ცოტა ხნის შემდეგ “ტაქსაობა” უფასო აღარ იქნება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ბლოგი

ცოტა ხნის შემდეგ “ტაქსაობა” უფასო აღარ იქნება

ცოტა ხნის შემდეგ “ტაქსაობა” უფასო აღარ იქნება
ბექა დანელია

2018-02-13 21:00:29

რამდენიმე თვეში ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გასავლელად თანხის გადახდა მოუწევთ. ამი შემდეგ კი დროთა განმავლობაში პირობები უფრო და უფრო გამკაცრდება. მერია ცდილობს ტაქსის მძღოლების უკმაყოფილება თავიდან აირიდოს, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ამ სფეროს მოწესრიგებაზე დაიხევს უკან.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად დრო მიეცემათ, მაგრამ პროცედურისთვის მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს “იაფი პროცედურა იქნება”.

“რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა.  საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც არ გაივლიან რეგისტრაციას. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე”, - განაცხადა ბითაძემ.

მერის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

ოპოზიციურ პარტიების ნაწილს, რომელმაც მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტა.  ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ტაქსების რეგულირების საკითხი კატეგორიულად მიუღებელია. მისი აზრით, მომავალში ათასობით ადამიანს საკუთარი ავტომანქანის მეშვეობით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას გაურთულებს.

“ეს რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის რეგრესული ნაბიჯია.  მთელი მსოფლიო დერეგულირების გზით მიდის, იქმნება ახალი თანამედროვე აპლიკაციები, არის კონკურენცია, არსებობს ძვირიანი და იაფი ტაქსები და ყველა მომხმარებელი, თუ როგორი ტრანსპორტით უნდა გადაადგილდეს, ამის მიხედვით იძახებს ტაქსს ან აჩერებს მანქანას ქუჩაში.

ტრანსპორტის და მოძრაობის უსაფრთხოება არის აბსოლუტურად სხვა რამ და იგი ტაქსებს არ ეხება. უსაფრთხო და გამართული უნდა იყოს ყველა მანქანა. ეს სულ სხვა სფეროს რეგულირების საკითხია.  ქალაქის მერიის პოლიტიკა გამოიწვევს ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას”, - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, მათი ფრაქცია შეეცდება დაარწმუნოს ქალაქის მერია, რომ ამ სფეროში რეფორმას ვერ განახორციელებენ და იგი ცუდ შედეგს მოიტანს.

ვითარების სამომავლო დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს ტაქსების რეგულირების პროცესში საბანკო სექტორის ჩართვას, რათა მძღოლებს საშუალება მიეცეთ, გარკვეული წლოვანების ავტომობილების შემოსაყვანად თანხები მიიღონ. ამასთან ცვლილებები ეტაპობრივი იქნება.

“ტაქსების მიმართულებით უნდა დავიწყოთ აღრიცხვით, ვინაიდან არავინ იცის, თუ რა რაოდენობის ტაქსი მოძრაობს თბილისში.  კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ უცებ, წელსვე ერთბაშად შევიტანოთ ეს ცვლილებები, რადგან ეს სერიოზული ტვირთი იქნება მძღოლებისთვის, მაგრამ ამ პროექტის ეტაპობრივად განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გავაჟღერებთ, რა ფერის უნდა იყოს ტაქსი, მარჯვენა საჭე უნდა იყოს თუ არა და ა.შ.” - განაცხადა კალაძემ.

მუნიციპალიტეტის ინიციატივა კატეგორიულად არ მოსწონს თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს ალექსანდრე ელისაშვილი. მისი აზრით, ეს იგივეა, რომ სახლის აშენება სახურავიდან დაიწყო.

“ზოგადად ტაქსების რეგისტრაცია აუცილებელია, არ შეიძლება ეს სფერო იყოს ასეთი ქაოსური, მაგრამ ყველაფერს აქვს თანამიმდევრობა. ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან. ჯერ სატრანსპორტო ფუნდამენტია მოსაწესრიგებელი, მთლიანი სისტემის ოპტიმიზაცია უნდა ამოხდეს, ახლებურად დაიგეგმოს სატრანსპორტო ქსელი, დაემატოს ეკოლოგიურად სუფთა, ტევადი ტრანსპორტი, მოხდეს “მარშრუტკების” პერიფერიულ მიმართულებებზე გადაყვანა და ბოლოს, სულ ბოლოს უნდა მიხედო ტაქსებს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება დანაყავს წყალს და მიიღებს ათი ათასობით ტაქსის მძღოლის უკმაყოფილებას.

ენერგეტიკის სამინისტროდან რომ გადასკუპდა მთლიანი შემადგენლობა მერიაში და უცებ ურბანული დარგების მცოდნეებად რომ წარმოიდგინეს თავი, იმიტომაც შეეჯახებიან კედელს. არც იციან, არც სხვას უსმენენ”, - აღნიშნა ელისაშვილმა.

მერიაში ამბობს, რომ რეფორმის განხორციელებაში ჩართულები არიან უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ევროპისა და განვითარების ბანკის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ეხმარება მუნიციპალიტეტს. საბოლოოდ, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეჯერებული იქნება ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან.  მისივე თქმით, მეორე მხრივ, რეფორმა დაეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს გააჩნია.

ნანახია - 597

qedo sakokhia

2018-02-14 11:52:31

კიდევ უფრო აუცილებელია, მოტაქსავეების მანქანებში მრიცხველების დაყენება!

tngh

2018-02-14 15:07:33

აუცილებელია!!! დროა დამთავრდეს გაურკვეველი წარმომავლობის "ტაქსისტების" ბოგინი საქართველოში. არანაირი რეალური ფასები... თანაც თავის თავს უმუშევარს ეძახიან და უმრავლეს მათგანს დასაქმებულზე ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ. იმდენი მაინც გადაიხადონ, რომ გზების რეაბილიტაციას და გარე განათებას მაწილობრივ ეყოს. ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით კარგად, რომ სარგებლობენ, დროა თვითონაც გადაიხადონ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80