როგორ უნდა იქცეოდეს პიონერი
პოლიტიკა

როგორ უნდა იქცეოდეს პიონერი

როგორ უნდა იქცეოდეს პიონერი
მარიამ თოდაძე

2018-04-14 11:30:30

საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღეში ინციდენტის ამოწურვას აანონსებს და საკუთარი წევრებისთვის ქცევის სპეციალურ წესებსაც ჩამოწერს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრობლემა, რომელსაც მათ გუნდში აქვს ადგილი, იმ მასშტაბის ნამდვილად არ არის, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება, მაგრამ ირწმუნება, რომ რამდენიმე დღეში პრობლემები დალაგდება. მისივე განმარტებით, გუნდში განხილვის საგანია შიდა წესების შემოღება და არა სანქცირების მექანიზმის ამოქმედება.

„გუნდის შიგნით შედგა შეთანხმება, რომ ზედმეტი კომენტარები არ იქნება სასურველი, ვიდრე პარტიასა და უმრავლესობაში არ გავმართავთ შეხვედრას. ამ შეხვედრაზე გაირკვევა საკითხები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება. ვფიქრობ, ეს ზედმეტი კინკლაობა არ წაარდგება არც პარტიას და არც ქვეყანას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ შიდა დოკუმენტის მიღებას აპირებს, რომლითაც, როგორც დეპუტატები განმარტავენ, ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა განისაზღვრება.

პარლამენტის თავმჯდომარე, თვლის, რომ არიან დეპუტატები, რომელებმაც დაუშვეს შეცდომები, მაგრამ ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ მათ უმეტესობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს.

მისივე განცხადებით, შეთანხმების საფუძველზე დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით დაიწერება წესები და უახლოეს დღეებში, ძალიან მარტივად მოგვარდება ის მცირე პრობლემები, რომლებიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშია.

„რაც შეეხება დისციპლინის საკითხებს, ჩვენს საერთო შეხვედრაზე მარტივად გადაწყდა, რომ უნდა დაიწეროს წესები. ამ წესებზე მიდის შეთანხმება და დასრულდება ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში... წესები უნდა იყოს დაცული თითოეული დეპუტატის მიერ. ეს არის ის წესები, რომელსაც წესით, დაწერა არც სჭირდება... თუ არ არის საკმარისი დაუწერელი წესები, ეს წესები უნდა დავწეროთ“, - მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.

მისი განმარტებით, უახლოეს დღეებში, შეიძლება შაბათ-კვირასაც, იქნება შეხვედრა და ძალიან მარტივად მოგვარდება ის მცირე პრობლემები, რომლებიც არის დღეს.

რამდენად მტკიცედ შეკრავს კობახიძის წესები უმრავლესობას, ძნელი სათქმელია, თუმცა ისინი, ვინც დაუწერელ წესებსაც ემორჩილებიან, თვლიან, რომ „საფრთხე“, რომელზეც, რატომღაც მეტისმეტად მწვავე რეაქცია წამოვიდა, სინამდვილეში, არ არსებობს.

„მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და არანაირ საშიშროებას იმისა, რომ უმრავლესობა დაიშლება ან ეს შეაზანზარებს ხელისუფლების სტაბილურობას, ნამდვილად ვერ ვხედავ“, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე.

მისივე განმარტებით, არითმეტიკულადაც კი წარმოუდგებელია, 116 კაციანი უმრავლესობა იქამდე მივიდეს, რომ იგი დაიშალოს. დაშლა არის ის, თუ უმრავლესობის წევრთა რაოდენობა 76-ს ქვევით იქნება.

„ვერაფერს გეტყვით, ვინ ვის გაშვებას ინახავს გულში. დიდი იმედი მაქვს, ასეთი აზრები არავის თავში არ მოუვა. მე არ მინდა დავარღვიო კოლეგიალობა, არასდროს ეს სივრცე არ დამირღვევია“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

დედაქალაქის მერიც იმას ამტკიცებს, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს და განმარტავს, რომ გუნდშივე უნდა მოხდეს ყველა საკითხის განხილვა და პოზიციების შეჯერება.

„მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობას დაშლის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ჩვენს ირგვლივ შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან სახელმწიფოებრიობას და შესაბამისად, ჩვენი ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი... ბევრი სირთულე იყო, დღესაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები, თუმცა ჩვენი ერთობით შევძლებთ ამ გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებას, რა თქმა უნდა ხალხთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამგვარი განწყობების მიუხედავად, ძნელი სათქმელია შეიტანს თუ არა ახალ განხეთქილებას გუნდში დაუწერელ-დაწერილი წესების შემოღება, რადგან ცნობილია, რომ ყველა ერთხმად არ იზიარებს აღნიშნულ ინიციატივას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უკვე განაცხადა, რომ რაღაც ქაღალდებით გამაგრება სუსტ ადამიანებს სჭირდებათ.

„თუკი ჩვენი ქცევა ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ვერავითარი საბუთი ვერ დამაკავებს, რომ ამ წესებს დავემორჩილო. თუკი ეს იქნება ჩვენი ამომრჩევლისა და მოქალაქეების ინტერესებში, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ვემორჩილები. ადამიანს გააჩნია სიტყვა, შინაგანი ენერგია და ამით უნდა იხელმძღვანელოს. როდესაც ადამიანი დასმული კითხვების გამო ფილარმონიიდან გარბის, რა უნდა ვქნათ, საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა?! ქაღალდზე დაწერილი ქცევის წესები მე არ მჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ.

ნანახია - 1500

Munji

2018-04-15 21:46:52

უჰ, მადლობა ღმერთს!
ამ უმრავლესობის დაშლას რომ წარმოვიდგენ, ლამის სისხლი ჩამექცეს თავში!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80