„ქართულ ოცნებაში“ კრიზისი მწვავდება - უმრავლესობა კობახიძის ავტორიტარულ ტონზე ალაპარაკდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებაში“ კრიზისი მწვავდება - უმრავლესობა კობახიძის ავტორიტარულ ტონზე ალაპარაკდა

„ქართულ ოცნებაში“ კრიზისი მწვავდება - უმრავლესობა კობახიძის ავტორიტარულ ტონზე ალაპარაკდა
თამთა ქარჩავა

2018-04-12 09:00:55

ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია - ეს გახლავთ იმ დეპუტატების ჩამონათვალი, რომლებიც უმრავლესობიდან გასარიცხთა რიგებში არიან. უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 9 აპრილის მემორიალთან ავტორიტარული ტონით გაკეთებული განცხადებები არასწორია და აქვე დასძენს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება. დეპუტატი თვლის, რომ დადგა დრო ამ და სხვა ბევრ საკითხზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსიროს პოზიცია.

„უნდა თუ არ უნდა ბატონ ბიძინას პოლიტიკაში ყოფნა სხვა საკითხია, მაგრამ ის წარმოადგენს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ლიდერს, მისი პოზიციები ხალხს აინტერესებს. მე მგონია, დადგა დრო, რომ მან გარკვეულ ტენდენციებზე დააფიქსიროს აზრი. პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვამბობ. მან თქვა, რომ საზოგადოებაში მიდის და სწორედ საზოგადოებისთვის უნდა გამოვიდეს. მას ჰქონდა ხოლმე ბრიფინგის წესი, როცა გარკვეულ სფეროებზე თავის აზრს ამბობდა და მგონია, ეს ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მმართველ გუნდში რომ კრიზისი მწვავდება ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც მამუკა მდინარაძემ არასერიოზული უწოდა ჭიჭინაძის განაცხადას, როდესაც მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყება არ გამორიცხა.

„მამუკა მდინარაძეს უთქვამს, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულიაო. მამუკა მდინარაძე რომ ფრაქციის თავმჯდომარეა, არასერიოზული გადაწყვეტილება ესაა. თუ შენ ხარ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და პრემიერის საპირისპირო განცხადებას აკეთებ, მაშინ მორალური უფლება აღარ გაქვს, იმ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. „ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ, 2020 წელს დამოუკიდებლად კენჭი იყარონ და თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, ეს თანამდებობები მერე გადაინაწილონ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

როგორ განვითარდება პროცესები ამის პროგნოზირება რთულია. ღია და საჯარო დაპირისპირების მიუხედავად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას გამორიცხავს. მისი შეფასებით, გუნდში სხვადასხვა საკითხს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს, თუმცა გუნდის შიგნით რაღაც დაჯგუფებებზე საუბარი არასწორად მიაჩნია. თუმცა, დავით ჭიჭინაძის პათოსს იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „სოციალ-დემოკრატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი და ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის პოზიციები არასწორი იყო.

„არ იყო ლამაზი დეპუტატების რაოდენობის ჩამოთვლა თითქოს ამ საერთო კონტექსტში ვერ ჯდებოდნენ. იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავება ყველაზე ხშირად ჩვენ გვაქვს ხოლმე მმართველ გუნდთან. თუ ვინმე უნდა გასულიყო, მაშინ ეს ჩვენ ვიყავით, ისეთი განსხვავებებია. შეიძლება ეს მომავალში მოხდეს, მაგრამ ახლა არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ უმრავლესობაში გავლენებისთვის მიდის ბრძოლა, არა თუ შეცდომაშია შეყვანილი, არამედ სიღრმისეულად ვერ აფასებს მდგომარეობას. ვოლსკი ირწმუნება, რომ მმართველ გუნდში რეალურად დაპირისპირება არ არსებობს და არის მხოლოდ დაშვებები - თუ გადადგება, თუ ხმები შეგროვდა, თუ გაირიცხება, რასაც, მისი თქმით საფუძველი არ გააჩნია.

„ადამიანს აქვს საკუთარი განწყობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდთან დაკავშირებით, ნინია კაკაბაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით. იგივე დავით ჭიჭინაძეს აქვს ასეთი შეხედურება, რომ თუკი ფრაქციის ხელმძღვანელი დაპირისპირებულია მთავრობასთან, ის უნდა გადადგეს, მაგრამ რეალურად ირკვევა, რომ არანაირი დაპირისპირება ფაქტობრივად არ არსებობს. დავით ჭიჭინაძე საკმაოდ სიღრმისეულად მოაზროვნე კაცია და მიხვდება, რომ არავითარი გადადგომის წინაპირობა არ არსებობს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის პოზიციას არ იზიარებენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირება მმართველ გუნდს შორის, თუმცა უმრავლესობის დაშლას ამ ეტაპზე არ ელოდებიან. ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ შიდა დაძაბულობა განიმუხტება, რადგან არსებობს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ინტერესი, როგორიც არის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი.

„ალბათ, მოხდება კონსოლიდირება. ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტია შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას. მერე რა იქნება ვერ გეტყვით. საბოლოო ჯამში, ამ კრიზისების პრევენცია არის ერთადერთი - პარტიული პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ძალიან ფართო ფენების ინტერესებს და არა გავლენებით ვაჭრობას“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი პარტიის დაშლაზე, მაგრამ თუკი არაფერი შეიცვალა, ეს პროცესი მივა დაშლამდე, რადგან ცვლილებებისთვის დროც არის და საბაბიც.

„პროცესი დაშლამდე მივა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანი ვერ იტანს ჯგუფში გარიყულად ყოფნას. ამ პოლიტიკურ ჯგუფებში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ ლიდერებმა, ვისაც ეს ეხება, დააყენონ ძირითადი მიმართულების საკითხები და მერე ფუნქციები გაუნაწილონ ადამიანებს საიმისოდ, რომ ზედმეტად არავინ გრძნობდეს თავს. თუკი ჩივილი გაჩნდა იმაზე, რომ გადაწყვეტილებებს უჩვენოდ იღებენო, ეს უკვე ისეთი ჩივილია, რომელმაც შეიძლება წყალი შეუყენოს ნებისმიერ გაერთიანებას.

თუ ასკვნიან, რომ ურჩები უნდა გაიდევნონ და ისევ რამდენიმე კაცმა მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ ალბათ, გაიზრდება დაპირისპირება და შეიძლება ცალკე ჯგუფადაც გამოეყონ მმართველ ძალას. ხელების გადაგრეხით მართვის სტილმა - მე უფროსი ვარ, შენ უმცროსი და რასაც მინდა იმას ვიზამ, ცუდი შედეგები აჩვენა. პრობლემური ეტაპი ჯერ არ დამდგარა „ქართულ ოცნებაში“. ამიტომ, რაც მალე გადავლენ შეთანხმების და თანამშრომლობის რელსებზე, მით უკეთესი იქნება გუნდისთვის“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ნანახია - 1182

antoni

2018-04-12 10:19:05

"ოდესმე ყველაფერი დამთავრდება" ... ოცნება დაიშლება, ან არ დაიშლება; ან მეცოცხეებივით ნამსხვრევებად დაიშლება, ან ნაწილობრივ. ვნახოთ, ცანცარი არას გვარგებს! :-) ახლა ვუსმენ ირინა სარიშვილს; საიდან მოთხარეს? ამბობენ ყავაზე და გენეტალიებზე მკითხაობს 3 ლარადო

natali

2018-04-12 13:13:00

აბააა თქვე გალსტუკიანებო.... ვამბობდი თუ არა ეგ ფოფხაძე არსად წამსვლელი არაა მეთქი?:)))

antoni

2018-04-12 13:20:14

რომ არ მიდის კარგია, თუ ცუდი? :-) ზოგადად უმრავლესობას დაშლის პირი არ უჩანს /წლის ბოლომდე მაინც/ და ერთეულები სად წავა დიდად მნიშვნელოვნად არ მიმაჩნეა. ვგონებ აქ წარმოჩენილი პრობლემაა უფროა ყურადსაღები: სხვათა აზრის არმოსმენა, შიდაპარტიული შეთანხმების ცალმხრივად დარღვევა, ბევრის ფუნქციის ერთეულების ხელში აღების მცდელობა ...

natali

2018-04-12 14:13:13

ჩემთვის კი ყურადსაღები ისაა, რომ როდესაც ასე მთელ ძალისხმევას შიდაპარტიულ კინკლაობაში ხარჯავ, როდისღა ფიქრობ ქვეყნის პრობლემებზე? ქვეყნის პრობლემებზე თუა კინკლაობა და რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე უთანხმოება, მაშინ ეს ხომ საჯარო უნდა იყოს? ასეთი საკითხები ხომ პირიქით, საჯაროდ უნდა გამოიტანო რომ მე, რიგითმა ამომრჩეველმა შევაფასო ვინ როგორ ცდილობს პრობლემების გადაწყვეტას? აბა სხვანაირად როგორი არჩევნი გავაკეთო შემდეგში? ნაციონალები რომ გვაყვედრიდნენ ხოლმე ჩვენ ერთი გუნდი ვართო, ხომ გაყარა ხალხმა ერთ გუნდად. ახლა ესენი გვიმტკიცებენ იგივეს? ქვეყანას ერთგუნდად დააქცევთ თუ ცალ-ცალკე, დიდი მნიშვნელობა აქვს?
რასაც მე ვხედავ ისაა, რომ ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოსათრევად კი არ იბრძვის არავინ, მთელი ბრძოლაა გაჩაღებული თუ ვინ დაჯდება შემდეგ პარლამენტში. არჩევნებს მოიგებენ და მორჩა, ამოისუნთქებენ.

natali

2018-04-12 14:16:15

ეს ფოფხაძეც გაიბუტა პატარა ბავშვივით, ატეხა ერთი ამბავი მივდივარო, მერე გადაიფიქრა....რააა საბავშვო ბაღია? თუ მიდიხარ წადი. თუ მაგის შნო არ გაქვს, რაღაც ყირაობ?
არა რაააა, მაგარი ინტუიცია მაქვს:)))))))) ჰაააა, რას იტ/ყვი არიჩოპრა???

serapina

2018-04-12 15:20:30

გადმოიღეთ ამ ხალხის ბიოგრაფიები...
ვინ რომელ წელს დაიბადა,არ წყვეტს არაფერს...


საქმეც მაგაშია,რომ ყველაფერი ისე ააწყვეს,რომ საბავშვო ბაღის ბავშვის საქციელს,ვერ გასცდეს ჩვენი პარლამენტარების ქმედება.

ვინ აგვაშენებიებს ჩვენ,ასეთი მონაცემებით სახელმწიფოს?!
ან პასუხს ვინ მოგვათხოვიებს ხელისუფლებაზე?!

დემოკრატია არა,ლობიო!
(გარეთ წავალთ ზანგები ვართ... შინ ვიქნებით ზანგები ვართ!)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80