რატომ კიდია ბაგა-ბაღებში სააკაშვილის სურათები?!
რეტრომედია

რატომ კიდია ბაგა-ბაღებში სააკაშვილის სურათები?!

რატომ კიდია ბაგა-ბაღებში სააკაშვილის სურათები?!
„კვირის პალიტრა“, 7 მაისი, 2012 წელი

2018-02-12 13:28:09

არცთუ დიდი ხნის წინ ოპოზიციონერმა კახა კუკავამ შეშფოთება არ დამალა იმის გამო, რომ ბაგა-ბაღში, სადაც შვილი დაჰყავს, შესასვლელშივე პრეზიდენტის ფოტო კიდია. "პრეზიდენტი ლენინია? როგორც მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროსაც კი ბელადის პორტრეტი ბაგა-ბაღში არ ეკიდა! მსოფლიოში ვერსად ნახავთ ასეთ რამეს, თუ სათვალავში ჩრდილოეთ კორეასა და მისთანა ქვეყნებს არ ჩავთვლით. ახლახან ერთმა დიპლომატმა მითხრა, ასეთი რამ ჩემს ქვეყანაში დაუშვებელია, პრეზიდენტის ფოტო შეიძლება ეკიდოს არმიაში, მაგრამ ბაგა-ბაღში ეს წარმოუდგენელიაო".

გადავწყვიტეთ, თავად გვენახა, მართლაც კიდია თუ არა ბაგა-ბაღებში პრეზიდენტის პორტრეტები. პირველად აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღს ვესტუმრეთ, სადაც  თვალსაჩინო ადგილას პრეზიდენტისა და პატრიარქის ფოტოები კედელს ამშვენებს. პრეზიდენტის იგივე სურათი "ნაცმოძრაობის" შტაბებსა თუ გამგებლების კაბინეტებშიც მინახავს. რა როლს ასრულებს პოლიტიკური სიმბოლოები საბავშვო ბაღში, ამ თემით დავინტერესდი.

75-ე ბაგა-ბაღის პედაგოგმა გულთბილად მიგვიღო და ჩვენი თხოვნით 3 წლის ბავშვები პრეზიდენტის ფოტოსთან შეყარა: "ბავშვებო, თქვენი გადაღება უნდათ". მათაც შესასვლელთან ჟრიამულით მოიყარეს თავი. ცხადია, ბევრმა არც იცოდა, საქართველოს პრეზიდენტი ვინ იყო, ან ვისი ფოტო ეკიდა კედელზე, მაგრამ პედაგოგმა ყველაზე გაცნობიერებული აღსაზრდელი, საოცრად ლამაზი და ნიჭიერი ანა-მარია მოგვგვარა, რომელმაც გულმოდგინედ, ენის მოჩლექით გვამცნო, კედელზე პრეზიდენტისა და პატრიარქის ფოტოებიაო. ისიც თქვა, ჩვენი პრეზიდენტი სააკაშვილიაო.

ამასობაში ბაგა-ბაღის დირექტორს ბავშვების ჟრიამული მოესმა, ჩვენც შეგვამჩნია და გვისაყვედურა, რომ ბაღის ინტერიერის ფოტოები მისი ნებართვის გარეშე გადავიღეთ. ასეთი "სტალინური" დისციპლინის შემხედვარეს, დამცდა: "ქალბატონო, პრეზიდენტის სურათი აქ თქვენი ნება-სურვილით დაკიდეთ თუ ვინმეს მითითებით?" "რას ჰქვია, ვინმეს მითითებით? ეს ყოველთვის ასე იყო და იქნება! სახელმწიფო სიმბოლიკის განსათავსებლად უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი, სადაც პრეზიდენტის სურათიც იქნება", - აღშფოთდა დირექტორი. შემდეგ ისიც გავარკვიე, რომ სხვა სახელმწიფო ბაგა-ბაღებშიც ასეთივე ვითარებაა. მართალია, ზოგან პრეზიდენტის სურათი ასე თვალსაჩინო ადგილას არ არის გამოჭიმული, მაგრამ ბაღის დირექტორის კაბინეტს მაინც ამშვენებს. რატომ, ეს ვერავინ ამიხსნა, ამიტომ ქალაქის მერიის პრესსამსახურს მივმართე, ვინაიდან მერია (ბაღების სააგენტოს მეშვეობით) ბაგა-ბაღებს აკონტროლებს. "ჩვენ არავის ვაძლევთ ასეთ დავალებას, არც კანონით არის გაწერილი პრეზიდენტის სურათის გამოფენის ვალდებულება. საბავშვო ბაღის დირექტორები ამას საკუთარი ნება-სურვილით აკეთებენ", - გვიპასუხეს მერიის პრესამსახურში.

არის თუ არა საბჭოთა აზროვნების გადმონაშთი ქვეყნის პირველი პირის სურათების დაკიდება კულტურულ ცენტრებსა თუ სასწავლო დაწესებულებებში? საინტერესოა, იციან თუ არა უცხოელმა პატარებმა (სკოლამდელი ასაკის), ვინ არის მათი ქვეყნის პრეზიდენტი?

მაგალითად, პიკასოს ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღს ვეწვიეთ, სადაც საქართველოში მცხოვრები უცხოელი დიპლომატების შვილები დადიან.

ნინო ასათიანიბაგა-ბაღის დირექტორი: "ჩვენთან დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელთა შვილები დადიან, გვყავს თითო-ოროლა ქართველი ბავშვიც. ერთადერთი სიმბოლო აქ პიკასოს მტრედია და ბავშვებმაც იციან, რომ ეს არის ცნობილი მხატვრის ნახატი და მშვიდობის სიმბოლოა. გარდა ამისა, თავ-თავიანთი ქვეყნების გერბებსაც ვაცნობთ. ვიწვევთ ცნობილ ადამიანებსაც (ხელოვნების სფეროდან), რომლებიც ბავშვებს ინგლისურად ქართულ ზღაპრებს უყვებიან, გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს აცნობენ. აქ ბავშვები ქართულ ცეკვებსაც სწავლობენ. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, იციან თუ არა ჩვენმა პატარებმა თავიანთი ქვეყნების პრეზიდენტების გვარები. კითხვაც კი არასდროს დაგვისვამს, ეს აზრად არავის მოგვსვლია. რაც შეეხება რელიგიურ სიმბოლოებს, როგორც ვიცი, მათ ქვეყნებში, ბაგა-ბაღების აღმზრდელები ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებიან, რადგან სხვადასხვა აღმსარებლობის ბავშვებთან უხდებათ ურთიერთობა".

 

 

 

 

ნანახი?- 331

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80