მარგველაშვილი „გირგვლიანის შესწორებებში“ ერთვება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

მარგველაშვილი „გირგვლიანის შესწორებებში“ ერთვება

მარგველაშვილი „გირგვლიანის შესწორებებში“ ერთვება
მარიამ თოდაძე

2018-02-05 01:41:41

უმრავლესობის ინიციატივის ირგვლივ პოლემიკა გრძელდება. ამჯერად, საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა, რომ ე.წ. „გირგვლიანის შესწორებები“ ამნისტიის შესახებ 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.

როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, საკანონმდებლო ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც აღმოფხრის შესაძლებლობას სისტემური დანაშაულისა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში, ყოველთვის იყო მისი ინტერესის საგანი და როცა ხდება ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა, მიაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც დაგვიცავს მომავალში ასეთი ტრაგედიებისგან.

„ჩვენ მიგვაჩნია, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელდებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც საქართველომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიმზი, რომ ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილი ცდილობს აქცენტი სხვა საკითხებზე გადაიტანოს და დაავიწყოს საზოგადოებას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად ამტკიცებდა მესამე პრეზიდენტის უდანაშაულობას.

რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს სისტემურ დანაშაულში მონაწილე პირებს, როგორც მდინარაძე აცხადებს, 80-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს და ძალიან ბევრ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება.

„კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე მაღალი თანამდებობის ცხრა პირია მიცემული პასუხისგებაში. არათუ სამსახურიდან დათხოვნა, არამედ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში სახელმწიფო შეუვალი იქნება ასეთ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირის მიმართ, ამიტომ განცხადება გამოძიებაში დახმარებაზე, პრეზიდენტის მხრიდან არის სპეკულაციური“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ ცვლილებებს, მდინარაძის განმარტებით, საუბარია თანამდებობის პირების მხრიდან მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში გაცილებით მკაცრ რეგულაციებზე.

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის ინიციატივას პროპაგანდისტულ განცხადებებს უწოდებს და თანამდებობის პირების მიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას  პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილზე მორიგ თავდასხმად აფასებს.

„ეს არის მუქარა, რომ არ იქნას გამოყენებული პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება და შეფარული შანტაჟი უკვე მომხდარი შეწყალების ფაქტებით. კანონის გამკაცრება კი არ არის პრობლემა, არამედ დღეს არსებული კანონების სრული იგნორირება ხელისუფლების მხრიდან“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

მისივე შეფასებით, ამ ხუთი წლის განმავლობაში თანამდებობის პირების მხრიდან მრავალი კანონდარღვევის მოწმე ვიყავით, მაგრამ დასჯილი არავინ გვინახავს.

„პრეზიდენტის განცხადებით, თურმე მთავარი პრობლემა ყოფილა წარსულში დანაშაულში მონაწილე კადრებისგან სამართალდამცავი სისტემის წმენდა (რისი წინააღმდეგიც არავინაა) და არა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც არსებული ხელისუფლება სჩადიოდა ამ წლების განმავლობაში“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ტუღუში თვლის, რომ ხელისუფლება ამ თემით სპეკულირებს.

მისი შეფასებით, ინიციატივა არის უშინაარსო და გათვლილია ადამიანთა ემოციებზე - „ოცნება“ უკვე 5 წელზე მეტია ხელისუფლებაშია და ყველა ბერკეტი გააჩნდა, ეზრუნა ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე. წლები დაუთმეს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და ის პირები, ვინც იგივე გირგვლიანის საქმეში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფიგურირებენენ, საკუთარ სამსახურში ჩააყენეს და გმირებად გამოაცხადეს.

„არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ეს ხელისუფლება უშლის ხელს გამოძიებას და მართლმსაჯულების განხორციელებას. მარტო აფგან მუხთარლის საქმე გამოდგება ამის მკაფიო მაგალითად. მსგავსი ფაქტები მათ ინიციატივას მთლიანად ეჭვის ქვეშ აყენებს. თავი დავანებოთ იმას, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლისთავზე საუბარი ამ თემაზე არასერიოზულია“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.

საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ ყველა იმ კითხვაზე, რაც წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულთან მიმართებით პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას, პასუხი არსებობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მაგალითად მოჰყავს ის, რომ გირგვლიანის საქმეს გაგრძელებად ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა მოჰყვა; დადგა სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი; ძალიან ბევრი მაღალი რანგის პოლიტიკური პირია დამნაშავედ ცნობილი; 200-ზე მეტი ეპიზოდია „ამნისტიის შესახებ“ აქტიდან და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეებიდან გამომდინარე.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, სასამართლომ დანაშაულის 200-ზე მეტი ეპიზოდი განიხილა და 180-ზე მეტი პირი სხვადასხვა დანაშაულზეა გასამართლებული - აქ არიან ყოფილი თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები. პარლამენტმა 2016 წელს სისტემური დანაშაულის შეფასება და დასკვნაც მიიღო.

„შემიძლია ძალიან ბევრი რამ გავიხსენო, რაც ჩვენ პოლიტიკურ და სამართლებრივ დონეზე განვახორციელეთ. პროცესი გრძელდება, რადგან ეს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შეეხო, მათ შორის მე და ჩემს ოჯახს“, - აღნიშნა ბესელიამ.

 

ნანახია - 2150

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80