რამდენად ამართლებს თბილისის ნომერ პირველი თავშესაფარი თავის სახელს?!
საზოგადოება

რამდენად ამართლებს თბილისის ნომერ პირველი თავშესაფარი თავის სახელს?!

რამდენად ამართლებს თბილისის ნომერ პირველი თავშესაფარი თავის სახელს?!
მანანა ნოზაძე

2018-04-14 22:00:36

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციის გარდა, თბილისის მეტრო საევაკუაციო ქსელიცაა და დაბომბვის შემთხვევაში საუკეთესო თავშესაფრად ითვლება. ალბათ, ამიტომაც საბჭოთა პერიოდში მეტროპოლიტენი ატარებდა ფორტის სტატუსს, ოფიციალური სახელწოდებით „ოქტომბრის რევოლუციის სახელობის ფორტი“. თბილისის მეტრო დაყოფილია სამოქალაქო თავდაცვით სექტორებად, რომლებიც ერთმანეთისგან ჰერმეტული ჭიშკრებითაა გამოყოფილი. გარდა ამისა, მეტროპოლიტენს გააჩნია რამდენიმე სარეზერვო გამოსასვლელი.

ხიდებისა და გვირაბების მხცოვანი სპეციალისტი აბესალომ ყურაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მეტრო დღესაც გამოდგება თავდაცვით ნაგებობად და მოსახლეობის 60-65%-ს დაიტევს. მით უმეტეს, რომ თბილისის მეტროში ბევრი გვირაბია და ნაძალადევიდან სამგორამდე მანძილი სულ გამოთხრილია. მეტროსადგურის ესკალატორების სიგრძე თავად მეტყველებს იმ ფაქტზე, თუ რომელ სადგურზე რამდენია გათხრილი, ზოგან 60 მეტრია, ზოგან კი-60-80. სადგურები და გვირაბები კიდევ უფრო ღრმაა.

იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველა სცენარისთვის, საინტერესოა, რამდენად გამოდგება ჩვენი მეტროსადგურები თავდაცვის მიზნით?

„ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი For.ge-სთან საუბაში აცხადებს, რომ თბილისის მეტრო ნამდვილად მოსახლეობის ევაკუაციაზე იყო გათვლილი და ეს გახლდათ თბილისის ნომერ პირველი თავშესაფარი. ამისთვის მეტრო აღჭურვილი იყო სპეციალური სისტემებით, რომლებიც საგანგებო და საომარ ვითარებაში შეძლებდნენ მოსახლეობის შეფარებას და დაცვას, მათ შორის, დაბინძურებული ატმოსფერული ზემოქმედებისგან, თუკი მტრები მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ ქიმიურ და ბირთვულ იარაღს. ამდენად, მიწისქვეშა სივრცე არა მხოლოდ მოსახლეობას შეიფარებდა და აფეთქების ტალღისგან დაიცავდა, არამედ გარკვეული პერიოდით გარესამყაროსგან მათ იზოლირებასაც მოახდენდა, რაც ბირთვული აფეთქების შემდეგ იზოტოპების ნახევარდაშლის პერიოდს დასჭირდებოდა. დაახლოებით ორ დღეში ხალხი შეძლებდა მიწისქვეშა თავშესაფრიდან გამოსვლას.

„მეტროში დღესაც არის აღჭურვილობები, რომლებიც ჰერმეტულად იკეტება და ჰაერს არ უშვებს მეტროპოლიტენის ობიექტებში. სადგურებში, ჩასასვლელებში არის სპეციალური კარები დამონტაჟებული ბაქნის ქვეშ, რომელიც ამოდის და ჰერმეტულად კეტავს სადგურს. ასეთი სისტემები ყველა მეტროსადგურში იყო, თუმცა ე.წ. მცირე ჩაწოლის სადგურების დაცულობის დონე ნაკლებია. ასეთია საბურთალოს ხაზი, სადაც ესკალატორი არ არის, პირდაპირ ჩავდივარ კიბით მეტროში და გაცილებით ახლოსაა ზედაპირთან. ამ გვირაბებში სუფთა ჰაერი ხვდებოდა სპეცობიექტებიდან, სპეცობიექტები იყო სავენტილაციო შახტები, რომლებშიც ჰაერი გადიოდა სპეციალურ ნახშირის ფილტრებში და ამის შემდეგ ნახშირის ფილტრების მეშვეობით იწმინდებოდა ქიმიური თუ რადიაციული მინარევებისგან და სუფთა ჰაერი მიეწოდებოდა. ამ შემთხვევაში, ეს ცენტრალიზებულად იმართებოდა.

სამოქალაქო თავდაცვის სისტემა, რომელიც მეტროში იყო, ამ ყველაფერს უზრუნველყოფდა. დღეს ამ მხრივ რა ვითარებაა, ამის თქმა გამიჭირდება. ვეჭვობ, როგორც ყველაფერი, რაღაც მუშაობს, რაღაც არ მუშაობს. გააჩნია, რას ვგულისხმობთ თავშესაფარში, კარგ სიტუაციაში მოსახლეობას არ სჭირდება თავშესაფარი. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ეს არის საგანგებო ვითარება, ქალაქის საავიაციო დაბომბვა კონვენციური შეიარაღებით (ანუ არა ბირთვული, არა ქიმიური, არამედ ჩვეულებრივი ავიაბომბებით), ამ შემთხვევაში, მეტრო თავისუფლად შეიფარებს მოსახლეობას“,-აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.

მისივე თქმით, მეტრო საუკეთესო თავშესაფარია, თუმცა დღეს ბირთვული იარაღის გამოწვევები იმდენად არ დგას, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს ცივი ომის პერიოდში შეიძლება ყოფილიყო. ასე რომ, კონვენციური ომისთვის მეტრო მზად არის, ის ყოველთვის იქნება მზად ამისთვის, რადგან მიწისქვეშ ღრმად განლაგებულია და აფეთქების ტალღები სადგურების უმეტესობამდე ვერ მიაღწევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი For.ge-სთან საუბაში აცხადებს, რომ თავის დროზე, როცა თბილისის მეტრო შენდებოდა, ის საერთოდაც არ იყო ჩაფიქრებული, როგორც მეტროსადგური. მისი პირველი დანიშნულება ის იყო, რომ ადამიანებს თავი შეეფარებინათ. შემდგომში მას უკვე მეტროს დანიშნულება მიანიჭეს.

„ვერ გეტყვით, თბილისის მეტრო დღეს რამდენად გამოსადეგია სამოქალაქო თავდაცვისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ის დღემდე სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელოვან ობიექტად რჩება. ბოლო პერიოდში არ გვახსოვს შემთხვევები, რომ თუნდაც უცხოეთის რომელიმე ქვეყნის მეტროსთვის ხალხს თავი შეეფარებინოს. თუმცა საამისო დანიშნულება უცხოეთის მეტროებსაც ექნებათ. ის, რაც მე ვნახე სტოკჰოლმში გასული წლის ოქტომბერში, გასაოცარი იყო. მაქსიმალურად დაცული იყო მეტროს უსაფრთხოება არა მარტო მგზავრობის თვალსაზრისით, არამედ ზუსტად ტერორისტული აქტების თვალსაზრისით და თითქმის ყველა მეტროსადგურთან პოლიცია იყო მობილიზებული. ისინი აკონტროლებდნენ სიტუაციას, რადგან, როგორც წესი, მოსახლეობის თავშეყრის ადგილები ხშირად ტერორისტული აქტების სამიზნედ იქცევა ხოლმე“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

 

ნანახია - 1554

natali

2018-04-14 22:26:52

ხოო, წერეთლის მეტრო მწვანე პლასტმასებით რომ მოაპირკეთა უგულავამ (ნეტავ ვის ჰქონდა იმ ჩემი ცოდვით სავსეს პლასტმასების ბიზნესი, სხვა ფერი მაინც ჩამოეტანა, მაგრამ რაღაც ნარჩენებს უფრო ჰგავს:)))რაც ჰქონდა ის გააკრა და იმაში აიღო ფული), აი ის პლატმასები რომ აბოლდება, ვინმე გამოვა მერე იქიდან ცოცხალი არა?

tngh

2018-04-16 13:03:44

ნატალი!!! კიდევ კარგი, რომ ბევრს გვახსოვს ვის დროს მოხდა "მეტროს" სადგურების პლასტმასებით "მოპირკეთება", თორემ "ნაც-ოპოზიციას" იმის მცდელობაც ჰქონდა ესეც ნარმანიასთვის გადაებრალებინა...

leviko

2018-04-16 13:29:08

მოიცა რა ომის დაწყებას ემზადებით თუ რა, რა გჭირთ აკი მაღალი ამერიკა დაგვიცავსო

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80