საფრთხე ბალტიისპირეთისა და საქართველოსთვის

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

საფრთხე ბალტიისპირეთისა და საქართველოსთვის

საფრთხე ბალტიისპირეთისა და საქართველოსთვის
"რეზონანსი"

2018-03-08 15:49:29

"ბალტიის ქვეყნები დასავლეთს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საუბარია არა მხოლოდ სამხედრო აგრესიაზე, არამედ რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზეც, რაც საქართველოსთვისაც აქტუალურია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ "რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება", ის "მტრების გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს" და მეზობელ სახელმწიფოებზე ზემოქმედების "სხვა გზებს" საკმაოდ აქტიურად იყენებს. აღნიშნული საფრთხეების შესახებ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ში ვიზიტისას ისაუბრეს. მათი თქმით, უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც რუსეთისგან მომდინარეობს, მეტ რეაგირებას მოითხოვს და დასავლეთს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ბალტიის ქვეყნების დიპლომატები ყურადღებას ამახვილებენ ქვეყნის შიდა საქმეებში კრემლის ინტრიგებზე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საფრთხე ბალტიისპირეთისა და საქართველოსთვის / "ჩვენს კოლეგებს, აშშ-სა და ევროპას ყოველთვის ვეუბნებით, იყვნენ რეალისტები და არა - გულუბრყვილოები".

"ვფიქრობთ, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში დემოკრატიული ქვეყნების უსაფრთხოება თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები განიცდიან თავდასხმას სოციალური ქსელებიდან ყალბი ინფორმაციების სახით, ასევე - ფულის გავლენით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიყოთ", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა. ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსი გამაფრთხილებელი გამოსვლა 3 აპრილსაც განმეორდება, რა დროსაც მათი ქვეყნების პრეზიდენტები ვაშინგტონში დონალდ ტრამპს ეწვევიან, რაც, დიპლომატების განცხადებით, რუსეთისთვის სიგნალი უნდა იყოს. რინკევიჩუსის აზრით, ეს საფრთხე მომდინარეობს 1930-40-ანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდნენ ნაცისტური გერმანიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საკუთარი ბედი დასავლეთს დაუკავშირეს, რათა მოსკოვის გავლენისგან თავი ბოლომდე დაეღწიათ. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს, რომელ ისტორიულ მოვლენას შეცვლიდა, რაზეც უპასუხა, რომ "საბჭოთა კავშირის დაშლას". ბევრმა ეს განცხადება პუტინის წინასაარჩევნო კამპანიად მიიჩნია, რომელიც რუსეთის ნაციონალისტ მოსახლეობაზეა გათვლილი და პუტინს 2024 წლამდე საპრეზიდენტო სავარძლით უზრუნველყოფს. თუმცა, ბალტიის ქვეყნების მინისტრებისთვის ეს არის საფრთხე, სადაც კიბერსივრცე, გლობალური ეკონომიკა და მედია ჰიბრიდული ბრძოლის ველი გახდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"უსაფრთხოების პრობლემები დღეს კიდევ უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება. არ არსებობს შიდა და გარე საფრთხეები, ასევე გეოგრაფიული დაყოფა, უსაფრთხოების პრობლემები ხდება გლობალური", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიქსერმა. სამივე მინისტრის აზრით, საფრთხის ქვეშაა დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც დასავლეთის დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. "ჩვენს კოლეგებს, აშშ-სა და ევროპას ყოველთვის ვეუბნებით, იყვნენ რეალისტები და არა - გულუბრყვილოები. დიალოგი მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მაშინ, თუ ის უმოქმედობისთვის არ არის განწირული", - განაცხადა ლინკევიჩუსმა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ პუტინის ბოლო გამოსვლა დაასახელა, სადაც ის ახალი თაობის ბირთვული იარაღის შექმნაზე საუბრობდა, რომელსაც სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ავლით მოქმედება შეუძლია. ასეთი ტიპის დიალოგი მიუღებელია, ეს სამხედრო ძალაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დიალოგთან", - განაცხადა ლინკევიჩუსმა. სამივე მინისტრმა ერთხმად აღნიშნა, რომ მათ ქვეყნების ტერიტორიაზე აშშ-ისა და სხვა მოკავშირეების ევროპიდან მუდმივი ყოფნა სურთ. ნატო არასდროს იქნება აგრესიული, მაგრამ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულფასოვნად დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას", - განაცხადეს მინისტრებმა", - განაგრძობს გამოცემა.

"ბრიგადის გენერლის, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ლიდერის დუმისადმი მიმართვა დასავლეთის მიმართ შანტაჟის ენით საუბარი იყო, კიმ ჩენ ინის სტილში, ანიმაციებით, იარაღის ჟღარუნით, რუსეთი ნატო-ს წევრებზე თავდასხმას არ აპირებს. თუმცა, არსებობს მეზობელ სახელმწიფოებზე ზემოქმედების სხვა გზები, რასაც რუსეთი აქტიურად იყენებს. "ჩვენ დეტალურად არ გაგვიანალიზებია შარშანდელი სწავლება "დასავლეთი-2017", შორს იყო ჩვენგან, ბალტიისპირეთი კი იმ სწავლების ერთ-ერთი სამიზნე იყო. სწავლებაში იყო ისეთი დეტალები, რომლებზეც ჩვენს საექსპერტო საზოგადოებას არ მიუქცევია ყურადღება, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა კი კარგად აღიქვეს ქვეტექსტები. შიში აქვთ პროპაგანდის გაძლიერების, ადგილობრივ, განსაკუთრებით რუსულენოვან მოსახლეობაზე ზემოქმედების და ა.შ. ანუ მხოლოდ სამხედრო აგრესიის საფრთხეებზე არაა საუბარი. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსაც აქვთ სუსტი წერტილები, რომლებიც შესაძლოა, კარგად გამოიყენოს რუსეთმა. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება. კრემლი არ ცდილობს მეგობრების შემოკრებას ირგვლივ. ის მტრების გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. აბა დააკვირდით, როგორი დუმილია ცხინვალიდან ცხედრის გადმოცემაზე. თითქოს ეს არ ეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობას", - აცხადებს ამირან სალუქვაძე და საქართველოსთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას", - დასძენს გამოცემა.

"რუსეთი აგრძელებს ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლას. აქამდე იყენებდნენ მავთულხლართების გავლებას. ახლა სრულიად არაადამიანურ მეთოდებს იყენებენ, როცა ორი კვირაა, ცხედარი მორგში უსვენიათ და ჭირისუფალს დატირების საშუალებას არ აძლევენ. გარედან ალბათ ანალიზს აკეთებენ, როგორ ზემოქმედებს ეს საქართველოს შიდა პროცესებზე. პარალელურად, მგონი ყველა გრძნობს, რომ სოციალურ ქსელში იმატა რუსეთთან დიალოგის მომხრეთა აქტივობებმა. ალბათ, მთლად კარგ დროს ვერ არჩევენ ასეთი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. რა უნდა ქნას ამ დროს საქართველომ? უამრავჯერ ვთქვი და გავიმეორებ: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს ნუ ვიყენებთ შიდაპოლიტიკური ბრძოლისთვის, ოკუპაციის საკითხში მთელმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დავიკავოთ ერთი პოზიცია, დავდგეთ ერთად. რუსეთთან დიალოგი კი უნდა მივანდოთ ხელისუფლებას, თუ გვსურს, უარეს საფრთხეს არ გადავეყაროთ. რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, გავაძლიეროთ სპეცსამსახურები. ამ თემაზე ქილიკი უნდა დასრულდეს. მეტი სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქმედებები მოეთხოვება ყველა მოქალაქეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

"პოლიტოლოგი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი ამბობს, რომ, იმპერიისკენ რუსეთის მუდმივი სწაფვიდან გამომდინარე, ბალტიის ქვეყნების შიში აბსოლუტურად ლოგიკურია. ამასთან, აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოც ანალოგიური გამოწვევის წინაშე დგას და საუკეთესო თავდაცვის საშუალება მხოლოდ დასავლეთთან მჭიდრო კავშირია. "ეს არის ქვეყანა, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად იმპერიისკენ ისწრაფვის, რომელიც ებრძვის ცივილიზაციას. ნებიმისერი განვითარება მისთვის არის მომაკვდინებელი, შესაბამისად, მისი ქმედებები არაპროგნოზირებადი და საშიშია ყველა ქვეყნისთვის. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ რუსეთის ნებისმიერი რიგითი მოქალაქისთვისაც კი იმპერია არსებობის ერთადერთი პირობაა, ეს საფრთხე სერიოზული და მუდმივად მზარდია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის ერთადერთი გადარჩენის გზა არის დასავლეთთან მიერთება. ვგულისხმობ არა მარტო ინტეგრაციას, არამედ მიერთებას, მაგალითად, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან, ამასთან, ურთიერთობის გაღრმავებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან", - დაასკვნის ირაკლი კიკიანი, რომლის განმარტებით, "ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისა და ზოგადად განვითარების ერთადერთი გზა", - წერს სტატიის ავტორი.

ნანახია - 317

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80