„არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს, გარისკოს და დაუპირისპირდეს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს, გარისკოს და დაუპირისპირდეს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე“

„არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს, გარისკოს და დაუპირისპირდეს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე“
ლალი ზირაქიშვილი

2018-04-27 08:30:57

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. საზოგადოებაც, ბუნებრივია, საკუთარ დასკვნებს გამოიტანს, ახალ იმედებს დაისახავს ან საბოლოოდ ჩაიქნევს ხელს - როგორ შეიძლება აღიქვას საზოგადოებამ ეს ნაბიჯი და რეალურად რა შეიცვლება ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლით, ამ თემაზე ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე გვესაუბრება.

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ბევრი არც არაფერი შეუძლია და საზოგადოება ამას აღიქვამს, პოლიტიკური ინფანტილიზმის გამოვლინებად მმართველი გუნდის მხრიდან, რომელსაც დასჭირდა ყოვლისშემძლე პატრონის მოხმობა პარტიის შიგნით შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას არ ეყო ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები არსებული პრობლემების და დაპირისპირების მოსაგვარებლად და პარტიის დამფუძნებლის ძლიერი ხელი დასჭირდა ამისათვის.

ამის გარდა, ვვარაუდობ, რომ ივანიშვილის დაბრუნება დიდწილად შეიძლება უკავშირდებოდეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც - ის უკვე ოფიციალურად, პარტიის თავმჯდომარის რანგში დაუჭერს მხარს იმ კანდიდატს, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი წარადგენს.

და კიდევ ერთი - ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ მყარად მიეწება არაფორმალური მმართველის იარლიყი, რაც დასავლურ წრეებში საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში აღიქმება. არაფორმალური მმართველობის ფაქტორი საქართველოში რამდენიმე, საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშებშიც მოხვდა და „ფრიდომ ჰაუსის“ გახმაურებული ანგარიში საქართველოზე ბოლო აკორდი იყო. ბიძინა ივანიშვილი კი საკმაოდ უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას - ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო მასშტაბის ფინანსისტია, ამიტომ, მისთვის არ არის სულერთი, რას წერენ მასზე საერთაშორისო ორგანიზაციები - შესაძლოა, ესეც ყოფილიყო მოტივი, ერთგვარად, ფორმალიზება მოეხდინა მისი ყოფნისა პოლიტიკაში - შესაძლოა, ასეთი გზით გადაწყვიტა თავი დაეღწია შექმნილი უხერხულობისგან.

რა თქმა უნდა, ანგარიშიდან არ უნდა ჩამოვწეროთ ის სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ბოლო პერიოდში „ქართულ ოცნებაში“ - სრულიად ბანალურმა შემთხვევამ, რომელიც დაკავშირებული იყო გედევან ფოფხაძის გამოხდომასთან, სამზეოზე გამოიტანა პარტიის შიგნით არსებული სერიოზული დაპირისპირება.

ვფიქრობ, ასეთია კრებული იმ მიზეზებისა, რომელიც შესაძლოა, გამხდარიყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მოტივატორი. თუმცა, არ მგონია, რომ ის მაინც და მაინც დიდი ხალისით მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, იძულებული გახდა.

ფოფხაძის განცხადებამდეც არსებობდა კულუარული ინოფრმაცია, რომ სახელისუფლებო გუნდის ორი დაჯგუფება ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, რომელიც შემდგომ უკვე განსაზღვრავდა მათ პოლიტიკურ მომავალს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის ამ ეტაპზე მოგვარება?

- როდესაც პოლიტიკურ ორგანიზაციაში დაპირისპირება არსებობს, ის დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს, რადგან ასეთი დაპირისპირების მატარებელი პოლიტიკური სტრუქტურა ვერ იქნება ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სახელისუფლებო პარტიას, რომელსაც ხალხმა არჩევნებზე ქვეყნის მართვა ანდო. ვიმეორებ, როდესაც პარტიაში დუღილის ასეთი პროცესებია დაწყებული და იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებასა და არსებული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს, შიდა საქმეების გაჩრევით და გავლენების გადანაწილება-გადმონაწილებით არის დაკავებული, ის ვერ იქნება ეფექტური. აქ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხამდეც კი მივდივართ.

კულუარულ ინფორმაციას არ ვიცნობ, თუ რა ხდებოდა პარტიის შიდა სამზარეულოში, თუმცა გამადიდებელი შუშაც კი არ სჭირდებოდა ამის შემჩნევას თუ რა ხდებოდა, მანამდეც, ვიდრე ნინია კაკაბაძის საზ.მაუწყებლის ბორდში არჩევასთან დაკავშირებული ფოფხაძის დემარში მოხდებოდა. აქამდეც იყო ცალკეულ საკითხებზე მსოფლმხედველობითი და ღირებულებითი კონფლიქტები, მაგალითად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ა.შ.

თავის დროზე „ქართული ოცნება“ შეიქმნა არა, როგორც თანამოაზრეთა გუნდი, არამედ სხვადასხვა ღირებულებების და მსოფლმხედველობის ადამიანთა გაერთიანება სააკაშვილის დამარცხების მიზნით და, როგორც ჩანს, დღეს სწორედ ამ ფაქტორმა იჩინა თავი. განსაკუთრებით, ახალი სახეების გამოჩენის შემდეგ. ამ ხალხის მხრებზე გადადის საკანონმდებლო საქმიანობა და საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი ტვირთი.

შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ ამის გამო უფრო მეტ გავლენას იმსახურებენ პარტიაში, ვიდრე ის ჯგუფი, რომელთა ფუნქციაც პრინციპში, პულტზე თითის დაჭერით არის შემოფარგლული.

ბუნებრივია, ამან გამოიწვია ამ ჯგუფის გაღიზიანება - როდესაც დეპუტატი ხარ და ხედავ, რომ გაგრიყეს საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისგან, ეს ბუნებრივად იწვევს შინაგან პროტესტს და სწორედ ეს ვიხილეთ საჯაროდ.

ამის გარდა, შესაძლოა, იყო სხვა პიროვნული ხასიათის კონფლიქტებიც, რომლის შესახებ, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას. მაგრამ პარტიაში რომ არის დაპირისპირება და რყევები - აშკარაა. ბიძინა ივანიშვილი მოდის, რომ ეს სიტუაცია დაალაგოს, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ზავი, რომელიც მისი მოსვლით დამყარდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ დიდხანს, რადგან ხანძარი შეიძლება ჩაქრეს, მაგრამ მუგუზალი დარჩება.

შექმნილ სიტუაციას ადარებენ შევარდნაძის პერიოდშიმოქალაქეთა კავშირიდან“ ოპოზიციური ჯგუფის გამოყოფის პროცესსაც, მაგრამ დღეს საკმაოდ განსხვავებული სიტუაციაა. ამის მიუხედავად, შესაძებელია კვლავ მსგავსი სცენარის განმეორება?

- „ქართულ ოცნებაში“ არ არიან იმ კალიბრის პოლიტიკური ლიდერები, როგორიც იყო ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, რომელთაც შეეძლოთ და ჰქონდათ რესურსი დამოუკიდებელი თამაშის დასაწყებად. ერთადერთი, ასეთი რესურსის მქონე ფიგურა, პირობითად, კახა კალაძეა - სხვა წონად ფიგურას ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში“ ვისაც შეეძლება, გამოეყოს მმართველ პარტიას, იქიდან წამოიყვანოს გუნდი და შემდეგ გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა.

ვიდრე ივანიშვილის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდბოდა, ამ თემაზე მედიაშიც მიმდინარეობდა მსჯელობა - საექსპერტო წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტად მოსვლა უკეთესი იქნებოდა, ან სულაც უმჯობესია, თუ პრემიერობას ჩაიბარებდა ივანიშვილი და .. თვლით რომ არასაკმარისია მმართველი პარტიის ლიდერობა?

- სწორედ ეს არის პოლიტიკური და ექსპერტული აზროვნების ინფანტილიზმის თვალსაჩინო მაგალითი - ერთ გავლენიან ადამიანს უკავშირებენ ყველა პრობლემის გადაწყვეტას. ყოველთვის ხდება ერთ ადამიანზე აქცენტირება - თუ მხოლოდ ერთი ადამიანის გადასაწყვეტია ყველაფერი, მაშინ რა ფასი აქვს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, სადაც არავინ არაფერს არ წარმოადგენს და მხოლოდ ერთმა კაცმა უნდა გახადოს ის სიცოცხლისუნარიანი?!

საზოგადოებაში ისევ გაჩნდა ახალი მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლება ხალხის სასიკეთოდ - იმ გუნდით, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ივანიშვილი რის გაკეთებას შეძლებს?

- პოლიტიკაში ადამიანური ფაქტორი ბევრ რამეს განსაზღვრავს. ადამიანები ქმნიან პოლიტიკას, მათ პროფესინალიზმზე, პატიოსნებაზე და ა.შ. მოკლედ, მათ თვისებებზეა დამოკიდებული, რამდენად კარგი პოლიტიკა იქნება შემუშავებული. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ალბათ, ერთი ხელის მოსმით არა, მაგრამ თანდათანობით შესაძლოა, გარკვეული ცვლილებების მოწმე გავხდეთ მმართველი პარტიის ხელმძღვანელ რგოლში.

მხოლოდ პარტიაში თუ ხელისუფლებაშიც? - ხელისუფლება იღებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს...

- ხელისუფლება სწორედ „ქართული ოცნების“ წევრი მინისტრებით არის დაკომპლექტებული და თუ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სათანადოდ ვერ უძღვება საქმეს, შესაძლებელია, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დააყენოს საკითხი გარკვეული საკადრო ცვლილებების შესახებ.

დღეს მმართველ პარტიას ამაში ხელისშემშლელი ნამდვილად არავინ ჰყავს - ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას და თუ ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ რომელიმე მაღალჩინოსანი შესაცვლელია, ეს ასეც იქნება. ივანიშვილი პოლიტიკაში ხანძრის ჩასაქრობად დააბრუნეს.

ბევრს ლაპარაკობენ გაძლიერებული ფინანსური ჯგუფების გავლენის ჯგუფებად ჩამოყალიბების შესახებ. თვითონ ბიძინა ივანიშვილიც, არცთუ უმნიშვნელო ფინანსური ჯგუფის წარმომადგენელია. მისი პოლიტიკაში დაბრუნებით ხომ არ შეიქმნება ინტერესთა კონფლიქტი?

- თუ ჩავეძიებით, შეიძლება ინტერესთა კონფლიქტიც ვიპოვოთ - ბიძინა ივანიშვილი ვერ წაუვა საკუთარ სტატუსს - ივანიშვილი არის ის, ვინც არის. მან შესაძლებელია, განაცხადოს რომ ჩამოშორდა ფინანსური ინსტიტუტების მართვას, თუკი პოლიტიკაში მოდის... თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, ის არის პარტიის თავმჯდომარე და არა მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი. საკმარისი სიფრთხილე და გამჭრიახობა აქვს იმისათვის, რომ არავის მისცეს სალაპარაკო ამ მიმართულებით.

ეს საკითხის ოფიციალური მხარეა, რაც შეეხება არაოფიციალურ ნაწილს - რამდენად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი მსხვილ ფინანსურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება? ამ თემაზეც მიდის ლაპარაკი და ითქვა, რომ საკუთარი პოზიციების გაძლიერებას მეტისმეტად, აშკარად ცდილობენ...

- საქართველოში ფინანსურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება შევარდნაძის პერიოდიდან აქტუალური თემაა, როდესაც ფინანსურმა მონოპოლიებმა დაიწყო ჩამოყალიბება. ისინი ყოველთვის იბრძოდნენ და მიაღწიეს კიდეც გავლენის იმ დონეს, რაც მათ დღეს აქვთ. ეს ისედაც ჩანს და ფინანსთა მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებებიც ამას ეხებოდა. ვიცით, რომ რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი აკონტროლებს სავალუტო კურსს და მათ გეგმებსა და ინტერესებზეა დიდწილად დამოკიდებული ჩვენი ვალუტის კურსის ვარდნა და აღმასვლა. არც ის არის საიდუმლო, რომ ბანკები ბიზნესის კონკურენტები გახდნენ და არაპროფილური საქმიანობით არიან დაკავებული.

როგორც ჩანს, ამ, ბოთლიდან გამოშვებული ჯინის უკან შებრუნება ძალიან ძნელი ხდება - რას მოიფიქრებს ამ მიმართულებით ხელისუფლება, ან თუ ექნება მას ამის ნება - დავინახავთ. ამ ეტაპზე რთულია რამის პროგნოზირება, რადგან არც ერთ პოლიტიკურ ძალას არასდროს არ სურს, გარისკოს და დაუპირისპირდეს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე.

ნანახია - 2525

antoni

2018-04-27 11:59:20

ოცნებაში ზუსტად ხვდებოდა ყველა, რომ რაც იყო, იყო ივანიშვილის გაკეთებული და ამიტომაც სხვის /მისნაირის/ უფროსობას თაკილობდნენ. ახლაა? ოოო!
ერთიცაა, ბიძინა მელია-კუპონა-ბოკერია-ნათელაშვილივით ქათამი არაა, მინიმუმ ორი ზუსტი ქვეყნისთვის სასიკეთო და დასანახი გასროლა საპრეზიდენტო არჩევნებამდე აუცილებლად ექნება

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80