მუსტაფა ემრე ჩაბუქს ექსტრადირებისთვის ამზადებენ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

მუსტაფა ემრე ჩაბუქს ექსტრადირებისთვის ამზადებენ

მუსტაფა ემრე ჩაბუქს ექსტრადირებისთვის ამზადებენ
მართა ლაბაძე

2018-02-06 12:08:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. მთავარმა პროკურატურამ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციისა და „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა.

აღნიშნული ხელშეკრულებების დებულებების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, განიხილონ სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ ძებნილ პირთა ექსტრადიციის საკითხები და შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში ერთმანეთს გადასცენ ისინი.

როგორც ცნობილია, საექსტრადიციო პროცედურების პარალელურად, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობდა საქმისწარმოება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებებით. ამდენად, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსტრადიციის შემაფერხებელი ხსენებული გარემოება დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს.

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პროკურორი ვალდებულია ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში შუამდგომლობით მიმართოს საქალაქო სასამართლოს, რომელიც ექსტრადიციის დასაშვებობის განსახილველად სხდომას კანონით დადგენილ ვადაში ნიშნავს“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

პროკურატურის ამ პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე და ყველანაირი სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენებას აპირებს, რათა მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქულ მხარეს არ გადაეცეს.როგორც ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, დაცვის მხარეს დიდი იმედი არ აქვს, მაგრამ მზად არის ექსტრადირების გადაწყვეტილების შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

პარალელურად, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს, რათა მოხდეს ექსტრადირების შეჩერების განხილვა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ექსტრადირების აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვიდან 48-საათიანი ვადა ექნება.

„სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება ექსტრადირების შესახებ. განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრი ხელს არ მოაწერს სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრადირების შესახებ, მაშინ პირი საექსტრადაციო პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს უმთავრდება“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო უსიტყვოდ გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

„არსებობს უამრავი დასკვნა და მტკიცებულება, რომ თურქეთში უმძიმესი მდგომარეობაა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში ის დაექვემდებარება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. საქართველოს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ძალზე დიდ ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას.

იგი, ფაქტობრივად, მზად არის უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც წამება მოელის, გადასცეს თურქულ მხარეს. მე მოველი, რომ სავარაუდოდ საქალაქო სასამართლო მალევე მიიიღებს გადაწყვეტილებას და პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდება. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის არც ერთ ქვეყანას არ მოუხდენია თურქეთში იმ პირის ექსტრადირება, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ითხოვდა. ევროსასამართლოში გასაგზავნად უკვე გამზადებული გვაქვს შუამდგომლობა, სადაც ჩაბუქის ექსტრადაციის შეჩერებას მოვითხოვთ“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მომავალ კვირას საქართველოში ევროპარლამენტართა ჯგუფი ჩამოდის. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობასთან საუბრის მთავარი თემა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე იქნება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის შემდეგ საქართველოს მთავრობა გახდება თუ არა ევროპარლამენტის კრიტიკის ადრესატი ჩაბუქის თურქეთისათვის გადაცემით, ეს უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პოლიტიკოსები სასამართლო პროცესში არ ერევიან. დეპუტატი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი.

„კონკრეტულ სასამართლო პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს. ჩვენ პოლიტიკოსები სასამართლო პროცესში არ ვერევით. მინდა ვისურვო და ვთქვა, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო აქტებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას, ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს კონვენციის სტანდარტის შესაბამისი და ჩვენი ძირითადი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი“, - ამბობს ეკა ბესელია.

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჩაბუქის დევნას პოლიტიკური ნიშნით. შესაბამისად, ნინო ლომჯარიამ საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართა. მიმართვაში დაფიქსირებულია ის გარემოებები და განმარტებები, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ექსტრადირების მოთხოვნა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ჩაბუქის ექსტრადირება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ექსტრადირება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, ასევე დაირღვევა ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარებული პრინციპები.

ზემოაღნიშნული აქტებით, დადგენილია რამდენიმე გარემოება, რა შემთხვევაშიც არ შეიძლება პირი დაექვემდებაროს ექსტრადიციას სხვა ქვეყანაში, ხოლო ბატონი ჩაბუქის შემთხვევაში ადგილი აქვს არა ერთ, არამედ რამდენიმე ასეთ გარემობას, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმის თქმის საფუძველს, რომ პირი არ უნდა დაექვემდებაროს ექსტრადირებას თურქეთის რესპუბლიკაში“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჩაბუქის დევნას პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება არის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი. როგორც სახალხო დამცველი ამბობს, საერთაშორისო ორგანიზაციების და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ წაერთვათ აზრისა და გამოხატვის უფლება.

რაც შეეხება მეორე გარემოებას, ლომჯარია აცხადებს, რომ მაღალია რისკი და ალბათობა იმისა, რომ პირი შესაძლოა არ დაექვემდებაროს მაღალი სტანდარტის სასამართლო განხილვას, რადგან, მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატებთან კონფიდენციალურად კომუნიკაციის უფლება და ისინი ვერ სარგებლობენ მთელი რიგი კონსტიტუციური გარანტიებით.

„ასევე, მაღალია ალბათობა იმისა, რომ პირი დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. არაერთი საერთაშირო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მაღალია არაადამიანური მოპყრობის ალბათობა. ხშირ შემთხვევაში წამების მიუხედავად ამ ფაქტების სათანადო გამოძიება ვერ ხდება და მსხვერპლები უკვალოდაც უჩინარდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიპლომატიური გარანტიები არ პასუხობს იმ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რაც დადგენილია ექსტრადიციის შემთხვევაში.

მთელი რიგი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უარს ეუბნებიან თურქეთის ხელისუფლებას ექსტრადიციის თაობაზე და ადგილობრივი სასამართლოები სათანადო დასაბუთებად არ მიიჩნევენ გაცემულ დიპლომატიურ გარანტიებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი სასამართლოს მიერაც აღნიშნული გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს საია და სასამართლოს იმ არგუმენტაციას წარუდგენს, რის საფუძველზეც, ქვეყანას არ შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ექსტრადირების თაობაზე. იურისტი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ზოგადად, საქმეში არსებული გარემოებები აჩენს ეჭვს იმისას, რომ ამ საქმეში სამართლებრივ არგუმენტებთან შედარებით, უფრო მაღალია პოლიტიკური მოტივაცია თურქული მხარის მიერ. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ საქართველო ვალდებულია არ მოახდინოს ჩაბუქის ექსტრადირება.

„საქმეში არსებული გარემოებები ამყარებს იმ ვარაუდს, რომ თურქეთის მხრიდან დაყენებულ მოთხოვნას ექსტრადირების თაობაზე საფუძვლად უდევს არა სამართლებრივი, არამედ - პოლიტიკური მოტივი. არსებობს სერიოზული და აშკარა საფუძველი იმის სარწმუნებლად, რომ ჩაბუქს თურქეთისათვის გადაცემის შემთხვევაში ემუქრება რეალური საშიშროება, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ან/და ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით;

თურქეთში ადამიანის უფლებათა საგანგაშო მდგომარეობისა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის ფონზე, დიპლომატიური გარანტიები წარმოადგენს მხოლოდ დაპირებას, რომელიც არაეფექტურია ადამიანის წამების რისკების თავიდან ასარიდებლად.თურქეთში არსებული მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ ძალიან მაღალია რისკი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

ნანახია - 1995

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80