საზღვარგარეთ ლეგალურად სულ უფრო მეტი ქართველი დასაქმდება
საზოგადოება

საზღვარგარეთ ლეგალურად სულ უფრო მეტი ქართველი დასაქმდება

საზღვარგარეთ ლეგალურად სულ უფრო მეტი ქართველი დასაქმდება
მანანა ნოზაძე

2018-04-16 16:00:34

დასავლეთი მხოლოდ ქართველების ექსტრადირებისთვის არ იცლის. როგორც ჩანს, დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოდან ადამიანების ლეგალური ჩასვლა, რომლის გარანტორიც ჩვენივე ქვეყანაა.

უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში სპეციალური ბაზა შეიქმნება. ჯანდაცვის სამინიტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ ერთიან ბაზაში ყველა მსურველის მონაცემები განთავსდება, რათა უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს ეს ადამიანები და დაასაქმოს.

ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის პროექტის ფარგლებში შარშან გერმანიამ საქართველოდან ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც დაუფინანსა. ლეგალურ მიგრანტებს ხშირად სთავაზობენ დასაქმებას სასტუმროების ბიზნესის სპეციალისტის, ადმინისტრატორის, ბარმენის პოზიციაზე. ასევე, პერსპექტივა აქვთ სამშენებლო სფეროში დასაქმებულებს, ელექტროშემდუღებლებს.

შესაძლოა, ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის ფარგლებში ისრაელმაც დაიწყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა და ათი თვით დასაქმების საშუალება მისცეს ჩვენს უმუშევრებს. ეს ნიშნავს, რომ მუშაობა გახდება ლეგალური და ჩვენს მოქალაქეებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, საზღვარგარეთ მიიღონ ის ანაზღაურება, რასაც ადგილობრივი მოქალაქეები იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს ცირკულარული მიგრაციის ვალდებულება აქვს აღებული. ამ მიზნით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროში წარადგინოს განაცხადი და გაიაროს კონსულტაცია. სამინისტრო მათ დაეხმარება, რათა კაბალურ პირობებში არ აღმოჩნდნენ უცხოეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგალური მიგრაცია უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, ხომ არ მოხდება მიგრაციის წახალისება უკვე სახელმწიფოს მხრიდან?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა კარგი ცხოვრებისგან არ მოდის, მაგრამ ორგანიზებული მიდგომაა და ჩვენს მდგომარეობაში მისასალმებელია, რადგან, ელემენტარულად, მიგრანტებს იმის შიში მაინც არ ექნებათ, რომ უცხოეთიდან უცებ გამოყრიან. ევროპაში სჭირდებათ მედდები, ექთნები, სანტექნიკოსები, ჩვენებიც წავლენ და იმუშავებენ.

„ძირითადად ჩვენგან მიდის მაინც არაკვალიფიცირებული მუშახელი. გულახდილად ვთქვათ, ვინ გარბის უცხოეთში? სოფელში მცხოვრები ქალები, სოფლები დაიცალა. მიდიან ქალები, რომელთაც შეუძლიათ 80-90 წლის ჩავარდნილ ავადმყოფებს მოუარონ. ორი დღის წინ საფრანგეთმაც გამოაცხადა, რომ ორჯერ გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელ ქართველთა რაოდენობა და საფრანგეთის მთავრობამ ამის გამო შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ უფრო ადრე გერმანიამ განაცხადა. ეტყობა, ჩვენი მთავრობაც ეძებს უკეთეს გამოსავალს, მაგრამ უცხოეთში საკუთარი ხალხის გაგზავნის ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, იმაზე ეფიქრათ, საქართველოში როგორ შექმნიდნენ სამუშაო ადგილებს. ის კი არ არის მთავარი, ქვეყანა დაინგრევა თუ არა, გედი ფოფხაძემ რომ დატოვოს უმრავლესობა, ეს უკვე ანეკდოტამდე მიდის. ვერ გავიგე, ვინ დააჯერა კვირიკაშვილი, რომ, თუ გედევან ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას, ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედია იქნება“?! -აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების ფაქტს დადებითად აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. ჩვენთან საუბარში ის აცხადებს, რომ უცხოეთში წასვლის მსურველთა მოთხოვნები შეჯერდება, მოხდება კვოტირება და, შესაძლოა, ამან უფრო შეამციროს არალეგალური მიგრაცია. მით უმეტეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველომ პირდაპირი ვალდებულება აიღო, რომ თავადვე მიხედოს ჩვენს მიგრანტებს. ჩვენი სახელმწიფო იხდის თანხას, რომ უცხოეთიდან ჩამოიყვანოს საკუთარი არალეგალი მიგრანტები. ამიტომ ამ ადამიანების საქართველოში იძულებითი დაბრუნება აუცილებლად მოხდება.

„სამჯერ ჩამოვედი პოლონეთიდან და სამჯერვე, სულ მცირე, 30-მდე არალეგალი მიგრანტის თანხლებით მომიწია მგზავრობა ვარშავიდან თბილისამდე. ახლა უკვე იწყებენ სერიოზულად მიხედონ არალეგალ მიგრანტებს. უნდა მოხდეს კვოტირება და გაჯერება ამ ბაზრის, რაც ევროკავშირის იმპერატიული მოთხოვნაა. ცივილიზებული დამოკიდებულებაა, როცა სახელმწიფოა ჩარეული ამ საქმეში და საკუთარ მოქალაქეებს უშვებს სამუშაოდ საზღვარგარეთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არალეგალი მიგრანტები იურიდიულად არაფრის მქონე პიროვნებები არიან, მათი უფლებები იმდენად დარღვეულია, რომ ზოგჯერ შეიძლება გასამრჯელოც ვერ მიიღონ. მათ არ აქვთ სოციალური დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, რაც აუცილებელი კომპონენტია. 4-5 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ვიცი, ეს რას ნიშნავს. დაზღვევის არმქონე პიროვნება ფაქტობრივად არაფერი არ არის, მას არაფერი შეუძლია და სამედიცინო მომსახურებაც მისთვის 3-5 ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სამედიცინო დაზვევის პირობებში. ეს ყველაფერი დარეგულირდება იმით, რომ ჩვენი მიგრანტრების ბედს ჩვენივე სახელმწიფო გადაწყვეტს. ამით მოგვეცემა საშუალება, ჩვენმა მოქალაქეებმაც ისეთივე პირობები მიიღონ საზღვარგარეთ, როგორსაც უცხოელები იღებენ საკუთარ ქვეყანაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ამასთან, ეჭვობს, რომ ლეგალურ მიგრანტთა ხელშეწყობა საქართველოდან მიგრაციის ნაკადზე იმაზე მეტად აისახოს, როგორც ეს ზოგადად არის. იმის გათვალისწინებით, რომ მიგრაციის პრობლემა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ლეგალური მიგრაციის პირობებში უფრო მეტად შეგვეძლება ჩვენი მოქალაქეების დაცვა. კარგია, რომ სახელმწიფო ამის გარანტორია, რადგან უცხოეთში უბედურება რომ მოხდეს და ლეტალური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, ჩვენი სახელმწიფო პირდაპირ აიღებს ყველაფრის ვალდებულებას. ისე არ მოხდება, როგორც ადრე ჭირისუფლები სახელმწიფოს ეხვეწებოდნენ, დახმარებოდა ოჯახის წევრის გადმოსვენებაში.

ვახტანგ მაისაიას აზრით, უამრავი ხალხია საქართველოდან წასული სამუშაოს საძებნელად, ამიტომ საზღვარგარეთ მათი ცხოვრება ჰუმანიზირებული უნდა იყოს.

ნანახია - 1526

serapina

2018-04-16 16:40:45

ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს(ათას სისულელეს გააკეთებს, სულერთია რა ფინანსები წავა მოუსვლელში)რომ არ მიხედოს განათლებას!
ერთის მხრივ,ვირეშმაკოლოგების სურვილია ასეთი...
ხოლო მეორეს მხრივ, თავად ხელისუფლება ხეირობს ამ საქმით.

გამოსავალი არის, როგორც კომუნიზმის ეპოქაში იქცეოდა მცოდნე ქართველი... ოღონდ, ამ უკანასკნელს, სამსახურებში არ ასაქმებენ(მათი კვალიფიკაცია ვის აინტერესებს,თუ ხელისუფლებაში კაცი არ ჰყავთ?!) და შედეგიც გვაქვს შესაფერისი!
ჩვენი ბრალია,რაც გვჭირს!

Maverick

2018-04-16 20:05:08

სერაფინა, ეს სამთავრობო მიდგომა უმუშევარ, მათხოვრულ დახმარებაზე მყოფთა და უსახსროდ დარჩენილთათვის თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა გახდეს ჩაწყობა, გამოძალვის, ჩინოვნიკების მუქთი შემოსავალისა და გამდიდრების წყარო.

თუმცა, ეს ისევ ხალხზეა დამოკიდებული. თუ კვლავ "კომუნზმის" ეპოქიან მიღებული გამოცდილების მიხედვით მოიქცევიან, ჯიბებში და უჯრებში კონვერტების ჩადებას გააგრძელებენ, უკონვერტო ადამიანებსაც დააზარალებენ და თავიანთ ოჯახებსაც!...

Maverick

2018-04-16 20:07:21

მიმცემსაც და ამღებსაც კანონი ერთნაირად უნდა შეეხოს!

ბაბაია

2018-04-17 14:03:27

საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება მრავალი ოჯახის გადარჩენაა !! ნამდვილად საჭირო საქმეა და აქ ისმის კითხვა რატომ დღეს და არა 3- 6 9 და 10 წლის უკან არ იყო ამ მიმართულბით მუშაობის მზაობა? ძალიან დაგვიანებულია, ძალიან და ეს ამხელს თუ რამდენად არ აინტერესებს სახელმწიფოს ადამიანი , მოქალაქე. უნდა მოეთხოვა,მუხლები უნდა გადაეტყავა მზრუნველ მთავრობას რათა ხალხს შეშველებოდა,უნდა გვეცადა მიზანმიმართულად დაგვესაქმებინა ნიჭიერი, შრომისმოყვარე პატიოსანი ადამიანები საზღვარგარეთ რათა სამშობლოში შემდგომ იმ ცოდნის და უნარების,პირადი კონტაქტების გამოყენებით გაემართა საქმე და თანამემამულეებსაც დახმარებოდა,შრომისმოყვარე, ნიჭიერ ადამიანებს შეუძლია ფეხზე დააყენოს ქვეყანა! ახლაც დიდია ეჭვი რომ ეს მხოლოდ პიარია და რეალურად ვიწრო ადამიანთა წრის ინტერესებს ეხება , რომლებიც საკუთარი გამორჩენის მიზნით საკუთარ "ბიზნესს" იწყობს და რაც მთავარია არასოდეს ჰყოლია საქართველოს მთავრობა რომელსაც ხალხის ნდობის მანდატი ექნებოდა, ის კი არა მახსოვს შევარდნაძის საქართველოში არც დენი არც წყალი, გაზი რომ არ გვქონდა ამ გაჭირვებით როგორ ითბობდა ხელს მავანი როდესაც ნავთსაც კი რომელიც აქვე აზერბაიჯანიდან მოჰქონდათ ხუთმაგ ფასში ჰყიდდნენ და მკაცრად აკონტროლებდნენ რომ ერთი ბიდონიც არ შემოსულიყო დახარკვის გარეშე, ადამიანთა გაჭირვებას იყენებდნენ გასამდიდრებლად და შეიცვალა რამე ?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80