საკანონმდებლო პაკეტი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ
საზოგადოება

საკანონმდებლო პაკეტი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

 საკანონმდებლო პაკეტი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ
თამთა ქარჩავა

2018-04-14 15:30:45

სუს-ის ანგარიშის შემდეგ, „ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ სპეციალური საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ინიციატივით გამოდის. პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე პროდასავლურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვას სთავაზობს. უმცირესობის წევრები აპირებენ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტს წარუდგინონ საკანომდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას აღკვეთს.

როგორც კაპანაძე აცხადებს, ქვეყანაში საკმაოდ გააქტიურებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსული პროპაგანდა და რუსული რბილი ძალა. მისი თქმით, ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ პრორუსულ გზავნილებს, არამედ არიან რუსული იდეების გამტარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები. ასევე, საქართველოში პრორუსული განწყობის მქონე მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა.

„პრორუსული პროპაგანდის გაზრდა პირდაპირ ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში. ეს გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო რამდენიმე თვეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სახსრები გაედინება ისეთ გამომცემლობებსა და რედაქციებში, რომლებიც პრორუსულ და ქსენოფობიურ პოლიტიკას ატარებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსულ ტელეარხებს უხდიან ფულს სარეკლამო რგოლების განსათავსებლად. ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოდის „გაზპრომ-მედია“ თავისი საკმაოდ დიდი პაკეტით, „ენ-ტე-ვე პლუსით“, რაც არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის“, -  განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორც კაპანაძემ განმარტა, მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებებისათვის დაფინანსების შეზღუდვა და ასევე რუსული მაუწყებლობის შეზღუდვა. როგორც კაპანაძე აცხადებს, ქვეყანაში ე.წ. რუსული რბილი ძალა ძლიერდება და აუცილებელია კონტრზომების მიღება.

„რუსული მედიასაშუალებებისა და მოსკოვიდან დაფინანსებული არასამთავრობოების ძალისხმევით, საზოგადოების ნაწილი კრემლის პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცა. საქართველოში, სამწუხაროდ, გაიზარდა პრორუსული განწყობების მქონე მოსახლეობის რაოდენობა. ეს აქტივობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაადასტურა ასევე უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ გამოცემულ ანგარიშში პირდაპირ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის საფრთხე საქართველოს წინაშე არსებობს.

საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებთ და იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება ეყოფა უმრავლესობას და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო კანონმდებლობის გზით რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ წავიდეს, ანუ შეებრძოლოს რუსულ პროპაგანდას“, -აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.

საფრთხეებისა და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოში მაუწყებლობას იწყებს რუსული „НТВ-плюс“. ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწინავე რუსული მედია ჰოლდინგის, „გაზპრომ მედიას“ ოპერატორი „НТВ-плюс“,  საქართველოს ფასიანი ტელემაუწყებლობის ბაზარზე გავიდა. კომპანია საქართველოში მაუწყებლობას, ბიზნესის გარდა, სოციალურ მისიადაც განიხილავს. როგორც ირკვევა ტელეკომპანიამ რეგისტრაცია ორი წლის წინ გაიარა. თუმცა, ახლა მისი რეგისტრაცია უკვე სამეწარმეო რეესტრში უნდა მოხდეს.

ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველოში საკმაოდ ძლიერია რუსული პროპაგანდა და საქართველოს მასშტაბებისთვის საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს. შესაბამისად, მისი თქმით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტის შექმნა არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს.

„ეს დიდი ხნით ადრე უნდა გაგვეკეთებინა. მას შემდეგ, რაც გვექნება საკანონმდებლო პაკეტი, უკვე უნდა გაიწეროს სამოქმედო გეგმა და შეიმუშაონ სტრატეგია, როგორ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას. ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, ლამის მთელი მსოფლიოს პრობლემად გადაიქცა რუსული პროპაგანდა და განსაკუთრებით დასავლეთისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაგვიანებულიც არის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის არსებობა ბევრ რამეს შეცვლის და პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რუსული პროპაგანდის გავლენა.

„ეს არის რუსული ფინანსების შემოდინება საქართველოში, ელექტრონული მედია. არ ვიცი ტექნიკურად რამდენად შეგვიძლია ამის აღკვეთა, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია ფინანსების შეზღუდვა - როგორ უნდა შევზღუდოთ ის ფულადი შემოდინებები, რომელიც აფინანსებს რუსულ პროპაგანდას.

ამ ხვრელების ამოსავსებად აუცილებელია საკანონმდებლო ბაზა. გვინდა არ გვინდა, ფული საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროპაგანდაში. მთავარი მიზანი უნდა იყოს რუსული პროპაგანდის შესუსტება. ამ მხრივ ჩვენ გამოუცდელი ვართ. ამიტომ სასურველია ვიმუშაო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, გაგვიზიარონ გამოცდილება“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პროპაგანდისტული, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის საერთო ბრძოლის ელემენტები. მისი თქმით, გარკვეული ზომები მისაღებია პროპაგანდისტული ომის წინააღმდეგ, მაგრამ არის მეორე პრობლება.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაშინ რითი უნდა განვსხვავდებოდეთ იმ ძალებისგან, რომლებიც უშუალოდ ახშობენ პროპაგანდას. ვნახეთ, რომ რუსეთმა შეზღუდა პროპაგანდისტული ქმედებები, მიიღო კანონი, რომელიც მიხედვით ყველა მედია და ა-ო რომელიც გრანტით ფინანსდებოდა, პირდაპირ შერაცხა უცხო ქვეყნის აგენტებად. ჩვენ თუ დავემსგავსებით რუსეთს, მაშინ კი ბატონო. მაგრამ თუ შევზღუდავთ ინფორმაციის მიღების უფლებას, მაშინ ჩვენ ვხვდებით რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის აპოლოგეტი“, - აცხადებს ვახტანგ მაიასია.

ექსპერტი სააკაშვილის რეჟიმის დროს რუსული სიმღერების აკრძალვის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ მიუხედავად აკრძალვისა და 500 ლარიანი ჯარიმისა, ამ აკრძალვამ გააძლიერა ლტოლვა რუსული სიმღერებისკენ.

„ამგვარი ტიპის ავტორიტეტული კანონის მიღებას არ მივესალმები. ეს რუსეთის წისქვილზე დაასხმას წყალს და შეიძლება ამაზეც იყოს გათვილი, რომ ასეთი ნაბიჯისკენ უბიძგოს ჩვენს ხელისუფლებას და პირიქით, უფრო მეტად გაიზარდოს კრემლის გავლენა საქართველოში. სხვა მომენტია როდესაც რუსეთი შემოდის მედია ბაზარზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება. „НТВ-плюс“ პირდაპირ კრემლის რუპორია, მაგრამ რა დააშავა ოპოზიცურმა არხებმა?!

კონტრპროპაგანდა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს გზა აირჩია დასავლეთმა. როდესაც აშშ-მა „რაშენ თუდეის“ წინააღმდეგ სანქციები გამოიყენა, მერე მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა დამღუპველი და პირიქით, თანხები გამოყვეს იმისათვის, რომ შექმნილიყო სპეციალური რუსულენოვანი ტელევიზია. „რადიო თავისუფლებამ“ გააკეთა რუსულენოვანი არხი, საიდანაც ძალიან ოსტატურად ახორციელებს რუსული პროპაგანდის ელემენტების ჩახშობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის, რაზეც „ნაცინალური მოძრაობის“ აპალოგეტები საუბრობენ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ნანახია - 1018

romani

2018-04-14 22:21:55

რამდენადაც, სამწუხაროდ, დასუსტდება დასავლეთის პოლიტიკური კულტურა, დაკნინდება, და, სულ უფრო ხშირად, მწარე ირონიულ ღიმილს გამოიწვევს მათი ქმედებები. მით უფრო გაძლიერდება ე.წ. "რუსული პროპაგანდა", "ჰიბრიდული ომი" და ა.შ. მხოლოდ მცდელობაა გაამართლონ უსუსური და არაადექვატური პოლიტიკა, რომელსაც,ვიმეორებ, სამწუხაროდ, დღესდღეობით, დასავლეთი ატარებს.

tngh

2018-04-16 11:02:41

რად უნდა ამას ბევრი ფიქრი და ბჭობა... მარტივად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ვინც რუსეთის არხებს უყურებს, "ნაც-ოპოზიციის", "მეგრანტეებისაგან" და თვითმარქვია "ექსპერტებისაგან" დაკომპლექტებულმა "ტროიკამ", უნდა მიუსაჯოს დახვრეტა. ვინც გაბედავს, და სხვას გაანდობს იმ არხებზე მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას, ულაპარაკოდ ჩამოხრჩობა. განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, გელიოტინა!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80