გია ფერაძე და გერმანელი ბურგომისტრის „სიურპრიზი“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

გია ფერაძე და გერმანელი ბურგომისტრის „სიურპრიზი“

გია ფერაძე და გერმანელი ბურგომისტრის „სიურპრიზი“
სანტიაგო გაუჩო

2018-05-13 10:35:15

დღევანდელ საკვირაო მოგონებებში რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნებთ და ცნობილ ქართველ ხელოვანთა მორიგ მოგონებებს წარმოგიდგენთ.

თავდაპირველად ქართველი კინომსახიობი გია ფერაძე გავიხსენოთ, ადამიანი რომელსაც ამ ცხოვრებამ დიდი ტრაგიკული ბედი არგუნა. წინა საუკუნის 90-იან წლებში „არასერიოზული კაცი“ და მისი მეგობრები გერმანიაში აღმოჩნდნენ...

1993 წელს, ცნობილი ქართველი მსახიობი გია ფერაძე და რამდენიმე მისი მეგობარი გერმანიაში გაემგზავრნენ. ვიზა რომ დაუმთავრდათ, ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში და იქ დამკვიდრებას აპირებდნენ. ფერაძე და კამპანია დროებითი სამუშაოთი ირჩენდნენ თავს და რის ვაი-ვაგლახით იხდიდნენ ბინის ქირას. შობის დღესასწაულზე მეგობრებმა ბინის ქირა გადაიხადეს. სუფრის გასაშლელად კი მხოლოდ ერთი ბოთლი ვისკის ფული დარჩათ და ბუტერბროდებიც კი ვერ იყიდეს. ამიტომ, შემოუსხდნენ ცარიელ სუფრას, ჩამოასხეს ვისკი და ნელ-ნელა შეუდგნენ სმას. თან, ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული, სადაც ქალაქის ბურგომისტრი პირადად პასუხობდა მოქალაქეებს ცხელ ხაზზე და მათ პრობლემებს მომენტალურად, გერმანული პუნქტუალურობით უგვარებდა. „მოქეიფე” ქართველებმა უსმინეს, უსმინეს ბურგომისტრს და გიამ მეგობრებს უთხრა:

– მოდი, ჩვენც დავრეკოთ. ვუთხრათ, რომ საშობაოდ საჭმელ-სასმელი არ გვაქვს და იქნებ მოგვიტანონ.

ფერაძის იდეა დანარჩენებმაც მოიწონეს და ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც კარგად ფლობდა გერმანულს, ცხელ ხაზზე დარეკა და ბურგომისტრს უთხრა:

– შობაა, სუფრას ვუსხედვართ, მაგრამ მშივრები ვართ. ფული არ გვაქვს და იქნებ რაიმეთი შეგვეწიოთ საშობაოდ?

– რა თქმა უნდა, შეგეწევით. ახლავე მოგიგვარებთ პრობლემებს, მხოლოდ თქვენი ვინაობა და მისამართი გვითხარით, – მიუგო პირდაპირ ეთერში ბურგომისტრმა.

ქართველებმა ყველა მონაცემი ჩააწერინეს და დიდი სიხარულით ელოდნენ ბურგომისტრის საშობაო გზავნილს. მართლაც, ნახევარ საათში კარზე დააკაკუნეს, მაგრამ საშობაო გზავნილის მაგივრად, მოვიდა პოლიცია. მათ ქართველები განყოფილებაში წაიყვანეს, მეორე დღეს კი სამშობლოში გაუკეთეს დეპორტაცია. საქმე ის გახლდათ, რომ, როდესაც ქართველების ვინაობა მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს, მათ ვიზაში გადაცდენა აღმოაჩნდათ და არალეგალი ემიგრანტები პუნქტუალურმა გერმანელებმა ქვეყნიდან გამოაძევეს.

მოგონებების ესტაფეტას ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძესთან გადავალთ.

სასიქადულო ქართველ მომღერალს, ზურაბ ანჯაფარიძეს იუმორი და ხუმრობა უყვარდა და ხშირად სხვადასხვა „შტუკას“ უწყობდა კოლეგებს, რაზეც ყველანი ერთად ხალისობდნენ. რამდენჯერმე ბატონი ზურაბი ცნობილ დირიჟორს, მაესტრო ოდისეი დიმიტრიადსაც გაეხუმრა. ერთხელ, ჩუმად, ოპერის პარტიტურაც კი შეუცვალა, რითაც ბატონი ოდისეი ისე გააბრაზა, რომ უთხრა:

– დამაცადე, ზურიკო, კაცი არ ვიყო, თუ სამაგიერო არ გადაგიხადო.

გავიდა რამდენიმე თვე. ოპერაში როსინის „სევილიელი დალაქი“ დადგეს, სადაც ფიგაროს ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა – ისე ვირტუოზულად და დიდი არტისტიზმით, რომ მთელი დარბაზი ოვაციებით, ფეხზე დამდგარი ხვდებოდა არიის დასასრულს.

ფიგაროს არია ხუთ წუთს გრძელდება, საკმაოდ მაღალ ტემპში სრულდება და არტისტსაც ბევრი, სწრაფი გადაადგილება უწევს სცენაზე. ერთი სიტყვით, ძალიან დინამიკური და დამღლელი ეპიზოდია. ბატონი ზურაბი (ფიგარო) რომ გამოჩნდა, მუსიკაც აჟღერდა, მაგრამ მომღერლის გასაოცრად, მუსიკა ორჯერ უფრო სწრაფ ტემპში სრულდებოდა. ამიტომ, ზურაბ ანჯაფარიძე იძულებული გახდა, ტემპს აჰყოლოდა და სცენაზეც უფრო სწრაფად ემოძრავა. გარდა ამისა, მუსიკოსებმა ეს ტემპი ხუთი წუთის განმავლობაში არ დააგდეს და მომღერალს, ფაქტობრივად, ორჯერ ზედიზედ, მიყოლებით მოუხდა მისი შესრულება. ბოლოს, ჩვეულებისამებრ, დარბაზში მქუხარე ოვაციები გაისმა და „ფიგარო“ მართალია, კულისებში გავიდა, მაგრამ ბატონი ზურაბი ისე დაიღალა, რომ სულს ძლივს ითქვამდა. კმაყოფილმა ოდისეი დიმიტრიადმა კი მომდევნო სცენა უკვე ნორმალურ ტემპში გააგრძელებინა მუსიკოსებს, რადგან სიტყვა შეასრულა და სამაგიერო გადაუხადა დიდ მომღერალს.

გია ფერაძისა და ზურაბ ანჯაფარიძის შემდეგ გამოჩენილი ქართველი პოეტი პაოლო იაშვილი გავიხსენოთ.

პაოლო იაშვილი ყოველთვის რუსთაველის გამზირის გავლით ბრუნდებოდა სახლში მწერალთა კავშირიდან. პიონერთა სასახლეს რომ გაუსწორდებოდა, გვერდს არასდროს უქცევდა ერთ გრძელთმიან მოხუცს, რომელიც ტროტუარზე იჯდა, წინ უზარმაზარი ქუდი ედო და მოწყალებას ითხოვდა.

– როგორ გიკითხოთ, დიდო პოეტო, რით გაგვახარებთ, ახალი შედევრი ხომ არ შეგიქმნიათ? – ჰკითხავდა მოხუცი პაოლოს და გაუღიმებდა.

პაოლო, მოხუცს ყოველთვის ვერცხლის მონეტას უგდებდა ქუდში, შემდეგ ახალ ან რომელიმე ძველ ლექსს წაუკითხავდა  და ასე აგრძელებდა გზას. ერთ დღეს მოხუცთან მისულ პოეტს მოწყალების მთხოვნელმა მორიგი ფრაზა უთხრა. პაოლომ ჯიბეები მოიჩხრიკა, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდა. დიდი პოეტი შეწუხდა. წამით ჩაფიქრდა. შემდეგ მოხუცს გვერდით მიუჯდა. წინ მისი უზარმაზარი ქუდი დაიდო და ასეთ ფრაზას ამბობდა: მოწყალება გაიღეთ ღარიბი პოეტისთვისო... გამვლელ-გამომვლელებმა, რომლებმაც იცნეს პოეტი, ათ წუთში ვერცხლის მონეტებით აავსეს უზარმაზარი ქუდი. პაოლომ ეს ქუდი პატრონს დაუბრუნა. თავად კი პიონერთა სასახლის კიბეებზე დადგა და ერთი საათის განმავლობაში, საკუთარ ლექსებს უკითხავდა მოწყალების გამღებ მოქალაქეებს. ეს იმპროვიზებული პოეზიის საღამო იმით დასრულდა, რომ თბილისელებმა სახელოვანი ქართველი პოეტი მქუხარე ტაშით გააცილეს შინ.

დღევანდელი მოგონებების დასასრულს კიდევ ერთ ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელმაც გარკვეული კუთხით დღეს სირიაში მიმდინარე მოვლენები გამახსენა.

ცნობილი ქართველი აკადემიკოსი, პოლიგლოტი ოთარ ონიაშვილი მოსკოვში, ერთ-ერთ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი, ალექსი პირველიც ესწრებოდა. მოხუცი პატრიარქი საზეიმო საეკლესიო სამოსში იყო გამოწყობილი. ზემოდან კი ძვირფასი ფარჩისგან შეკერილი მოსასხამი ეცვა, რომელიც აღმოსავლურად იყო ამოქარგული აბრეშუმის ძაფით. შესვენების დროს ონიაშვილი პატრიარქს მიუახლოვდა და მოკრძალებულად უთხრა:

– თქვენო უწმიდესობავ, მაპატიეთ კადნიერებისთვის, მაგრამ იქნებ მითხრათ, რა დანიშნულება აქვს თქვენს მოსასხამს და სადაური წარმომავლობისაა?

ალექსი პირველმა გაოცებით  შეხედა „უვიცს“ და განუმარტა:

– ამ მოსასხამს საზეიმო დანიშნულება აქვს. ფარჩისაა და დამზადებული და მოქარგულია სირიაში. ამ ქვეყანაში, როგორც ცნობილია, მსოფლიოში საუკეთესო ფარჩას ამზადებენ. მოსკოვის საპატრიარქო კი უკვე ოთხასი წელია, რაც იქ უკვეთავს ქსოვილსო.

ონიაშვილმა თვინიერად მოისმინა მოსკოვის მოხუცი პატრიარქის განმარტება და კიდევ უფრო მოკრძალებულად ჰკითხა:

– თქვენო უწმიდესობავ, მთელი ამ ოთხასი წლის განმავლობაში ასეთ ქსოვილს იღებთ სირიიდან?

– დიახ, – მიუგო პატრიარქმა.

– ბოდიშს გიხდით, მაგრამ თუ იცით, რა გაწერიათ ზურგზე მოსხმულ მოსასხამზე?

– არაფერი. ეს მხოლოდ ნაქარგია.

ონიაშვილს გაეღიმა და ალექსი პირველს უთხრა:

– მაგ სირიულ ნაქარგში გამოყვანილია არაბული ასოებით ციტატა, რომელიც ასე იკითხება: „ალაჰია ჭეშმარიტი ღმერთი და მისი წინასწარმეტყველი კი მუჰამედი“...

ალექსი პირველი ისე გაოგნდა, რომ უმალვე დატოვა სამეცნიერო კონფერენცია. მას მერე რუსეთის პატრიარქთა სირიულ ფარჩისგან შეკერილ მოსასხამს ნაქარგი აღარ აქვს, რომელსაც რუსეთის სულიერი ლიდერები ოთხასი წელი ატარებდნენ.

 

ნანახია - 1845

arichopra 2

2018-05-14 09:19:09

გისამძიმრებთ, ბაადურ წულაძე გარდაცვლილა... წავიდა საყვარელი ჩვენი მსახიბი, ბევრი ჩვენგანისათვის სიხარულის და ღიმილის კაცი. სამწუხაროდ, მიდიან ეპოქის შემქმნელები, კორიფეები!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80