როგორ დააფიცეს ქართველები სიონის ტაძარში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

როგორ დააფიცეს ქართველები სიონის ტაძარში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე

როგორ დააფიცეს ქართველები სიონის ტაძარში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე
„თბილისელები“, 18 თებერვალი, 2011 წელი

2018-04-12 12:43:36

ქართველ ერს დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის დიდი ტრადიცია ჰქონდა. ბრძოლის ფორმები და მეთოდები ყოველთვის ერთნაირი არ იყო. ის კონკრეტულ ვითარებაში შემუშავდებოდა ხოლმე. ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად ბაგრატიონთა სამეფო სახლი ედგა სათავეში. მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას ბაგრატიონთა სამეფო სახლი ვეღარ ჩაუდგებოდა სათავეში. მიუხედავად ამისა, ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღსადგენად მაინც გაგრძელდა. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ ინტერვიუში ჩვენს რესპონდენტთან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთან, ისტორიკოს ვახტანგ გურულთან.

ბატონო ვახტანგელოდა თუ არა რუსეთის საიმპერატორო კარი საქართველოში ძლიერი მოძრაობის დაწყებას სახელმწიფოებრიობის აღდგენის მიზნით?

– ცხადია, ელოდა. მართალია, რუსებმა საქართველო დიდი ომების გარეშე დაიპყრეს, მაგრამ რუსი პოლიტიკოსები კარგად გრძნობდნენ, რომ მათ მიერ დაპყრობილ ქვეყანაში სულ მალე დაიწყებოდა ანტირუსული მოძრაობა. ამიტომ იყო, რომ მუდმივად იზრდებოდა საქართველოში რუსეთის ჯარის რაოდენობა. დამპყრობელი იმასაც არ გამორიცხავდა, რომ აჯანყებულ ქართველებს ხელსაყრელ შემთხვევაში ირანი და ოსმალეთი დაეხმარებოდა. ამიტომ იყო, რომ ისინი გულდასმით ამაგრებდნენ ირანისა და ოსმალეთის მოსაზღვრე რაიონებს. რუსები სხვა მხრივაც ემზადებოდნენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ტრადიციულად, ქართველი ერის ბრძოლას დამპყრობთა წინააღმდეგ სათავეში ბაგრატიონთა სამეფო სახლი ედგა. მართალია, ჯერ ქართლ-კახეთში, ხოლო შემდეგ იმერეთში მეფობა გაუქმდა, მაგრამ დამპყრობელს ქვეყანაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრების ყოფნაც კი აშინებდა. ამიტომ იყო, რომ 1802 წლიდან დაიწყო სამეფო სახლის წევრთა გადასახლება რუსეთში. იმავდროულად, მიმდინარეობდა თავისი ანტირუსული განწყობილებით ცნობილი ქართველი თავადების დევნა და შევიწროება.

როგორც ცნობილიამათმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო.

– მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, რუსეთის საიმპერატორო კარმა თავიდან ვერ აიცილა საქართველოში ძლიერი ანტირუსული მოძრაობის დაწყება, რომელიც ფართომასშტაბიან აჯანყებებში გადაიზარდა. ეს იმის დამადასტურებელი იყო, რომ მიუხედავად დამპყრობთა წინააღმდეგ წარმოებული მრავალსაუკუნოვანი ბრძოლებისა, ქართველ ერს კიდევ შესწევდა ძალა ებრძოლა დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად.

შეეძლო კი რუსეთის საიმპერატორო კარს თავიდან აეცილებინა ანტირუსული აჯანყებები?

– ანტირუსული აჯანყებები საქართველოში აუცილებლად დაიწყებოდა, რადგან რუსეთმა მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და უხეში მეთოდებით დაიწყო ქართველი ერის გარუსების პოლიტიკის გატარება. ქართველი ერის ვერც ერთი სოციალური ფენის წარმომადგენელი ვერ შეურიგდებოდა იმას, რომ ქვეყანას აღარ ჰყავდა მეფე და კათოლიკოს-პატრიარქი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა ველური მეთოდებით ცდილობდნენ რუსი სამხედროები და მოხელეები რუსეთის მმართველობის დამკვიდრებას საქართველოში. ყოველი დღე რუს სახელმწიფო მოხელესთან, რუს ოფიცერთან, რუს მოსამართლესთან ურთიერთობისა, ქართველში განუხრელად ზრდიდა ზიზღს დამპყრობლისადმი.

მაინც რომელი მოვლენა შეიძლებაჩაითვალოს ანტირუსული მოძრაობის დასაწყისად საქართველოში?

– 1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორ ალექსანდრე პირველის მიერ ხელმოწერილი მანიფესტი, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას ითვალისწინებდა, რამდენიმე თვის განმავლობაში საიდუმლოდ იყო დაცული. ყოველ შემთხვევაში მისი შინაარსი თბილისში არავინ იცოდა. 1802 წლის აპრილში თბილისში ჩამოვიდა კავკასიის ხაზის უფროსი გენერალი კარლ კნორინგი და ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წევრებს გამოუცხადა, რომ 12 აპრილს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში წაიკითხავდნენ რუსეთის იმპერატორის მანიფესტს. სამეფო სახლის წევრების გარდა, სიონის ტაძარში მიიწვიეს ქართლ-კახეთის თავადები და მღვდელმთავრები. ტაძარში მისულ ქართველებს ცუდად ენიშნათ ერთი რამ: კერძოდ ის, რომ სიონი გარშემორტყმული იყო რუსის ჯარით. ჯარისკაცებს კი საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდათ თოფები. მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე წაიკითხეს, ჯერ რუსულად და შემდეგ ქართულად. სიონში შეკრებილი ადამიანები შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მანიფესტის წაკითხვის შემდეგ, უნდა მომხდარიყო საქართველოს მოსახლეობის დაფიცება რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ფიცის მიღების შემდეგ, ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობა რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომები ხდებოდნენ. რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება კი სიონის ტაძრიდან უნდა დაწყებულიყო. დამთავრდა თუ არა მანიფესტის წაკითხვა, ტაძარში გაისმა ბრძანება: „დაიჩოქეთ!” ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო რუსეთის იმპერატორისადმი მისაცემი ფიცის წაკითხვა, რომლის ტექსტი გენერალმა კნორინგმა პეტერბურგიდან ჩამოიტანა. შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანების ნაწილმა ბრძანება შეასრულა. სამაგიეროდ, ძალზე სწრაფად მოეგნენ გონს კახელი თავადები და მათი თანმხლები აზნაურები. მათ ბრძანება არ შეასრულეს და ტაძარი დატოვეს. გენერალ კნორინგს თავიდან მათი შეჩერება და უკან შებრუნება სურდა. ასეთი ბრძანება მიიღეს კიდეც ტაძრის გარშემო მდგარმა რუსმა სამხედროებმა. ტაძრიდან გასულ კახელ თავადებსა და აზნაურებს მხოლოდ ხანჯლები და ხმლები ჰქონდათ თან. ცეცხლსასროლი იარაღი კი მათ ტაძარში შესვლამდე დაუტოვეს თავიანთ მსახურებს. რუსმა ჯარისკაცებმა თოფები მოიმარჯვეს, მაგრამ ქართველები არ შეშინდნენ, საპასუხოდ ხმლები იშიშვლეს. ბოლოს, გენერალი კნორინგი მიხვდა, რომ სისხლისღვრას თავიდან ვერ აიცილებდა და სროლის ბრძანება არ გასცა. ქართველებმა რუსების მწკრივები ფიზიკური ძალის გამოყენებით გაარღვიეს და ტაძრის ეზო დატოვეს. ეს მოვლენა შეიძლება, ჩაითვალოს ანტირუსული მოძრაობის დასაწყისად საქართველოში.

როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?

– რუსეთის იმპერატორის მანიფესტით უკმაყოფილო თავადები კახეთში დაბრუნდნენ და დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ ეშველათ ქვეყნისთვის. უპირველესი, რაც, ცხადი იყო, კახელი თავადებისთვის, გახლდათ ის, რომ უხეშად დაირღვა 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც მეფობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმებას არ ითვალისწინებდა. ქართველებმა კარგად აწონ-დაწონეს შექმნილი ვითარება, გაითვალისწინეს, რა რაოდენობის სამხედრო ძალა ჰყავდა რუსეთს საქართველოში და გადაწყვიტეს, სამართლებრივი გზით ეშველათ სამშობლოსთვის. კერძოდ, გადაწყდა, რუსეთის იმპერატორისთვის გაეგზავნათ წერილი და მოეთხოვათ სამეფოს აღდგენა. თანაც, შეეხსენებინათ, რომ მეფობის გაუქმება ქართლ-კახეთში გეორგიევსკის ტრაქტატის უმთავრესი პირობის დარღვევა იყო.

რა მოიმოქმედეს რუსებმაროცა კახელი თავადების განზრახვა შეიტყვეს?

– როცა თბილისში კახელი თავადების წერილი მიიღეს, სასწრაფოდ შეუდგნენ მზადებას ურჩი თავადების დასასჯელად. თვით წერილი კი ცხადია, რუსეთის იმპერატორისთვის არც გაუგზავნიათ. კახელი თავადები და მათი მხარდამჭერები – აზნაურები, სამღვდელოება, გლეხობა – მდინარე ქელმენჩურის ნაპირას იყვნენ შეკრებილნი და რუსეთის ხელისუფლებისგან პასუხს ელოდნენ. პასუხის ნაცვლად მათ თავს დაესხა რუსთა რაზმი, რომელიც ქართველებმა უკუაქციეს. კახეთში უფრო დიდი სამხედრო ძალა გაიგზავნა. პოლიტიკური გამოსავლის ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ რუსები დიდ სისხლისღვრასაც არ მოერიდებოდნენ. ამიტომ იყო, რომ მათ ქელმენჩურზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს, რითაც თავიდან აიცილეს მსხვერპლი.

რით დამთავრდა ეს პოლიტიკური გამოსვლა?

– კახელი თავადების ნაწილი რუსებმა შეიპყრეს, თბილისში ჩამოიყვანეს და ძალით დააფიცეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. თავადების ნაწილმა კი არ ისურვა რუსეთის ქვეშევრდომობა და ალექსანდრე ბატონიშვილთან გაიქცა, რომელიც იმხანად, თავისი რაზმით, ჭარ-ბელაქანში ანუ საინგილოში იდგა და რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა. რუსები იმდენად იყვნენ შურისგების გეგმითა და კახელი თავადების დასჯით შეპყრობილნი, რომ თავადებს თან სდიეს ჭარ-ბელაქანის ტერიტორიაზე. ჭარ-ბელაქანი იმჟამად ირანის შემადგენლობაში იყო, ამიტომ რუსებმა გარკვეული პერიოდის შემდეგ დევნა შეწყვიტეს.

 

 

 

 

 

ნანახია - 184

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80