პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეში მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს
ბლოგი

პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეში მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს

პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეში მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს
თამთა ქარჩავა

2018-02-15 01:57:42

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მთავარ პროკურატურას მიმართავენ და მოუწოდებენ, მათ საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა „რუსთავი 2“-ის წართმევის საქმეზე, ქართულ სასამართლოებში დავის დაწყება შეძლონ. თავის მხრივ, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ბრალის წაყენება თავისუფლად შეიძლება იმ თანამდებობის პირებისთვის, ვისთანაც ხდებოდა შეხვედრები, მათ შორის ზურაბ ადეიშვილისთვის და ვანო მერაბიშვილისთვის.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადებით, თუკი 2019 წლის 14 თებერვლამდე პროკურატურა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალს ვინმეს არ წაუყენებს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისინი საქართველოში რაიმე სახის დავის გაგრძელების მხრივ სამართლებრივ ბერკეტებს დაკარგავენ. როგორც  დვალმა და აქიმიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, გამოძიება პრაქტიკულად სრულადაა ჩატარებული, თუმცა 2015 წლის 14 თებერვლის შემდეგ, რაც ისინი დაზარალებულად ცნეს, გამოძიებას არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

მათივე თქმით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ისინი საქმის მასალებს გაეცნენ და გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები საკმარისია იმისთვის, რომ იმჟამინდელ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის კონკრეტულ პირებს ბრალი წაუყენონ. დავით დვალი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გამოძიებისას მოპოვებული მასალები საკმარისია იმისთვის, რომ ვინმეს ბრალი წაუყენონ.

მისი თქმით, ტელეკომპანიის წართმევის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით პრაქტიკულად ყველა დეტალი და გარემოებაა დადგენილი, თუმცა მათი დაზარალებულად ცნობის შემდეგ გამოძიებას არავითარი აქტივობა არ განუხორციელებია.

„ამ პასიურობის შედეგად შესაძლოა ყველა სამართლებრივი ბერკეტი დავკარგოთ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დავა გავაგრძელოთ.არაერთი განცხადებით მივმართეთ პროკურატურას და მთავარ პროკურორს, თუმცა პასუხი არ მიგვიღით.მთელი გამოძიება ჩერდება იმაზე, რომ ჩვენ მოგვენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამის შემდეგ არანაირი აქტივობა გამოძიების მასალებში არ ჩანს.

ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას წერილობით, მათ შორის მთავარ პროკურორს, თუ რატომ აღარ ხორციელდება არავითარი აქტიურობა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენთვის ეს პასიურობა ძალიან შემაშფოთებელია. გამოძიებისას შეგროვებული მასალებით პრაქტიკულად ნათლად ჩანს, თუ ვინ, რატომ, როდის, სად დაგეგმა, როგორ დაიგეგმა საერთოდ ეს სპეცოპერაცია სახელად „რუსთავი 2“-ის წართმევა“. ეს მასალები, ჩემი აზრით, სრულად საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ ვინმეს ბრალი წაუყენოს“, - განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დაზარალებულად არიან ცნობილი, ჩადენილია დანაშაული და პროკურატურამ უნდა თქვას, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული.

„ჩვენ პრეტენზია არავისთან არ გვაქვს. შეტანილი გვაქვს პროკურატურაში მოთხოვნა, რომ გამოიძიეთ რა მოხდა?! იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული. დანარჩენი არის პროკურატურის საქმე. სამი წლის წინ გვითხრეს, რომ ვართ დაზარალებულები, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ დაგვაზარალა. ანუ თუ გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიმართ ჩადენილია დანაშაული პროკურატურამ ისიც უნდა თქვას თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული“, - აცხადებს დავით დვალი.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განმარტებით, პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს. როგორც ბარათაშვილმა განაცხადა, საქმეზე დაკითხულია არაერთი ადამიანი, მათ შორის იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„გამოძიება თავდაპირველად გამოძალვის მუხლით მიმდინარეობდა, რომელიც შემდეგ შეიცვალა და დაკვალიფიცირდა 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. დაზარალებულად ცნობის დადგენილებიდან ირკვევა ერთი რამ, რომ ჩადენილია დანაშაული, წართმეულია წილები და ეს განხორციელდა ხელუფლების წარმომადგენლების მიერ. საქმეზე დაკითხულია ათეულობით მოწმე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები“, - ამბობს სოსო ბარათაშვილი.

ადვოკატის თქმით, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებიდანაც ჩანს, რომ ჩადენილია დანაშაული, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას ბრალი არავისთვის არ აქვს წაყენებული.

„შემიძლია ორი მათგანი დაგისახელოთ: ირაკლი ოქრუაშვილი და დიმიტრი ქიტოშვილი. ასევე აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი და სხვები. ყველა ამ მოწმის ჩვენებიდან ნათელი ხდება, თუ კონკრეტულად, რომელმა პირებმა, რა დროს, რა მეთოდით, ვისთან მოლაპარაკებით განახორციელეს კონკრეტული ქმედება. საუბარია იმდროინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებზე. მათ შორის საქმეში ფიგურირებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

 

ნანახია - 1304

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80