მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა
დაიჯესტი

მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა

მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა
"რეზონანსი"

2018-04-16 13:27:13

"მისია შესრულებულია!" - დონალდ ტრამპმა მუქარა შეასრულა და სირიაში ქიმიური შეტევის საპასუხოდ აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ 100-ზე მეტი რაკეტით დაიბომბა ბაშარ ასადის სამხედრო და ქიმიური ობიექტები. ახლა ჯერი რუსეთზეა, რომელიც ასევე იმუქრებოდა, რომ სირიაში რაკეტების გაშვების შემთხვევაში იქნებოდა საპასუხო დაბომბვა, მაგრამ ჯერ მხოლოდ აღშფოთებული განცხადებებია და საუბარი იმაზე, რომ მოსკოვი დამასკოს "ეს-300"-ებს გადასცემს. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის არმიის გენშტაბი იმუქრებოდა, რომ ამერიკულ რაკეტებსაც ჩამოაგდებდა და მათი გაშვების წერტილებსაც გაანადგურებდა. თუმცა, 14 აპრილის ღამეს რუსებს მსგავსი არაფერი მოუმოქმედებიათ. გენშტაბში განაცხადეს, რომ არც ერთი რაკეტა არ შესულა მათი პასუხისმგებლობის ზონაში და შესაბამისად, არც მათი ჩამოგდება უცდიათ. ხოლო ამ რაკეტების გაშვების წერტილების დაბომბვის მუქარა ავიაიერიშის შემდეგ რუსებს არც გახსენებიათ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა / "რუსეთს მოკავშირე დაუბომბეს და აშშ უკვე მეორედ ახდენს ასეთ დარტყმას, რაც რუსეთისთვის სახეში გალაწუნებაა".

"ის, რომ სირიაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების დარტყმას ფართომასშტაბიანი ომი არ მოჰყვებოდა, თავიდანვე ნათელი იყო. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს იყო დასავლეთის მხრიდან რუსეთის ბოლო გაფრთხილება და ძალის დემონსტრაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროსთან სულ უფრო იზრდება ამერიკული სამხედრო ფლოტის კონცენტრაცია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ავიადარტყმის შემდეგაც დასავლეთი სირიაში არაფრის დათმობას არ აპირებს და რუსეთი შესაძლოა იძულებული გახდეს შეწყვიტოს პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერა. ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი ამ საჰაერო იერიშის შემდეგ კვლავ ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობაზე საუბრობს, რადგან მოლოდინია, რომ რუსეთისთვის პრესტიჟის საკითხია საპასუხო ნაბიჯის გადადგმა. ექსპერტების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ რუსეთი ამ სირცხვილის ლაქის ჩამოსარეცხად ვერანაირ ქმედით ნაბიჯს ვერ გადადგამს და ეს უკვე მეორე სილის გაწნაა აშშ-ისგან, რადგან ჯერ კიდევ თებერვალში ამერიკულმა სამხედრო გამანადგურებლებმა დაბომბეს რუსული დაქირავებული მებრძოლები, ახლა კი უშუალოდ მისი მოკავშირე - ბაშარ ასადის პოზიციებიც", - აღნიშნავს გამოცემა.

"საერთაშორისო კოალიციამ - აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის სამთავრობო პოზიციები ზღვიდან და ჰაერიდან 14 აპრილს გამთენიისას დაბომბეს. 50 წუთის განმავლობაში ასადის რეჟიმის ქიმიური ობიექტების მიმართულებით 105 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. სამიზნე სირიის ქიმიური იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული კონკრეტული ობიექტი გახდა. დამასკოს მახლობლად მდებარე ქიმიური იარაღის მწარმოებელი სამეცნიერო ცენტრი 76 რაკეტით, მათ შორის 57 ტომაჰავკით გაანადგურეს. პენტაგონის მტკიცებით, წარმატებული იყო იერიშები ჰომსის რაიონში მდებარე ქიმიური იარაღის ორ საწყობსა და სამეთაურო პუნქტებზეც. ასევე დაიბომბა აეროპორტები დამასკოსა და აღმოსავლეთ გუტაში. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, ობიექტის შერჩევა ისე მიმდინარეობდა, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო. პენტაგონის განცხადებით, "რაკეტებმა წარმატებით გაანადგურეს თითოეული შერჩეული სამიზნე". მოკავშირეების თქმით, ეს იყო პასუხი სირიის ხელისუფლების ქმედებაზე, რომელიც 7 აპრილს მშვიდობიან მოსახლეობას ქიმიური იარაღით თავს დაესხა და ათობით ადამიანი დახოცა. სხვადასხვა მონაცემი სახელდება სირიის თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული რაკეტების შესახებ. დასავლეთის მონიტორინგის სამსახურები საუბრობენ 16, ხოლო რუსული და სირიული მონაცემებით 71 ჩამოგდებულ რაკეტაზე. ოპერაციის დაწყების ბრძანება დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვის დროს გასცა. ოპერაციის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო "იდეალურად შესრულებული დარტყმა" და მადლობა გადაუხადა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს "სიბრძნისა და სამხედრო ძლიერებისათვის"", განაგრძობს გამოცემა.

"უკეთესი შედეგი არც შეიძლება, ყოფილიყო. მისია შესრულებულია!" - დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობა "სწორი და კანონიერი" იყო და დამასკოს ეჭვი არ უნდა შეეპაროს დიდი ბრიტანეთის მტკიცე პასუხში ქიმიური იარაღით ახალი შეტევების შემთხვევაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სირიაზე დარტყმების მეორე ფაზა არ იქნება, ვინაიდან დასახული მიზანი მიღწეულია - სამიზნეებს ბაშარ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის მარაგი წარმოადგენდა. საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ იერიშს მხარდაჭერა გამოუცხადეს ნატო-მ, ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა, თურქეთმა, გერმანიამ, კანადამ. აღშფოთებული განცხადებები ისმის სირიიდან, ირანიდან და რუსეთიდან. თავად ასადის რეჟიმი დასავლეთს სირიაში ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ შეტევის დროს გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჰაერშივე გაანადგურეს. ოფიციალური დამასკოს პოზიციას იზიარებს მოსკოვიც", - დასძენს გამოცემა.

"რუსეთის ელჩმა აშშ-ში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოქმედებები სირიაში უპასუხოდ არ დარჩება და რომ რუსეთის პრეზიდენტის ასეთი შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც სპეციალური ბრიფინგიც კი გამართა 71 ჩამოგდებულ ამერიკულ და ბრიტანულ რაკეტებზე, საპასუხო ნაბიჯზე არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც, განაცხადა, რომ კოალიციის რაკეტები რუსული ბაზების მიმართულებით არ გაშვებულა და ამიტომაც რუსეთს თავდაცვის სისტემები არ გამოუყენებია. ამით მათ ერთგვარად მიანიშნეს, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში, დიდი ალბათობით, ჩართული არ იქნება. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, დასავლეთმა ვლადიმირ პუტინს გეოპოლიტიკური დარტყმა მიაყენა და ეს ავიაიერიში იყო სილის გალაწუნება რუსეთისთვის", - წერს სტატიის ავტორი.

"შემდეგ არაფერი არ იქნება. თუ ასადის რეჟიმი კიდევ არ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს და არ მოახდენს პროვოცირებას დემოკრატიული ძალების, კოალიციის ძალების, ამ დიდი შეტევით ეს ფაზა ამოწურულია და ამის იქით არაფერი არ მოხდება. ეს იყო ფსიქოლოგიური, გეოპოლიტიკური დარტყმა, შეიძლება ვთქვათ, გეოფსიქოლოგიური დარტყმა რუსეთისადმი. აშშ-მა მოსკოვს დაანახვა, რომ ის სიტყვას ასრულებს, როდესაც დაიმუქრა, რომ გაანადგურებდა იმ წერტილებს, საიდანაც მოხდა ქიმიური შეტევა და ამით გეოპოლიტიკური დარტყმა მიაყენა და მოუგო მოსკოვს. მართალია, აქ ერთი ნიუანსია - რუსული გავლენის ზონებში არ მოხდა რაკეტების გაშვება, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთს მოკავშირე დაუბომბეს და აშშ უკვე მეორედ ახდენს ასეთ დარტყმას, რაც რუსეთისთვის სახეში გალაწუნებაა. სამხედრო კუთხით არავითარი ზარალი არ ყოფილა, სამაგიეროდ გეოპოლიტიკური კუთხით ამას ჰქონდა ძალიან დიდი მორალური დარტყმის ეფექტი რუსეთის ფედერაციის მიმართ", - განმარტავს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ნანახია - 357

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80