საქართველოს მთავრობა რუსეთს სტრასბურგში უჩივის

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა რუსეთს სტრასბურგში უჩივის

საქართველოს მთავრობა რუსეთს სტრასბურგში უჩივის
თამთა ქარჩავა

2018-05-09 18:30:02

ა-ო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი და მოამზადოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი აცხადებს, რომ გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელიც მზადდება.

როგორც მოკლულის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილი ნაწამები იყო და ოჯახი ექსპერტიზის შედეგების გაცნობას მოითხოვს. ასევე მოითხოვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად დადოს შუალედური დასკვნა. მისი განცხადებით, იმის დასადასტურება, რომ მისი შვილი ნაწამებია, ორგანოების გადმოცემის გარეშეც ცხადია.

„ჩემი შვილი იყო სასტიკად ნაწამები და ექსპერტიზის შუალედური დასკვნა რატომ არ დადეს, არ ვიცი. შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა და თითებიც ხელმეორედ აქვს აწყობილი. ორგანოების გარეშეც თვალნათლივ ჩანს, რომ ჩემი შვილი ნაწამებია და ამის ამსახველი ფოტოებიც მაქვს ტელეფონში“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. სარჩელს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხედრის დასაბრუნებლად ცხინვალის რეგიონიდან.

„ამის შემდეგ მოხდა გადმოცემა ცხედრისა, რომელსაც ჩვენ მივაგეთ პატივი, მივაბარეთ მიწას, მაგრამ არ გაჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი. ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ იმ ყველა პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის შანსებს და, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძეს განცხადებით, ტატუნაშვილის საქმეს შესაბამისი სამართლებრივი მომზადება სჭირდება და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

„საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობდა პირველი დღეებიდანვე. ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება სამართლებრივად და საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით. მათ შორის, საქმეს სჭირდება ექსპერტიზის დასკვნაც და სხვა შესაბამისი მასალები, რომელზეც მუშაობს იუსტიციის სამინისტრო. ამიტომ, მე ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ საქმის დამუშავების პროცესი - მასალების მოძიების და სარჩელის მომზადების პროცესი. ამ პროცესში ჩვენ სპეციფიკურ შეფერხებებს არ ვაწყდებით“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშაა, ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. როგორც დეპუტატი ამბობს, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩება და ეს მხოლოდ დროის ამბავია.

„პირველ რიგში, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩება. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია. ოკუპანტმა უნდა იცოდეს - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშაა, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ის ოკუპანტია და მათ შორის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებასა და დანაშაულზე, რასაც ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს, მას პასუხისმგებლობა აქვს.

ამიტომ ჩვენ ამ მექანიზმებს მიზანმიმართულად ვიყენებთ, ერთი მხრივ, პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ დასავლეთი მუდმივად ჩვენს მხარდამჭერ პოზიციებზე იყოს და ჩვენი პოზიციების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, მეორე მხრივ კი ამან პრევენციული ხასიათი მიიღოს, რაც იმას მიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები მეტ-ნაკლებად დაცულები იყვნენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ სტრასბურგში სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი იქნება ის, თუ რამდენად დაიცავს საქართველო თავის ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას.

„სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვხედავდით ტენდენციას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას შერბილებული ჰქონდა საერთაშორისო წნეხი, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების გზით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის, იმისათვის, რომ რუსეთს პასუხი ეგო სხვადასხვა დანაშაულზე, რომელიც განხორციელებული აქვს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რამდენად დაიცავს საქართველო თავის ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას. თუ ეს შემთხვევა გამონაკლისი იქნება, ამას მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის. მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო არის საშუალება, რომელიც რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს.

„ამ სარჩელის მთავარი მიზანი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა უშუალოდ იმ ვანდალიზმის გამო, რომელიც იქნა ჩადენილი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რომ რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის.

რაც უფრო მეტად აქტიური იქნება იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით, იქნება კარგი, თუმცა ჩვენ გვახსოვს ცუდი მაგალითები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საბჭოზე, სადაც ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო არ იჩენდა არანაირ აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს აღსრულება და რუსეთმა გადაიხადოს ის კომპენსაცია, რომელიც მან საქართველოსთან წააგო“, - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

ნანახია - 1583

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80