სახელმწიფო ცენზურა თუ ტექნიკური კომბინაცია

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

სახელმწიფო ცენზურა თუ ტექნიკური კომბინაცია

სახელმწიფო ცენზურა თუ ტექნიკური კომბინაცია
ბექა დანელია

2018-05-17 19:30:25

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვას ეხება. ერთი შეხედვით ტექნიკურმა საკითხმა საკმაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გაჩნდა მოსაზრება სახელმწიფო ცენზურის ამოქმედების შესახებ.

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ნაწარმოები ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას. ასევე თუ ის უწევს პროპაგანდას პორნოგრაფიას. აკრძალვის გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ პროექტში ნათქვამია, რომ კანონის მე-9 მუხლის ახლებურად ჩამოყალიბებული რედაქცია ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ამ კანონპროექტით სასამართლოს შესაძლოა მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები.

საკანონმდებლო ცვლილებამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა იწევს, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა ახალი კანონპროექტის მიხედვით სასამართლოს პრეროგატივა ხდება, მაშინ როდესაც დღეს ჯერ კიდევ ძალაშია 1997 წელს მიღებული ნორმა, რომლის საფუძველზე ეს ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება გააკეთოს. კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და კონსტიტუციაში მიღებული ნორმის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები აქვს, ის დისკუსიისთვის მზად არის. დეპუტატს ასევე უკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად უფლებადამცველები ამ ნორმასთან დაკავშირებით, თუ ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ.

„თუ არსებული ნორმის მიმართ არის პრეტენზია (საუბარია ძველ ნორმაზე), ის მე ხომ არ დამიწერია. დაინტერესებულ ადამიანებთან, ბუნებრივია, ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დისკუსია, ოღონდ ძველ ნორმაზე და არა ახალზე. ახალი ცვლილება არ არის ცენზურა. ეს არის კონსტიტუციური ნორმის გადატანა კანონმდებლობაში. ტექნიკური საკითხია. აჟიოტაჟი, რომ ეს არის ცენზურა და ა.შ. თითიდან გამოწოვილია“, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

სულ სხვაგვარად აფასებს საკითხს არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე. იგი ამბობს, რომ კანონპროექტი პირველ რიგში სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს:

„პრობლემა ჩნდება იმ ჩანაწერში, სადაც სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება შემოქმედებით ნაწარმოებზე ისეთი კატეგორიების გამოყენების შესახებ, როგორიც არის შუღლის გაღვივება რასობრივ, ეთნიკიურ, რელიგიურ ნიადაგზე ან პორნოგრაფიის გავრცელების შესახებ. დღეს აღსრულების პროცედურა არ არსებობს, თუმცა ბოლო პრეცედენტები, რაც ვნახეთ სასამართლოში, როდესაც პრეზერვატივზე დატანილი წარწერა „ძლევაი საკვირველი“ მიიჩნია მოსამართლემ სამართალდარღვევად და აკრძალა არა მარტო მისი გამოყენება, არამედ გავრცელებულის ამოღება და ჯარიმაც დააკისრა მხარეს, ასეთი ტენდენციების პირობებში მსგავსი მექანიზმის გაჩენა საფრთხეებს გაზრდის იმიტომ, რომ უცნობია სასამართლო მიიჩნევს თუ არა მხარედ იმ პირებს რომლებიც ჩათვლიან, რომ მსგავსი ნაწარმოებით ილახება მათი რელიგიური გრძნობები ან აღმოჩნდება, რომ შუღლს აღვივებს ესა თუ ის მხატვრული გამოხატვა.

ჩვენ ბევრი გვაქვს მსგავსი ნაწარმოებები მაგალითად ლია უკლებას ცნობილი ნახატი, რომელსაც უკვე მოჰყვა მსგავსი გამოხმაურება. ადამიანების ნაწილმა შესაძლებელია სწორედ მსგავსი საქმეები წაიღოს სასამართლოში და დიდი იმედი არ შეიძლება სასამართლოსი გვქონდეს, რადგან მას არც კვალიფიკაცია ჰყოფნის და არც პრინციპულობა, რომ იყოს გამოხატვის თავისუფლების მხარეს.

ამ შემთხვევაში მაგალითად ჰიტლერის „მაინ კამფიც“ უნდა ავკრძალოთ. შესაძლებელია იყოს ფილმი, ლექსი, სპექტაკლი და ა.შ. რას დაინახავს მოსამართლე დარღვევად წინასწარ რთულია დადგენა“, - აღნიშნა მშვენიერაძემ.

კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში ცენზურა დაუშვებელია გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

როდესაც ნაწარმოები ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს; როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეროვნულ შუღლს; როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეთნიკურ შუღლს; როდესაც ნაწარმოები აღვივებს რელიგიურ შუღლს;

როდესაც ნაწარმოები აღვივებს რასობრივ შუღლს; როდესაც ნაწარმოები ქადაგებს ომს და ძალადობას; როდესაც ნაწარმოები პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

ნანახია - 244

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80