ხაბეიშვილის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

ხაბეიშვილის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია

ხაბეიშვილის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია
„კვირის პალიტრა“, 18 ივნისი, 2012 წელი

2018-05-14 13:32:26

1995 წლის 20 ივნისს ხაბეიშვილების ოჯახში დილა ჩვეულებრივად დაიწყო,  შევარდნაძის საერთაშორისო ფონდის - "დემოკრატია და აღორძინება" - პრეზიდენტმა სოლიკო ხაბეიშვილმა ისაუზმა, შემდეგ ახალშეძენილ შვილიშვილს მოეფერა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა.

შინიდან გასულს დედა აივნიდან აცილებდა. ის იყო, სამსახურებრივ მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ მოულოდნელად ზურგიდან რამდენიმე ნიღბოსანი მიუახლოვდა, ერთმა მათგანმა დამიზნებით 6 ტყვია ესროლა...

თავზარდაცემულმა მძღოლმა კაკო დალაქიშვილმა ყვირილი  დაიწყო, - რას სჩადიხართ, ვის ესვრითო...

კილერებმა ისიც მოკლეს (სავარაუდოდ, მკვლელებს ზედმეტი მსხვერპლი გეგმაში არ ჰქონდათ, მძღოლს მხოლოდ გასაჩუმებლად ესროლეს).

იმ დროისთვის საქართველოში პოლიტიკური მკვლელობები უცხო ხილი არ იყო, მაგრამ ხაბეიშვილის მკვლელობამ მაინც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.  გაჩნდა უამრავი კითხვა: - თუ ყველა პოლიტიკური მკვლელობის უკან შევარდნაძე იდგა, მაშინ ვინ დგას შევარდნაძის მეგობრის მკვლელობის უკან? ხაბეიშვილის მკვლელობა იყო თუ არა ნიშანი იმისა, რომ მომავალში  განაწყენებულთა”სამიზნე თავად სახელმწიფოს მეთაურიც გახდებოდა?

ედუარდ შევარდნაძე და სოლიკო ხაბეიშვილი ჯერ კიდევ შევარდნაძის საქართველოში მოღვაწეობის დროს მეგობრობდნენ.

როდესაც მოულოდნელად ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, მან გორბაჩოვს საქართველოს ცეკას პირველ მდივნად სოლიკო ხაბეიშვილის კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა მიხეილ გორბაჩოვმა ამჯერად შევარდნაძის აზრი არ გაითვალისწინა და ჯუმბერ პატიაშვილი დანიშნა. ახალმა ცეკას მდივანმა - აქაოდა, მექრთამეობას ომი გამოვუცხადეო, დაიწყო შევარდნაძის ერთგული პარტიული მუშაკების სამსახურიდან დათხოვნა-დაჭერები.

1985 წლის 29 ივლისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი სოლიკო ხაბეიშვილი, მეგობრებთან ერთად, ყაზბეგში, გურამ რჩეულიშვილის სახელობის მწვერვალის დასალაშქრავად წასვლას აპირებდა, როცა შეატყობინეს, - ჯუმბერ პატიაშვილმა დაგიბარაო...

ხაბეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის გამო მას ჰიპერტონიული კრიზი დაემართა.

დაპატიმრებამდე პატიაშვილმა ის საქგაზის” მმართველის მოადგილედ დანიშნა, თუმცა ხაბეიშვილს იქ ერთი დღეც კი არ უმუშავია. ბოლოს,  მექრთამეობის ბრალდებით დააპატიმრეს.

მასთან ერთად დააკავეს რამდენიმე რაიკომის მდივანი და სხვა თანამდებობის პირები, ხოლო ერთმა მოხელემ, მამუკა ასლანიკაშვილმა, თავი მოიკლა.

სოლიკო ხაბეიშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიით გადასცემდნენ. ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე უშიშროების იზოლატორში იმყოფებოდა.

მისი ბრალდება რომ გაემყარებინათ, მსგავსი ბრალდებით დააკავეს  მახარაძის რაიონის (ამჟამად ოზურგეთი) რაიკომის მდივანი თენეიშვილი და ახმეტის რაიკომის მდივანი ბათიაშვილი. ისინი აიძულეს, რომ დაეწერათ, - სოლიკო ხაბეიშვილი ქრთამის მიცემას გვაძალებდაო.

ბათიაშვილმა ქრთამის მიცემის ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა დაწერა, - მოსკოვში რომ მიდიოდა, საჩუქრები მივუტანეო.

სასამართლომ ხაბეიშვილს 15 წელი მიუსაჯა.

ქვეყნის პირველი პირის, ჯუმბერ პატიაშვილის დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ სოლიკო ხაბეიშვილი რუსეთში სპეცკოლონიაში კი არ გაამწესეს (იქ  ყოფილი დიდმოხელეები იხდიდნენ სასჯელს, მათ ჩვეულებრივ კრიმინალებთან არ სვამდნენ), არამედ უშიშროების იზოლატორიდან პირდაპირ პირველ საპყრობილეში გადაიყვანეს.

"მისთვის "კრიტის" რეჟიმი რომ არ მოეხსნათ, ხშირად სპეცშემოწმებებს ატარებდნენ, შემდეგ აფორმებდნენ, რომ ვითომ რაღაც აკრძალული ნივთი უპოვეს.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ჯუმბერ პატიაშვილი გადადგა, სოლიკო რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს".

ვლადიმერ ტაბაღუაციხე-კოლონიების ყოფილი უფროსი

„ჯერ კიდევ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლამდე სოლიკო ხაბეიშვილი საერთაშორისო ფონდ „დემოკრატია და აღორძინების" პრეზიდენტად დაინიშნა.

ხაბეიშვილის მკვლელობის გახსნას სახელმწიფოს მეთაური დაჟინებით ითხოვდა, თუმცა გამოძიებას იმ დროისთვის ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა.

ივნისის ბოლოს უშიშროების მინისტრმა, იგორ გიორგაძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობას (ედპ-ის ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობისგან განსხვავებით) პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდა და მხოლოდ ფინანსურ ინტერესებთან იყო დაკავშირებული.

"სოლიკოს ფონდს იმდენი ფინანსები არ ჰქონდა, რომ რაღაც გავლენა მოეხდინა ვინმეზე; პირიქით, ფულს სულ ეძებდნენ, რადგან ფონდის მუშაობისთვის არ ჰყოფნიდათ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფინანსები არაფერ შუაშია. იმ პერიოდში მარტო ის კი არა, ბევრი სხვა, პოტენციურად ძლიერი ადამიანი მოიშორეს.

სწორედ იმ დროს მოსკოვში აირჩიეს სამხედროებისა და კომუნისტების ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში შევარდნაძის შემცვლელს ამზადებდა. ლაპარაკი იყო რამდენიმე შესაფერის კანდიდატურაზე, მათ შორის კომპარტიას თავისი კანდიდატურა - ჯუმბერ პატიაშვილი ჰყავდა... მაგრამ მაშინ კომპარტია საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობდა და ამიტომ ჯუმბერ პატიაშვილი სხვა ორგანიზაციიდან  წარადგინეს.

სხვათა შორის, კანდიდატთა სიაში სოლიკოც იყო შეყვანილი, მაგრამ რუსებს მისი პიროვნება არ მოეწონათ. მკვლელობის საქმის გამომძიებელმა კობა ნარ|ჩემაშვილმა მიმანიშნა, რომ მკვლელობის მოტივები პოლიტიკური უნდა ყოფილიყო".

გიული ურუშაძესოლიკო ხაბეიშვილის ქვრივი

გავრცელებული ვერსიით, სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა არა მის ფონდს, არამედ სულ სხვა ფინანსურ ინტერესებს უკავშირდებოდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ბიზნესმენი დავით სანიკიძე გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან მეგობრობა ევროპულ ფინანსურ ჯგუფებთან მისი კავშირების გარანტი იყო. სწორედ შევარდნაძის წყალობით გაიცნო სანიკიძემ ავსტრიული სამშენებლო კომპანიის, აბვ-ის მეპატრონე ლეო ბაუზბეკი, რომელიც მსოფლიოში სასტუმროთა ქსელ "მარკო პოლოს" მესაკუთრეც გახლდათ.

1988 წელს, ბაუზბეკის თბილისში ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ დავით სანიკიძე, აბვ-ისთან ერთად, საქართველოში ორ ფეშენებელურ სასტუმროს ააშენებდა: ერთს თბილისში - "მეტეხი-პალასი" (ის მოგვიანებით შერატონმა იყიდა) და "მარკო პოლოს" -  გუდაურში.

გუდაურში სასტუმროს აშენების, ისევე როგორც გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის იდეა სოლიკო ხაბეიშვილსა და ვანო ყიფიანს ეკუთვნოდათ. შესაბამისად, ახალი სასტუმროს წილის გარკვეულ ნაწილს ქართული მხარე ფლობდა.

1990 წელს "მარკო პოლო" გუდაურში საზეიმოდ გაიხსნა.

ცოტა ხანში სასტუმრო კრიმინალური შეხვედრების ადგილად იქცა.

იმ დროს არც ძალოვანი უწყებები მალავდნენ, რომ გუდაური ევროპაში ნარკობიზნესის ცენტრად მოიხსენიებოდა, რასაც ძალიან დიდი შავი ფული მოჰქონდა.

1995 წელს დავით სანიკიძემ, რომელსაც ევროპაში უკვე მძიმეწონიან მაფიოზად მიიჩნევდნენ, სოლიკო ხაბეიშვილს შეუთვალა, რომ ავსტრიული მხარე მზად იყო, გუდაურის ქართული წილი ეყიდა. მოლაპარაკებები რამდენიმე თვეს მიმდინარეობდა, თუმცა ამაოდ. ხაბეიშვილი წილის გაყიდვაზე უარს აცხადებდა. გაგულისებულმა სანიკიძემ ხაბეიშვილს შეუთვალა, - დათმობას მიჩვეული არ ვარ და პრობლემას ნებისმიერი გზით მოვაგვარებო.

20 ივნისს ხაბეიშვილი მოკლეს (თუმცა არც სოლიკოს სიკვდილის შემდეგ ერგო ავსტრიულ მხარეს ქართული წილი, ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა).

რა თქმა უნდა, ხაბეიშვილი-სანიკიძის დაპირისპირების შესახებ უშიშროების სამსახურის გარდა, სახელმწიფოს მეთაურმაც იცოდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით განაცხადა, საქმის ასეთ დასასრულს არ ელოდა. გამოძიება კი აცხადებდა, რომ მკვლელებზე ხელჩასაჭიდი კვლავ არაფერი ჰქონდა.

1995 წლის 29 აგვისტოს "იმელის" შენობასთან სახელმწიფოს მეთაურზე  ტერაქტი განხორციელდა. შევარდნაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ეს ფაქტი საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მომხდარში ბრალი "მხედრიონის" ხელმძღვანელებისთვის დაედოთ. სექტემბერში სამართალდამცავებმა მაშველთა კორპუსის ("მხედრიონის") ხელმძღვანელი გიგა გელაშვილი და  უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე თემურ ხაჩიშვილი დააკავეს. მხედრიონელების დაკავება ჯაბა იოსელიანის დაპატიმრებით დამთავრდა. მათ 29 აგვისტოს ტერაქტის ორგანიზების გარდა, ბრალი გია გულუას, გია ჭანტურიას და სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობაშიც დასდეს. რამდენიმე ხანში სამართალდამცავებმა მოსკოვში კიდევ ერთი მხედრიონელი, კრიმინალური ავტორიტეტი თემო ქურდიანი დააკავეს (გიგა გელაშვილის ჩვენების საფუძველზე) და თბილისში ჩამოიყვანეს. "მხედრიონის" სასამართლო პროცესი თბილისში ხმაურით მიდიოდა. განსასჯელები ბრალდებებს უარყოფდნენ. პროცესი ჩიხში შევიდა.

ერთ დღესაც გოჩა თედიაშვილმა განაცხადა, რომ ის მართლაც მონაწილეობდა გულუას, ჭანტურიასა და ხაბეიშვილის მკვლელობებში.

თედიაშვილის აღიარება ყველასთვის მოულოდნელი იყო. ის დაუფარავად აცხადებდა, რომ ხაბეიშვილის მკვლელობის უკან იდგა დავით სანიკიძე, რომელიც მას და გოჩა გელაშვილს (გიგა გელაშვილის ბიძაშვილი) საჭიროების შემთხვევაში მსგავს დავალებებს აძლევდა.

გაჩნდა კითხვა: მართალს ამბობდა თუ არა თედიაშვილი?

იმხანად დათო სანიკიძე უკვე აღარ იყო ცოცხალი (ის 1996 წლის 11 ივლისს ვენაში კაზინო "ასტორიის" წინ აკაკო ჯავახაძემ მოკლა და ამით მამის სიკვდილზე შური იძია). მიცვალებულს კი შეიძლება ყველაფერი დააბრალო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დავით სანიკიძის და მისი "მეტეხის საძმოს"”უამრავ სისხლიან "დაკვეთას" სწორედ თედიაშვილის ჯგუფი ასრულებდა. შესაძლოა, ხაბეიშვილის მკვლელობის შემკვეთის დასახელებაში კილერი არც ტყუოდა.

"ვინც მისი მკვლელობის საქმეზე დაიჭირეს, მერე ყველა გაათავისუფლეს.

შეიძლება ის მხედრიონელები შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ დამკვეთის ვინაობა დღემდე უცნობი დარჩა, ისევე როგორც მკვლელობის მიზეზი".

გიული ურუშაძესოლიკო ხაბეიშვილის ქვრივი

 როდესაც ლეო ბაუზბეკმა ხაბეიშვილის სიკვდილის ამბავი  გაიგო, თქვა: - "ის, რაც დაკავშირებულია შევარდნაძესთან, ყოველთვის სიკვდილით მთავრდება. ეს კი უკვე მეტისმეტია"...

 

 

 

 

 

 

ნანახია - 121

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80