21-ე საუკუნის მეკობრეობა
დაიჯესტი

21-ე საუკუნის მეკობრეობა

21-ე საუკუნის მეკობრეობა
"რეზონანსი"

2018-04-11 11:24:54

 

"საოკუპაციო ზოლებიდან მოსახლეობის გატაცებამ მასობრივი ხასიათი მიიღო – თითქმის ყოველდღიურად "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ადამიანებს იტაცებენ. ამას დაერთო ოკუპირებულ რეგიონში მორიგი წვრთნა, რასაც პოლიტოლოგები რუსეთის ძალის დემონსტრირებად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ სოფელ აძვიდან ე. წ. მესაზღვრეების მიერ სამი დღის წინ გატაცებული 2 ადამიანი გუშინ გაათავისუფლეს. როგორც სუს-ში განმარტეს, დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული, მათ შორის სუს-მა აამოქმედა ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 21-ე საუკუნის მეკობრეობა.

"ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე. წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. ამასთან, როგორც ცნობილია, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა მორიგი მასობრივი წვრთნა დაიწყო. მოსკოვის შეიარაღებული ძალების 49-ე შენაერთისა და ე. წ. აფხაზური არმიის ერთობლივი მანევრირება სოხუმში 15 აპრილამდე გაგრძელდება. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ეს მოცემულობაა, რომელშიც ვცხოვრობთ და ეს რუსეთის პოლიტიკას არ უკავშირდება. არა მგონია, ეს პოლიტიკის ნაწილი იყოს. ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ასეთი ფაქტები ზოგჯერ მოიმატებს, ზოგჯერ დაიკლებს, ზოგი ტრაგიკულად მთავრდება, ზოგჯერ გამოსავალი იძებნება. არა მგონია, რომ ეს სისტემური რუსული პოლიტიკის ნაწილი იყოს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი. ხუხაშვილის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის სერიოზული ესკალაცია მიმდინარეობს. ამ ფონზე რუსეთი თავისი აქტივების ინვენტარიზაციას იწყებს, ერთ-ერთ აქტივად კი მოიაზრება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რუსეთს როცა უტევენ, უფრო აგრესიული ხდება და ამ დარტყმის პირობებში რაღაც გარკვეული რისკი, შესაძლოა, საქართველოს მიმართულებითაც გაიზარდოს, რასაც ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი", - აღნიშნავს გამოცემა.

"სამხედრო საკითხებში ექსპერტ ამირან სალუქვაძის აზრით, "საოკუპაციო საზღვართან ჩვენი მოქალაქეების გატაცებას პერმანენტული ხასიათი აქვს აგვისტოს ომის დამთავრებიდან დღემდე. 2009 წელს 191 ადამიანი გაიტაცეს, 2010-შიც - ამდენივე, 2011-ში - 237 და ა. შ. ანუ, ყოველ სამ დღეში იტაცებდნენ 2 ადამიანს. სალუქვაძის თქმით, სწორი ანალიზი და შეფასებებია საჭირო და არა შიდაპოლიტიკური კინკლაობა სახელმწიფოს ყველაზე სერიოზული პრობლემის ირგვლივ. სანამ ამ პრობლემას სწორად არ აღვიქვამთ, სანამ ამ საკითხში პოლიტიკოსები, ექსპერტები და მედია ერთ პოზიციაზე არ ვიდგებით მთელ საზოგადოებასთან ერთად, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ესაა რუსეთის სასაუბრო ენა, ამით დანახარჯების გარეშე ეფექტიანად ახდენენ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზეგავლენას. მეტიც, იქეთ გვახდევინებენ ფულს გამოსასყიდის სახით. ოკუპირებულ ზონაში 21-ე საუკუნის მეკობრეობაა საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობის ქვეშ. მსოფლიოს სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ კი ერთმანეთს ვებრძვით“, - დასძენს გამოცემა.

"სალუქვაძის თქმით, რაც შეეხება რუსთის სწავლებას, მაგალითად, შარშან ორთავე ოკუპირებულ რეგიონში 100-მდე სწავლება ჩატარდა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ძალის დემონსტრირებაა, მაგრამ, ამავე დროს, გეგმური წვრთნებია. ჩვენ არმიაში აგვისტოს ომის შემდეგ (მანამდეც) ინტენსიური სწავლება არ მიმდინარეობს და სხვისი გვიკვირს. ასეთი ინტენსიური სწავლებით, პლუს გადაიარაღებით, რუსეთი დღეს საშიშ ძალად იქცა. არმია, რომელიც მუდმივი წვრთნის რეჟიმში არ ცხოვრობს, მკვდარი ორგანიზმია. რაღა ძალის დემონსტრირებაზეა საუბარი რუსეთის ლიდერის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, რომელიც სამხედრო მუქარით იყო გაჯერებული?!" - უთხრა "რეზონანსს" არმიის გენერალმა ამირან სალუქვაძემ“, - წერს სტატიის ავტორი

ნანახია - 174

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80