თბილისი მასობრივი არეულობის ზღვარზეა
დაიჯესტი

თბილისი მასობრივი არეულობის ზღვარზეა

თბილისი მასობრივი არეულობის ზღვარზეა
"რეზონანსი"

2018-05-14 17:56:50

"გუშინ რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ორი ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული ჯგუფი პირისპირ აღმოჩნდა და მათ ერთმანეთისაგან მხოლოდ პოლიციის კორდონი ჰყოფდა. ერთი მხრივ, "თეთრი ხმაურის მოძრაობასა"" და მის მხარდამჭერებს და, მეორე მხრივ, მონაწილეებს შორის სტვენა და გადაძახილი ისმოდა. ამას გარდა, კონტრაქცია გამართა მოძრაობამ "საქართველოს ეროვნული ერთობა", თუმცა პოლიციამ ორივე შემთხვევაში ვითარების გაკონტროლება შეძლო. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გიორგი გაბედავა, ადგილზე დააკავეს. მსგავსი რამ დღესაცაა მოსალოდნელი. კონტრაქციის გამართვას ამჯერად "ქართული მარში" გეგმავს, რომლის მხარდამჭერებიც 6 საათზე შეიკრიბებიან ფილარმონიასთან და შემდეგ პარლამენტისკენ დაიძვრებიან...", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თბილისი მასობრივი არეულობის ზღვარზეა.

"არ ვაპირებთ დანებებას. სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძლებეთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის" - პარასკევს, ღამით, კლუბებში - "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ახალგაზრდების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. შსს-ში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ნარკორეალიზატორების დაკავება იყო, კლუბების სტუმრები კი ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. ახალგაზრდები მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ითხოვენ: გადადგეს პრემიერი, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი, დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რევოლუციით იმუქრებიან. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ აქცია სერიოზულ ძვრებს ვერ გამოიწვევს, რადგან მომიტინგეებმა საზოგადოების მხოლოდ გარკვეული სეგმენტის მხარდაჭერა მოიპოვეს, რის გამოც ხელისუფლება მათ მოთხოვნებს სერიოზულადაც კი არ აღიქვამს. ეს ყველაფერი პარასკევს ღამით თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა, რომლის დროსაც, შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყებამ ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა, რომლებზეც, მათი ინფორმაციით, ასახულია ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტები თბილისის ღამის კლუბებში. ვიდეოში ჩანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისა და თანხის გადაცემის კადრები "გალერის", "ბასიანის", "ხიდის" და სხვა ღამის კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და კლუბის საპირფარეშოში. დაკავებულების ახლობლებისა და სახალხო დამცველის ინფორმაციით კი, არც ერთი მათგანის დაკავება კლუბების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს არ მომხდარა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მიმდინარე პროტესტმა რომ რამე სერიოზული ძვრები გამოიწვიოს, ამის არ სჯერათ ანალიტიკოსებს. მეტიც, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მომიტინგეები საზოგადოების მხოლოდ ერთი სეგმენტის მხარდაჭერით სარგებლობენ, ამიტომ მათი მცდელობა უშედეგო იქნება. "არ მგონია, რომ ამ აქციას რაიმე სერიოზული ძვრები მოჰყვეს იმიტომ, რომ მომიტინგეებმა საზოგადოების მხოლოდ გარკვეული სეგმენტის მხარდაჭერა მოიპოვეს. მოსახლეობის უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ, არ თანაუგრძნობს მათ. პრინციპში, მათ ვერ ჩამოაყალიბეს, რას აპროტესტებენ. ნარკოლიბერალიზაცია სურთ, კლუბებს იცავენ, პრემიერის გადადგომა უნდათ, თუ რატომ დგანან, გაუგებარია. გარდა ამისა, როდესაც ქვეყანა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, იქ ძალიან რთულია, პოპულარობით სარგებლობდეს ლიბერალიზაციის მოთხოვნები. ამას მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, მით უმეტეს, ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ტრადიციული მორალისა და პრინციპების მომხრეა", - აცხადებს სოსო ცინცაძე. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ აქციის ორგანიზატორებს სტრატეგიაც კი არ აქვთ ჩამოყალიბებული, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს სერიოზულად არ აღიქვამს", - განაგრძობს გამოცემა.

"ქაოტურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ნახევარდღიან ტაიმ-აუტებს იღებენ, მერე ისევ გამოდიან, დასახულ მიზანს ვერ აყალიბებენ. წამოიდგინეთ, ხელისუფლებაში სერიოზულადაც კი არ აღიქვამენ მათ მოთხოვნებს. კალაძემ ნეიტრალური რაღაც თქვა, პრემიერი საერთოდ არაფერს ამბობს. ხელისუფლება თვითონ აქციასაც კი არ აღიქვამს სერიოზულად. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მომიტინგეების რესურსი ხელისუფლებამ სწორად შეაფასა", - ამბობს ცინცაძე. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ მომიტინგეები ახალგაზრდების მობილიზებას შეძლებენ, თუმცა მოთხოვნების დაყენებამდე გამოძიებაა საჭირო, რადგან თუ კლუბებში ნარკოტიკები მათი მეპატრონეების ნებართვით იყიდებოდა, მაშინ აქციის მონაწილეების მოთხოვნაც უკანონო გამოდის", - დასძენს გამოცემა.

"მათ ალბათ ახალგაზრდების მობილიზება შეუძლიათ, თუმცა მათი მოთხოვნაა პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და თუ სისტემის შეცვლა უნდათ, ეს საკმარისი არ არის. ამასთანავე, კითხვა ჩნდება - რამდენად კანონიერია მათი მოთხოვნა? გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუ კლუბის დაცვის თანამშრომელი ყიდდა ნარკოტიკს, შეიძლება კლუბის მეპატრონეების ხელშეწყობითაც, ეს უნდა გაირკვეს. გასაგებია, რომ ისინი ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან, მაგრამ, მეორე მხრივ, დანაშაულთან გვაქვს საქმე, რის გამოც საზოგადოების აზრიც ორადაა გაყოფილი", - ამბობს ნიკა ჩიტაძე, რომლის თქმით, ამიტომ გაუჭირდება თქვას, მომიტინგეები რის მიღწევას შეძლებენ", - წერს სტატიის ავტორი.

ნანახი?- 281

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80