ავტომაგისტრალის მშენებლობა ყველანაირ ვადას ასცდა
ეკონომიკა

ავტომაგისტრალის მშენებლობა ყველანაირ ვადას ასცდა

ავტომაგისტრალის მშენებლობა ყველანაირ ვადას ასცდა
ბექა დანელია

2018-06-06 18:30:01

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყანაში კვლავ დიდი პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრი და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე არაერთგზის შეიცვალა, ძირითადი ხარვეზების გამოსწორება ვერაფრით ხერხდება.

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა ამავე დროს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ავტომაგისტრალის რიგი მონაკვეთების მშენებლობის დასრულების ვადები 2021-22 წლებია.

ამჟამად, ჩქაროსნულ მაგისტრალზე 200კილომეტრი გზა არის დასაგები. მშენებლობის 2020 წელს დასასრულებლად, წელიწადში, საშუალოდ, 66.6 კილომეტრი გზა იქნებოდა გასაყვანი. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წელიწადში, საშუალოდ, 18 კილომეტრი გზა შენდებოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტომაგისტრალზე მშენებლობის ყველაზე რთული მონაკვეთებია დარჩენილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 190 კილომეტრზე გზის საფარის მოწყობა დასრულებულია, მოძრაობა კი 167 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2006-2012 წლებში, მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 68 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი 99 კმ გზაზე გაიხსნა.

არც ერთი მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა რუსთავის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი, არ ხორცილედება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და იკვეთება მთელი რიგი დარღვევები ხარისხთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, რუსთავის შემოვლითი გზა, ფაქტობრივად, დაუმთავრებელია;

ქუთაისის შემოვლითი გზა საერთოდ ნონსენსია, რადგან არასწორი დაპროექტების გამო იქცა ფატალური ავტოავარიების მიზეზად და აუცილებელი გახდა მისი გაცალმხრივება, რამაც მისი ეფექტიანობა, პრაქტიკულად, გაანულა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე უკვე შეიმჩნევა დონეების აცდენა გზის ბეტონის საფარსა და ხიდებს შორის და მიდის ამ სიცოცხლისთვის სახიფათო ხარვეზის, ასფალტის ფენების ჩაკერების მეთოდით „გამოსწორება“. დაწეულია და წყლით ივსება დამაკავშირებელი გზების გვირაბები, წყალგამტარი ხიდები;

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის, დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ (254 მლნ ლარი) მონაკვეთს, მას აშენებს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომლის საერთაშორისო რეპუტაცია უკიდურესად შელახულია, რომელიც მსოფლიო ბანკის შავი სიის ბინადარი იყო მის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტი „საერთშორისო გამჭვირვალობამ“ შეაფასა, როგორც „კორუფციის მონუმენტი“. კომპანიის მიერ აგებულ მაგისტრალს არ იბარებს სომხეთის მთავრობა უკიდურესი უხარისხობის გამო. კომპანიას საქართველოს ბიუჯეტის მიმართ აქვს 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, რის გამოც მისი ქართული ფილიალი, ფაქტობრივად, გაჩერებულია და დაყადაღებულია მისი ქონება და ანგარიშები.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ჩინური კომპანიების „სინოჰიდროსა“ და „რკინიგზა 23“-ის მიერ დაგებული გზა უკვე ჭაობში იძირება.

„ახალი პროექტით მშენებლობის დროს არ იქნა გათვალისიწნებული არც გეოლოგიური, არც ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები და აქცენტი გაკეთდა იაფფასიან მასალებზე, რომელიც შეუსაბამოა ადგილობრივი გრუნტისათვის და გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მასზე გადაადგილება არ იქნება უსაფრთხო!

ყოველივე ზემოაღწერილი, გარდა იმისა, რომ იწვევს სახელმწიფო კრედიტებისა და ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვას და უკიდურესად ზრდის კორუფციის რისკს, ქვეყნის იმიჯზე და კონკურენტულ გარემოზეც უარყოფითად მოქმედებს, რადგან დარღვეულია შეჯიბრებითობის ელემენტარული პრინციპი - საეჭვო რეპუტაციის კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში აბსოლუტურად სხვა პირობებით და ასრულებენ აბსოლუტურად სხვა პროექტებს“, - აცხადებენ აფბა-ში.

ნანახია - 923

სეზამ

2018-06-07 10:26:50

მივმართავ ხელისუფლებას. ოდნავ პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ ამომრჩევლების წინაშე ამ სტატიაზე ხომ უნდა გქონდეთ რეაქცია, საპასუხო წერილით ხომ უნდა აუხსნათ ხალხს რა ხდება. რატომაა, რომ მსგავს წერილებზე თქვენი რეაქციაა ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის. ამაშიც წინა ხელისუფლების ხელი ურევია? (ჯერჯერობით საღ ჭკუაზე ვარ და არ ვარ მათი მომხრე).

ფხიზელი

2018-06-07 21:14:47

ამ პატარა წერილში ნაჩვენები მდგომარეობა მოითხოვს, რომ კომენტარს რეფრენად გასდევდეს გინება!..
თქვე დედა...ცხონებულებო, ყველაზე სახელგატეხილი, ყველაზე ნაგავი ჩინური კომპანია რომ არ მოგეწვიათ, სხვა არავინ დათანხმდა?
რადგან უვარგისი კომპანიაა, გაუხარდება, თუ დავასაქმებთ და იაფად გამოვალთო, არა?..
იაფად გაკეთებული (და ისიც, უცუდესი ჩინური კომპანიის მიერ!)
ხელახლა რომ იქნება გასაკეთებელი, თანაც - მრავალგზის და წლების განმავლობაში, ეს იქნება იაფი?!
მოძრაობა რომ უნდა გააჩეროთ პერმანენტულად, ხელახლა მიზიდოთ მასალა და ტექნიკა, ეს იქნება იაფი?!
ასეთ ხელმძღვანელობას სტალინის დროს დაუყოვნებლივ დააპატიმრებდნენ საბოტაჟის ბრალდებით და დახვრეტას თუ გადაურჩებოდნენ, ხანგრძლივი დროით გაგზავნიდნენ მაგადანის მხარეს ან პოლარული წრის იქით, ნორილსკში, "საწარმოო პრაქტიკაზე".
და ძალიან კარგსაც იზამდნენ!
პ.ს.
საერთოდ, რა გახდა ნიჭიერი ახალგაზრდების ერთი 10-კაციანი ჯგუფის გაშვება, ვთქვათ, გერმანიაში, სახელმწიფო დაფინანსებით, რომ აითვისონ გზების დაგების თანამედროვე ტექნოლოგია და იმ მანქანა-დანადგარების მართვა, რომელსაც ინტერნეტში ასე ხშირად ვუყურებთ აღტაცებული?
რა, ვინმეზე უნიჭოები ვართ და ვერ ავითვისებთ?
მერე იყიდიდით ერთხელ ამ ტექნიკას, დაასაქმებდით ჩვენს მოსახლეობას და ყველაფერი იქნებოდა კარგად!..
მართლა სულ რეპრესიებს როგორ უნდა ნატრობდეს ხალხი, რომ რაღაცა მოგვარდეს ქვეყანაში!..

ფხიზელი

2018-06-08 05:36:11

არა მხოლოდ მეგზევეებს, ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებს, როგორ აგებენ გზებს გერმანიაში:

(КАК СТРОЯТ БЕТОННЫЙ АВТОБАН В ГЕРМАНИИ)

https://www.youtube.com/watch?v=hOrcJaz48EI

ფხიზელი

2018-06-08 05:43:29

და არანაკლებ საინტერესო მეორე ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=IKpquXWMZSg

ფხიზელი

2018-06-08 05:56:12

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წელიწადში, საშუალოდ, 18 კილომეტრი გზა შენდებოდა."
?
გაუგებარია!
ბარით და წერაქვით მუშაობენ?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80