ამერიკამ პუტინს, როგორც იქნა, „ჩაავლო“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

ამერიკამ პუტინს, როგორც იქნა, „ჩაავლო“

ამერიკამ პუტინს, როგორც იქნა, „ჩაავლო“
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“

2018-02-01 11:06:43

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ (!) გამოაქვეყნა ე.წ. „კრემლის რიფორთი“ - იმ ჩინოსნებისა და ბიზნესმენების ნუსხით, რომლებიც ამიერიდან „შავ სიაში“ არიან შეყვანილნი, როგორც „პუტინთან დაახლოებული პირები“.

ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა ორგზის მნიშვნელოვანია „ტექნოლოგია“, რომელსაც ამერიკა უკვე ღიად იყენებს პუტინის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და კიდევ უფრო არსებითია, რომ ეს ნანატრი (ჩვენთვისაც) ნაბიჯი, როგორც იქნა, გადაიდგა! ანუ ვაშინგტონი, მრავალი წლის შემდეგ, დაგვიანებით, „ბოლოს და ბოლოს“ იწყებს იმ ზემძლავრი ბერკეტების გამოყენებას, რომელიც მის ხელთაა, რათა დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებულ რეჟიმს მისი ადგილი მიუჩინოს თანამედროვე მსოფლიოში.

პირველ რიგში, თვით სიის  შესახებ: მასში აღნუსხულია, შეიძლება ითქვას,  „სრულიად რუსული ისტებლიშმენტი“. არა მხოლოდ მთელი მთავრობა (პრემიერ-მინისტრ მედვედევით დაწყებული) ლამის „პროტოკოლური  შემადგენლობით“, არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელეები, არამედ რეგიონთა ხელმძღვანელები და უმდიდრესი რუსი ბიზნესმენები - „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩის „თამადობით“. ასევე სულეიმან კერიმოვი, როტენბერგები, გენადი ტიმჩენკო, უდიდეს ბანკ VTB-ს გენდირექტორი ანდრეი კოსტინი და ა.შ და ა.შ ანუ ყველა ვინც რაიმეს წარმოადგენს პუტინის „ოკრუჟენიაში“.

გარდა ამისა, იმავე „დოსიეში“ აღმოჩნდა ყველა უმსხვილესი რუსული კონცერნი, სადაც სახელმწიფო 25%-ზე მეტ წილს ფლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედაც ყველა მნიშვნელოვან საწარმოს ეხება, ვინაიდან პუტინისეული „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ და ავტოკრატიულ-ჩეკისტური რეჟიმი უეჭველად გულისხმობდა მნიშვნელოვან საწარმოებში თუნდაც მინორიტარული წილის ფლობას, რადგან ეს „მცირე წილი“, მთავრობასთან და სპეცსამსახურებთან „სინერგიით“,  ქმნიდა რეალურად გადამწყვეტ კონტროლს.

სწორედ ამიტომ, რუსეთში დამოუკიდებელი ბიზნესი (გარდა ქუჩის „ლარიოკებისა“) ფაქტიურად არ არსებობს და არც შეიძლება იარსებოს იმ ყაიდის რეჟიმისას, როგორიც КГБ-ს ყოფილმა საშუალო დონის თანამშრომელმა დაამყარა „დემოკრატი“ ელცინის ხელდასხმით აღზევების შემდეგ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არის კიდევ „საიდუმლო სია“, რომელშიც „გააწევრიანეს“ ის პირები, ვინც ძირითად სიაში არ მოხვდნენ „გარკვეული მოსაზრებებით“. გასაგებია, რომ ესეც ტექნოლოგიაა, რათა აბსოლუტურად ყველას, ვინც თანამშრომლობს რეჟიმთან, ჰქონდეთ შესაბამისი განწყობა - ვაითუ ისინიც აღმოჩნდნენ „ლონგ-ლისტში“.

რაც შეეხება თვით „ტექნოლოგიას“, რასაც ამ შემთხვევაში ვაშინგტონი იყენებს. იგი ძალიან ნიშანადობლივია და აშკარად მეტყველებს, რომ ამერიკის ხელისუფლება ითვალისწინებს პუტინის რეჟიმის სპეციფიკას.

აქვე, აუცილებელია გავიხსენოთ, საერთოდ როგორ იქმნება ამერიკაში ამგვარი „რიფორთები“ და „დოსიეები“: სენატში ან კონგრესის ქვედა პალატაში, ასევე მათ კომიტეტებში იწვევენ ექსპერტებს, პროფესორებს, სპეციალისტებს, ვინც კარგად იცნობს რუსეთს, ერკვევა მის სპეციფიკაში, შიდა პოლიტიკურ საკითხებში და სწორედ მათ ეკითხებიან, რა ნაბიჯი იქნება ყველაზე პროდუქტიული, ანუ მიზანშეწონილი ჯერ რეჟიმის შესასუსტებლად, შემდეგ კი ჩამოსაშლელად.

ექსპერტებიც, პირველ რიგში, იმას მიაქცევდნენ ყურადღებას, რომ დღევანდელი რუსეთი არ არის ჩრდილოეთ კორეა, ხოლო პუტინის რეჟიმი განსხვავდება კიმ ჩენ ინის რეჟიმისგან.

რუსული ისტებლიშმენტი მთლიანად მხარს უჭერს პუტინის ანტიდასავლურ პოლიტიკას, ეხმარება მას მეზობელი ქვეყნების დაპყრობაში, ახორციელებს პროვოკაციებს იმავე ამერიკის ან მისი მოკავშირეების მიმართ, ცდილობს ამერიკული საზოგადოების დესტაბილიზაციას ამერიკულივე საკომუნიკაციო საშუალებებით, მათ შორის სოციალური ქსელებით, მაგრამ.....იმავე ისტებლიშმენტს, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ძალიან უყვარს დასავლეთი. იმდენად, რომ მის გარეშე არსებობაც ვერ წარმოუდგენია: ბიზნესი (ანუ „საქმე“) კი აქვთ რუსეთში, ფლობენ „პრიხვატიზებულ“ ქარხნებს, ნავთობკომპანიებს და ა.შ. მაგრამ თავად  ინგლისში ან ამერიკაში ცხოვრობენ, ბიზნესს ტელეფონით მართავენ, შვილებს საუკეთესო ამერიკულ უნივერსიტეტებში აწყობენ, ფლორიდაზე პენტჰაუსებს ყიდულობენ......კლასიკური მაგალითია პუტინის გაიძვერა პრეს-მდივანი პესკოვი. როგორც ამერიკელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ფლორიდაში 2 თუ 3 მილიონი დოლარი გადაიხადა „გადასარევ“ ბინაში. და ახლა წარმოიდგინეთ, მას ამერიკული ვიზა გაუუქმონ ან ახალი ვიზის აღებაზე უარი უთხრან....... არა მხოლოდ მას, არამედ (რაც არანაკლებ არსებითია) მის  ცოლს, შვილს და ა.შ.

იგივე ითქმის ბიუროკრატიულ ელიტებზე. რუსი მაღალჩინოსნების უდიდეს ნაწილს, ისევე როგორც ბიზნესმენებს, აქვთ უძრავი ქონება ამერიკაში. მათი შვილები და შვილიშვილებიც იქ ცხოვრობენ.....რაც მთავარია, ამ პირთა „სული“ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ხელშია. ტყუილად როდი გამოაქვეყნა „რუსული რიფორთი“ სწორედ ამ უწყებამ: საკმარისია ერთი ბრძანება და ამერიკული ბანკები შეწყვეტენ სიაში შეყვანილ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა საბანკო მომსახურებას, გაუყინავენ ავუარებს, დაუბლოკავენ საკრედიტო და სადებეტო ბარათებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

რეალურად, ამერიკა მსოფლიოს მართავს არა სამხედრო-საზღვაო ფლოტით, არამედ დოლარით! ამერიკის თანხმობის გარეშე, ვერც ერთი დოლარი საფრანგეთის კურშაველიდან - ტაილანდურ ფხუკეთში ვერ გადაირიცხება და ვერც ერთი დოლარი მალდივებზე მდებარე ბანკომატიდან ვერ მოიხსნება!

არ დაიჯეროთ, თითქოს „ოფშორებში“ გადამალულ საბანკო ანგარიშებს ვერ მიაგნებს ამერიკის ფინანსთა სამინისტრო: მიწის სოროდან ამოთხრიან თუ მოინდომეს.

ვერც „ევროში გადაყვანა“ უშველით, რადგან ევრო და დოლარი იმაზე მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ვიდრე ჩვენ გვგონია, ხოლო ევროპული ეკონომიკის მთელი სიძლიერის მიუხედავად, გლობალურად სწორედ ამერიკის საბანკო სისტემა ბატონობს.

აქედან გამომდინარე, ყველას, ვინც ამ „ლისტშია“ შეყვანილი, ან შეიძლება მასში აღმოჩნდეს, უჩნდება.....შიში თუ არა „რიდი“! და ამიერიდან დააკვირდება საკუთარ ქმედებებს. პუტინის „ბიზნეს-ისტებლიშმენტი“, როგორც ითქვა „ჩეკისტ-კაპიტალისტებისგან“ შედგება. მაგრამ „ჩეკისტური წარსულის მიუხედავად დასავლური სიტკბოება, კომფორტი და ცხოვრების დონე ძალიან უყვართ.

უფრო მეტიც: მათ და მათი ოჯახის წევრებს ამის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენიათ. აბრამოვიჩი, მაგალითად, მართლა გულწრფელად აფრენს ფეხბურთზე და მხოლოდ ამიტომ იყიდა დოტაციური „ჩელსი“. მაგრამ მან ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს მისი „საფეხბურთო ვნებისთვის“ ამერიკულ სასანქციო სიაში შეყვანა, რაც აუცილებლად აისახება მთელს მსოფლიოზე, მათ შორის ლონდონზე და მისსავე დიდებულ, „ექსტერიტორიულ“ იახტაზეც კი.

ეს ყოველივე სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს გამოვლენ ახლა და პუტინს დაამხობენ. სრულებითაც არა. ამ მიზანს ამერიკელები არც ისახავენ. მაგრამ სანქციათა ამოქმედებისთანავე აუცილებლად დაიწყება ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, უხილავი „ლპობის“ პროცესი. ანუ პუტინს, რომელიც დღემდე მყარად ეყრდნობოდა რუსულ ისტებლიშმენტს, ეს საყრდენი, როგორც მინიმუმ  „მოუფამფალდება“, რამაც შეუძლებელია არ დაატყოს დაღი მის პოლიტიკას. განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკას.

თანაც დავაკვირდეთ, რა ჭკვიანურადაა ეს ყოველივე შემზადებული, შეფუთული და განხორციელებული: ჯერ მხოლოდ სიაა ხომ თითქოს და არა რეალური სანქციები? სანქციების შემოღება აღმასრულებელი ხელისუფლების, იმავე ფინანსთა სამინისტროს სამომავლო საქმეა: სია უკვე „დაიდო“, თუმცა სანქციები არავის წინააღმდეგ (ჯერ) არ შემოუღიათ. მაგრამ თუ პუტინი გააძლიერებს აგრესიას, ეს სია მხოლოდ ქაღალდზე ნამდვილად არ დარჩება.

ამის „რიდით“, როგორც მინიმუმ, პუტინი იძულებული გახდება მეტად გაითვალისწინოს ის, რასაც თეთრი სახლიდან ან სახელმწიფო დეპარტამენტიდან უკარნახებენ. „რიფორთის“ გამოქვეყნებისთანავე, რუსულ სპეცსამსახურთა ხელმძღვანელები ვაშინგტონში გაქანდნენ და მაღალ დონეზე შეხვედრები გამართეს კოლეგებთან. ამით, ერთის მხრივ, ისტებლიშმენტის დამშვიდება სცადეს - „ხომ ხედავთ, სიაში ვართ მაგრამ მაინც დავდივართ ამერიკაშიო“  (პირწავარდნილი ცრუპენტელობაა, რაკი სანქციები ჯერ არ ამოქმედებულა), ხოლო მეორეს მხრივ, ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას „მოუქონეს თავი“ - თუ მხოლოდ ამერიკულ არჩევნებში ჩარევა გაღელვებთ, „მეტს აღარ ვიზამთო“.

მაგრამ ამერიკას უკვე მხოლოდ არჩევნების ხელყოფა როდი აღელვებს პუტინის მხრიდან. არანაკლებ აღელვებს ერთიანი „დერჟავის“ აღდგენის მცდელობა, ევროკავშირის საზღვრებთან ომის კერის გაჩენა, ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის გაძლიერება, ირანის ბირთვული პროგრამა, ჩრდ. კორეისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების ფარული მიწოდება და აშშ გლობალური ლიდერობის შერყევის მცდელობა.

თუ პუტინი უკან არ დაიხევს და არ „დაამუხრუჭებს“, ამერიკას სულაც არ დასჭირდება სამხედრო ძალის  გამოყენება, რათა ეს რეჟიმი „ჩამოშალოს“. ასეთ შემთხვევაში, პუტინს დარჩება ერთადერთი ალტერნატივა: ჩაკეტოს რუსეთი და გადააქციოს იგი „ჩრდილო კორეად“, რაც მის კრახს მხოლოდ გადაავადებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ და პუტინის საყვარელი „ძიუ-დო“-ს ტერმინოლოგიას თუ მივმართავთ, ამერიკამ ჯერ მხოლოდ „ჩაავლო“ მოწინააღმდეგეს კიმანოში. თან კარგა მძლავრად „ჩაავლო“. ისე, რომ ხელსაყრელი პოზიცია მოიპოვა „იპონით“ გდებისთვის. „ძიუ-დო“-ს მოჭიდავეები კი ამბობენ, რომ „ჩავლება“ გდების გარეშე არ არსებობს, ხოლო კარგი „ჩავლება“ გამარჯვების ორი მესამედია!

 

ნანახია - 735

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80