„დღევანდელი შრომა განაპირობებს მომავლის პენსიას“
ეკონომიკა

„დღევანდელი შრომა განაპირობებს მომავლის პენსიას“

„დღევანდელი შრომა განაპირობებს მომავლის პენსიას“
მანანა ნოზაძე

2018-02-03 19:33:52

დაგროვებითი პენსიის იდეას არ სწყალობენ „ნაციონალები“. ყოფილი „ნაციონალი“ ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის და დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად, რომლებსაც უკვე მესამე წელია, არ ეზრდებათ პენსია.

გარდა ამისა, ჭიაბერაშვილი შიშობს, რომ საპენსიო რეფორმა გაზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და განსაკუთრებით გააძლიერებს უმუშევრობას ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ისედაც მაღალია. მისივე აზრით, საპენსიო რეფორმა განსაკუთრებით მძიმე ტვირთად მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში ისედაც უჭირს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ჭიაბერაშვილი ასკვნის, რომ მთავრობას საპენსიო რეფორმა სჭირდება არა საზოგადოების კეთილდღეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი სწორედ საპენსიო ფონდიდან დააფინანსოს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არსებული საპენსიო სისტემის შეცვლა აუცილებელი იყო, რადგან ანალოგიური საპენსიო სისტემა არც ერთ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში არ არსებობს. მთავარია, დაიძრა ეს საქმე და ჩვენთანაც გაჩნდა დაგროვებითი პენსიის მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული მეთოდი.

ექსპერტის თქმით, რა თქმა უნდა, დაგროვებითი პენსიის დროს გარკვეული რისკები არსებობს, მაგრამ ეს რისკი შეიძლება ჰქონდეს ყველა განვითარებულ ქვეყანას. თუმცა ის ფაქტი, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაიწუნა აღნიშნული საპენსიო მოდელი, ეს უფრო ბოროტი ოპოზიციონერის განცხადებაა, რადგან ამ რისკების ასაცილებლად შესაბამისი დაზღვევის მექანიზმი აუცილებლად იარსებებს. მით უმეტეს, რომ სახელმწიფოა ჩარეული ამ სიტუაციაში და, გარკვეულწილად, პასუხისმგებლობას სახელმწიფოც ღებულობს. ამდენად, რისკი მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა დეფოლტის რისკი ნებისმიერ ქვეყანას უდგას, თუნდაც შეერთებული შტატები იყოს, თუნდაც იაპონია.

„თუკი სკეპტიკურად განეწყობიან ადამიანები, მაშინ არაფერი გაკეთდება. მოსაზრება, თითქოს დამსაქმებელი და დასაქმებული იძულებულნი გახდებიან, არაფორმალური შრომითი გარიგება დადონ, არადამაჯერებელია. წესით, ნორმალური და განვითარებული დამსაქმებელი იფიქრებს იმაზე, რომ მან მომავლის ინვესტიცია განახორციელოს და, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევს, მაშინ მიიღოს დაგროვებითი პენსია. ანუ დღევანდელი შრომა განაპირობებს მომავლის პენსიას, ეს დამსაქმებლის ინტერესშიცაა და არა მგონია, დამსაქმებელმა არაფორმალურ ურთიერთობაში შესვლა გადაწყვიტოს დასაქმებულთან“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.

მისივე განმარტებით, „ნაციონალებმა“ ათი წლის განმავლობაში მხოლოდ 5-5 ლარით უმატეს პენსიას და 15 ლარზე მეტი ვერაფრით მოუმატეს. ამდენად, მათგან იმის განცხადება, რომ დაგროვებითი პენსია ცუდია, ცინიკურია. „ნაციონალებსაც“ ჰქონდათ იმის შანსი, რომ ძველი კომუნისტური საპენსიო სისტემა თანამედროვე საპენსიო სისტემით შეეცვალათ, მაგრამ მათ ეს არ სურდათ.

„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი არ იზიარებს ყოფილ „ნაციონალთა“ მოსაზრებას, რომ საპენსიო რეფორმა უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს, ან კიდევ ამით ჩრდილოვანი ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ვინაიდან, როგორც წესი, ჩრდილოვანი ეკონომიკა ისედაც არსებობს ქვეყანაში და მისი ზრდის წინაპირობა ნიშნავს, რომ ჩვენ გვერდი უნდა ავუაროთ საგადასახადო სისტემებს, რაც კანონდარღვევაა.

„მე არ ვფიქრობ, რომ დამსაქმებელი წავა კანონდარღვევაზე 2%-იანი საპენსიო შენატანის გამო, რომელიც მას დაეკისრება გადასახადის სახით. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ სქემა 2+2+2%, ანუ დამსაქმებელი, დასაქმებული და, ასევე, სახელმწიფო, რომელიც მიღებული საშემოსავლოდან იხდის შემდგომში თანხას საპენსიო შენატანის სახით. ვიმეორებ, 2%-ის გამო დამსაქმებელი არ წავა რისკზე და საგადასახადოსთან არ შეიქმნის საფრთხეებს. მცირედი ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა და შემცირება კი ყოველთვის ხდება წლის განმავლობაში, რადგან ჩრდილოვანი ეკონომიკა ეს არის ის სეგმენტი, რომელიც არ რეგულირდება. თუნდაც, თუ ავიღებთ იმავე ტაქსებს, ასევე, სხვადასხვა მომსახურებას, რომელსაც ვხვდებით ბაზარზე, მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სწორედ ჩრდილოვან ეკონომიკას. რაც შეეხება დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას, ესეც ალოგიკურია. ახლანდელი პენსიონერები ნამდვილად ვერ მიიღებენ სარგებელს ამ საპენსიო რეფორმით, რადგან ეს არ არის გათვლილი დღევანდელ პენსიონერებზე. ეს გათვლილია 45 წლამდე ასაკის პიროვნებებზე, რომლებიც ჩაერთვებიან საპენსიო რეფორმაში. სწორედ ეს ადამიანები მიიღებენ საბაზისო პენსიაზე დამატებულ, თვეების მიხედვით გადანაწილებულ შეგროვილ თანხას“, - აღნიშნა გივი ადეიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება გარანტიას, რომ ჩვენს მიერ გაღებული თანხები არ დაიკარგება, მანვე განმარტა, რომ აღნიშნული თანხების მართვა უნდა უზრუნველყოს საპენსიო სააგენტომ, რომელიც სამომავლოდ შეიქმნება. საპენსიო სააგენტოს ექნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, დაკომპლექტდება მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისგან. მას ეყოლება მმართველობითი საბჭო და ზუსტად მმართველობითი საბჭო უნდა იყოს იმის გარანტორი, რომ აღნიშნული დანაზოგების დაბანდება მოხდება მხოლოდ დაბალრისკიან ფასიან ქაღალდებსა და დაბალრისკიან ინსტრუმენტებში. ეს კი იმის გარანტიაა, რომ თანხები არ დაიკარგება და დამზოგველებს დაუბრუნდებათ დარიცხულ სარგებელთან ერთად.

„ხშირად ამ საპენსიო რეფორმას აიგივებენ საბჭოთა დაკარგულ ანაბრებთან, თუმცა ესეც არასწორია, რადგან ჩვენი სახელმწიფო არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. იდეოლოგიაც განსხვავებული გვაქვს და დღეს მსოფლიოში სულ სხვა მართვის პრინციპებია. ამიტომ ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და, როგორც დებულებაშია გაწერილი, ყოველ წელს უნდა გამოქვეყნდეს აღნიშნული საპენსიო სააგენტოს ინვესტიციების შესახებ, თუ როგორ ხდება მართვა და ფინანსური ანგარიშგება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავაანალიზოთ, რა ტიპის ფასიან ქაღალდებში იყო დანაზოგები დაბანდებული და რა შემოსავლიანობა იყო მიღებული. ინფორმაციის გამჭვირვალობა იქნება საწინდარი, რომ აღნიშნული თანხები არ დაიკარგება“. 

ნანახია - 336

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80