თბილისის აეროპორტი სიძვირით, ევროპის წამყვან აეროპორტებს აღემატება
ეკონომიკა

თბილისის აეროპორტი სიძვირით, ევროპის წამყვან აეროპორტებს აღემატება

თბილისის აეროპორტი სიძვირით, ევროპის წამყვან აეროპორტებს აღემატება
ბექა დანელია

2018-03-03 14:00:16

თბილისის აეროპორტს დიდი ხანია არარეალურად მაღალი ტარიფების დაწესებაში სდებენ ბრალს, მაგრამ ახლა სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. თურქული ოპერატორის წინააღმდეგ ერთნაირად ილაშქრებენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ავიაკომპანიები.

უდიდესი ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანიის „რაინეარის“ წარმომადგენელი დაუფარავად ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი გადაეცა კონკრეტულ კომპანიას და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები. მისი ინფორმაციით, ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის.

„თბილისში მხოლოდ 3 მილიონი მგზავრია. 40-50 მიმართულებიდან კი ევროპაში მხოლოდ 10-ზე ნაკლები სრულდება“, – აღნიშნა ნილ კონერმა და დასძინა, რომ გადაწყვეტილებას ფრენების დაწყების თაობაზე „რაინეარი“ იქიდან გამომდინარე იღებს, თუ სადაა ყველაზე კონკურენტული ხარჯები.

თბილისის აეროპორტს მაღალ ტარიფებთან დაკავშირებით უცხოურთან ერთად ადგილობრივი გადამზიდავებიც აკრიტიკებენ. როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, აეროპორტში არსებულ სიძვირეს მთავრობა სათანადო ყურადღებას არ უთმობს.

„ბოლო ათი წელია ამ თემაზე ხშირად მიხდება საუბარი და რატომღაც მთავრობა ყურადღებას ყოველთვის კომპანიის მაღალ ფასებზე ამახვილებდა, არავინ საუბრობდა იმაზე თუ საიდან წარმოიქმნებოდა ეს მაღალი ფასი. ფასწარმოქმნა ხდება, პირველ რიგში, აეროპორტის მომსახურებიდან, საწვავის ფასიდან. ეს ტარიფები გაბერილი და მაღალია, ხოლო ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ყველა იმას ამბობს, რომ ბილეთი ძალიან იაფი უნდა ღირდეს. რის საფუძველზე? ამაზე ჯერ აქცენტს არავინ აკეთებს. დღეს ნორმალური ტარიფებით ოპერირება შეუძლებელია, თუმცა ვცდილობთ, რომ ფასების რეგულირება მგზავრების სასარგებლოდ მოხდეს“, - განაცხადა გაიაშვილმა.

მაღალ ფასებსა და კონკურენციის დაბალ დონეზე ამახვილებს ყურადღებას „ეარ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი გიორგი კოდუა. მისი განცხადებით, ფასის კონტროლი ხდება გარედან, ყველაფერს თურქული მხარე აკონტროლებს, რის გამოც ტარიფების დაწევა ვერ ხერხდება.

„რვა წელია, მთავრობა პოპულისტურ პიარს ეწევა ქართული ავიაციის თაობაზე და არაფერს ამბობს რეალურ ვითარებაზე, რაც ავიაბაზარზეა. რეალურად, სერიოზული პრობლემა აქვთ კომპანიებს მაღალი მოსაკრებლის გამო, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მართლაც გაუსაძლისად მაღალი ტარიფებია. მთლიანად ამ მიმართულებას თურქული მხარე აკონტროლებს, რის გამოც გაიაფება არ ხდება. ამის გამო სერიოზული დაბრკოლება ხვდებათ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, რომლებიც ვერ შემოდიან ქვეყანაში და ნორმალურად ვერც ტურიზმი ვითარდება. მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით უნდა ვიყოთ ფრთხილად, შემოვიფარგლოთ საქმიანი ურთიერთობით და არა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვით, რასაც მთავრობა აკეთებს“, - აცხადებს კოდუა.

„ტავ ჯორჯია“ რასაკვირველია არ ეთანხმება არც უცხოური და არც ადგილობრივი ავიაკომპანიების პრეტენზიებს. როგორც აეროპორტის მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, საფასო პოლიტიკა ფრენების სიხშირეების მიხედვით იცვლება.

„ჩემი ინფორმაციით, „რაინეარი“ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ფრენის დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აპირებს. ქუთაისი სწორედ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ოპერირებს. როგორც წესი, ქვეყნის მთავარ აეროპორტებში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იშვიათად დაფრინავენ. ამავე დროს თბილისში რეგულარულად ავიარეისებს ისეთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ახორციელებენ, როგორებიცაა „პობედა“, „პეგასუსი“, „ფლაიდუბაი“. ისინი მაღალი ხარისხის სერვისით კმაყოფილნი არიან. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის. მზად ვართ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ნებისმიერ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან“, - განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ.

 

ნანახია - 847

lali

2018-03-03 14:19:15

სამაგიეროდ თანამშრომლები ჰყავთ დაბალ ბიუჯეტზე - 700-800 ლარი. თანაც, დღის და ღამის ცვლას შორის არანაირი განსხვავება არ არის ანაზღაურების მხრივ. ხმას ამოიღებ და მიბრძანდი სადაც გენებოსო, გეტყვიან. მომკითხავი არავინ ჰყავთ და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ააშენეს თურქები.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80