„ნარკობარიგები“ მესიჯების გაგზავნასაც არ ერიდებიან
საზოგადოება

„ნარკობარიგები“ მესიჯების გაგზავნასაც არ ერიდებიან

„ნარკობარიგები“  მესიჯების გაგზავნასაც არ ერიდებიან
მანანა ნოზაძე

2018-01-11 09:57:11

 

საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოს მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რათა ახალგაზრდები ამ სასიკვდილო მახეში არ გაებნენ. ამის მიუხედავად, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე გაუთავებელმა საუბარმა  „ნარკობარიგებს“ ფრთები იმდენად შეასხა, რომ ისინი მესიჯების გაგზავნასაც არ ერიდებიან და თავიანთ მომწამვლავ პროდუქციას უპრობლემოდ სთავაზობენ მომხმარებელს თუ არამომხმარებელს. ეს მაშინ, როცა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ დეკრიმინალიზაცია სულაც არ შეეხებოდა ნარკოტიკის გამავრცელებლებსა და გამსაღებლებს და ისინი დაისჯებოდნენ.

გაგზავნილი მესიჯების საშუალებით, ალბათ, იოლია იმ პირთა წრის დადგენა, რომლებიც ნარკოტიკებს სთავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „ნარკობარიგების“ მესიჯები სხვადასხვა ადამიანებს უპრობლემოდ ეგზავნებათ, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ „ბარიგები“ ძირითადად მაინც დაუსჯელნი არიან.  

პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ ზემოხსენებული მესიჯებით შეთავაზება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მომხმარებელს ნარკოტიკის სხვადასხვა საშუალებას ერთდროულად სთავაზობენ. შესაბამისად, ბოლო დროს გახშირდა მულტინარკომანია, ანუ სხვადასხვა ნივთიერების მიღება და შერევა, რაც ბევრად უფრო საშიშია და მკურნალობასაც რთულად ექვემდებარება.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტ-ნარკოლოგი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ინტერნეტი და მობილური ნარკოტიკების გავრცელების „შესანიშნავი“ საშუალებაა. მესიჯების მეშვეობით ნარკოტიკების გავრცელების პრობლემა არა მარტო საქართველოს, სხვა ქვეყნებსაც აწუხებს, მაგრამ უცხოეთის ქვეყნებში სახელმწიფო ერევა ამ საკითხში და აგვარებს ამ პრობლემას.

„სიმართლე გითხრათ, ცალკეული ადამიანისთვის ძალზე რთულია, მიჰყვეს იმას, საიდანაც წამოვიდა ეს მესიჯი. ამისთვის არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ სხვა სამსახური, რომელიც სპეციალურად ამ საკითხზე იმუშავებს. ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხი ჩვენში არასწორადაა გაგებული, გააჩნია ნარკოტიკს და მის რაოდენობას. თანაც, დეკრიმინალიზაცია ჯერ არ შესულა ძალაში, არ მიუღია პარლამენტს და იუსტიციის სამინისტროს ეს კანონი და მიიღებს თუ არა, არავინ იცის. ამის მიუხედავად, ნარკოტიკების დეკიმინალიზაციამ ბიძგი მისცა ამ ტიპის მესიჯების გაგზავნას და გავრცელებას. ეს მძიმე საკითხია დემოგრაფიული აქტივობის დეფიციტის მქონე საქართველოსთვის. ნარკოტიკების მომხმარებელი ოჯახზე მაინცდამაინც არ ფიქრობს, შვილებისთვის გული არ შესტკივა. თუ შვილები ჰყავს, მათ ვერ უვლის. თუკი ქართველი ერი არ დაირაზმა ამ სოციალური მოვლენის წინააღმდეგ, საქართველოსთვის ძალზე ცუდი შედეგი დადგება. ვიღაცამ უნდა ითავოს ეს საქმე, ეს უნდა იყოს პოეტი, მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე“, - აცხადებს გელა ლეჟავა.

ამასთან, ყურადღებას ამახვილებს შერეული ნარკოტიკების განსაკუთრებულ მავნებლობაზე. მისი თქმით, ნარკომანი ჯერ ეძებს იმ ნარკოტიკს, რასაც მუდმივად იყენებს, ვთქვათ, ჰეროინს. თუმცა, თუ ჰეროინს ვერ იშოვის, ან ფული არ ჰყოფნის, მაშინ ცდილობს, რაღაცით ჩაანაცვლოს. იმ მომენტში ისეა გამწარებული, რომ ფიქრობს, ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკი სასწრაფოდ მიიღოს. იგივე ხდება ახალბედა ნარკომანების შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ჩვენი აღზრდის სისტემა იმ დონეზე არ არის, რომ ახალგაზრდებს გავაგებინოთ, რა არის მათთვის უკეთესი. გელა ლეჟავას აზრით, აღზრდის სისტემის ნაკლი ხორავას ქუჩაზე მომხდარმა საზარელმა ფაქტმაც დაადასტურა. ასე რომ, ადამიანები იმ ნარკოტიკს იკეთებენ, რაც ხელში მოხვდებათ. ეს მაშინ, როცა პოლინარკომანიის მკურნალობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის ნარკომანიის.

ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის ექიმი-ნარკოლოგი ილია ჩიკვილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად მასაც რამდენჯერმე მიუვიდა მესიჯი, შემდეგი შინაარსის შეტყობინებით - „შეიძინეთ სუბოტექსი, ჰეროინი, მეტადონი“. პროცედურა საკმაოდ მარტივია, მითითებულ ნომრებზე დარეკავთ, მიხვალთ ადგილზე, გადაიხდით თანხას და წამალს ამა და ამ ადგილზე მოგიტანენ.

„ნარკოტიკების მოპოვება ძალზე გამარტივდა. არა მგონია, რთული იყოს მესიჯების გამომგზავნი ადამიანების მოძიება, მაგრამ სახელმწიფოს ნებაც უნდა არსებობდეს, რომ რაღაცნაირად შეჩერდეს ეს პროცესი. თუმცა ამ საქმეში ინტერპოლიც უნდა ჩაერთოს, მხოლოდ საქართველო ვერ გაუწევს ამას წინააღმდეგობას“,-აღნიშნა ილია ჩიკვილაძემ.

მანვე განმარტა, რომ ბოლო დროს წინა პლანზეა მულტინარკომანია. ადრე თუ მარტო ჰეროინს იღებდა პიროვნება და სხვა ნარკოტიკულ საშუალებას არ იკეთებდა, ახლა ჰეროინი, ტაბლეტები, სუბოქსინი, ეს ყველაფერი შერეულია, რაც სამკურნალოდაც ძნელია და პიროვნების დეგრადაციასაც უფრო ღრმად იწვევს.

„ფაქტობრივად, სომატიკადანგრეული მოდის პიროვნება, მას სააზროვნო ფუნქციები დანგრეული აქვს, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულია. მისი ფეხზე დაყენება და მისგან საზოგადოებისთვის ჯანსაღი ადამიანის მიღება რთულია“.

 

ნანახია - 2804

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80