ბიზნესი სასამართლოდან მომდინარე პრობლემების მოგვარებას ითხოვს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ბლოგი

ბიზნესი სასამართლოდან მომდინარე პრობლემების მოგვარებას ითხოვს

ბიზნესი სასამართლოდან მომდინარე პრობლემების მოგვარებას ითხოვს
ბექა დანელია

2018-02-14 20:00:33

საქართველოში სასამართლომ საკმარისი ნდობა ვერც მოსახლეობაში მოიპოვა და ვერც ბიზნეს წრეებში. საქმეების განხილვა ჭიანურდება, განაჩენი ხშირ შემთხვევაში ეჭვს აჩენს. ამით, უსამართობის გრძნობის გამძაფრების გარდა, ფერხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიზნესიც ხშირ შემთხვევაში ერთ ადგილს ტკეპნის.

მთავრობა ცდილობს გარკვეული ცვლილებები შეიტანოს სასამართლო სისტემაში, ამისათვის ბიზნეს წრეებს შიგადაშიგ ახალ-ახალ ინიციატივებს სთავაზობს, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი არაფერი იცვლება.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის, ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნეს დავებზე ორიენტირებული მოსამართლეების არსებობა აუცილებელი პირობაა, თუმცა არა საკმარისი.

„ხელისუფლებამ რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური პრობლემის გადასაჭრელად ყაზახეთში დამოუკიდებელი კომერციული სასამართლო შეიქმნა. საქმის წარმოება იქ მთლიანად ბრიტანულ სამართალს ეყრდნობა და გადაწყეტილებებსაც ბრიტანელი მოსამართლეები იღებენ. ამ მოდელმა, შესაძლოა, საქართველოშიც იმუშაოს, თუმცა როგორც აქცენტი ადგილობრივ ბიზნესდავებზე უნდა გაკეთდეს, ვინაიდან სასამართლოს დაბალი კვალიფიკაცია და დროში გაწელილი პროცესები პრობლემებს, პირველ რიგში, ადგილობრივ ბიზნესს უქმნის“, – აღნიშნა ჭყონიამ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკური კომიტეტის წევრები იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, სასამართლო დავების დასრულება ხშირ შემთხვევაში ჭიანურდება.

„პირველ რიგში, პრობლემატურ საკითხად იკვეთება ვადები, გაჭიანურება პროცესებისა. ამ კუთხით რა ხედვები არის და რა გადაჭრის გზები არის მოსალოდნელი. საინტერესოა, მოსამართლეთა სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის საკითხებთან დაკავშირებით რა მიდგომები და სტრატეგია“, - აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

რაც შეეხება ყაზახურ მოდელს, რომელზეც ბიზნეს წრეებში ბოლო დროს ხშირად საუბრობენ. ბრიტანული მართლმსაჯულების ერთ–ერთი გამოჩენილი მოსამართლე, ლორდი ვულფი ყაზახეთის ახალი კომერციული სასამართლოს მთავარ მოსამართლედ დაინიშნა. მასთან ერთად შუა აზიის ქვეყანაში სამუშაოდ ცნობილი ბრიტანელი ადვოკატების და მოსამართლეების რვაკაციანი ჯგუფიც გადადის.

ყველა მოსამართლე დიდი ბრიტანეთიდან იქნება და ისინი ბრიტანული სამართლის ნორმებით იხელმძღვანებენ. ვულფი დარწუნებულია, რომ ეს გარემოება მომავალი სასამართლოს მიუკერძოებლოებისა და დამოუკიდებლობის ერთგვარი მყარი გარანტია გახდება.

საინტერესოა, რომ ანალოგიური სასამართლოები უკვე ფუნქციონირებს სინგაპურში, ჰონგ-კონგში, დუბაიში და ყატარში.

ყაზახეთის მსგავსად საქართველოში კომერციული სასამართლოს  ჩამოყალიბება ადგილობრივი  ბიზნესისათვის მისაღებია. „ტექნობუმის“ დამფუძნებლი ანზორ ქოქოლაძე კი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი სასამართლო ნაწილში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და იმ შემთხვევაში თუ პროცესი სწორად განცხორციელდება, ეს საქართველოს შემთხვევაშიც წარმატებული იქნება.

„ცნობილია, რომ ადგილობრივ მოსამართლეებს ხშირ შემთხვევაში ბიზნესდავების განხილვის კუთხით კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ. აქ ორი საკითხია - კეთილსინდისიერების პრობლემა და კადრების ნაკლებობა. თუ ყველაფერი სწორად და გამჭირვალედ განხორციელდება, აღნიშნულმა ინციატივამ, შესაძლოა, არსებული ხარვეზები აღმოფხვრას“, - განმარტავს ქოქოლაძე.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ყაზახურ-ბრიტანული ტიპის სასამართლოს ჩამოყალიბება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, თუმცა თავად იდეა საინტერესოა.

„ვფიქრობ, სადაც ეს პროექტი იწყება, ჯერ იქ მოხდეს  დაკვირვება, რამდენად წარმატებული იქნება მოდელი, რამდენად გაამართლებს პრაქტიკაში. მანამდე ცოტა რთულია საქართველოში ბრიტანული კომერციული სასამართლოს ჩამოყალიბების შესახებ საუბარი, თუმცა, იდეა ნამდვილად საინტერესო და არაოდინალურია.

ყაზახეთი,  პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც ეს სიახლე ინერგება  და უმჯობესია ჯერ ამ კუთხით შევისწავლოთ. ჩვენს შემთხვევაში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რადგან განსხვავებული სპეციფიკა გვაქვს. ზოგადად, ნაადრევად მიმაჩნია დეტალურად ამ თემის შესახებ საუბარი“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ნანახია - 427

კატრინა

2018-02-18 14:09:39

მე ვფიქრობ,რომ არც ქართული და არც ბრიტანული მოდელი ამ მთავრობას არ აწყობს,რადგან თვითონ არიან წილში ყველა ბიზნესის და უნდათ ეხლა ამათ სასამართლო და სამართალი?!რომ სდომოდათ,აქამდე იქნებოდა უკვე შექმნილი. ძალიანაც უნდათ,რომ გვაფიქრებინებს,რა ჩაპანწყვეტაში არიან ვითომ,მაგრამ ჩლუნგიც კი ხვდება,რომ "ფიცი მწამს,ბოლო-მაკვირვებს".

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80