როგორ გააჩინა რუსულმა იმპერიამ საქართველოში უქმეთა ფენა და მრავალსადღეგრძელოებიანი სუფრის ტრადიცია
რეტრომედია

როგორ გააჩინა რუსულმა იმპერიამ საქართველოში უქმეთა ფენა და მრავალსადღეგრძელოებიანი სუფრის ტრადიცია

როგორ გააჩინა რუსულმა იმპერიამ საქართველოში უქმეთა ფენა და მრავალსადღეგრძელოებიანი სუფრის ტრადიცია
„თბილისელები“, 2 აპრილი, 2012 წელი

2018-04-11 12:45:55

ზოგადად, ერები განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ფსიქიკის მდგრადობით, ისე ხასიათის თვისებებით. შესაბამისად, ის, რაც შესაძლოა, ერთ ქვეყანაში ნორმა იყოს, პათოლოგიად მიიჩნევა მეორე ქვეყანაში (და პირიქით). ხასიათი კი ისტორიის განმავლობაში და გარემოს ზემოქმედების შედეგად ვითარდება. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენმა მოსახლეობამ უამრავი სტრესი გადაიტანა: სახელმწიფო წყობის შეცვლით დაწყებული და ომებით დამთავრებული. ამის პარალელურად, სრულ უშუქობასა და სიცივეში გაიზარდა ახალი თაობა, რომლებსაც ბავშვობისდროინდელი მოვლენები შესაძლოა, არც ახსოვდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამან მათ ფსიქიკას დაღი არ დაამჩნია (როგორც ფსიქოლოგები შენიშნავენ, ფსიქიკა ყველაფერს იმახსოვრებს). იმ მარტივი მიზეზით, რომ ხასიათის, მაინცდამაინც, დიდი მდგრადობით არ გამოვირჩევით. საინტერესოა, რა დაღი დაასვა გარემომ, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენსავე ფსიქიკას? –  საკითხს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან განვიხილავთ.

მე არ მაქვს სტატისტიკაფსიქიკურად შეშლილი რამდენი ადამიანი იყო საბჭოთა დროს და რამდენია ახლამაგრამ იმის თქმა თუ შეგვიძლიარამდენად შეინარჩუნა ჩვენმა ფსიქიკამ მდგრადობა ამდენ რყევაში?

– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და, განსაკუთრებით, მომდევნო პერიოდში დამკვიდრდა ტერმინი –  ტრანსფორმირებადი საზოგადოება, როდესაც ერთი წყობა იცვლება მეორით და საზოგადოება ამ ცვლილების რაღაც შუალედურ ეტაპზეა.

წყობების ცვლილება რატომ არის ტრავმულიგადაწყობა სჭირდება ადამიანს?

– ბევრი მიზეზის გამო. ფსიქოლოგების მონაწილეობით ამ თემაზე ერევანში იმართება საერთაშორისო კონფერენცია და ჩვენც გავაგზავნეთ მასალები. ფსიქოლოგები კი იმიტომ ერთვებიან ამ საკითხის განხილვაში, რომ წყობის ცვლილებისას საკმაოდ ბევრი პრობლემა უკავშირდება ჯანმრთელობას. მართალია, სტატისტიკა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან მოშლილია, მაგრამ აი, ეს მოშლილიც კი აჩვენებს იმ კანონზომიერებას, რომელიც არის ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. კერძოდ, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც არასტაბილური საზოგადოებაა, იზრდება ნევროზებისა და ფსიქოსომატური დაავადებების რიცხვი, როდესაც ორგანიზმის პათოლოგია გამოწვეულია ფსიქიკური მიზეზით: მაგალითად, ცნობილია, რომ ინფარქტი ნერვიულობას უკავშირდება. ფსიქოსომატური დაავადებებია: გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური. კიბო ფსიქიკურ  ტრავმებს მოსდევს და ასევე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ფაქტობრივად, ძალიან ძნელია, იპოვო დაავადება, რომელსაც ფსიქიკასთან არ ჰქონდეს რამე კავშირი. ამ ფსიქოსომატური დაავადებების მრუდი, როგორც წესი, მაღლა ადის გარდამავალ საზოგადოებებში, რაც მიუთითებს ფსიქიკაში მიმდინარე დარღვევებზე. ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს პერიოდი უკვალოდ იკარგება და ჩვენზე არანაირ უარყოფით კვალს არ ტოვებს, შეუძლებელია და ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ ფსიქიკური ტრავმების მთელი კასკადი, რომლებსაც ამ დროს განიცდის ადამიანი, თავის კვალს ტოვებს. საქართველომ ასეთი უბედურება საკმაოდ ბევრი გადაიტანა: ომები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქიკური ტრავმაა.

მიწისძვრებიც გვქონდა.

– არც ეს დაგვკლებია. მაგრამ ფსიქიკისთვის ერთ-ერთი, ყველაზე ძნელად მოსანელებელია გაურკვევლობა და გარდამავალ საზოგადოებას სწორედ ასეთ გარემოში უწევს ცხოვრება, განსხვავებით საბჭოთა, გაყინული სტაბილურობიდან თუ იმ სტაბილურობიდან, რაც დასავლეთის ქვეყნებშია, სადაც აწყობილია ცხოვრება და მოულოდნელობები ნაკლებია.

თურმესაფრანგეთში საპენსიო ასაკის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 24 წელიაახანგრძლივებს სტაბილურობა სიცოცხლეს?

– თან პოზიტიურად ახანგრძლივებს. ყველამ ვიცით, რომ უცხოელი ტურისტების 90 პროცენტი ჭაღარა ხალხია. ტრანსფორმირებადი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ამ ზოგად კანონზომიერებას ემატება ის, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ თითოეულ ერს თავის ხელწერა აქვს, ისევე, როგორც პიროვნებას აქვს თავისი ხასიათი. როგორც პიროვნება შეიძლება, იყოს მიდრეკილი ჰიპერემოციურობისკენ, ასევეა ერიც. ჩვენ კი, უდავოდ, განვეკუთვნებით ჰიპერემოციურების კატეგორიას.

რით გამოიხატება ეს?

– გავიხსენოთ ჩვენი დატირების რიტუალი. მართალია, რიტუალს ვუწოდებთ, მაგრამ, ფაქტია, შენი კულტურა ითხოვს, რაც შეიძლება, ემოციურად გამოხატო გლოვა. ხშირად ქირაობენ მოტირლებს, ანუ ემოციის სპეციალისტებს.

როგორც თამადებსსუფრიდან სუფრაზე რომ გადადიან?

– ეს უკვე ლხინის სუფრაზე. ასე რომ, ემოცია, გარკვეული თვალსაზრისით, კულტივირებული მოვლენაა ქართულ სინამდვილეში.

რაც უფრო ემოციური ხარუფრო კარგიაგიჯერებენრომ გულწრფელი ხარ?

– კულტურაც წაახალისებს ამას. გაიხსენეთ ჩვენი ცენტრალური ნაწარმოების მთავარი დადებითი გმირი. ის ემოციურობით გამოირჩევა და ეს ემოციურობა არ არის კრიტიკის საგანი, თუმცა ის დახმარებას საჭიროებს ავთანდილისგან.

რადგან იქ ავთანდილიც არისეს არ ნიშნავსრომ რაციონალიზმიც მოსაწონია?

– არის, მაგრამ წამყვანი გმირი მაინც ტარიელია. ჰიპერემოციურობა ადრეულ საუკუნეებში, ფაქტობრივად, ყველას ახასიათებდა, განსაკუთრებით, აღმოსავლური კულტურის ქვეყნებს. ტირილი მათგან აღებული მეტაფორაა, რადგან მართლაც რეალური ტირილი ხომ არ იგულისხმება, უბრალოდ, დარდი გამოიხატება ტირილით. ჩვენც ვაგრძელებთ ამ ტრადიციას გაცილებით უფრო შემცირებული სახით, მაგრამ ეს კულტურული სტერეოტიპები მაინც გრძელდება. ქართველს რომ უთხრა, ემოციურობა გაზიანებს და თავი შეიკავეო, იუკადრისებს, თუ ემოციები არ მექნება, ადამიანი არ ვიქნებიო, თუმცა გვაქვს კულტურები, სადაც ემოციურობა უარყოფითადაა შეფასებული, მაგალითად: ინგლისი, იაპონია. ეს ის კულტურებია, რომლებმაც ისტორიას დაღი დაამჩნიეს თავიანთი რაციონალურობით და დაგვანახვეს უდიდესი ცივილიზაციური ნაბიჯების გადადგმის უნარი. ემოციები და გონება ერთმანეთს ჰარმონიულად ვერ ეწყობა.

თუმცამაგალითადნევროპათოლოგები ამბობენრომ ემოციების შეკავება არისვთქვათშაკიკის მიზეზი.

– თუკი ემოციური ადამიანი ხარ, ჯობია, გამოხატო. მეორე მხრივ, დაბალრეგისტრიანი ემოციები ქრონიკული სტრესის ერთ-ერთი სახეა. როდესაც მუდმივ სტრესში ხარ, უკვე ვეღარც ამჩნევს ამას, იმდენად გახდა შენი „მეს” ნაწილი და ის ვლინდება ისეთ რამეებში, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეამჩნევს, მაგრამ პროფესიონალ დამკვირვებელს არ გამოეპარება. რაც მთავარია, ემოციები ხელს გვიშლის არა მარტო ჯანმრთელობაში, არამედ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიპერემოციურობა ადამიანს ხელს უშლის კრიტიკულ სიტუაციაში და დიდწილად ის, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ძალიან ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, შეიძლება, გამოწვეული  იყოს ამ ემოციურობით. ამდენი ომი და კონფლიქტი არც ერთ ტრანსფორმირებად საზოგადოებას არ ჰქონია პოსტსაბჭოთა სივრცეში. გავიხსენოთ, რამდენი მკვლელობა ხდება ჩვენთან შეკამათების ნიადაგზე, აქაც ჰიპერემოციურობაა წამყვანი. გავიხსენოთ, რამდენია ჩვენთან ნარკოტიკის მომხმარებელი –  ნარკომანიისკენ მიდრეკილება სწორედ დეპრესიული ემოციის ფონზე ჩნდება ხოლმე.

ალკოჰოლიზმიც დიდი პრობლემაა რეგიონებშიო.

– დიახ. ჩვენი ყოფითი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს რომ გადავხედოთ, ბევრგან ვიპოვით ისეთ შეცდომებს, რომლებიც უფრო ჰიპერემოციურობით იხსნება და არა მხოლოდ უცოდინრობით. ცოტა უფრო რომ მივუახლოვდეთ ჩვენს რეალობას: რევოლუციებით მოვდივართ, იმიტომ რომ ემოციური ადამიანები ვართ. ასეთივე ემოციურობის გამოვლენა იყო, როდესაც მთელი ძალაუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ გადასცა ქართველმა საზოგადოებამ და იმ პერიოდში არანაირი კრიტიკის გაგონება არ უნდოდა: საზოგადოება იყო ნომერ პირველი ცენზორი ნებისმიერი კრიტიკული აზრისა. ესეც საზოგადოების ემოციურობითაა განპირობებული. დღეს ბევრს აქვს შიში, რომც გაიმარჯვოს ოპოზიციამ, ახალ კერპს ხომ არ შევქმნითო. რა თქმა უნდა, შევქმნით, იმიტომ რომ ჩვენ ამისკენ მიდრეკილი ვართ: თუ კერპი არ შევქმენით, ემოციურობა რაში უნდა ჩავაქსოვოთ?!

პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგიური ტრავმები მივიღეთ ყველამგვაქვს რაღაც საერთო?

– საერთო არის ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში მიდრეკილებაა სწორედ ქარიზმატული ლიდერებისკენ და ნაკლებად გვხვდება პოლიტიკური პლურალიზმი: პოლიტიკურ ძალებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილება. ამიტომ, თუ უჭერენ მხარს, რომელიმე ერთს უჭერენ; თუ არ უჭერენ, აგრესია ჩნდება და ასე შემდეგ. არადა ემოციურ მუხტზე აწყობილი პოლიტიკური ცხოვრება სახიფათოა, რადგან მეოცე საუკუნის დასაწყისში ამის გამო გერმანიაში მივიღეთ ფაშიზმი. ფაშიზმი ხომ გერმანელი ნაციის ემოციებზე აღმოცენდა?! ასევე, ემოციებზე აღმოცენებული პოლიტიკური მოძრაობაა აგრესიული ისლამი და უამრავი სხვა.

უფრო მეტად გაუწონასწორებლები გავხდითვიდრე საბჭოთა პერიოდში ვიყავითჩვენი ფსიქიკა გადაიხარა ნორმიდან თუ ისეთებივე დავრჩითრაკი ასეთი მოდებულია ჩვენთან ფსიქიკური ტრავმებით გამოწვეული დაავადებები?

–  ძალიან კარგად ვიყავით ადაპტირებული საბჭოთა პერიოდთან. ჩვენი ემოციურობა თავის გამოსავალს პოულობდა იმავე სუფრებში, ოღონდ ეს მხოლოდ საბჭოთა თავისებურება არ არის. რუსეთის იმპერიამ ფიზიკურად გადაგვარჩინა და ამით კარგი სამსახური გაგვიწია თითქოს, მაგრამ, რადგან ფიზიკური გადარჩენა აღარ იყო ჩვენი ამოცანა, გაჩნდა უქმი ფენები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ფუნქცია: ვგულისხმობ, თავადაზნაურობას. ადრე ფეოდალების საქმე ბრძოლა იყო, როდესაც ეს ფუნქცია აღარ ჰქონდათ, ქეიფის გარდა არაფერი დარჩენოდათ. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა მრავალსადღეგრძელოებიანი ქეიფისა და თამადობის ინსტიტუტი. ასე რომ: ეს ჩვენი გარკვეული არაფუნქციონალური გადახრები, რომლებიც მხოლოდ იმით მართლდება, რომ მივიღოთ სიამოვნება, უფრო შორეული წარსულის საქმეა, ვიდრე საბჭოთა პერიოდის, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არც დღევანდელობიდან იწყება.

ნებისმიერ შემთხვევაშირუსეთთან ჰქონია კავშირი.

– ცოტა ძნელი სათქმელია, იქამდე რა ხდებოდა, რადგან არც რუსეთამდე საქართველოს მენტალიტეტია მომხიბვლელი. ჩვენი ისტორიკოსები, სამწუხაროდ, სადღეგრძელოების მსხვერპლნი გახდნენ.

ანუ?

– ცდილობენ, არ გამოიტანონ სააშკარაოზე ის, რაც უსიამოვნოა. სადღეგრძელოს ფუნქცია ხომ მხოლოდ დადებითის თქმაა ადამიანისთვის?! თორემ გადავავლოთ თვალი უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებს ქართველების შესახებ, გნებავთ, ქართველების დახასიათებებს იმავე ქართველების მიერ. საკმაოდ მძიმე სურათია. ამიტომ ნუ მოვიხიბლებით იმ ნათელი სახეებით, რომლებიც, ასევე, მრავლად იყვნენ ისტორიის განმავლობაში: ილია იქნება ეს, ვაჟა, აღმაშენებელი თუ ჭყონდიდელი. ასეთი ადამიანები არ  აყალიბებენ ეროვნულ ხასიათს. ეროვნულ ხასიათს აყალიბებს მასა, მასა კი არ ვიცით, როგორი იყო.

გული მეტკინა ძალიანხალხურ პოეზიაში არ ჩანსმასა როგორი იყო?!

– დიდი ბოდიში, რადგან გული მკითხველსაც ეტკინება.

მოყვარეს პირში უძრახეომასიდან მომავალი თეზაა.

– მერედა, ხომ გვახსოვს,  რა დღე დაადგა მაგის მთქმელს?! არ მინდა, ის ბედი გავიზიარო, არ ვარ ასეთი პატივის ღირსი, მაგრამ ერისთვის ცუდი სამსახურის გაწევაა, ისევე, როგორც ადამიანისთვის, თუკი თავის იმ ნაკლზე არ მიუთითე, რომლითაც ხშირად ექმნება ხოლმე პრობლემები. თქვენ ახსენეთ ხალხური პოეზია, რომელიც მართლაც უნიკალურია, ისევე, როგორც ჩვენი მრავალხმიანობა, უბრალოდ, მრავალხმიანობა უცხოელებს ესმით და პოეზია არ ესმით, თორემ თვითონ ქართული პოეზიაც ძალიან ძნელად თუ იპოვის ანალოგს, თარგმნაა ოღონდ რთული. მეორე მხრივ, ასეთივე ხალხური ფოლკლორია ზღაპრები და ჩვენი ზღაპრები ძალიან სასტიკია. შთაბეჭდილების დონეზე ვამბობ, რომ ის აგრესია, რაც ზღაპრებშია, საზოგადოებაშიც შეიძლება, დაინახო, თუ იმ ჭრილში შეხედავ. ზღაპრებში აგრესიას ემოციებით ამართლებენ: გაბრაზდა და გააკეთა.

ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ზღაპრები ისეთიათმა ყალყზე დაგიდგებაზოგის კი ისეთი სულელურიუარესად აიქოჩრები?

– ჰიპერემოციურობის ანალოგიური ეტაპი ყველამ გაიარა. მთავარია, შემდეგ როგორ მოიქცა ეს ერი? ერთ-ერთი არსებითი ცვლილება, რამაც გადატრიალება მოახდინა ინგლისურ ცნობიერებაში, იყო ის, რაც კაპიტალიზმმა მოიტანა. ქონების კულტმა გააჩინა ყველაფერი, მათ შორის, დემოკრატია. ამიტომ იმედი მაქვს, თუ დაგვცალდა და ამას მხოლოდ დრო უნდა, რადგან ქართული ხასიათი ადვილად ერგება ამა თუ იმ რეალობას, იმ რეალობასაც შეეგუება, რასაც დემოკრატიის რეალობა ჰქვია.

არაადეკვატური ხასიათი გვაქვს?

– ვერ ვიტყოდი, უბრალოდ გვაქვს ხასიათი, რომელიც ხელს უწყობს შეცდომების დაშვებას. მაგალითად, რას ნიშნავს, რომ ემოციური ვარ? ესე იგი, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. შუა ქუჩაში უნდა გავჩერდე მანქანით, იმიტომ რომ მეორე მანქანაში ნაცნობი დავინახე და უნდა ვესაუბრო, სხვები რას აკეთებენ ეს უკვე აღარ მაინტერესებს.

ჯარიმა თუ დაწესდება ამაზეემოციებიც უცბად მოითოკება.

– ეს ყველა ქვეყანაში ასეა, დასავლელები იმიტომ კი არ იქცევიან კარგად, რომ ჩვენზე უკეთესები არიან, არამედ იმის გამო, რომ იქ ჯარიმებია დიდი. მაგალითად, დღევანდელი ქართული ყოფისთვის საკმაოდ დიდ თანხას იხდის თითოეული ოჯახი შვილების განათლებისთვის. ჩემი ძირითადი საქმიანობა ლექტორობაა: ქართულ ჯგუფებში არ აინტერესებთ საგანი, შემოდის რუსულენოვანი ჯგუფი და ინტერესი აშკარაა.

ჩვენთან საბჭოთა დროს არცოდნაში იხდიდნენ ფულს და ეს ნორმალურ მოვლენად მიიჩნეოდა.

– აი, ეს პროცესი გრძელდება. საქართველოში არცოდნა არასდროს იყო სირცხვილი, მხოლოდ გარკვეულ წრეებში მიიჩნეოდა სირცხვილად, რასაც ინტელიგენციის წრე ერქვა. განათლებისა და რაციონალიზმის მიმართ ეს დამოკიდებულება დიდხანს შეინარჩუნებს ირაციონალურობის კულტს და ძალიან დააბრკოლებს ქართული ნიჭის მიახლოებას თანამედროვე ცხოვრების წესთან. თუ ადამიანები უარს არ იტყვიან ამ ხასიათზე, კრიზისები სამომავლოდ კიდევ იქნება. თან სულ სხვებს ვაბრალებთ ყველაფერს. იშვიათად თუ გაიგონებთ, ადამიანმა თქვას, ჩემი ბრალიაო. ყველას ბრალია: პრეზიდენტის, პარტნიორის, ოღონდ არა –  ჩემი. არადა, თუ ვერ მივხვდი, რომ ჩემი ბრალია, ჩემს თავს ხომ არ შევცვლი?! ვეცდები, შევცვალო პრეზიდენტი, პარტნიორი, მაგრამ საკუთარი თავის შეცვლას არ შევეცდები.

 

 

 

 

 

ნანახია - 125

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80