მტკვარმა „მხედრიონის“ დროინდელი ხელყუმბარები ნაპირზე გამორიყა
რეტრომედია

მტკვარმა „მხედრიონის“ დროინდელი ხელყუმბარები ნაპირზე გამორიყა

მტკვარმა „მხედრიონის“ დროინდელი ხელყუმბარები ნაპირზე გამორიყა
“რეზონანსი”, 10 სექტემბერი, 1998 წელი

2018-03-13 13:04:33

მტკვარში მეთევზე შალვა ხაჩიურმა ტომარაში ხელყუმბარები იპოვა.

„შესაძლებელია ნაპოვნი საბრძოლო ნივთები „მხედრიონის“ დროინდელი იყოს და ისინი ოჯახის წევრებმა ღამით მდინარეში გადააგდეს“ - უთხრეს „რეზონანს“ საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში.

საბრძოლო მასალები გამოსაკვლევად ექსპერტიზას გადაეცა. საბურთალოს რაიონის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილის თქმით, გამოძიება შეწყდა. თუმცა ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლება გრძელდება.

ორი დღის წინ, ღამის 11 საათზე, მეთევზე შალვა ხაჩიურმა თამარ მეფის სახელობის ხიდის ქვეშ მტკვარში ანკესი მოისროლა და თევზის მოლოდინში წყალში მოტივტივე ტომარა შენიშნა. მტკვრის სიურპრიზით დაინტრიგებული მეთევზე ტომარასთან სულმოუთქმელი მივიდა, სწრაფად მოხსნა თავი, გადმოაპირქვავა და რამდენიმე ტიპის ხელყუმბარა შერჩა ხელში.

შეშინებული მეთევზე პირველად დიდუბის პოლიციის განყოფილებაში გაიქცა. განყოფილებაში უთხრეს, ეგ ჩვენი რაიონი არ არის, საბურთალოს ეკუთვნისო, თუმცა დიდუბელ პოლიციელებს არ დაზარებიათ გვერდითა რაიონის კოლეგებთან გადარეკვა და მალე თამარ მეფის ხიდი პოლიციელებით გაივსო. ქუჩა დროებით გადაიკეტა. სამართალდამცავები ნაპოვნ „ჯართთან“ არავის უშვებდნენ.

მეთევზის მეუღლემ „რეზონანსს“ უთხრა, რომ ნაპოვნი ხელყუმბარები 1989 წლის 9 აპრილის დროინდელია და როგორც მან შეიტყო, ხელყუმბარაზე წარწერებიც იყო გაკეთებული. თუმცა ეს ინფორმაცია საბურთალოს რაიონის პოლიციაში უარყვეს.

ტომარაში აღმოჩნდა მცირე მაგნიტური ნაღმი, „მვზ“-57 ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა, „მონ“-50 ტიპის ქვეითთა საწინააღმდეგო 2 ნაღმი, თვითნაკეთი მსხვრევადი ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო 3 ხელყუმბარა „რგ“-42, 5, ხელყუმბარა „რგდ“, „ფ-1“ ტიპის 14 ცალი ხელყუმბარა და ნაღმტყორცნის 9 ჭურვი.

შეხვედრის ადგილზე ექსპერტები და განმნაღმავი ანზორ მაღლაკელიძე გაჩნდა, რომელმაც დაასკვნა, რომ ნაპოვნ საბრძოლო მასალებს შორის საშიში არც ერთი არ იყო.

„მტკვარში ნაპოვნი ხელყუმბარები არაფრად არ ვარგოდა, უმოქმედო იყო. აი, კონსერვის ქილები ვიპოვეთ რა... პრინციპში ჯართი იყო. მართალია, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ასე რომ, გამოძიება შეწყდა.“ - თქვა საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.

საბურთალოს რაიონის საგამოძიებო განყოფილებაში „რეზონანსს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შეწყდა. მაგრამ ქალაქის სამმართველოს პრესცენტრის ინფორმაციით, საქმის მოკვლევა ისევ გრძელდება.

პოლიციაში გაჩნდა ეჭვი, ნაპოვნი ხელყუმბარები ყოფილი „მხედრიონელის“ ოჯახს ეკუთვნოდა და მშობლებმა ღამით მტკვარში გადაყარეს.

 

 

 

ნანახია - 245

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80