ისინი ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევიან. რაც შეეხება კათოლიკურ ეკლესიას, ჩვენ ვიცით მათი განწყობები, რომელიც ორიენტირებულია უფრო მეტი სივრცის დაკავებაზე. ეს გასაკვირი არ არის, მათი მისიონერული მოღვაწეობა არის ძალიან სერიოზული და, აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოების გახლეჩვასთან დაკავშირებით გარკვეულ ხიფათს შეიცავს, თუმცა, მე არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს არც ერთი კონფესიის მიმართ, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი აზრით, საქართველოსთვის სერიოზული საფრთხე შეიძლება გახდეს სოხური გრიგორიანული ეკლესიის სურვილები.

– რაც შეეხება სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას, აქ დაპირისპირება სერიოზულია. სტატუსის გადაწყვეტის შემდეგ, აუცილებლად დადგება მწვავედ ეკლესიების საკითხი და არა მარტო იმ 4 ეკლესიის, რომელზეც საუბარი იყო სომხეთის პატრიარქის ვიზიტის დროს. დადგება აუცილებლად იმ ეკლესიების საკითხიც, რომელიც არაფორმალურად იჩენს ხოლმე თავს და მათი რაოდენობა 300–ია, – აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში არეშიძემ.

ამ ეტაპისთვის სომხური მხარე 6 ეკლესიას გვედავება. აქედან, 5 თბილისშია, ხოლო ერთი ახალციხეში.

სომეხი მეცნიერების ერთი ჯგუფი კი იმის მტკიცებაშია, რომ საქართველოში 600–ზე მეტი სომხური ეკლესია და კულტურული ძეგლია.

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, სომხური მხარე აუცილებლად დააყენებს დღის წესრიგში ამ ეკლესიების გადაცემას. საინტერესოა რას იზამს მაშინ ჩვენი ხელისუფლება? ალბათ უარს არ ეტყვის.

ყველას კარგად გვახსოვს, რა მოხდა 2008 წელს საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის დროს. ქეიფის შემდეგ ის და გოგა ხაჩიძე ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სადავო ეკლესიაში მივიდნენ.

იმის გამო, რომ ეკლესია სადავოა, ის დაკეტილია. ნასვამმა მინისტრებმა ეკლესიის კარები შეანგრიეს. როგორც თვითმხილველები ამტკიცებენ, ეკლესიის კარის შენგრევა წიხლით მოხდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ დიდი ხმაური ატეხა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ. ის საპარლამენტო კომისიის შექმნასაც კი ითხოვდა, მაგრამ ამაოდ. მის მოთხოვნას, ნაციონალების გარდა, საპარლამენტო ოპოზიციაც არ დაეთანხმა.

ახლა საპარლამენტო ოპოზიციამ პროტესტი გამოხატა. თუმცა, ნაციონალებმა თავისი მაინც გაიტანეს და საგარეგინო გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

 

 

ნანახია - 257

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80