პრემიერის საგადასახადო ინიციატივა - მცირე ბიზნესის გაზაფხული?!
ეკონომიკა

პრემიერის საგადასახადო ინიციატივა - მცირე ბიზნესის გაზაფხული?!

პრემიერის საგადასახადო ინიციატივა - მცირე ბიზნესის გაზაფხული?!
ბექა დანელია

2018-04-10 16:30:14

პრემიერის ახალმა საგადასახადო ინიციატივამ, ერთი მხრივ, მოწონება დაიმსახურა, ხოლო, მეორე მხრივ, ეჭვი გააჩინა. ხელისუფლების აღმატებულ პათოსს სპეციალისტები ბოლომდე არ იზიარებენ, ხოლო ოპოზიცია ისევ სკეპტიკურადაა განწყობილი.

საქართველოს მთავრობის სამი ახალი საგადასახადო ინიციატივა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. პირველი ინიციატივის თანახმად, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთი საგადასახადო დოკუმენტისა, ერთ გაერთიანებულ საგადასახადო დოკუმენტს შეადგენს; მეორე ინიციატივა როგორც საგადასახადო, ისე პროცედურული კუთხით ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები მოქალაქეებისგან და მცირე ფერმერებისგან პროდუქციის შესყიდვის მაქსიმალურად გამარტივებას გულისხმობს; მესამე ინიციატივა კი – საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად და არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას მოიცავს.

პრემიერის ახალ ინიციატივას, რომელიც არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირებას და საბანკო სისტემაში ანგარიშების განხსნის შესაძლებლობას ითვალისწინებს, ეკონომისტები დადებითად აფასებენ. მათი თქმით, იდეა კარგია, თუმცა რამდენიმე საკითხია გასათვალსიწინებელი. ერთ-ერთ მნიშვნლოვან ფაქტორად სპეციალისტებს იდენტიფიცირება მიაჩნიათ.

„ნამდვილად კარგი ინიციატივაა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყნაშია აპრობირებული და ამ გზით ქვეყანაში ბიზნესაქმიანობა შესაძლოა გამარტივდეს უცხოელი ინვესტორისთვის. მეორე საკითხია იდენტიფიცირების ფაქტორი, ანუ როგორ მოხდება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების შემოწმება, ვინც კომპანიებს დაარეგისტრირებს. არ ვიცით მთავრობა ტექნიკურად როგორ აპირებს ამ ყველაფრის მოწერიგებას, ამიტომ საჭიროა საკითხის მეტად დეტალიზება“, - განმარტავს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენელი ოთარ ანგურიძე.

ამ მოსაზრებას ეთანხმება, ეკონომისტი რატი აბულაძეც. მისი თქმით, პროცესის გამჭირვალობის გარდა ასევე მნიშვნლოვანია ადგილობრივი მეწარეების ინტერესების დაცვაც.

„კარგი ინიციატივაა, თუმცა საჭიროა ეს ყველაფერი მოექცეს გარკვეულ ჩარჩოებში, რათა დაცული იყოს როგორც იდენტიფიცირების საკითხი, ასევე ადგილობრივი მწარმოებელის ინტერესიც. ამ ინიციტივის განხორციელებით ჩვენს კომპანიებს არ უნდა შეეშალოთ ხელი კონკურენტუნარიანობის მიმართულებით. მსგავსი რამ კარგად მუშაობს იაპონიაში და იქაც ყველა მსგავსი დეტალი გათვალისწინებულია“, - განუცხადა „კომერსანტს“ აბულაძემ.

ოპოზიციას კი ისევ ეჭვის თვალით უყურებს სამთავრობო სიახლეს. გიორგი ვაშაძის აზრით, საჭიროა ინიციატივის სწორად განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს ფულის გათეთრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

„იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა საკითხის დეტალური შესწავლა და სწორად განვითარება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები წამოიჭრას, მათ შორის ფულის გათეთრების კუთხითაც. რაც შეეხება სარგებლიანობას, ინიციტივის სწორად განოხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ქვეყანაში უზარმაზარი ფინანსური რესურების შემოდინებისა და ინვესტიციების ზრდის საშუალება. პლუს ამას შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც მაღალანაზღაურებადი ადამიანები შეძლებენ მომსახურება გაუწიონ კონკრეტულ კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განმარტავს ვაშაძე.

აბსოლუტურად სხვაგვარ უყურებენ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატ არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ახალი საგადასახადო რეფორმა, რომელიც კვირიკაშვილმა წარადგინა, მცირე ბიზნესის გაზაფხულია.

„პრემიერ-მინისტრმა საგადასახადო რეფორმების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. საგადასახადო რეფორმები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, მცირე ბიზნესის გაზაფხულია.​

ხუთპროცენტიანი გადასახადის შემცირება ერთ პროცენტამდე, ბრუნვის ლიმიტის გაზრდა ნახევარ მილიონამდე მცირე ბიზნესისთვის, პროცედურების გამარტივება და მცირე ბიზნესის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაყვანა მხოლოდ ერთ დოკუმენტზე, ძალიან დიდი შეღავათია მცირე ბიზნესისთვის, ამ ცვლილებებით, ეკონომიკაში ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობა დიამეტრალურად გაიზრდება. მცირე ბიზნესი უფრო მეტი და უფრო ძლიერი იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ნანახია - 360

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80