„დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდი გახდება და საშინელი მოთხოვნილება გაჩნდება ნატურალურ პროდუქტებზე“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდი გახდება და საშინელი მოთხოვნილება გაჩნდება ნატურალურ პროდუქტებზე“

„დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდი გახდება და საშინელი მოთხოვნილება გაჩნდება ნატურალურ პროდუქტებზე“
მანანა ნოზაძე

2018-05-12 22:30:19

ბევრს დავობენ, ქართულ სოფლებში შეიძლება თუ არა ცხოვრება?! ერთნი ამბობენ, რომ ქართველი გლეხები გაზარმაცდნენ, მთელი დღე დომინოს თამაშობენ, შესაბამისად, უსაქმურობისგან გაღარიბებულნი არიან, თორემ ნორმალურად იცხოვრებდნენ. მეორენი ამბობენ, რომ ჩვენს სოფლებში შეუძლებელია ცხოვრება, არც წყალია, არც გზები და არც 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ამ ყოფითი პრობლემების მიუხედავად, სხვა ეროვნების ადამიანები ჩვენს მიწაზე მოყვანილი პროდუქციით კარგად ცხოვრობენ და, ქართველების მსგავსად, პირობებს არ უჩივიან.

პარალელურად, ქალაქებშიც მაღალია დაუსაქმებელთა რიცხვი. თუ სამუშაოს იშოვი, ხომ კარგი, თუ არადა, უცხოეთში გაგიწევს გული.

შეიძლება თუ არა დაბრუნდეს ქართველი კაცი მშობლიურ სოფელში და თავი გაიტანოს გლეხური სამუშაოთი ისე, როგორც ამას პატრიარქი გვირჩევს, რომ ქართველ ერს სოფელი გადაარჩენს?

რა პრობლემებია ქართულ სოფლებში და, ერთეულების გარდა, რატომ არავის სურს სოფლად დაბრუნება, ამის შესახებ For.ge-ს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხში ანზორ მესხიშვილი ესაუბრა.

„ადამიანი რომ დაბრუნდეს, როგორ უნდა იცხოვროს სოფლად? ახლა ბათუმში 20 ათას მაყურებელზე შენდება სტადიონი, რომელიც 157 მილიონი ჯდება. 20 ათასი მაყურებელი კი არა, 200 მაყურებელიც არ ეყოლება იმ სტადიონს და ამხელა თანხები უმიზნოდ იხარჯება. აჭარის მთელი მაღალმთიანი სოფლები იცლება, რადგან გზა არ აქვთ, სინათლე არ აქვთ, წყალი არ აქვთ, გაზი არ აქვთ, კლუბი, ამბულატორია არ აქვთ. რომელი ახალგაზრდა გაჩერდება იქ? ასე უთავბოლოდ იხარჯება ჩვენი თანხები. ბათუმს აქვს ერთი სტადიონი, რად უნდა მეორე? ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ნამდვილად არ უნდა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის და ახალგაზრდები გარბიან ან თბილისში, ან საზღვარგარეთ. 700 ათასი ადამიანია წასული საქართველოდან ბოლო ორ წელიწადში და წლეულს 1800-მა ქართველმა საფრანგეთს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრისთვის. მოკლედ, ვიღუპებით“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი და ჩვენსავე ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ხალხების მაღალ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობაზეც საუბრობს.

მისი თქმით, ზოგიერთები ირწმუნებიან, რომ თეთრიწყაროში, წინწყაროში ჩაასახლეს სვანები, მაგრამ მათ ვერაფერი მოიწიეს. ამ დროს კი გვერდითა სოფლებში თათრები სამ მოსავალს ღებულობდნენ და მეოთხესაც ელოდნენ. ანზორ მესხიშვილის აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ აზერბაიჯანელები მიჩვეულნი იყვნენ მთაში საქონლის ძოვებას. მწყემსობას ისინი ფიზიკურ მუშაობად არ თვლიდნენ, საქონელს გადენიდნენ დილას და მარტივად მწყემსავდნენ. ამის მიუხედავად, ანზორ მესხიშვილის მოსაზრებით, ქართველების გაზარმაცებაზე საუბარი არადამაჯერებელია. ცალკეული შემთხვევები შეიძლება იყოს, მაგრამ ქართველი გლეხი, თუნდაც კახელი გლეხი დღედაღამ ვენახში რომ მუშაობს და მოჰყავს ყურძენი, ჩვენდა საუბედუროდ, გასაღების არეალს ვერ პოულობს. ყურძენს 75 თეთრად არ იბარებს სახელმწიფო და ზოგჯერ მოსავალი ჩაუბარებელი რჩება.

„ახლა სტუმრები მყავდა მოსკოვიდან და რესტორანში რომ შევედი, ერთი ბოთლი ღვინო 30 ლარი დამიფასეს. ეს ღვინო ერთი ლიტრიც კი არ იყო, მხოლოდ 0.70 მლ-იანი იყო. არის შემთხვევა, როცა 0.75 მლ ღვინოს 40-50-80 ლარად ყიდიან, ამ დროს კი გლეხს ყურძენში 75 თეთრსაც არ აძლევენ. „ანტრეში“ ერთი კილო პური 7 ლარი ღირს. ჩემმა ნაცნობმა მოიწია ხორბალი, 30 თეთრი დაუჯდა, ერთი კილოგრამი ხორბალი რომ მოეწია და 40 თეთრად ვერ ყიდის. ამის პარალელურად, ერთი კილოდან მიღებულ ხორბალს ყიდიან 3 და 4 ლარად. გლეხს, ფერმერს კი 40 თეთრსაც არ აძლევენ. სოფლის მეურნეობას, ქართულ მიწას პატრონი არ ჰყავს“.

ანზორ მესხიშვილი კიდევ ერთ შემთხვევასაც იხსენებს, როცა თავის დროზე თეთრიწყაროში, კოდაში მუშაობდა თავმჯდომარედ. იმხანად ოთხმა ახალგაზრდამ მისგან მიწა იჯარით აიღო და იმდენი პომიდორი მოიყვანა, ავ თვალს არ ენახვებოდა. თუმცა მარნეულის ქარხანაში ჩასაბარებლად რომ ჩაიტანეს, ბენზინის ფულიც არ აუნაზღაურეს, იმდენად მცირე თანხა შეაძლიეს კილოგრამში. ეს იმის ბრალია, რომ დემპინგური ფასებით შემოაქვთ პროდუქცია თურქეთიდან. შესაბამისად, ჩვენს გლეხს პომიდვრისა და კარტოფილის მოყვანა ბევრად ძვირი უჯდება და თურქეთიდან იაფად შემოსული პროდუქციის ფონზე ვერ ყიდის.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასევე, აგარის შაქრის ქარხნის მაგალითს იშველიებს. თავის დროზე ეს ქარხანა მის ირგვლივ მდებარე 15 რაიონიდან იბარებდა შაქრის ჭარხალს და შიდა ქართლის 15 რაიონის გლეხობაც დასაქმებული იყო. თუმცა გაიყიდა აგარის შაქრის ქარხანა და, ვინც იყიდა, მან გლეხებს აღარ დაუდო ხელშეკრულება, არ ჩაიბარა შაქრის ჭარხალი. მარტივად, კუბიდან შემოიტანა უვარგისი ლერწამი, იმ ლერწმით დაიწყო შაქრის დამუშავება და ხალხი უმუშევარი დატოვა. სულ ახლახანს კი ვიღაცამ, მთავრობის წევრმა ან პარლამენტარმა, გაუწია ლობირება, შედარებით იაფ ფასად შემოიტანა შაქარი და ლერწმიდანაც კი ვეღარ აწარმოებს შაქარს აგარის ქარხანა, დაიხურა კიდეც. ამიტომაც 600 ოჯახი ფეხით ჩამოვიდა აგარიდან თბილისამდე.

ამის მიუხედავად, ანზორ მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფითმა პრობლემებმა არ უნდა დაგვაფრთხოს და ქართულ სოფლებში დაბრუნება აუცილებელია. მით უმეტეს, უკვე ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდა სოფელს და ამის რეკლამირებასაც ეწევა. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გამონათებაა, სოფლად დაბრუნებულ ადამიანებს გრანტებსაც აძლევენ. მნიშვნელოვანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ახალგაზრდებს უკვე მოჰყავთ უეკლო მაყვალი, კიტრი, პომიდორი, გააკეთეს სათბურები, პატარა წინსვლა შეიმჩნევა, მაგრამ გაცილებით მეტი ხელშეწყობა სჭირდება სოფლის მეურნეობას.

„სოფელში თავს ნამდვილად გადაირჩენ. ჩემი მეგობარი დაბრუნდა გურიაში, სოფლად მოჰყავს ყველაფერი და პატარა მაღაზია გახსნა ჯერ ქუთაისში, ჩააბარა იქ პროდუქცია, შემდეგ თანასოფლელებმა მიუტანეს კვერცხი, ყველი, სიმინდის ფქვილი და მათაც დაეხმარა გაყიდვაში. ახლა თბილისში გახსნა მაღაზია და თავის შვილებს ბინებიც უყიდა და მანქანებიც. სოფელში ზარმაცი კაცი ვერაფერს გააკეთებს. თუ ახლა დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდია, 2050 წელს გახდება 10 მილიარდი, მიწის რაოდენობა კი არ იზრდება. შესაბამისად, ხალხს საშინელი მოთხოვნილება ექნება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ადრე რომ სამ კილო ანტონოვკა ვაშლს ლარად ყიდულობდნენ, დღეს უკვე ფალიაშვილის ქუჩაზე კარგი ანტონოვკა ვაშლი 7,5 ლარი ღირს. 5 ლარი კი ღირს ისეთი ვაშლი, რომელსაც სოფელ ხიდისთავში დეიდაჩემი ღორს არ აჭმევდა. ასე რომ, თუ სოფლად იმუშავებ, ჭკვიანურად იშრომებ, თანაც ცოტათი მაინც ისწავლი სოფლის მეურნეობას, თავს გაიტან.

ცხადია, უნდა იცოდე, როგორი თესლი დათესო, როგორი პროდუქცია შეარჩიო, რომ აღმოცენება ჰქონდეს. მაგალითად, უნდა დარგო პირველი რეპროდუქციის კარტოფილი. ხორბლის თესლი კი უნდა დათესო „ელიტა“, თან უნდა იყოს აღმოცენებაზე გასინჯული, მერე შეწამლო.

ერთი უვიცი ჩამოვიდა რაიონში და იძახდა, მესხიშვილი დასაჭერია, კაცო, რა ქნა, სიმინდი შეწამლა და ისე დათესაო. ვუთხარი, ქალბატონო, ამას რომ ყვირიხართ, სიმინდი და ხორბალი თუ არ შეწამლე და ისე დათესე, იმას გუდაფშუტა გაუჩნდება და მოსავალს ვერ მიიღებ-თქო. საზღვარგარეთ კარგად არის მოწყობილი, მიწა რომ აიღო და ფერმერი გახდე, ცოდნა უნდა გქონდეს და უნდა მიიტანო კიდეც საბუთი, რომ მიწის მოვლა შეგიძლია“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.

 

ნანახია - 1573

arichopra 2

2018-05-13 19:32:08

ნატალი სად ხარ, რატომ დაგვეკარგე?

ბუმერანგი

2018-05-14 15:48:07

ო!
ზუსტად მაგიტომაა რომ გვმოძღვრავენ: თქვენი მავნებელი ტყემალი ამოიღეთ და ჩვენს გენმოდიფიცირებულ კეტჩუპს მიაწექითო.

ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ - თქვენ დეიხოცეთ ადრე და მალე და ჩვენ დაგვიტიეთ ასპარეზიო.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80