ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ ფალავნები - სალომე ზურაბიშვილი თუ თეა წულუკიანი?
პოლიტიკა

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ ფალავნები - სალომე ზურაბიშვილი თუ თეა წულუკიანი?

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ ფალავნები - სალომე ზურაბიშვილი თუ თეა წულუკიანი?
თამთა ქარჩავა

2018-03-06 10:00:57

საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა ქალი გახდეს. მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატზე შიდა კონსულტაციები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტზე თეა წულუკიანის და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქალი პოლიტიკოსის დასახელება მომგებიან პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განხილვა საბოლოოდ პოლიტსაბჭოს ფორმატში გადაინაცვლებს და უკვე პრემიერ-მინისტრი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კანდიდატებს, უმრავლესობის ლიდერი კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ყველა შესაძლო კანდიდატთან მიმართებაში მიმდინარეობს განხილვა.

„დაველოდოთ სანამ ეს კონსულტაციები გადაინაცვლებს პოლიტსაბჭოს ფორმატში. პოლიტსაბჭოს ფორმატში იქნება უკვე ჩვენი პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ქალ კანდიდატებს აქვთ თანაბარი შანსები საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და თეა წულუკიანი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ ორივე მათგანი წარმატებული პოლიტიკოსია.

„ქალბატონი თეა წულუკიანი ნამდვილად ღირსეული პოლიტიკოსია და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც არის ქალბატონი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ასევე არის ღირსეული ქალბატონი“, - ამბობს სოფო კილაძე.

მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატის შეფასებისგან თავს იკავებს ოპოზიცია. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საკუთარი რეცეპტი შესთავაზა ოპოზიციას ყოფილმა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ პრაიმერის გზით სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად საერთო კანდიდატზე შეჯერდნენ და ამ გზით მოახდინონ ხელისუფლების შეცვლა. სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ამოცანა არის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ უკვე მეორედ შეასრულოს ქართველი ხალხის გადამრჩენის ფუნქცია.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიცია მხოლოდ ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში შეძლებს. გოცირიძეს განმარტებით, აუცილებელი არ არის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, თუმცა მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების დიდი ნდობა.

„ნებისმიერი კანდიდატს რომელსაც ექნება იმ პერიოდში ყველაზე დიდი ნდობა საზოგადოების მხრიდან, ჩვენ დავუჭერთ მხარს. პირველი დიდი გაერთიანება შეიძლება მოხდეს სწორედ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის მისაღწევი. ყველაზე ობიექტური, ყველაზე სამართლიანი შერჩევის პრინციპით ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი“, - აცხადებს რომან გოცირიძემ.

„საერთო კანდიდატის დასახელების შემთხვევაში ოპოზიციას შანსები საკამოდ დაბალია“, - ფიქრობს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, ახალი კონსტიტუციით ქვეყნის პერეზიდენტი პირდაპირ არ ფლობს მმართველობით ბერკეტებს, ის მოიაზრება როგორც ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა, არბიტრი სახელისუფლებო შტოებს შორის, რომლის ფუქნცია არის სისტემის გამართულად მუშაობა. ანალიტიკოს თვლის, რომ კარგი იქნება ამ ფუნქციის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს ქალბატონმა.

„ეს სამომავლოდ იქნება კარგი, ეს მართლაც სტიმული იქნება იმისა, რომ ქალები მეტად ჩაერთვნენ პოლიტიკაში და საერთოდ, ეს მთლიანად ქვეყნისთვის იქნებოდა კარგი მესიჯი“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელიც შედარებით დისტანცირებული არის „ქართული ოცნების“ გუნდისგან. გარდა ამისა, მისი თქმით, ზეპარტიული პრეზიდენტობისთვის ზურაბიშვილი უფრო შესაფერისია, ვიდრე თეა წულუკიანი.

„თეა წულუკიანის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მას მაინც პოლიტიკური იმიჯი აქვს. დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ და თან მოქმედი მინისტრია, სამთავრობო გუნდში მოიაზრება. რა თქმა უნდა, გუნდის გადასაწყვეტია ვის დაასახელებენ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი იმიტომ მომწონს, რომ მას პოლიტიკური ფიგურისთვის შესაფერისი უფრო მეტი მახასითებლები აქვს, ვიდრე თეა წულუკიანს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან პოლიტიკაში ქალს სხვანაირი სტილი აქვს. რაც არ უნდა მკვეთრი იყოს, მაინც ახლავს ის თვისება, რაც ქალისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ძალიან საინტერესო ფიგურა ხდება მოლაპარაკების დროს დიპლომატიურ არენაზე.

„ჩვენი კონსტიტუციით ფაქტიურად ერთადერთი ფუნქცია რითაც აღჭურვილია პრეზიდენტი, ეს არის საგარეო ურთიერთობების წარმოება. ამ თვალსაზრით, ალბათ, საიტერესო ვერსიებია. რაც მეტ კანდიდატზე იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება ბევრი მსჯელობის შემდეგ მიიღება, შედეგის მხრივ უკეთესი იქნება. რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ორივეს ვიცნობ და ორივეს კარგი მხრიდან ვიცნობ. ორივეს აქვს ის პლუსი, რომ არიან დასავლურ წრეებში გათვიცნობიერებულები, ამდენად საერთაშორისო ურთიერთობები არ იქნება მიუღებელი და განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილისთვის“, - თვლის რამაზ საყვარელიძე.

ერთადერთი პრობლემა, რომელზეც პოლიტოლოგი საუბრობს, გახლავთ არა კანდიდატები, არამედ საზოგადოებრივი აზრი აღმოჩნდება თუ არა ამ კანდიდატების მხარეზე.

„ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ვფიქრობ, ეს არჩევნები იგივე ტენდენციით წარიმართება, როგორც მერის არჩევნები. როცა ამომრჩეველმა დამოუკიდებელ კანდიდატზე აიღო ორიენტაცია. მაშინ ძლიერი პარტიული მანქანა იყო კალაძეს მხარეს და მეორეც, თვითონ კალაძე „ქართული ოცნების“ გარეშეც ძალიან რეიტინგული ფიგურა იყო. ამან განაპირობა ის შედეგი, რაც მივიღეთ. გამარჯვების თვალსაზრით არიან თუ არა ეს მშვენიერი ფიგურები ფალავნები, ამ სიტყვის სპორტული გაგებით, ეს არის საკითხავი, იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება ბრძოლა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ნანახია - 2998

natali

2018-03-06 11:53:33

ქ-ნ სალომეს ვურჩევდი დამოუკიდებელ კანდიდატად ეყარა კენჭი.

imereli

2018-03-06 12:28:40

თუ "ოცნებამ" საბოლოოდ დაკარგა რეალობის შეგრძნება, ან თვითონ მოინდომა საკუთარი თავის დამარცხება, მხოლოდ მაშინ შეიძლება წულუკიანის კანდიდატურის დაყენების ახსნა ! დღევანდელ საქართველოში უბრალოდ არ არის ნორმალური კანდიდატი, ისევ ალბათ ზურაბიშვილი სჯობს! ოპოზიცია ხომ საერთოდ არ არსებობს! ნაცებს, შალიკოს და ფქვილოვნას ხომ სერიოზულად ხალხი არ მიიღებს! ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომაა ოპოზიციის სრული განადგურება, ამ ველზე ნაცების, შალიკოსა და ფქვილის დედოფლის მიშვება. მართალია ეს უზრუნველყოფს "ოცნების" სრულ ჰეგემონიას, მაგრამ სანამდე?! მხოლოდ რევულუციამდე, რადგან სხვა გზა ხელისუფლების შეცვლისა არ არსებობს !

antoni

2018-03-06 17:50:17

ოპოზიცია ივანიშვილამდე იყო? მხოლოდ ნომინალურად იყო. სამწუხაროდ დღევანდელი ოპოზიცია ისეთი სარეველაა, რომელზეც კულტივაცია და სასუქი არ მოქმედებს და არც ნაყოფისმომცემია; ისინი წყალსაც წაუღია, მაგრამ მათი სისუსტე ცუდად მოქმედებს ხელისუფლებაზეც და შესაბამისად ხალხზე!
საპრეზიდენტო კანდიდატზე ოპოზიცია ვერასდროს შეთანხმდება - პ/ალიანსი და ბურჯანაძე მათთან არ ითანამშრომლებს; მევახშე ნათელაშვილი და ბურჯანაძე აუცილებლად დააყენებენ თავიანთ კანდიდატებს უშნო და უსაფუძვლო ამბიციების გამოისობით
მეორე ტურის შემთხვევაში: ვთქვათ გავიდა მეცოცხე; მეორე ტურში მათ მხარს დაუჭერენ დავითაია, ედპ, მალაშხია, ნათელაშვილი და მათნაირი პოლიტიკური ჭიაღუები /მათ გულისჯიბეში დღესაც პატარპატარა ცოცხები უდევთ/ მათ გვერდით არ დადგებიან ბურჯანაძე, პ/ალიანსი, ალბათ მემარჯვენეები და უსუფაშვილიც
ანუ ეს ფაციფუცი იმთავითვე განწირულია

imereli

2018-03-06 18:02:33

ანტონი! სწორედ რომ არ იყო ოპოზიცია, იმიტომ მივიდა საქმე თითქმის რევოლუციამდე ! 2012 წლის არჩევნებს უფრო რევოლუცია ერქვა ვიდრე არჩევნები. დღე არ გავიდოდა 2-3 ცემა-ტყეპა არ გამართულიყო. პირადად მე შემომითვალა მუქარა ჭაკუამ, ტ/././. დაყენე თორემ შენ შვილს დავიჭერო ! იმასდ არცევნები არ ერქვა, ის ბრძოლა იყო, საბედნიეროდ კალაშნიკოვებამდე საქმე არ მისულა იმოტომ, რომ მიშა გააჩერეს ამერიკელებმა.

ფხიზელი

2018-03-07 02:06:00


imereli,
გეთანხმები: "ის ბრძოლა იყო, საბედნიეროდ კალაშნიკოვებამდე საქმე არ მისულა იმოტომ, რომ მიშა გააჩერეს ამერიკელებმა."

და რა სასაცილოა ამის ფონზე მიშას სიტჸვები (ტელეინტერვიუ უკრაინაში):
- შემეძლო გამარჯვება, მაგრამ დემოკრატი ვარ და ჩემი ნებით გადავაბარე ხელისუფლება ოპოზიციასო! :))

imereli

2018-03-07 08:20:52

და შენც დაიჯერე მიშას სიტყვები ?! კრილოვი: "მელა და ყურძენი". "მკვახე იყო ის ყურძენიო...". მიშა ხელისუფლების სანაცვლოდ საკუთარე დედას გაყიდის !

antoni

2018-03-07 08:34:11

2012 წელს არჩევნები იყო თუ რევოლუცია, ამას საკითხთან კავშირი არა აქვს. ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციას საღათას ძილით რომ ეძინა და მეცოცხეები არხეინად ფიქრობდნენ კიდევ 30 წელი ცოცხების ქნევაზე, ამან გამოიყვანა ივანიშვილი. მერე ივანიშვილს კი დაუდგნენ გვერდში, მაგრამ ხალხი ივანიშვილს აყვა და არა იმ უქნარებს.
2011 წლის 26 მაისის სისხლისღვრის შემდეგ ოპოზიციამ ჩაყვინა, რვიანი დაიშალა და არაფერი ხდებოდა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილამდე. რომ არა ივანიშვილი, ოპოზიცია დღესაც იწილო-ბიწილოს თამაშში იქნებოდა; დღემდე გაგრძელდებოდა სააკაშვილის თარეში, ადამიანების წამება, ქუჩაში დახვრეტა, ბიზნესის რეკეტი, ამდენ ხანს კიდევ ერთ ომს აიკიდებდა ის შეშლილი ...

imereli

2018-03-07 12:19:06

ანტონი! გეთანხმები იმაში ,რომ ივანიშვილმა შეკრა ხალხი. რომ არა ის, დღესაც ის შერეკილი იქნებოდა ხელისუფლებაში. მაგრამ ივანიშვილი გადგა გვერდზე და მისმა მოყვანილმა ხალხმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ისევ ივანიშვილი გახდა საჭირო მათ მოსაცილებლად. კანონებიც ისე მოაკვარახჭინეს, სულ ხელისუფლებაში დარჩენა უზრუნველყოფილი აქვთ. არ ვიცი ივანიშვილი მოინდობებს თუ არა გაიმეოროს 2012 წელი. როგორც ავი ენები ამბობენ, ივანიშვილი სულაც არ ჩამოაგდებდა იმ შერეკილს, რომ არა მისი "ნაგლობა", რომ არ მოენდომებინა ივანიშვილის მთლიანად გაძარცვა.ასე რომ, ახალი "ივანიშვილი" საძებარია. "ძველს" ხელისუფლება მიშასავით არ აბრაზებს, სააკაშვილის შეცდომის გამეორებას არ აპირებენ და არც ივანიშვილი აპირებს მათ "ჭკუაზე" მოყვანას.

tngh

2018-03-07 15:12:54

აქვე არსებულ გამოკითხვას თუ ოდნავ მაინც ვენდობით, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი უდავო ლიდერია საპრეზიდენტო კანდიდატებში. არა და, ფრიად საინტერესოა სხვაში ვინ ვის გულისხმობს...

serapina

2018-03-07 17:21:12


imereli,
...კი მაგრამ,ამდენ ფულს კაცი ვერ იშოვიდა,მიზეზ-შედეგობრიობაში რომ ვერ ერკვეოდეს...
...და აქედან გამომდინარე მაქვს შეკითხვა: -რა ამოძრავებს ივნიშვილს? რასაც ის აკეთებს, ნიშნავს უკეთეს საქართველოს? თუ,პირიქით?

აი მაგალითად,
ახლა ჩუგოშვილმა შეიცხადა, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურა გამორიცხულიაო(ალბათ ჯერ-ჯერობით!).ამ ქალმა,ხომ ივანიშვილის ფულებით ისწავლა?!
ეშმაკი დეტალებში იმალებაო და...
დეტალებს დავაკვირდეთ,დეტალებს!


ფხიზელი

2018-03-08 02:18:26


imereli,
ჰო, დავიჯერე, კი, ასეთი მიამიტი ვარ!
განსაკუთრებით, მისი ახალციხეში გაკეთებული მჭექარე განცხადების შემდეგ, - მეტი საქმე არა მაქვს, მაგათ გადავაბარო ჩემი აშენებული საქართველოო!..

ფხიზელი

2018-03-08 02:23:33


tngh
"არა და, ფრიად საინტერესოა სხვაში ვინ ვის გულისხმობს..."
-----------------

მე, მაგალითად, ნინოს ვგულისხმობ, ბურჯანაძეს!
(მიუხედავად იმისა, რომ არ მემეტება ასეთი ბუტაფორიული თანამდებობისათვის!).

antoni

2018-03-08 10:17:42

კ კუკავამ, განათლებით იურისტმა პოლიტიკოსმა, გუშინ ჯანგირაშვილთან ეთერში განაცხადა, რომ მერე რა, რომ კონსტიტუციით ბევრი უფლება არა აქვს(!), პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ჩაერევა მთავრობის მუშაობაში, სათავეში ჩაუდგება ოპოზიციას, არევ-დარევს სიტუაცის და ერთ წელიწადში ხელისუფლებას დაამხობსო(!) ასე არ ქნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სააკაშვილმაო?
დასკვნა: კუკავასნაირი პოლიტიკოსებისთვის და ასეთი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობაა, კონსტიტუციის და კანონის დარღვევა არაფერია, მთავარია ძალა და მიზნის მიღწევა ნებისმიერი საშუალებით - კანონზე გვერდის ავლით(?)
გამოგვადგება კონსტიტუციის და კანონის ფეხზემკიდია "პოლიტიკოსები"?
გვინდა ასეთი პოლიტიკოსების პოლიტიკა? რატომ ვუხდით პარტიებს ჩვენს ფულს? ან კუკავასნაირი პარლამენტში ნამყოფები რატომ იღებენ თვიურად 560 ლარს?

asdf961

2018-03-08 23:45:43


კი მაგრამ რა უნდა ბურჯანაძეს პრეზიდენტობისგან? ის ხომ არ იქნება აღჭურვილი ძალაუფლებით?
მაგრამ მოინდომებს ძალაუფლებას და არევს მდგომარეობას!

საუკეთესო ვარიანტი ზურაბიშვილია!

asdf961

2018-03-08 23:53:24


და გახდება კიდეც ზურაბიშვილი პრეზიდენტი, ვეტოშნიკი მარგველასავით მაინც არ დაუწყებს საზოგადოებას დაცინვას თავისი ვეტოებით!

ფხიზელი

2018-03-09 01:15:44

asdf961,
ქ-ნ ნინოს არავითარ შემხვევაში არ გააჭაჭანებენ ამ თანამდებობაზე, რომ მერე პრემიერმინისტრობის შანსი არ გაუჩნდეს! - ბურჯანაძის პოლიტიკური მომავალი ერთადერთი საკითხია, რასთან დაკავშირებითაც სრული კონსენსუსი აქვთ ქოცებს და ნაცებს :))

შესაბამისად, პრეზიდენტი გახდება ზურაბიშვილი.

tngh

2018-03-09 13:15:16

მე მგონი, კუკავაზე და მის მსგავსებზე უნდა დამთავრდეს სერიოზული ლაპარაკი. ჯამბაზებს და კლოუნებს საკუთარი ამომრჩევლები ყოველთვის ეყოლებათ. ამის მაგალითი ეს გამოკითხვაცაა. ელისაშვილს კვირიკაშვილზე მეტი რეიტინგი აქვს. სასაცილოა თუ სატირალი ეს ამბავი??? თუმცა ეს გამოკითხვა ერთ პროგნოზს მაინც ადასტურებს. დიდი ალბათობით, საქართველოს ქალი პრეზიდენტი ეყოლება!!! (რადგან მე ვისაც ვკითხე, სხვაში ყველა ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს გულისხმობს.)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80