„მელიას რა პასუხი უნდა მოსთხოვო, როცა თვითონ იქცევიან ქაჯებივით“
პოლიტიკა

„მელიას რა პასუხი უნდა მოსთხოვო, როცა თვითონ იქცევიან ქაჯებივით“

„მელიას რა პასუხი უნდა მოსთხოვო, როცა თვითონ იქცევიან ქაჯებივით“
თამთა ქარჩავა

2018-03-03 09:00:18

ბორჯომში დაძაბულობა განიმუხტა, თუმცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის წევრების დაპირისპირება გრძელდება. პარალელურად, სახელისუფლებო კულუარებში ვრცედლება ინფორმაცია ბორჯომში ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ წევრები კი აცხადებენ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ორი თვეა მერიის თანამშრომელბის სახელფასო სარგოს არ ამტკიცებს და სიტუაცია ბორჯომის თვითმმართველ ორგანოში დაპირისპირებამდე მიიყვანა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პროცესში შს სამინისტრო ჩაერთო. რეგიონში პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. გიორგი გახარიას უწყების ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი და განმარტავს, რომ თვითმმართველობის სპეცნაზით „დალაგება“ დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

თქვენ გააკრიტიკეთ შსს- გადაწყვეტილება, როდესაც დამატებითი საპოლიცო ძალები შეიყვანა ბორჯომში, სადაც საკმაოდ მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება იყო. რა ნაბიჯი უნდა გადაედგა შსს-, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საკრებულოდან ქუჩაში არ გადასულიყო?

დავით ზარდიაშვილი: სამწუხაროდ, სამართლებრივი სახელმწიფოს ტრადიცია არ ყალიბდება. როგორ შეიძლება პოლიტიკურ პროცესში სპეცრაზმის ჩარევა და თან ასე უხეშად?!. კი ბატონო, გასაგებია, რომ ძალიან მძაფრი დებატები იყო, გასაგებია ისიც, რომ პოლიტიკური პროვოკაციები იყო მელიას მიერ, მაგრამ ამაზე ხელისუფლების პასუხი არის აბსოლუტურად არადეკვატური.

თვითმმართველობა არის ავტონომიური ხელისუფლება. მედიისა და ზოგიერთი „პრადვინუტი“ პოლიტიკოსის საყურადღებოდ უნდა განვმარტოთ: ბორჯომის საკრებულოში ოპოზიცია კი არ არის უმრავლესობაში, არამედ „ქართული ოცნებაა“ უმცირესობაში. რასაკვირველია, მელია პროვოკატორია, პროვოკატორობა მისი მოწოდება და პროფესიაა. აქ გასაკვირი არაფერია. გასაკვირი ის არის, რომ „ოცნება“ ამ პროვოკაციას ბავშვურად წამოეგო, მელიას კეთილების კვალი ისე აერია, რომ ბორჯომში სპეცნაზი შეიყვანა.

როგორც გითხარით „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში. რა მოხდა მერე, არც არაფერი. დემოკრატიისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. შეიძლება ცენტარლურ ხელისუფლებაში ერთი პარტია იყოს, ადგილობრივში სხვა და არაფერი ამაში განსაკუთრებული და უცნაური არ არის. უცნაურია ის, რომ პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური დებატები გაგრძელდა სპეცრაზმით. სპეცრაზმის მეშვეობით გადაწყვეტილების მიღება - ეს არის მიუღებელი და წარმოუდგენელი. ჩვენ თუ გვინდა განვითარება, მაშინ სამართლის ჩარჩოებში უნდა მოვექცეთ. პოლიტიკური პროცესში პოლიციელების და სპეცრაზმის ჩართვა მძიმე მდგომარეობაა. არ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამე ხდებოდეს.

საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა უსაფრთხოება - ასეთია შსს- პოზიცია ბორჯომში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანასთან დაკავშირებით...

- ასეთმა ვითარებამ კატასტოფამდე მიგვიყვანა თავის დროზე. ის რაც ვნახეთ, ფაქტიურად იყო ბორჯომის ოკუპაცია. ამაზე უარესს კი არაფერს სჩადიოდა სააკაშვილი. ასე როგორ შეიძლება, წარმოუდგებელი რამ მოხდა. ამ ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, მაგრამ რაც დროზე ამოვიღებთ ხმას, მით უკეთესი. როცა ასეთ სისულელეს სჩადიან, დროზე უნდა შემოვუძახოთ, რომ კარგისკენ არ მიდის საქმე. თუ არსებობს საფრთხე, ამას აქვს თავისი სამართლებრივი პროცედურა. მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე არ შეუშვა თავის ადმინისტრაციულ შენობაში, რომ თავისი ფუნქციები განახორციელოს, ეს არის წარმოუდგენელი.

მელიას საქციელი იყო გამოწვევა, პროვოკაცია, რომელსაც ფაქტია, რომ აყვა ხელისუფლება, მაგრამ როგორ უნდა ემოქმედა ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას?

- მელიას საქციელში არც გამართლებაა და არც არგუმნეტი. წარმოიდგინეთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს მთელი დღის განმავლობაში არ მიეცა საშუალება, თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება განეხორციელებინა. კაბინეტში არ უშვებდნენ და ეს ვინ გადაწყვიტა? - გადაწყვიტა შს სამინისტრომ. ხვალ რომ გადაწყვიტოს და პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ან პრეზიდენტი არ შეუშვას კაბინეტში, ეს ხომ წარმოუდგენელია. თუ საზოგადოებრივ წესრიგს ემუქრება ასეთი საფრთხე, ასეთ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და ამის პროცედურება გვაქვს.

იქ, სადაც სპეცრაზმი შედის, ხელისუფლების ორგანოები აჩერებენ საქმიანობას და უკვე საგანგებო რეჟიმია. პრაქტიკულად, ბორჯომში იყო საგანგებო რეჟიმი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. დაახლოებით იგივე, როდესაც სააკაშვილმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ომი დაიწყო ცხინვალში. სამართლებრივი სახელმწიფოები იმიტომ არსებობს, რომ ასეთი სისულელეები, სიგიჟეები და სპონტანური საქციელები არ მოხდეს.

შსს- გააკეთა განმარტება, რომ არ ერევა თვითმმართველობის საქმიანობაში, ბორჯომში საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. ეს არ არის არგუმენტი?

- და ვინ შეაფასა ეს საზოგადოებრივი საფრთხე?! თუ არსებობს იმის საშიშროება, რომ საკრებულოს თავმჯდომარის შენობაში შესვლის შემთხვევაში რაღაცა წესრიგი დაირღვევა, ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გზა არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. წესრიგის აღსადგენად ძალის გამოყენება არის საჭირო. ამაზე გადაწყვეტილება შსს არ ღებულობს და არც პრეზიდენტი. გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით და 48 საათში ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს პარლამენტი. ამის შემდეგ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. როგორ შეიძლება ასე, ჰაერზე, ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება?!

სოციალურ ქცევას აქვს რამდენიმე მოდუსი - რაციონალური, მიზანმიმართული ქცევა და ყველაზე უარესი და სისულელე არის - აფექტი. რა გადაწყვეტილებაც მიიღო შსს-მ ბორჯომის შემთხვევაში, ეს იყო აფექტი. ვიღაცას თავში დაარტყა და ქალაქში შეიყვანა სპეცრაზმი, ქალაქის ოკუპაცია მოახდინა. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც უფროსი არავინ არ ჰყავს და ვის შეუძლია ასე სპეცრაზმით მივიდეს და ასეთი რამე აკეთოს?! რა შუაშია აქ ოპოზიცია, ან მელია საერთოდ?

მელიას რა პასუხი უნდა მოსთხოვო, როცა თვითონ იქცევიან ქაჯებივით, რაზეა ლაპარაკი. ძალიან გაბრაზებული ვარ. ხელისუფლებას ფეხი რომ გადაუბრუნდება, გვერდზე კი არ უნდა გაიწიო, არამედ უნდა უთხრა - რას აკეთებ? იმედი მაქვს, რომ აზრზე მოვლენ. როგორც ჰაერი არის საჭირო, ისე არის საჭირო კამათი და განსხვავებული აზრი, ეს დემოკრატიის ნაწილია. როგორ ბედავს ვინმე, რომ სპეცრაზმით ერევა საკრებულოს საქმიანობაში! ნახეთ როგორ არის - ცენტრალური ხელისუფლება ამბობს, რომ თუ ჩემს ჭკუაზე არ გაივლით, დედას გიტირებთ. ასე როგორ შეიძლება. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს თავის ოთახში არ უშვებს სპეცრაზმი. სამართლებრივი და კონსტიტუციური რეჟიმიდან გასვლა იყო ის, რაც მოხდა. რისთვის გააკეთეს? - იმიტომ, რომ ვიღაცა მელიამ რაღაცა სისულელე ქნა. ეს დაახლოებით იგივეა, რასაც სააკაშვილი აკეთებდა. მანაც ასე დაიწყო, როდესაც ამბობდა, რომ მე ვიცი რა არის საფრთხე და უსაფრთხოება, მე ვაფასებო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. შენ ვინ მოგცა ამის უფლება, რომ ასე ერთპიროვნულად განსაზღვო - საფრთხე არის თუ არა. ამას აქვს თავისი პროცედურა, კეთილი იქნება და იმოქმედე შესაბამისად.

ნანახია - 3157

antoni

2018-03-03 09:59:44

ის რაც ბორჯომში მოხდა ისტორიული სირცხვილია! წლების შემდეგ იმას კი არ გაიხსენებენ, საკრებულო 2 თვე მერიას (მათ შორის მეეზივეს და დამლაგებელს) ხელფასს არ აძლევდაო, არამედ იმას, რომ ხელფასის არმომატების გამო ოცნების ხელისუფლებამ ოპოზიციურ საკრებულოს მიტინგი და ბოიკოტი გამოუცხოო.
რაც მოხდა, ამ ხელისუფლების უვარგისობის მკაფიო მაგალითია!
ეს ვაჟბატონი რომ მიედ-მოედება ესეც სისულელეა; პოლიცია კანონის გარგლებში მოქმედებდა და სპეცრაზმი რომ არა, მელიასნაირი არამზადები იქ სისხლს დაღვრიდნენ და დოყლაპია ოცნება ამაზე ამყოლი იყო.
დემოკრატია ანარქია და ქაოსი არაა!

natali

2018-03-03 11:34:04

მთელი ბორჯომი განაწყვეს საკუთარი თავის და მთელი ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, ამას მოხერხება არ უნდა? დღეს რომ არჩევნები ჩაატარო, ბორჯომში ეგენი ერთ ხმასაც ვერ მიიღებენ. ამისთანა უტვინოს, რა უნდა საკრებულოში? ასეთს ქალაქის ბედი როგორ შეიძლება ანდო?


არა კაცო, ქვეყანა ამისთანა ჭაობშია, ხალხი რა დღეშია, რა იმედით შეჰყურებდნენ მაგათ და ეგენი კიდე ფულზე ჩხუბობენ.
თვითონ ოცნებამვე სულ კინწისკვრით უნდა გამოყარონ ეგენი ყველანი მაქედან.

1234

2018-03-03 20:26:31

რა ოკუპაცია რის ოკუპაციაა. ასეთი ტერმინების ხმარებას უნდა უფრთხილდეთ. ბორჯომი რა სხვა სახემწიფოა თუ სპეცნაზია უცხო ქვეყნის ჯარი? საქართველოს ოკუპაცია არ აკლია, საუბედუროდ. აგერ მოქალაქე მოგვიკლეს ნამდვილმა ოკუპანტებმა, ცხედარსაც არ იძლევიან, და მედია ბორჯომის მელიებით და ტურებით ერთობა. ბატონ ზარდიაშვილს ეშლება დემოკრატია ანარქიაში. როცა ადგილობრივი ხელისუფლება არ ფუნქციონირებს, პარალიზებულია, ან კორუმპირებულია, ცენტრალური ხელისუფლების მოვალეობაა მიხედოს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფლებები დაიცვას. ჩარევა შეიძლება იყოს საკრებულოს დაშლაც, ნებისმიერი არჩეული მოხელის გადაყენება, და და ახალი არჩევნების დანიშვნაც. ასე ხდება ამერიკაში და დასავლეთშიც. თუ ასეთი კანონი არ არსებობს, მაშინ მისაღებია სასწრაფოდ.

tngh

2018-03-03 20:55:36

ნუთუ არ შეიძლება საკრებულომ თვითონ დაუმტკიცოს მიწოდებული პროექტი შესწორებით, ანუ ნაკლები ხელფასებით??? რა თქმა უნდა შეიძლება და ამის უფლებაც აქვს, მაგრამ უკვე მერამდენედ "პატრიოტთა ალიანსი" წამოგებული "ნაც-ოპოზიციის" ანკესს... "ნაც-ოპოზიციას" კი, მხოლოდ ქაოსი და ანარქია სურს...

tngh

2018-03-03 20:58:51

პატივცემულო ექსპერტო!!! ვითომ რატომ არ შეიძლება სპეც-რაზმის გონივრული ფორმით ჩარევა??? სპეც-რაზმს არც ძალა გამოუყენებია და არც ვინმე დაუკავებია. ქაოსი და ანარქია ააცილა რეგიონს, რომელიც ასე სურს "ნაც-ოპოზიციას"...

ამაპოლა

2018-03-03 23:30:23

ძალზე სამწუხაროა, რომ კომენტარების ავტორები არ ეთანხმებიან ბატონი ზარდიაშვილის მოსაზრებას სპეცრაზმის გამოყენების და, საერთოდ, შსს-ს ჩარევის შეფასებაში. რა, აღარ გვინდა კონსტიტუციის და ზოგადად კანონის შესაბამისად იმოქმედონ სახელმწიფო მმართველობის ორგანოებმა? 1990-1992 წლები მოგვენატრა?

Maverick

2018-03-03 23:39:10

კახელი თეორიულად მართალს ამბობს, თუ საპარლამენტო ხელისუფლებაა და დემოკრატია, რაც მეეჭვება რომ იყოს!; შეიარაღებული რაზმი დისლოკაციის ადგილიდან პარლამენტის, პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ცხვირის გამოყოფას ვერ უნდა ბედავდეს...

imereli

2018-03-05 09:54:34

ნამდვილად სატირლად გვაქვს საქმე, ნაცმოძრაობა დემოკრატიას გვასწავლის!!! მელიაკი დემოკრატიის შუქურა ყოფილა! ეს არაფერი იქნებოდა, რომ არა მეორე მხარე- "ოცნება", რომელიც არაფრითაა უკეთესი. არც მესამე ძალა-"პატრიოტებია" პირველ ორზე უკეთესი! ამას დაუმატე შალიკოს კაციც და სრული "ბედნიერება" სახეზეა! განმეორებითი არჩევნები რომ ჩატარდეს, მითხარით ვინ ავირჩიოთ! მე მაგალითად არჩევანს ვერ გავაკეთებდი, ერთმანეთზე უარესებში უკეთესი როგორ ამოვარჩიო ?! ვაის გავეყარო და უის შევეყარო ?!

Maverick

2018-03-06 10:04:43

imereli,

რა საჭიროა უარესებში, უკეთესის არჩევა?

ან არჩევნებში რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა?

ქოცნებას ამომრჩეველი ფეხებზე კიდია, ასოებს მეტ პატივს ცემს. ჩაატაროს არჩევნები ასოებისათვის, ბიუჯეტის თანხაც დაიზოგება და ყველა ზემდგომი მმართველიც კმაყოფილი ეყოლება.

ბოიკოტიარჩევნებს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80