კობახიძის ულტიმატუმი - „იქნება პირობები, რომელთა საფუძველზეც გაგრძელდება მუშაობა“
პოლიტიკა

კობახიძის ულტიმატუმი - „იქნება პირობები, რომელთა საფუძველზეც გაგრძელდება მუშაობა“

კობახიძის ულტიმატუმი - „იქნება პირობები, რომელთა საფუძველზეც გაგრძელდება მუშაობა“
თამთა ქარჩავა

2018-04-13 08:30:51

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უკომენტაროდ ტოვებს მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირების საკითხს. უმრავლესობის ის ჯგუფი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს დაუპირსპირდა თვლის, რომ დადგა დრო ამ და სხვა ბევრ საკითხზე ივანიშვილმა დააფიქსიროს პოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე არ საუბარობს და პოლიტიკური პროცესებიდან თითქოს შორს დგას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმრავლეობის სხდომა, სადაც განხილვის მთავარი თემა გუნდში წარმოქმნილი დაპირისპირება იქნება, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართება. ირაკლი კობახიძე ამ ინფორმაციას არც ურაყოფს და არც ადასტურებს. ამბობს, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

„ის არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება პოლიტიკურ პროცესებში მის გამოჩენას. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება და საპირისპირო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამას მთელი პარტიის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა ექნება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

უმრავლესობის შეკრებას ელოდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომლის შეფასებით რა საჭიროა, ზრდასრული ადამიანების ურთიერთობის დალაგებაში ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება პარტიულ დისციპლინას, რომლის გამკაცრებასაც პარლამენტის თავმჯდომარე გეგმავს, დეპუტატი ამბობს, რომ ეს არასწორი გამოთქმაა.

„მგონი ჩვენ საკმაოდ ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ჩვენი გადაკეთება ვინმემ შეძლოს. რა შეეხება შეთანხმებასა და თამაშის წესების დაცვას, ამაზე უნდა ვიმუშაოთ, უნდა შევთანხმდეთ. არავის უნდა ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს კერძო საკუთრებაა, ესაა ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად მოსული პარტია. პარტიის ყოველ წევრს, არამარტო დეპუტატს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი. რას ნიშნავს დისციპლინის დამყარება?! მგონი ეს არასწორი გამოთქმაა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება. დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე პოლიტსაბჭოს შემადგენლობას, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ამაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო და თავად ყრილობა მიიღებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პარლამენტში ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც მისი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება და აქვე აანონსებს, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება იქნება განხილული და ამ განხილვის მიზანი იქნება არა ვინმეს გასამართლება, არამედ მსგავსი დაპირისპირების თავიდან აცილება.

„პარლამენტში ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია. ესენი არიან - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე. პარლამენტში პროცესები იმ იერარქიის შესაბამისად უნდა წარიმართოს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ამას შემდეგ ემატება კომიტეტების თავმჯდომარეები და ასე შემდეგ.

ნორმალური პროცესია, როცა ურთიერთობები იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან - 116-ვე დეპუტატთან უმრავლესობის სხდომების ფორმატში. დისკუსიის ნაკლებობა არ გვაქვს. პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში 20 საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო და 20-ვე საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში სიღმისეული განხილვა გვქონდა. თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. გუნდში არის ძალიან დემოკრატიული პროცესი და ძალიან ხშირად ტარდება თავისუფალი კენჭისყრები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არსებობს იმის რესურსი, რომ ურთიერთობები დალაგდეს, მაგრამ ბუნებრივია, იქნება შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, იქნება პირობები, რომელთა საფუძველზეც გაგრძელდება მუშაობა.

პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ რიგებში დისციპლინის გამკაცრებას გეგმავს და ამბობს, რომ იმ დეპუტატებს, რომლებიც გუნდის ლიდერებს დაუპირისპირდნენ, გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

„უმრავლესობის სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატები შეიკრიბებიან და სანქციებზე იმსჯელებენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის გუნდის რამდენიმე წევრი, რომელმაც შეცდომები დაუშვა, თუმცა გუნდში ძალიან კარგი ვითარება და კარგი სულისკვეთებაა. არის 100-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც მოვლენებს სწორად აფასებს. არის გარკვეული შეცდომები, თუმცა არსებობს რესურსი იმისათვის, რომ ურთიერთობები ამ ადამიანებთანაც დალაგდეს. ბუნებრივია, იქნება შესაბამისი წინაპირობები. ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„ქართული ოცნება“ მთელი შემართებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენ არ გვცალია და არ უნდა გვეცალოს იმისთვის, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გავაჩინოთ. გვაქვს უამრავი საქმე. პარლამენტს გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პირობებს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დაირღვა დისციპლინა, რადგან ადგილი ჰქონდა თანაგუნდელისათვის შეურაცხყოფის მიყენებას, რაც განიხილება და შეფასდება.

„თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, გაგრძელდება შესაბამისი პროცესები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ კონკრეტული წესები გაიწერება და ამ წესებთან მიმართებით გვექნება რეაგირების მექანიზმები. ასეთი წესები ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში არსებობს. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა დაწერილი და დაუწერელი წესების არსებობა. ეს წესები შემუშავდება და ამ წესების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში მისი დასაყრდენი ჯგუფიც დაასახელა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ფორმალურად 50 დეპუტატის ინიციატივა სჭირდება, თუმცა კობახიძის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ხუთი წევრიც კი არ მოიძებნება, რომელიც ამ ინიციატივას დააყენებს.

 

ნანახია - 1041

natali

2018-04-13 09:59:04

"აქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე."


-------------

უფ, ეს რა მაგარი მინისტრია, რა მაგარი რამე თქვაო.:))აღმოაჩინა ამანაც ამერიკა! სულ მაგას ვლაპარაკობ, მაგრამ მინისტრად არავის დაუნიშნივარ, კი ვზივარ აგერ ჩემთვის კუხნაში:)))) ამას თურმე ახლა გაუგია :)))

რა გააკათა სადაც მუშაობდა, ის მითხარით. ბათუმის მატარებელზე ადგილის არჩევის საშუალება არ გაქვს, შანსი არაა 2 ბილეთიიყიდო და ერთმანეთის გვერდით მოხვდეს. სულ გაცვლა-გამოცვლაშია ხალხი. ეს ელემენტარული ვერ გააკეთა წლები განმავლობაში. ასეთ კაცს დავაწინაურებდი კი არა....

antoni

2018-04-13 10:40:07

ულტიმატუმი რა შუაშია? მან თქვა პირობაზე, წესზე, რომელიც ყველასთვის ერთნაირად იქნება. ჟურნალისტებს სკანდალი თუ გინდათ, სულელური სათაური არ კმარა, იმის ნიჭი მაინც უნდა გქონდეთ, რომ ორაზროვნად გასაგები მაინც ათქმევინოთ ვინმეს რამე

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80