ხელისუფლება ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
პოლიტიკა

ხელისუფლება ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ხელისუფლება ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თამთა ქარჩავა

2018-03-02 12:00:39

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ არსებობს. შესაბამისად, ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ქართული მხრიდან ორი ძირითადი შეკითხვა დაისვა ტატუნაშვილის საქმის განხილვის კონტექსტში - როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას და საქართველოს ორ მოქალაქეს როდის შეეძლება დატოვოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ სამსაათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ, ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მიიღეს.

„ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა, გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური მთავრობისთვის ტატუნაშვილის საქმეს, იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 22 თებერვალს, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მათ შორის, რომლებიც დღევანდელ დღის წესრიგში იყო წარმოდგენილი მაშინ, როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.

თავის მხრივ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა. მეტიც, სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათივე მტკიცებით, სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასა და 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა 2018 წლის 22 თებერვალს, ლენინგორში დააკავეს.

„ყურადღებას იქცევს ერთი მნიშნელოვანი გარემოება - საგამოძიებო იზოლატორში, ბადრაგირების დროს ტატუნაშვილი თავს დაესხა ბადრაგს, წაართვა ერთ-ერთ მათგანს ტაბელური იარაღი და ცეცხლის გახსნა სცადა. სამართალდამცველებმა ეს მცდელობა აღკვეთეს, გამოიყენეს ძალა და თავდამსხმელი გააუვნებელყვეს. საღი აზრი გვკარნახობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა, ვინაიდან საქმეზე არსებითი წარმოების დაწყებამდე ეჭვმიტანილის გაქცევის მცდელობა საფუძვლიანად ფასდება როგორც არსებული ეჭვის დადასტურება“, - ამტკიცებს დე-ფაქტო ხელისუფლება.

მათი განცხადებით, მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოები ატარებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რაც მომხდარის სრული სურათის აღდგენისა და ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შესაძლებლობას მოგვცემს, რის შემდეგაც მისი ცხედარი ოჯახს გადაეცემა.

„მიმდინარე მოვლენებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც თანამედროვე ქართული საზოგადოების მდგომარეობის ობიექტურ მაჩვენებელს და სამხრეთ ოსეთისადმი მათ რეალურ განწყობას. გაჩაღებულმა ანტიოსურმა ბაკქანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ტატუნაშვილის საქმემ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დღეს საქართველოში კეტავენ გზებს, ღიად ემუქრებიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და აგრძელებენ რუსეთის მისამართით აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებების წაყენებას“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ყველა ე.წ. ბრალდება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება და თითიდან გამოწოვილი მიზეზებია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, თუ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, ხელი შეეშალოს შერიგების და საშვიდობო პოლიტიკას, ეს ვერ და არ მოხდება.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვგეგმავთ შერიგებას რაიმე ტიპის ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მით უმეტეს, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე. ქართული მხარისთვის ყველა, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არის მნიშვნელოვანი ფორმატი. ის უნდა ფუნქციონირებდეს ეფექტურად და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. საქმე არ ეხება ფორმატის ფუნქციონირებას.

საქმე ეხება იმას, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პრიორიტეტული საკითხი გახლდათ ტატუნაშვილის საკითხი და ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების თემა. შეხვედრაზე ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მასალები და დოკუმენტები არის გადაგზავნილი რუსეთში და დასკვნის მოლოდინში არიან თავად, ვიდრე გადასცემენ ქართულ მხარეს და შესაბამისად ოჯახს“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მმართველმა გუნდმა რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დასაცავად სპეციალური წარმომადგენლების დაშვება არის. „ქართული ოცნება“ რეზოლუციას ორშაბათის ბიუროს სხდომაზე წარადგენს და პირველივე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

„ვინაიდან მოხდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დავარეგისტრირეთ რეზოლუცია, სადაც ვითხოვთ პირველ რიგში, დაუყოვნებლივ გადმოეცეს ოჯახს ცხედარი.

ასევე ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ამ საკითხზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და რაც მთავარია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება.

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის დღის წესრიგის საკითხი, ამიტომ, ბუნებრივია, ამ მოთხოვნებს აქვს საყოველთაო მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის საქმეზე განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, რომლის განცხადებით, უნდა დადგეს მომხდარის გამო პასუხისმგებლობის საკითხი. მისი თქმით, ოკუპანტ ძალას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია, თუმცა არ ჩანს, რომ ეს პასუხისმგებლობა ვინმეს აეღოს.

„ეს არის მართლაც საშინელი ტრაგედია ტატუნაშვილის ოჯახისთვის, მეგობრებისა და ნათესავებისთვის. თუმცა, გარდა ამისა, არის შემაძრწუნებელი სიტუაცია იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა მოხდა იქ და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ ტიპის ინციდენტი პირველი არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, რომ აუცილებელია დადგეს ამ საშინელი ინციდენტის გამო პასუხისმგებლობის საკითხი. ოკუპანტ ძალას თავისი პასუხისმგებლობა გააჩნია. მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღო ამ საქმეში რაიმე პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ოჯახს დაუბრუნებენ ცხედარს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ნამდვილად შეძრწუნებულები ვართ ამ ფაქტით“, - აღნიშნა იან კელიმ.

ევროკავშირისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი და აცხადებს, რომ საქართველოს მხარდასაჭერად მაგნიტსკის სიის ანალოგიური დოკუმენტის მიღებას მხარს უჭერს. მისი თქმით, ევროპარლამენტი სერიოზულად უნდა მიუდგეს ასეთ საკითხებს, რადგან ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამდვილად საგანგაშოა.

„შოკირებული ვიყავი, როდესაც თბილისიდან ახლად დაბრუნებულმა შევიტყვე, რომ ადამიანები არა მხოლოდ გაიტაცეს, არამედ ერთი მათგანი, არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. ეს ძალიან შემაშფოთებელია ფაქტია, მაგრამ უფრო საგანგაშოს ხდის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცება აფხაზეთში, რომლის შესახებაც დღეს შევიტყვეთ.

ევროკავშირი უნდა დაელაპარაკოს საქართველოს მთავრობას და მხარი დაუჭიროს ამ საკითხებში. რაც შეეხება სიას, მე ვიყავი მაგნიტსკის სიის მიღების ინიციატორი ევროპარლამენტარებს შორის. რა თქმა უნდა, კარგი იქნება ვნახოთ საქართველოს მიმართაც, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი მოქალაქეების უფლებები ილახება. ეს იქნება კარგი ინსტრუმენტი იმის საჩვენებლად, რომ ამ ტერიტორიებზე, მოქალაქეთა უფლებები დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

 

ნანახია - 2616

kostaia

2018-03-02 20:42:16

რებეკა, ჯონი, ტომი და მათი მსგავსნი თუ მათი ზემდგომები ყოველთვის შოკირებულები, შეშფოთებულ-აღშფოთებულები არიან, მაგრამ ეს რომ ვანიას ვერ აჩერებს და ჩვენც რომ ჭკუას ვერ ვსწავლობთ, ნათელია........

papa

2018-03-02 23:06:20

კი ვიძახი დაველაპარაკოთ მეთქი, მაგრამ მაგათი კაიკაცობები რომ მახსენდება..
.დიდი დედამოტ ... ხალხია....!!!!!!!!!!!!!!!!!
ხოოდა, როგორია მაგათთან დალაპარაკება?....
არადა რა ვქნათ, ვის ველოდოთ? ჩვენ ჯინაზე რომ არც იქცევიან ეს ჩათლახები??
მოკლედ ბედი გვაააქვს ნუ იტყვით..მტრისას..
.წინ კინჯალი უკან კლ...ო ჩვენზეა ნათქვამი ....

papa

2018-03-02 23:10:40

აფსუსს მოსადიიი..
24 საათში ამოიღებდა ჩვენ ჯაავრს

kostaia

2018-03-03 09:53:41

პაპა, მოსადის ან სხვა დიდი სპეც.სამსახურის დონის ოპერაცია რომ ჩაატარო, მოსალოდნელი აგრესიის შეკავების და იქით დარტყმის თავიც უნდა გქონდეს.... წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ 08.08.08-ს.....

papa

2018-03-03 14:21:58

მე იმას ვამბობ რომ ეგენი აუცილებლად, აუცილებლად უნდა მიიქინძნონ-მეთქი,(უკლებლივ ყველანი) ოღონდ წყნარად და არა..... დაფა-ზურნით იქ შესვლით
კახური ანდაზააა .... კატა ისე უნდა მიჰქინძო რომ ყ...რები არ დაგაჩხაპნოსო...
თუ ქვეყანა შეირყა--შეიძრა ეგ რაღა მოსადი იქნება.??
წყნარდ,.... თბილად ... თვალის დახამხამებაში უნდა მიიქინძნენ ეგენი, იმიტომ ვახსენე მოსადი, თორემ 08.08.08 მიშამაც ,,გადსარევად მოახერხა,,

tngh

2018-03-04 17:14:06

მთელი მსოფლიო აცნობიერებს გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებას. ჩვენი ვაი-პატრიოტები კი, ისევ I ჩვენებას "აწვებიან". არადა 25 წელია ნაბიჯი ვერ გადავდგით საქართველოს გამთლიანებისათვის. მე კი, უკვე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ის ვინც ავადმყოფური აკვიატებით "ნატო", "ნატო"... "ნატოს" გაიძახის უკვე 1/4 საუკუნეა, კრემლის ვერაგ დაკვეთას ასრულებს გასამრჯელოს ხარჯზე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80