ბესელია-კობახიძის დაპირისპირება ხორავას ქუჩის საქმეზე
დაიჯესტი

ბესელია-კობახიძის დაპირისპირება ხორავას ქუჩის საქმეზე

ბესელია-კობახიძის დაპირისპირება ხორავას ქუჩის საქმეზე
"რეზონანსი"

2018-06-01 15:52:45

"პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. გადაწყვეტილება ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნის, საზოგადოების პროტესტის, უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობისა და ლამის დაპირისპირების ფონზე მიიღეს. ირაკლი კობახიძის თქმით, 31 მაისს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს. ამისათვის შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად," - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბესელია-კობახიძის დაპირისპირება ხორავას ქუჩის საქმეზე / როგორ და რატომ დათანხმდა საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო კომისიის შექმნას

"კობახიძის განცხადების შემდეგ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, უპრეცედენტოა, რადგან "აქამდე არასდროს არ არის შექმნილი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები". თუმცა ისიც ფაქტია, რომ საგამოძიებო კომისია თითქმის არ იქმნება და ეს საკითხი ყველა მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირების მიზეზი ხდება, რადგან ოპოზიცია ყოველთვის ითხოვს გახმაურებულ საკითხებზე კომისიის შექმნას, ხელისუფლება კი მუდმივად ეწინააღმდეგება იმ ტრაფარეტული არგუმენტით, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საკითხის პოლიტიზება არ შეიძლება", - აღნიშნავს გამოცემა

"2004-2012 წლებში პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 11 მოთხოვნა განიხილა და მხოლოდ სამი კომისია შეიქმნა, მათ შორის ბექაური-რამიშვილის საქმეზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე და ასევე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე. 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 14 მოთხოვნა განიხილა, მათ შორის დეპუტატებზე თავდასხმის, საყდრისის, ვანო მერაბიშვილის საკითხებზე და მხოლოდ ერთი შექმნა მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესასწავლად, რომელიც ასევე უმრავლესობის მიერ იყო დაყენებული. ამ მოწვევის პარლამენტში კი უკვე რამდენიმე მოთხოვნაა შესული, მათ შორის ანტიტერორისტულ ოპერაციებზე, აფგან მუხთარლის და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეებზე.


პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და მუშაობის ფორმატს კანონი განსაზღვრავს", - განაგრძობს გამოცემა

"პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისია იქმნება გარკვეული მიზნით და ასევე განსაზღვრულია, როგორ უნდა დაკომპლექტდეს იგი და როგორ უნდა იმუშაოს.


კანონმდებლობით, დროებითი საგამოძიებო კომისია "სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად" იქმნება. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კი, როგორც ჩანს, კომისიას ორივე მიზანი აქვს და ამაზე უკვე უმრავლესობის წარმომადგენლებიც მიუთითებენ. სესიაზე ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილი გამოვიდა განცხადებით. რაც შეეხება შემადგენლობას, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს. ფრაქციებისა და უფრაქციო დეპუტატების რაოდენობა კი ფრაქციებში გაწევრიანებული და უფრაქციო დეპუტატების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამის მიხედვით კვოტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განსაზღვრავს. საბოლოოდ, კომისია განსაზღვრული ფუნქციით, ვადით და შემადგენლობით მტკიცდება სესიაზე კენჭისყრით. ამიტომ როგორი იქნება შემადგენლობა და ვადა, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი", - წერს გამოცემა

"ოპოზიცია, უკვე დიდი ხანია, ითხოვს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მაგრამ ხელისუფლება ამ საკითხზეც უარს ამბობდა ისევე, როგორც სხვა კომისიებთან დაკავშირებით. "ევროპულმა საქართველომ" რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამ კონკრეტულ საქმეზე სასამართლო პროცესი სრულდებოდა და დაძაბულობა პიკს აღწევდა, დაარეგისტრირა კომისიის შექმნის საკითხი და 31 მაისის სხდომის დღის წესრიგში 54-ე საკითხად იყო გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარლამენტი განხილვას ვერ მოასწრებდა და ისევ გადაიდებოდა. სწორედ ამიტომ სესიის დაწყებამდე ბიუროს სხდომაზე "ევროპულმა საქართველომ" დღის წესრიგში პირველ საკითხად გათვალისწინება მოითხოვა, მაგრამ ბიუროზე ურავლესობის დიდი ნაწილი ვერ დაითანხმა, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ნაწილის და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეტყობოდა, რომ ისინი უარზე არ იყვნენ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "ჩვენ არც ერთ მხარეს (პროკურატურა და სასამართლო) აპრიორი არ ვუცხადებთ ნდობას" და "აშკარაა, საქმე ბოლომდეა მისაყვანი". რომან კაკულიამ კი პირდაპირ განაცხადა, რომ ის კომისიის შექმნას მხარს უჭერდა, რადგან "ეს ხელს არავის არაფერში არ შეუშლის" და ამით "პარლამენტი საზოგადოებას აჩვენებს, რომ მათთან ერთადაა", - დასძენს გამოცემა

"ამის შემდეგ ოპოზიციამ მოითხოვა, კენჭისყრაზე დაეყენებინათ და ისე გადაეწყვიტათეს საკითხი. როგორც ჩანს, უმრავლესობის ნაწილის პოზიციის შიშით, რომ ისინი კომისიის შექმნას მხარს დაუჭერდნენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კონსულტაციების დახურული ფორმატით გამართვა მოითხოვა. ის ბიუროს სხდომაზე კომისიის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმ არგუმენტით, რომ გამოძიებას ხელი არ უნდა შეეშალოს. უმრავლესობის დახურულ კონსულტაციაზე რა მოხდა, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ამჯერად კობახიძემ თავისი გაიტანა და კომისიის შექმნის გადაწყვეტილება თავად გამოაცხადა.


ამის შემდეგ კი პოზიცია ბესელიამაც შეიცვალა და განაცხადა, რომ, მართალია, კომისიის შექმნას არ უჭერდა მხარს, მაგრამ "ჩვენ ვერ ვიდგებით მეორე მხარეს, როდესაც ტკივილით დატვირთული ადამიანი გვეუბნება, ხელი გამომიწოდეთო", - წერს სტატიის ავტორი

ნანახია - 537

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80