ქართული მხარე ტატუნაშვილის ცხედარს ვერ იბრუნებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

ქართული მხარე ტატუნაშვილის ცხედარს ვერ იბრუნებს

ქართული მხარე ტატუნაშვილის ცხედარს ვერ იბრუნებს
თამთა ქარჩავა

2018-03-06 15:30:50

საქართველოს პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ინიცირებულია რეზოლუციის ორი ვერსია - ერთი უმრავლესობის, მეორე - უმცირესობის მიერ. ორივე რეზოლუცია ოკუპაციის პრობლემას ეხება. რეზოლუციაში საუბარია როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას საქმეებზე. უმრავლესობასა უმცირესობას მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტებს შორის არის განსხვავება, მაგრამ ორი შემთხვევაში რეზოლუციის ტექსტი მწვავეა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსეთთან მიმართებით ჩვენ ძირითადად სწორად ვიქცევით. მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია, დამპყრობელია, მასთან გამკლავება ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენი მხრიდან საჭიროა მუდმივი სიფრთხილე. ვიცე-სპიკერის აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც მას შეეძლო.

„პირადად მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყოფილიყო შესაბამისი რეაგირება. მთავრობა ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებდა, რათა ოჯახს ჰქონოდა შესაძლებლობა იმისა, რომ გარდაცვლილის ცხედარი მიეღო, ხოლო ის ორი პირი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდეს.

რაც შეეხება რუსეთთან მიმართ ჩვენს პოლიტიკას, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც მანამდე გვქონდა, თუმცა შედეგების თვალსაზრისით, ამ პოლიტიკამ ქვეყანას მეტი სტაბილურობა მოუტანა, ვიდრე იმ ნაბიჯებმა, რომელსაც წინა ხელისუფლება დგამდა. ეს არის ფაქტი, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აფასებენ და აღიარებენ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს. მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია კონკრეტული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი უკვე დაუჭირეს იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც „მაგნიტსკის სიაზე“ იმუშავეს. დღეს მნიშვნელოვანია კონკრეტული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა და „ქართული ოცნება“ ამას არ აპირებს. ამ სიის შემუშავებაზე უარის თქმა იქნება საზიანო და უდიდესი შეცდომა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მტერს, რომელიც გაიტაცებს და აწამებს საქართველოს მოქალაქეებს, უნდა ესმოდეს რომ ისინი ვერ მოახერხებენ გაიხარონ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ორივე რეზოლუციის განხილვა 7 მარტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში სანქციებისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ჩამატების შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ რეზოლიციის ერთ პროექტზე შეჯერდნენ. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მზად არიან შესთავაზონ დამატებითი კომპრომისი უმრავლესობას და იმუშაონ ვერსიაზე, რომ მიიღონ ერთი რეზოლუცია.

„ჩვენ მზად ვართ, რომ საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუცია და მასში ჩავამატოთ ელემენტი, რომელიც მას აკლია - ეს არის სანქციები და ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის შექმნა. ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ვცდილობთ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევთანხმდეთ.

იმიტომ, რომ ამ რეზოლუციის მიღება და ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიისა და სანქციების მიღება არის აუცილებელი მკვლელების დასასჯელად და მომავალში ქართული მოსახლეობის დასაცავად. ამიტომ მზად ვართ, კონსუტლაციებისთვის, გამოვდივართ დამატებითი შეთავაზებით და იმედი გვაქვს, რომ სხდომამდე მოხერხდება უმრავლესობასთან კონსულტაციების გამართვა. ვეცდებით, რომ შევჯერდეთ ერთი რეზოლუციის პროექტზე“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის თემა, რომელზეც ყველანი ერთად უნდა დადგეს და მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიცია. მისივე თქმით, ყველას ამოცანაა, არჩილ ტატუნაშილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობების საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთი კითხვებზე პასუხებს არ გასცემს.

„აქ მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთიანი პოზიცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს პარლამენტის, მთავრობის დელეგაციებმა უკვე არაერთ საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოთქვეს ამაზე თავიანთი პოზიციები, ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში იქამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ გასცემს კითხვებს პასუხებს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ყველგან, სადაც დგას ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხი. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციების დაფიქსირება დღეს ნიშნავს, რომ ხვალ სხვაგან უფრო მეტად იქნება დაცული სხვა ადამიანის უფლებები, რომელთაც შეიძლება მსგავსი საფრთხე ემუქრებოდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოცემას არ ჩქარობს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ინალ ტეხოვა, რომელმაც ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა 22-23 თებერვალს ჩაუტარა, ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა.

„რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო. გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები“, - აღნიშნა ინალ ტეხოვმა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ რუსეთის საპატრიარქოდან აცნობეს, რომ რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

„ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

თავის მხრივ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს. ასევე ცნობილია, რომ ოფიციალურ თბილისს შვეიცარიის საელჩოსთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. როგორც ელჩმა, ლუკას ბეგლინგერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რადგან მოთხოვნა არ იყო, არანაირი ქმედება შვეიცარიის საელჩოსგან არ მომხდარა.

„ძალიან სამწუხარო ამბავია. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდებით შედეგებს. როგორც შვეიცარული მხარე, ვაცხადებ, რომ ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ გადავუხვიოთ საერთო მიმართულებას, დიალოგის გზას. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, მოხდა თუ არა ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოსკოვთან დაკავშირება, ჩემთვის არ უთხოვიათ, შესაბამისად, რადგან მოთხოვნა არ იყო, არანაირი ქმედება შვეიცარიის საელჩოსგან არ მომხდარა“, - განაცხადა ლუკას ბეგლინგერმა.

ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთთან კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ს. როგორც ელჩმა იან კელიმ აღნიშნა, აშშ ესაუბრა რუსეთს და შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება.

„სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე იმ ორი დაკავებული პირის გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. ჩვენ ასევე ვესაუბრებით რუსეთს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს“, - განაცხადა იან კელიმ.

რაც შეეხება პარლამენტის რეზოლუციას, იან კელის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მან ბევრი დეტალი არ იცის, თუმცა ელჩი ფიქრობს, რომ ზოგადად, კარგია, როცა უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები თანმხდებიან და ერთობლივი დოკუმენტი იქმნება.

„რუსეთის მცდელობით საქართველოს საზოგადოებისა და ტერიტორიის დაყოფის შესაჩერებლად ძალისხმევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - წერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი, რომელიც სრულყოფილი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში, სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო. ფაქტებისა და პასუხისმგებლობის გამოსავლენად, საჭიროა სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. რუსეთის მცდელობით საქართველოს საზოგადოებისა და ტერიტორიის დაყოფის შესაჩერებლად ძალისხმევა ახლა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - წერს ჯასტინ მაკკენზი.

ნანახია - 2673

cugo

2018-03-06 17:00:06

დავით ბაქრაძეს და გიორგი კანდელაკს
ეს მტრები თქვენმა ხელისუფლებამ შემოუსია საქართველოს,იმ ადამიანის ხელმძღვანელობით,რომელსაც მაშინ ,,უშეცდომოს,, უწოდებდით დღეს კი ,,ჯართად ქცეულ მანქანას,,,დეგრადებულს,, და ,,გადაგვარებულებს,, უწოდებთ.კი მაგრამ 2012 წლის 12 აგვისტოს გამარჯვებას ხომ ზეიმობდით,ხომ ამბობდით ,,რუსები დავამარცხეთ,მსოფლიოს ვაჩვენეთ მისი სახეო,,.ამ დროს ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები უპატრონოდ იყო მიტოვებული.აი ასეთი მოდელირებული ხელისუფლება იყავით თქვენ.თქვენი ხელისუფლება რომ კლავდა,აწამებდა და აუპატიურებდა მაშინ რატომ არ იღებდით ხმას.დავით ბაქრაძევ! მაშინ ხომ იყავი პარლამენტის თავმჯდომარე,ხომ გევალებოდათ მთავრობის კონტროლი.რატომ არ იბარებდით მინისტრებს,რატომ არ თხოვდით პასუხს.ახლა გახდით ხალხის გულშემატკივარი ყოველ დღე რომ იბარებთ მინისტრებს პარლამენტში.ქულების დაწერას გინდათ და ცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებას.არაფერი გამოგივათ,ვერასდროს მოხვალთ ხელისუფლებაში.დღესაც ცდილობთ ხალხის აბუჩად აგდებას.ხონსა და ვანს დეპუტატად თავაზობთ ხაზინის ქურდს,კრიმინალს გიგი უგულავას.ხონელები და ვანელები ამაზე ადეკვატურ პასუხს გაგცემენ.კრიმინალები და ბანდიტები რომ ხართ ცხადია,მაგრამ არაკაცებიც ხართ.ილია ჭავჭავაძის ,,კაკო ყაჩაღი,,მაინც არ წაგიკითხავთ. ,,ბედში მყოფი კი არ უნდა მიგაჩნდეს ძმად,არამედ ბედისგან დაჩაგრული,,.როცა ,,ბედში,, იყო სააკაშვილი და თანამდეობას გირიგებდათ მაშინ ,,შეცდომო,,იყო ახლა გახდა ,,დეგრადირებული,,.აი ასეთი გამყიდველები ხართ თქვენ.იმიტომ მოგიშორათ სამუდამოდ ქართველმა ხალხმა.

imereli

2018-03-06 17:38:18

ცუგო! მგონია არ უნდა იყოს კარგი დრო ერთიერთ შუღლისა. ძ/ა/ღ/ლებიც კი ერთმანეთს თავს ანებებენ მდლის გამოჩენისას!

cugo

2018-03-06 23:40:11

შეცდომაა გაპარული.2012 წლის 12 აგვისტოს ნაცვლად უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტო.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80