გია ხუხაშვილი: "ზაზა სარალიძე აიძულეს, პოლიტიკოსების წინადადება მიეღო"

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

გია ხუხაშვილი: "ზაზა სარალიძე აიძულეს, პოლიტიკოსების წინადადება მიეღო"

გია ხუხაშვილი:  "ზაზა სარალიძე აიძულეს, პოლიტიკოსების წინადადება მიეღო"
"კვირის პალიტრა"

2018-06-04 13:14:40

"ის, რამაც ზაზა სარალიძე ქუჩაში გაიყვანა, მორალურ-ზნეობრივი საკითხია, რაც კონკრეტული ტრაგედიიდან გამომდინარე უსამართლობის განცდამ გააჩინა - ის ახლა იხდის ვალს მოკლული შვილის წინაშე, იბრძვის სიმართლისთვის და ის ამ ბრძოლაში გულწრფელია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედება, ძირითადად, ემოციითაა ნაკარნახევი, ის, ალბათ, ამ დღეების განმავლობაში ხვდებოდა და დარწმუნებული ვარ, დღესაც ხვდება, რომ გარშემო მყოფები რაღაც გაუგებრობისკენ უბიძგებდნენ, თუმცა მას მარტო დარჩენის შეეშინდა, რადგან პოლიტიკოსების გარდა სხვა საყრდენი ვერ მოძებნა, სხვა მოკავშირე ვერ დაინახა. არადა, მას ჰყავს საყრდენი ქართველი საზოგადოების სახით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მხარდაჭერის კაპიტალიზაცია ვერ მოხერხდა", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ზაზა სარალიძე აიძულეს, პოლიტიკოსების წინადადება მიეღო" / "კოაბიტაცია - ეს ფსევდოშერიგება, იყო მცდარი გზა, საბოლოოდ კი "კოლექტიურმა მურუსიძემ" "ქართული ოცნება" მძევლად აიყვანა" / თეორიულად შესაძლებელია, მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდეს, მაგრამ არა "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა თითოკაციანი პარტიების ლიდერობით / როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ზაზა სარალიძისადმი პატივისცემა, გულისხმიერება, თანაგრძნობა არ უნდა დავკარგოთ. თუ ჩვენ ადვილად გავთავისუფლდით მისი ტრაგედიისგან, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების სირცხვილი".

"როგორც უკვე გითხარით, ზაზა სარალიძეს შეეშინდა მარტო დარჩენის და ამიტომაც ჩაჰყვა ამ პროცესს, რასაც, დარწმუნებული ვარ, ბოლოს მაინც გაემიჯნება. ზაზა სარალიძე იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო და ეს გამოჩნდა აქციაზეც, როდესაც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ის რჩებოდა ზაზა სარალიძის მეგობრად, მაგრამ არა თანამებრძოლად და საკუთარი დამოუკიდებელი დღის წესრიგის გამოცხადების შემდეგ რუსთაველის გამზირს გაეცალა. ბევრს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ზაზა სარალიძე არ იყო თანახმა, აქციაზე პოლიტიკოსები გამოჩენილიყვნენ, თუმცა ბოლოს აიძულეს, მათი წინადადება მიეღო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცამ ეს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ზაზა სარალიძეს პოლიტიკა აინტერესებს... მას ეს არ აინტერესებს... როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ზაზა სარალიძისადმი პატივისცემა, გულისხმიერება, თანაგრძნობა არ უნდა დავკარგოთ. თუ ჩვენ ადვილად გავთავისუფლდით მისი ტრაგედიისგან, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების სირცხვილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანმა სიმართლე იპოვოს, რომ მკვლელებიც დაისაჯონ და ისინიც, ვინც ალბათ, ამ საქმის გამოძიებას აყალბებდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ამის გარკვევა, უპირველესად, ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება და ეს ქართველმა საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" კარგად უნდა აუხსნას. პროტესტის გადაგორება პროტესტის გაქრობას არ ნიშნავს და თუ ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩა, უნდა დაინახოს, რომ ეს საქმე მისთვის გარდამტეხია. ის ან კვლავაც მიაფუჩეჩებს გამოძიებას და თვითონ გამოუტანს თავს განაჩენს, ან მკვლელებსაც და საქმის გამყალბებლებსაც გამოავლენს და დასჯის, რითაც მნიშვნელოვანწილად მოახერხებს დაკარგული ნდობის აღდგენას, თუმცა მხოლოდ ესეც არ იქნება საკმარისი... აუცილებელია, "ქართული ოცნება" გათავისუფლდეს სააკაშვილის რეჟიმის ჩამოყალიბებული სისტემისგან, რომელმაც ეს ხელისუფლება მძევლად აიყვანა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გაუჩნდათ ამ თემის კაპიტალიზაციის სურვილი, თვითონ არიან იმ სისტემის შექმნაზე პასუხისმგებლები, რომლის დანგრევაზეც ახლა ლაპარაკობენ. მათი ლიდერობით სერიოზული პოლიტიკური პროცესის წამოწყება უპერსპექტივოა. თეორიულად შესაძლებელია, მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდეს, მაგრამ არა - "ნაცმოძრაობისა" და სხვა თითოკაციანი პარტიების ლიდერობით. მიუხედავად "ნაცმოძრაობის" რევანშისტული მცდელობებისა, მათ შესაძლებლობებს სკეპტიკურად ვუყურებ. რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვენ (რისი დანიშვნაც უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, როგორც გაირკვა, კონსტიტუციურად შეუძლებელია), მაინტერესებს, რისი იმედი აქვთ?! უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი რიგგარეშე თუ გეგმურ არჩევნებს აუცილებლად წააგებენ. მათ არ აქვთ ელექტორალური ზრდის პოტენციალი. ეს ყველაფერი ტყუილი ბაქიბუქია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს. სისტემის დემონტაჟის სასიცოცხლო აუცილებლობა კვლავ დღის წესრიგშია და აუცილებლად გაჩნდება სხვა მიზეზი პროტესტისთვის, რომლის მასშტაბი გაცილებით დიდი იქნება. რაც უფრო მეტ დროს დაკარგავს ხელისუფლება სისტემის დასანგრევად და სიახლის შემოთავაზებას დააგვიანებს, მით უფრო მეტი საფრთხე გაჩნდება და მომდევნო პროცესი შეიძლება მისთვის ფატალური გახდეს", - მიიჩნევს ექსპერტი.

"სააკაშვილმა და მის ორბიტაზე მოძრავმა პარტიებმა რა სცენარებიც უნდა განიხილონ ამსტერდამში თუ ევროპის სხვა ქალაქებში გამართულ შეხვედრაზე, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კარგად იცის, რომ საარჩევნო პერსპექტივა მას არ აქვს. შესაბამისად, რევანშის სცენარი ქაოსის გამოწვევაზე გადის. თუმცა სააკაშვილის ოცნებებს ახდენა არ უწერია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს და მოვლენების განვითარება დიდწილად მის ქმედებებზეც არის დამოკიდებული. რევოლუციის მონატრება აშკარად ეტყობათ გვარამიასა და "რუსთავი 2"-საც. ისინი წარმოადგენენ გამოკვეთილ პოლიტიკურ მხარეს და ამას არც მალავენ. მათთვის კრიზისი არის შანსი, თუმცა ესეც ილუზიაა. რა კრიზისიც უნდა შეიქმნას ქვეყანაში, მისი ბენეფიციარები "ნაციონალური მოძრაობა" და "რუსთავი 2" ვერ იქნებიან. "რუსთავი 2~ საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ვეღარ შექმნის, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მუშაობს, გაკოტრებულია. დღევანდელი ხელისუფლება სამართლიანობასთან დაკავშირებით თუ რამეს აშავებს, ეს ყველაფერი არის იმის გამოძახილი, რაც ხდებოდა იმ ხელისუფლების პირობებში... აქვე უნდა ვახსენოთ "საზოგადოებრივი მაუწყებელი". ეს არხი მეორე უკიდურესობაა, სრულ ნირვანაშია. მგონია, რომ `საზმაუ~ ერთხელ ვიღაცამ დაწყევლა და ამ წყევლას ვერა და ვერ დააღწია თავი", - ამბობს გია ხუხაშვილი. 

"როდესაც ხელისუფალს უჩნდება ილუზია, რომ შესაძლებელია წინა რეჟიმის ჩამოყალიბებულ, დანაშაულებრივ სისტემასთან თანამშრომლობა, მისი გაკეთილშობილება, ეს უამრავ პრობლემას წარმოშობს. საქმე ის არის, რომ სისტემა, რომელიც კოლექტიურ დანაშაულზეა აგებული, შეუძლებელია ტრანსფორმირდეს და თამაშის წესები შეცვალოს. პირიქით, ის ცდილობს, გაძლიერდეს და შენც საკუთარ მოედანზე გადაგიყვანოს. სამწუხაროდ, ასეც ხდებოდა მას მერე, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სააკაშვილის ჩამოყალიბებულ დანაშაულებრივ სისტემასთან, რასაც მე "კოლექტიურ მურუსიძეს" ვუწოდებ, თანამშრომლობა გადაწყვიტა. კოაბიტაცია - ეს ფსევდოშერიგება, იყო მცდარი გზა, საბოლოოდ კი "კოლექტიურმა მურუსიძემ" "ქართული ოცნება" მძევლად აიყვანა", - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - "დიდი ალბათობით, საქმის გამოძიებაში იყო მიზანმიმართული გადაცდომები, სავარაუდოდ, დანაშაულიც..." - პასუხობს:

"სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, დიდი ხანია, ამ სისტემის მძევლები არიან. მათ აქვთ ილუზია, რომ ისინი მართავენ ქვეყანას, არადა, კარგა ხანია, სწორედ ეს "კოლექტიური მურუსიძე" მართავს პროცესებს. ამის მიუხედავად, არა მგონია, რომ ამ საქმეს პოლიტიკური ქოლგა ჰქონდა და რომ უმაღლესი ეშელონიდან იმართებოდა პროცესი, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ მოახერხა საკუთარი ინტერესებით მოქმედება. სააკაშვილს, რომელმაც შექმნა ეს ურჩხული, ჰქონდა იმის შესაძლებლობაც, რომ ის ემართა, ანუ ეს "კოლექტიური მურუსიძე" მას ემსახურებოდა. ამ ფენომენს, ამ მახინჯ მოვლენას "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მსახურება აღარ აკმაყოფილებს და მას, ფაქტობრივად, ხელისუფლებასთან პარტნიორობის, ხშირად კი - დომინირების პრეტენზიაც აქვს!"

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემის შიგნით ჩადენილი სამოხელეო დანაშაული. არ გამოვრიცხავ ამ პროცესში კომპრომატების, შანტაჟის გამოყენებას, გამოსაძიებელია არა მხოლოდ მკვლელობის საქმე, არამედ ისიც, როგორ იძიებდა პროკურატურა ამ საქმეს. ამ გამოძიებით გამოვლენილი დამნაშავე პროკურორები თუ სხვა მოხელეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. კრიზისი საერთოდ ცუდია ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვისაც პრობლემაა, მაგრამ კრიზისი ყოველთვის ხსნის შესაძლებლობების ფანჯარას - ის ხელისუფლებას აძლევს კიდევ ერთ შანსს, განიწმინდოს, გააცნობიეროს ის შეცდომები, რაც დაუშვა ამ ურჩხულთან თანამშრომლობით და მისი თამაშიდან გაყვანა დაიწყოს... არაფერი ისე არ ავალდებულებს ერთმანეთის მიმართ ადამიანებს, როგორც ერთობლივი დანაშაული და თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის სისტემა იყო დანაშაულებრივი და ეს ადამიანები ერთად სჩადიოდნენ კოლექტიურ დანაშაულს, ბუნებრივია, მათ ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ ვალდებულებები, რომელთა გადალახვაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ისინი საერთო დანაშაულის მძევლები არიან. რაც შეეხება ირაკლი შოთაძე, დარწმუნებული ვარ, შოთაძე პირადად არ ყოფილა დაინტერესებული ამ საქმის დანგრევით, მაგრამ ისიც იმ სისტემის ნაწილი იყო. პრობლემა ის გახლავთ, რომ პროკურატურის ის კადრები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმისას უკანონო გადაწყვეტილებებში იყვნენ შემჩნეული, საპროცესო გარიგებებს ადგენდნენ და ხელისუფლების დანაშაულებს "აპრავებდნენ". ერთმანეთთან სწორედ ამ შავბნელი საქმიანობით არიან დაკავშირებული. შოთაძეს შეიძლება ძალიანაც არ უნდოდა ამ საქმის დანგრევა, მაგრამ დიდი ალბათობით, მას არ ჰქონდა იმის ფუფუნება, ეს ყველაფერი შეეჩერებინა - როგორც კი შეეცდებოდა, მიეღო ზომები, იქიდან წამოვიდოდა პასუხი. უცოდველი არავინ არის, არც შოთაძე, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, იმ სისტემის ნაწილი გახლდათ. რისი გაკეთება უწევდა მაშინ და ვინ იცის ამის შესახებ - ეს კიდევ ცალკე საკითხია", - განმარტავს ექსპერტი.

"ქართულ ოცნებას" რესურსი ჯერ კიდევ აქვს. ყველას კარგად გვესმის, ვინ უნდა გააკეთოს ეს. ეს უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა, რაც პოლიტიკაში რეინტეგრაციით დაადასტურა. ეს ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო... ის ქვეყანაში ძალის ერთადერთი ცენტრია და აქვს რესურსი, სისტემური გადაწყვეტილებები მიიღოს. ხვალ შეიძლება აღარ ჰქონდეს, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ აქვს. ხელისუფლებას აქვს საშუალება, სასოწარკვეთილ მამას იმ მოთხოვნებზე მეტი მისცეს, რაც ჩვენ ამ აქციაზე გვესმის. მით უფრო, ჩანს, რომ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ დაიწყეს გამოძიება. იმედი მაქვს, ეს პროცესი ძალიან სწრაფად წავა. ამას უნდა დაერთოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებიც. ვიმეორებ, ხელისუფლებამ ეს კრიზისი შეიძლება ჩააქროს, ეს უსამართლობის განცდა ქუჩიდან ისევ სამზარეულოში გადაიტანოს, მაგრამ ამან მალევე შეიძლება უფრო აგრესიულად იფეთქოს", დასძენს გია ხუხაშვილი. 

ნანახია - 361

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80