"აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" - ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს
დაიჯესტი

"აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" - ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს

"აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" - ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს
"რეზონანსი"

2018-04-12 11:27:07

"მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები", - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს უკვე ღიად ემუქრება. საპასუხოდ რუსეთიც აცხადებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც მათი გაშვება მოხდება. როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, აქ უკვე "ნერვების თამაში" მიდის, რაც შესაძლოა, კაცობრიობას ძვირად დაუჯდეს, რადგან ორივე სახელმწიფოს ლიდერმა უკან დასახევი გზა თავადვე მოიჭრა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პირველი მუქარა 9 აპრილს გაახმოვანა - რომ სირიაში, ქალაქ დუმაში, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში. ოფიციალური დამასკო და მოსკოვი კი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" / ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.

"გუშინ ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გაშვებული. როგორც ცნობილია, სირიის ქალაქ ლატაკიაში, სადაც რუსული ბაზაა განთავსებული, სუ-34 გამოჩნდა. ამის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარი გვერდის საშუალებით რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - წერს დონალდ ტრამპი. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი მსოფლიოს ნომერ პირველი გიგანტი სახელმწიფოს პრეზიდენტია, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახის შენარჩუნება და, სავარაუდოდ, სირიას უახლოეს საათებში დაარტყამენ. პოლიტოლოგის თქმით, ამაზე რუსეთის პასუხი რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ სახის შენარჩუნებას პუტინიც რომ შეეცდება, ცხადია", - აღნიშნავს გამოცემა

"ტრამპი ადრე დაიმუქრა, სირიას, ირანსა და რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდებათ ქიმიური იარაღის გამოყენებაო. შემდეგაც დაიმუქრა და ახლა უკვე მესამედაც დაიმუქრა. ამით მან უკან დასახევი ყველა გზა მოიჭრა და როგორც ჩანს, აშშ-ის მხრიდან რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებენ, დარტყმა ყოველ წუთს მოსალოდნელია. როგორც თავად ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, ეს დარტყმა გაცილებით უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე შარშანდელი. ორივე მხარე კუთხეშია მიმწყვდეული. ტრამპს არ შეუძლია, უპასუხოდ დატოვოს ის, რასაც რუსეთის მოკავშირე ბაშარ ასადი აკეთებს და პუტინსაც არ შეუძლია, გადაყლაპოს ის, რასაც მის მთავარ მოკავშირეს უპირებს ტრამპი. სწორედ ეს ვითარებაა საშიში. აქ უკვე ნერვების თამაშზე მიდის საქმე. ორივე ამაყი, თავდაჯერებული, ყოყლოჩინა ლიდერია, არც ერთი მათგანი არ არის მიჩვეული საჯაროდ უკან დახევას, ამიტომ თოკის აქეთ-იქით გადაწევა შეიძლება კაცობრიობას ძვირად დაუჯდეს, თუმცა მე მხედველობაში არ მაქვს ბირთვული მესამე მსოფლიო ომი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ვინცაძე.

"საბოლოო ჯამში კი, ისევ ცივი ომი იქნება გამალებული შეიარაღებით - მართალია, პუტინი საჯაროდ აცხადებს, მე სულელი არ ვარ, რომ გამალებულ შეიარაღებაში ჩავებაო, რადგან მან იცის, ეს რითიც დასრულდება, თუმცა თუ სხვა გამოსავალი არ დარჩა, პუტინიც წავა ამაზე. მით უმეტეს, როდესაც მის ირგვლივ სულ უფრო და უფრო იკვრება წრე და იზოლაცია კიდევ უფრო მტკივნეული ხდება რუსეთისთვის. ყოველი მხრიდან პრობლემებში ჩაფლული პუტინი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს რთულად პროგნოზირებადია, რადგან, პრაქტიკულად, მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა ერთი რამ ცხადია, საერთაშორისო ურთიერთობა ძალიან სახიფათო სისწრაფით ეშვება არასასურველი შედეგებისაკენ", - დაასკვნის ცინცაძე. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, რუსეთის განცხადება ძალის დემონსტრირებას ემსახურება და, ამასთანავე, ცხადყოფს რუსეთის ინტერესებს სირიაში - რომ მან სამხედრო ოპერაცია არა ტერორიზმთან საბრძოლველად, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად დაიწყო", - წერს სტატიის ავტორი.

"აქ კარგად ჩანს, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო, იგი სინამდვილეში არ იყო მიმართული "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. რეალურად, მოსკოვი ასადის რეჟიმს იცავდა ზომიერი ოპოზიციისგან, ბომბავდა რა სირიის ზომიერი ოპოზიციის პოზიციებს, თუმცა ოფიციალურად აცხადებდა, რომ თითქოს ებრძოდა "ისლამურ სახელმწიფოს". სინამდვილეში, რუსეთი დაინტერებულიც კი იყო სირიის ტერიტორიაზე მათი არსებობით, რადგან "ისლამური სახელმწიფო" დამატებით თავის ტკივილს უჩენდა დასავლეთს. მეორე მხრივ, ამით რუსეთი აიძულებდა დასავლეთს, რომ შეედარებინა ასადის რეჟიმი და "ისლამური სახელმწიფო". დღევანდელი ვითარებაც ამის დადასტურებაა, თუმცა რუსეთის განცხადება ძალის დემონსტრირებას უფრო ჰგავს, რადგან ამერიკამ სირიის სამხედრო ბაზას დაახლოებით 1 წლის წინაც მიაყენა სარაკეტო დარტყმა, მაგრამ რუსეთის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლაც იგივე მოხდება", - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

ნანახია - 392

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80