სარალიძე მარტო დარჩა - "ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა"
დაიჯესტი

სარალიძე მარტო დარჩა - "ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა"

სარალიძე მარტო დარჩა - "ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა"
"რეზონანსი"

2018-06-04 13:53:25

"ჩემი გადაწყვეტილება მე ვიცი, აღარ მჭირდება არანაირი ხალხი - მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე... მე ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა" - ეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის - ზაზა სარალიძის სიტყვებია, რომელიც მან ჟურნალისტებს გუშინ ვაკის პარკში უთხრა. სამართლიანობის აღდგენისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში მონაწილეთა დასჯის მოთხოვნით 31 მაისს დაწყებული მასშტაბური აქციები გუშინ, პრაქტიკულად, დასრულდა. პოლიტიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ შაბათს ღამით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ეს მოსალოდნელიც იყო, ახლა კი მთავარი კითხვა ზაზა სარალიძეს უკავშირდება - როგორია მისი მდგომარეობა და ხომ არ ემუქრება მის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე. შაბათს სარალიძემ გამოაცხადა, რომ შეიცვალა პოზიცია მის მხარდამჭერ აქციებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობასთან დაკავშირებით და პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დადგომა სთხოვა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სარალიძე მარტო დარჩა - "ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა".

"ამან ის შედეგი გამოიღო, რომ საპროტესტო ტალღა ორად გაიყო. პარლამენტთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, ვაკის პარკში კი გაიმართა აქცია "აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკის გარეშე". წინა დღეებთან შედარებით, გუშინდელი აქციები საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო და მათ რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა. ზაზა სარალიძე ვაკის პარკში მივიდა, მაგრამ საბოლოოდ იმედგაცრუებული დარჩა და ამ სიტყვებით - "აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე" დატოვა იქაურობა. აქცია "აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკის გარეშე" ვაკის პარკში გუშინ 15:00 საათიდან დაიწყო. მას ესწრებოდნენ პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მშობლებიც. ია მეტრეველი ამბობს, რომ სარალიძეს სთხოვა, ნუ დადგებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გვერდით. "მე ვუთხარი სარალიძეს, რომ ის არის შეცდომაში შეყვანილი. მეც და დანარჩენი საზოგადოებაც დგას მის გვერდით და ვთხოვე, ნუ დადგებოდა სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებთან, მათთან, ვინც ჩვენ დაგვიხოცა შვილები", - განაცხადა ია მეტრეველმა. მისივე ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს გადაწყვეტილი ჰქონდა, დარჩენილიყო ვაკის პარკში გამართულ აქციაზე, თუმცა აქციაზე მისულ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან საუბრის შემდეგ მან წასვლა გადაწყვიტა", - აღნიშნავს გამოცემა.

"როცა ზაზა სარალიძე აქციას ტოვებდა, ნინო ლომჯარიაც მასთან ერთად იყო. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცდილობს სარალიძის დახმარებას. "ამ ადამიანს იყენებს ყველა და მას სჭირდება დახმარება", - განაცხადა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ სარალიძესთან სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა, ამ დღეებში გამართულ აქციებზე კი კომენტარი არ გამოუთქვამს. 18 საათზე საპროტესტო აქცია პარლამენტთან დაიწყო, ოღონდ უკვე ზაზა სარალიძის გარეშე. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თუ თავდაპირველად აქციების მთავარი მოტივი სარალიძის პირადი ტრაგედია იყო, დღეს წინა ფლანგზე პოლიტიკამ გადმოინაცვლა და კონკრეტული ტრაგედია უკანა, მეორეხარისხოვან ფონზე გადაიწია... პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც აღნიშნავს, რომ აქციების თავდაპირველი მიზანი უკვე დაკარგულია. მისი აზრით, ზაზა სარალიძეს სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერები ეყოლება იმის მიხედვით, საბოლოოდ ვის დაუპირისპირდება - უშუალოდ მისი შვილის მკვლელობასა და საქმის არასრულფასოვნად გამოძიებაში დამნაშავეებს თუ, ზოგადად, მთავრობას", - განაგრძობს გამოცემა.

"ზაზა სარალიძე გახდა სიმბოლო ამ პროცესებისა და თუ მისი ფიგურა არ გამოჩნდება, ეს მნიშვნელოვნად შეარყევს აქციაზე მყოფთა რწმენას. ამ პროცესებში სარალიძის ჩართულობა როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფისთვის ალბათ მნიშვნელოვანია. თუ ეს ფიგურა გაქრება ალბათ პროტესტს ამდენი მხარდამჭერი აღარ ეყოლება. ვფიქრობ, სარალიძის ტრაგედია შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს. ალბათ გვახსოვს ვანო მერაბიშვილის შეძახილი "ორი ტრუპის" შესახებ - მსხვერპლი, რომელიც მაშინდელ ოპოზიციას დაბრალდებოდა. პოლიტიკური მიზნისთვის ასეთი მსხვერპლის გამოყენება სწორედ ამჟამინდელ ოპოზიციას ახასიათებს. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება იმის შიში, რომ გაჩნდება ანალოგიური დამოკიდებულება სარალიძის მიმართ. მათ შეიძლება იფიქრონ, რომ თუ სარალიძეს რაიმე დაემართება, ეს ხელისუფლებას დაბრალდება და, შესაბამისად, უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"გუშინ პარლამენტის წინ 18:00 საათზე საპროტესტო აქცია ზაზა სარალიძის გარეშე დაიწყო. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ გამოსვლისას განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და სახლში იმყოფება, თუმცა პროტესტი მაინც გაგრძელდება იმის მიუხედავად, მივა თუ არა ზაზა სარალიძე აქციაზე", - დასძენს გამოცემა.

ნანახი?- 462

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80