ელექტრო და ჰიბრიდულ ტაქსებს უპირატესობა მიენიჭება
ეკონომიკა

ელექტრო და ჰიბრიდულ ტაქსებს უპირატესობა მიენიჭება

ელექტრო და ჰიბრიდულ ტაქსებს უპირატესობა მიენიჭება
ბექა დანელია

2018-03-03 22:06:20

ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კანონპროექტი დამუშავების სტადიაშია. ჯარიმებთან ერთად იქვე გათვალისწინებულია მასტიმულირებელი ნიუანსებიც. მაგალითად, ირკვევა, რომ ტაქსების რეგულაციის ფარგლებში ელექტრომობილების რეგისტრაცია უფასო, ხოლო ე.წ. ჰიბრიდული ავტომობილისთვის 50%-იანი შეღავათით იქნება.

„ტაქსების რეგულაციის იმ ფორმატში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ და დაიწყო განხილვა, ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც, ის ერთჯერადი საფასური, რომელიც ტაქსის რეგისტრაციისთვის იქნება სავალდებულო, თუმცა აბსოლუტურად უფასო იქნება ელექტრომანქანებისთვის და 50%-იანი ფასდაკლება მიესადაგება ე.წ. ჰიბრიდულ ავტომობილებს, რაც წაახალისებს სარანსპორტო ავტომობილების ამ სეგმენტს“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა მაია ბითაძემ.

ბოლო პერიოდში ტაქსებისათვის ლიცენზირების საკითხთან მიმართებით საინტერესო კვლევა ჩაატარა „ეისითიმ“. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი შეეცადა გაერკვია თუ რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ამ თემაზე.

როგორც კვლევის მონაცემები აჩვენებს, თბილისელების უმრავლესობა (69%) ტაქსებისათვის გარკვეული რეგულაციების დაწესებისა და ლიცენზირების სისტემის შემოღების მომხრეა.

„ტაქსების ლიცენზირების ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა მიიჩნევა (84%), თითქმის ყოველი მეორე თბილისელი კი ჰიგიენურ მხარეზე აკეთებს აქცენტს (44%). მესამე და მეოთხე ადგილს, შესაბამისად, ეკოლოგიური უსაფრთხოება (35%) და ტაქსის მძღოლის მიერ ქუჩების კარგად ცოდნა (29%) ინაწილებენ.

როგორც კვლევის მონაცემები ადასტურებს, მხოლოდ ყოველი მესამე თბილისელი (29%) სარგებლობს ტაქსით კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად; ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას კი ტაქსის ქუჩაში შემთხვევითად გაჩერება წარმოადგენს (55%).“, - განმარტავენ „ეისითიში“.

უნდა ითქვას, რომ კერძო ტაქსებში ბევრი რამ მართლაც მოსაწესრიგებელია. ამაზე ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებიც არაერთხელ საუბრობდნენ, ისინი დღესაც უჭერენ მხარს რეგულაციას, თუმცა ითხოვენ, რომ რეფორმა უმტკივნეულოდ დაიწყოს.

„სანიტარულ მდგომარეობას რაც შეეხება, რეგულაციის შემდეგაც ვერ ვხედავ ამ პრობლემის აღმოფხვრის შანსს. ქუჩების არცოდნაც აღარაა პრობლემა, რადგან ტექნოლოგია განვითარდა. იყო მოსაზრება, რომ დედაქალაქი იმსახურებს კარგ ტაქსს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება იმსახურებს უკეთეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ტაქსის მძღოლი სხვა მძღოლისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. გარკვეულ საკითხებში აღსრულების შესაძლებლობა ნულია. ლიცენზირება ვერ უზრუნველყოფს ტაქსის გამართულობას, რისი მაგალითიც ჩვენ გვაქვს რამდენიმე კომპანიის სახით.

მთავარი საკითხი, რის გამოც ევროპის ქვეყნებში ტაქსების ლიცენზირება ხდება, ესაა საგადასახადო რეგულაცია, ბიუჯეტის შევსების საუკეთესო წყარო. მე წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, რომ ტაქსის მძღოლებმა ბიუჯეტში თანხა შეიტანონ“, - აცხადებს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

ახალი კანონპროექტის ფარგლებში ცნობილია საჯარიმო სანქციებიც. გარკვეულია, რომ ტაქსის მძღოლები უნებართვო საქმიანობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ფულად სანქციებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, დედაქალაქში სანებართვო პირობების დარღვევით ან ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის განხორციელება 200-200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ნანახია - 694

პლატონი

2018-03-04 21:29:46

მარშრუტკებს მიხედეთ, რაში ვიხდით ფულს ადიხარ და დგეხარ მოხრილი. თუ ვინმეს გავლა მოუნდა და თუ დიდი გაბარიტების არის ხომ საშინელებაა გატარება. ტარიფები დათვლილია დასაჯდომი ადგილების რაოდენობაზე და ფეხზემდგომელი მგზავრის გადაყვანა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დაუშვებელია.

უძლევი

2018-03-05 03:40:09

საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს თვითმავალი ელქტრო და წყალბადის ავტომობილების და ტრანსპორტის ტექნოლოგიების დანერგვას. საქართველოში ამ ტექნოლოგიების დანერგვა ბევრად სწრაფად შეიძლება მოხეხდეს, რადგან მცირე რაოდენობის მანქნები არის ვიდრე დიდ ქვეყნებში. თვითმავალი ავტომობილები შეამცირებს საგზაო შემთხვევებს, უამრავი ჩევენი თანამოქალაქის სიცოცხლეს იხსნის. ასევე თვითმავალი ავტომობილები ეფექტურად იმოძრავებენ ქალაქში და გადატვირთვის პრობლემა მოიხსნება. ეს მანქანები ურთიერთ შეთანხმებით და წესების სრული დაცვით იმოძრავებენ და არ შექმნიან ადამიანების მიერ შექმნილ პრობლემებს. ახალი ტექნოლოგიები მოქალაქეების დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, ეკოლოგიურად დადებითი ზეგავლენა ექნება გარემოზე. რაც შეეხება ტასებს და სამარშრუტო მანქანებს, ისინიც ავტონომიურ სისტემაზე უნდა გადავიდნენ. ტრანსპორტის საშუალების პატრონები სახლიდან გაუსვლელად იმუშავებნ, ანუ მანქანები თავდ წავლენ საშოვარზე. წარმოიდგინეთ "უბერის" ან "ლიფტის" მომსახურება მძღოლის გარეშე. ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტი ავტონომიური ტრანსპორტის სისტემების დანერგვის საქართველოში ფასდაუდებელი იქნება.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80