ივანიშვილი პრემიერის შეცვლას არ აპირებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

ივანიშვილი პრემიერის შეცვლას არ აპირებს

ივანიშვილი პრემიერის შეცვლას არ აპირებს
თამთა ქარჩავა

2018-05-12 01:00:26

„პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს რიგით მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩია, მანამდე კი აღნიშნულ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე გუნდში ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„თუ რაიმე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, თქვენთვის ცნობილი გახდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას, მან ისაუბრა სამ მიმართულებაზე და ერთ-ერთი იყო გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ან პატარა გაუგებრობა.

მე ყოველთვის ვიმეორებდი და ახლაც გავიმეორებ, რომ როდესაც სხვადასხვაობა არსებობს, ეს არის ნორმალური და ასეც უნდა იყოს. ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ გვექნება, თუმცა ეს ყველაფერი გუნდის შიგნით უნდა განიხილებოდეს და რჩებოდეს გუნდში. თუ გუნდში განხილვის შემდეგ ვერ მოხდება შეჯერება, ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გარეთ გავიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, თუმცა პიროვნული შეურაცხყოფები კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აუცილებელია, პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით.

„მიღწეული შედეგი ჩვენ დამატებით სტიმულს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო ამბიციური ვიყოთ ჩვენს სამომავლო გეგმებში. უკვე შემუშავებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ახალი კონცეფცია, რომლის დევიზია - „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“.

ახალი კონცეფცია მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღმა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

სულ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი ურთიერთობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მტკიცე მხარდაჭერას ვიღებთ ყველა დონეზე“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელსაც ყრილობის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ივანიშვილის დაბრუნება იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება, როგორც პარტიაში განსავითარებელ პროცესებზე, ასევე - პოლიტიკურ პროცესებზე და ზოგადად - ქვეყანაში. ირაკლი კობახიძის  განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად გუნდში არსებული დაპირისპირებაც დაასახელა, რაც კობაიძის თქმით, უკვე მოგვარებულია.

„როგორც კი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება პოლიტიკაში მისი დაბრუნების თაობაზე, მყისიერად ეს მცირე პრობლემები მოგვარდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ნდობა და შესაბამისი პოლიტიკური წონა, რომ ასეთი პრობლემები ძალიან მარტივად გადაჭრას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას უკვე მოჰყვა შეფასება საპარლამენტო ოპოზიციაში. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის გამოსვლაში მხოლოდ ოპონენტების ლანძღვა ისმოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში მობრუნებულ ყოფილ პრემიერს და უკვე პარტიის თავმჯდომარეს არ უსაუბრია ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოსვლის გზებზე, რომელშიც სახელმწიფო „ქართული ოცნების“ გუნდმა შეიყვანა.

„გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა როგორც იქნა, შინაარსობრივად არანაირი სიახლე - ისევ წარსულის და ოპონენტების ლანძღვა, ისევ თავსი ქება, მათ შორის  უტიფრად  რაღაც პროგრესზე საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საქმეში,  იმ ფონზე, რა ტრაგედიებიც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ.

არანაირი ხედვა მომავლის და არანაირი ხედვა იმის,თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა იმ ჩიხიდან, რომელშიც თვითონ და მისმა გუნდმა შეიყვანა. ამიტომ როგორც აქამდე ვიძახდით, არანაირ სასიკეთოს არ ველით ამ ცვლილებისგან. ეს დღეც გვიდასტურებს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არჩევნების და მშვიდობიანი გზით ამ კაცის ჩამოცილება ხელისუფლებიდან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე შეფასებით, ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ კომუნისტური მოდელის შემოტანით, როცა პარტიის უფროსი არის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელი და ყველა ინსტიტუტზე მაღლა მდგომი, უშველის არაფორმალურ მმართველობას, რაზეც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს.

„ჩვენი ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება ივანიშვილის თავში. არსებითი მნიშვნელობა აქვს როდის დავამთავრებთ ამ პოლიტიკურ უბედურებას არჩევნების გზით“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიხეილ სააკაშვილი მისი პოლიტიაში დაბრუნებისა შიშით ხსნის.

„ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა ჩემი დაბრუნების შიშით და „რუსთავი 2“-ის გამო, რაც ხალხის ჩემს მიმართ სწორ პოზიციაზე გადასვლის და მის მძარცველურ პოლიტიკაზე თვალის ახელით აიხსნება. ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდება, სხვა გარემოებებთან ერთად, ჩემი პირადი შეცდომების ბრალიცაა და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, ჩემი ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით. ასე რომ, ივანიშვილს სწორად ეშინია, მე ჩემს ხალხს ამ კრიმინალური სინდიკატის ხელში ნამდვილად არ დავტოვებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ივანიშვილი საუბრობდა იმ საქართველოზე, რომელიც არ არსებობს, რადგან ქვეყანაში არათუ გამოსწორდა ეკონომიკური მდგომარეობა არამედ დამძიმდა.

„საუბარი იმაზე, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპასთან და ნატოსთან არასდროს ყოფილა, ჩემთვის სევდიანად სასაცილოა, იმიტომ, რომ მართალია, მაშინ უვიზო მიმოსვლა არ იყო, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც საქართველოში არსებული პრობლემები, პირველ რიგში აფხაზეთში და სამაჩაბლოში და თავად საქართველო, ყველა საერთაშორისო ფორუმის მთავარ დღის წესრიგში გახლდათ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნანახია - 1814

cugo

2018-05-12 11:17:30

გიგა ბოკერიას
------------
ჩიხში თქვენ არ შეიყვანეთ ქვეყანა ტერიტორიის ერთი მეხუთედი რუსებს რომ მიართვით.ახალგაზრდა ჯარისკაცები დახოცეთ,დახოცილები უპატრონოდ დატოვეთ და ყველა საზღვარგარეთ გაიქეცით.ათასობით ადამიანი ლტოლვილად აქციეთ.თქვენი გუნდის წევრები რუსი გენერლის მძღოლები და მზარეულები იყვნენ და მათთან ერთად ქეიფოდნენ რესტორანში.თქვენი ხელისუფლების დროს უფრო ძლიერი ეკონომიკა თუ იყო რატომ არ აფინსებდით ჯანდაცვას, ხალხი მკურნალობისათვის სახლს და ბინებს რომ აგირავებდა.რატომ არ აფინანსებდით მშობიარობას,ახალშობილის გამოსაყვანად პროცენტიან ფულს რომ სესხულობდნენ.რატომ არ გქონდათ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.რატომ არ უშენებდით ლტოლვილებს ბინებს თბილისში და სხვა ქალაქებში და რატომ მიგყავდათ სატვირთო მანქანებით ფოცხოეწერში.რატომ არ გამოუსყიდეთ სახლები ეკომიგრანტებს პირობა რომ მიეცით.რატომ არ აშენებდით ციხეებს 40 ათ. პატიმრები საშინელ შენობებში რომ გყავდათ გამომწყვდეული და რიგითობით იძინებდნენ.მძინარეები რომ არ დაცემულიყვნენ ქამრებით საწოლზე იბამდნენ თავს.როცა თქვენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ლაპარაკობთ შეურაცხყოფას აყენებთ ქართველ ხალხს.რატომ გგონიათ რომ ქართველი ხალხი მკვლელებს და მწამებლებს ისევ მოიყვანს ხელისუფლებაში.ვერ ეღირსებით მაგას.

serapina

2018-05-12 14:19:00

"რატომ გგონიათ რომ ქართველი ხალხი მკვლელებს და მწამებლებს ისევ მოიყვანს ხელისუფლებაში.ვერ ეღირსებით მაგას"
---
დაწყნარდი!
ხომ ხედავ,ყველანი მანდ არიან!


(ვისაც მოსაყვანად მიიჩნევ,იმათ არც არავინ მოიყვანს...
ტუალეტის ქაღალდებმა,თავიანთი ფუნქცია უკვე შეასრულეს).

შენ ეს მითხარი,ივანიშვილი საქმის კურსში ჩააყენე?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80