„თვითმმართველობის ორგანოები უფრო ცენტრისკენ იცქირებიან, ვიდრე მოსახლეობისკენ“
საზოგადოება

„თვითმმართველობის ორგანოები უფრო ცენტრისკენ იცქირებიან, ვიდრე მოსახლეობისკენ“

„თვითმმართველობის ორგანოები უფრო ცენტრისკენ იცქირებიან, ვიდრე მოსახლეობისკენ“
მანანა ნოზაძე

2018-04-11 23:00:16

წინა ხელისუფლების დროს ფარატინა ქაღალდზე ეწერა, რომ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესთა შესაბამისი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ავტონომიურად მოხდებოდა. სინამდვილეში, რეგიონებში თვითმმართველობების დამოუკიდებლობისთვის არაფერი კეთდებოდა. მათი ერთადერთი ფუნქცია საარჩევნო შტაბის ფუნქცია იყო. თვითმმართველობები „ნაციონალებს“ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ რეგიონში ჩასულ სააკაშვილს „მიშა-მიშას“ ძახილით დახვედროდნენ.

ამიერიდან შეიცვლება თუ არა ვითარება დეცენტრალიზაციის კუთხით, ამის შესახებ For.ge ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილს ესაუბრა.

პრემიერი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს გადაწყვეტილების მეტი უფლება მიეცეს. დაახლოებით რვა წელიწადში უნდა გაორმაგდეს რეგიონების დაფინანსების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით და ეს უნდა მოხდეს ევროპულ დონეზე. ამჯერად მაინც რამდენად რეალისტურია, რომ რეგიონებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება მიეცემათ?

- თვითმმართველობა ნიშნავს, რომ თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი პრობლემები. დეცენტრალიზაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს უფლებამოსილებებისა და რესურსების გაზრდა და დამოუკიდებლობის მიღწევა. რამდენად რეალისტური იქნება კვირიკაშვილის დაპირება, ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, ფაქტია, რომ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. გრძელვადიანი ხედვა თავისთავად კარგია. ისიც მისასალმებელია, რომ დროშია გათვლილი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

რვაწლიანი მოლოდინის პერიოდი ცოტა ხანგრძლივი ხომ არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებს დამოუკიდებლობის მისაღწევად ისედაც დიდხანს უწევდათ ლოდინი?

- ხანგრძლივი არ არის, რადგან დეცენტრალიზაცია უწყვეტი პროცესია. საქმე ის არის, რომ აქამდე რაც კეთდებოდა, ყველაზე მაქსიმუმ, სამწლიანი სახელმწიფო პროგრამა არსებობდა. 90-იანი წლების შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯთა გადადგმის გრძელვადიანი ხედვა არ ყოფილა. ცუდი ის იყო, რომ რაღაც თითქოს დაიწყებოდა, მერე ისევ უკან ბრუნდებოდა და ხელახლა იწყებოდა. ამიტომ გამოსავალს გრძელვადიან ხედვაში ვხედავ, რომელშიც გათვლილი იქნება კონკრეტული ნაბიჯები. მეორე მხრივ, ბევრი ისეთი საკითხია, რომელთა გადასაწყვეტად შესაძლოა, მუნიციპალიტეტები მზად არც იყვნენ. ამიტომ დღეს სურვილი და ნებაც რომ იყოს, მოდით, გადავცეთ ეს საკითხები თვითმმართველობებს გადასაწყვეტად, ვინ გადაწყვეტს ამ საკითხებს?

ადამიანურ რესურსებს გულისხმობთ?

- არც რესურსები, არც კვალიფიკაცია, არც უნარები ამისთვის რეგიონებში არ გააჩნიათ. ეს არის პროცესი, როდესაც უნდა დაიწყოს კადრების მომზადებაც, უნარების შეძენაც, რესურსების თანდათანობითი გადანაწილებაც. ისე არ მოხდეს, რომ გადავცეთ უფლებამოსილება რეგიონებს და, პრაქტიკულად, ეს უფლებამოსილება დაიკარგოს. დეცენტრალიზაცია იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ უფლებამოსილებები ცენტრიდან ცუდად ხორციელდებოდა. ცუდად განხორციელება კი ბევრად უფრო უარესით არ უნდა შეიცვალოს.

ცუდად რატომ ხორციელდებოდა? შუალედური რგოლი ხომ არ აფერხებდა პროცესებს და პირადი გამორჩენით ხომ არ იყო დაინტერესებული?

- გამორიცხულია, ცენტრიდან გადაწყვიტონ, რომ ცალკეულ სოფელში, ვთქვათ, ხე სად დაირგოს და გზა სად დაიგოს. ეს უკვე თვითონ სოფელმა და მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. ამის ცენტრიდან მართვა შეუძლებელი და არაეფექტურია.

ხომ არ ფიქრობთ, რომ დეცენტრალიზაციის თემები ნებისმიერ ხელისუფლებას წინაასაარჩევნო პერიოდში ახსენდება. ასე საეჭვო დამთხვევები რატომ ხდება?

- როგორც წესი, ეს ყოველთვის ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და ერთადერთი გამონაკლისია ეს შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობის არჩევნების წინ კი არ დაიწყო ამ თემის გააქტიურება, არამედ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ცხადია, არჩევნების წინა პერიოდში საუბრობდნენ ხოლმე ამაზე. როგორც წესი, ხდებოდა ისეც, რომ არჩევნების წინ ვღებულობდით ამ კანონს, ცვლილებები შედიოდა კანონებში, ან სრულიად ახალ კანონს ვღებულობდით და შემდეგ პროცესი ისევ უკან მიდიოდა.

ესნაციონალებისდროს უფრო ხდებოდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას ცენტრალიზებული მართვა უფრო სჭირდებოდა, თუ დღესაც გრძელდება?

- რეალურად, ვერ ვიტყვი, რომ დღეს რაიმე რეფორმა მიმდინარეობს. ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რეფორმა როგორ მოამზადონ, რომ ეს რეფორმა წარმატებული იყოს. თუმცა, რაც იყო 1997 წელს, 2001 წელს, 2005 წელს, ყველა არჩევნების წინ ისმოდა განცხადებები რეფორმის ჩატარების აუცილებლობაზე, იწყებოდა კანონში ცვლილებების შეტანა და კანონის მიღების შემდეგ ყველაფერი ისევ უკან მიდიოდა. ანუ უფრო წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათს ატარებდა. დღესდღეობით ვერ ვიტყვი, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატშია. მართალია, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, მაგრამ თვითმმართველობის საკითხი ნაკლებ კავშირშია პრეზიდენტის ინსტიტუტთან. ეს რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი ყოფილიყო, მაშინ პრემიერს ეს განცხადება თვითმმართველობის არჩევნების წინ უნდა გაეკეთებინა, როგორც ტრადიციულად აქამდე ხდებოდა.

რეგიონებისთვის უფრო მნიშვნელოვანი დაფინანსების მატება ხომ არ არის, ვიდრე ძალაუფლების დეცენტრალიზაცია?

- დაფინანსება თავისთავად არაფერს წყვეტს. თვითმმართველობა უნდა იყოს დამოუკიდებელი. 2004 წლის თვითმმართველობის ბიუჯეტი 2000 წლის თვითმმართველობის ბიუჯეტს რომ შევადაროთ, 5-ჯერ და 10-ჯერ მაინც არის გაზრდილი, მაგრამ დამოუკიდებლობის ხარისხი არ გაუმჯობესებულა.

კონკრეტულად, რეგიონების მოსახლეობას ადგილებზე რა უჭირს? ის ხომ არა, რომ თავად რეგიონის ხელმძღვანელობამდე, ან თუნდაც გუბერნატორების დონემდე ვერ მიაქვთ სათქმელი?

- გუბერნატორების დონე ნაკლებად მნიშვნელოვანია. გუბერნატორებთან ურთიერთობა სულ სხვა პროცესია. თვითმმართველობის დონეს რაც შეეხება, ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ისინი მოსახლეობასთან არ არიან ახლოს, მათი დასაყრდენია ცენტრი და არა მოსახლეობა. უფრო მეტად ცენტრისკენ იყურებიან და იქიდან ღებულობენ დავალებებს.

ყოფილი ხელისუფლების დროს გუბერნატორები პოლიტიკური კომისრების ფუნქციას ასრულებდნენ. დღემდე რეგიონებისთვის გუბერნატორები უფრო განყენებული ცნებას წარმოადგენენ?

- გუბენატორი ეს არის მთავრობის წარმომადგენელი, მეტი არაფერი. ცხადია, ის მთავრობის დავალებებს უნდა ასრულებდეს და ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე. მოსახლეობა მას არ ირჩევს და მათ წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. თვითმმართველობა კი ამ კუთხით განსხვავებულია. მნიშვნელოვანი პრობლემა რეგიონებისთვის არის ის, რომ არ აქვთ ხედვა იმისა, როგორ განვითარდეს მუნიციპალიტეტი. მთელი ბიუჯეტი ძირითადად მიმდინარე ხარჯებზე იხარჯება. ხვრელების ამოვსება ხდება, მეტი არაფერი, ამიტომაც წინ ვერ მიდიან, მოსახლეობა ნიჰილისტურადაა განწყობილი და არ არის თვითმმართველობაში ჩართული. თვითონ მუნიციპალიტეტები, თვითმმართველობის ორგანოებიც, როგორც აღვნიშნე, უფრო ზევით იცქირებიან, ვიდრე მოსახლეობისკენ. მიმდინარე პრობლემების, სოციალური დახმარების, თუ სხვა საკითხებისთვის ყოველწლიურად ხდება ბიუჯეტიდან თანხების გაცემა, თუმცა დღეს გადავწყვეტთ პრობლემებს, მაგრამ ხვალ ეს პრობლემები ისევ იჩენს თავს. ასე რომ, რესურსები ფუჭად იხარჯება. ყველა ქვეყნის თვითმმართველობის სისტემა თავის თავზე უნდა იყოს მორგებული, რაც ადგილობრივ სპეციფიკას ყველაზე უკეთ მიესადაგება. ჩვენს თავს თავად უნდა მივხედოთ და ვიცოდეთ, რა პრობლემები გვაწუხებს. უცხოეთიდან ცალკეულ მოდელთა გადმოტანას კი აზრი არ აქვს.

ნანახია - 585

მეგრელი

2018-04-12 00:01:14

ადამიანურ რესურსებს გულისხმობთ?

- არც რესურსები, არც კვალიფიკაცია, არც უნარები ამისთვის რეგიონებში არ გააჩნიათ.
-------------------------------------------------------------------------------------

ნუ გვაყენებთ შეურაწყოფას. ცენტრალიზირებულ სისტემაზე მორგებულია , რომელიც არ მუშაობს და არც იმუშავებს. 1935 წელს იოსებ სტალინმა სამხედრო აკადემიის გამოსაშვებ საღამოზე შემდეგი რამ თქვა:
,,.. Надо понять, что при наших нынешних условиях "кадры решают все".
Будут у нас хорошие и многочисленные кадры в промышленности, в сельском хозяйстве, на транспорте, в армии, наша страна будет непобедима.
Не будет у нас таких кадров - будем хромать на обе ноги....".

და ეს კადრები არის რეგიონში , თუმცა არჩევნების წინ დროშებით არ დარბიან.


დაფინანსება თავისთავად არაფერს წყვეტს. თვითმმართველობა უნდა იყოს დამოუკიდებელი.
----------------------------------------------------------------------------------

რას ლაპარაკობთ. დამოუკიდებლობის ხარისხის უმთავრესი კომპონენტია ფინანსები. რამდენი % რჩება არაპირდაპირი გადასახადიდან ადგილობრივ ბიუჯეტში? დამისახელეთ ქვეყანა სადაც არაპირდაპირი გადასახადის ნაწილი არ რჩებოდეს ადგილობრივ ბიუჯეტში . მხოლოდ თურქმენეთში 100 % . (რომ არ მოიპარონ).




რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80