„აჯობებს, ჩინოვნიკთა აურაცხელი ხელფასი შევამციროთ და დარჩეს განაწყენებული, ვიდრე მასები - აღშფოთებულნი“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„აჯობებს, ჩინოვნიკთა აურაცხელი ხელფასი შევამციროთ და დარჩეს განაწყენებული, ვიდრე მასები - აღშფოთებულნი“

 „აჯობებს, ჩინოვნიკთა აურაცხელი ხელფასი შევამციროთ და დარჩეს განაწყენებული, ვიდრე მასები - აღშფოთებულნი“
მანანა ნოზაძე

2018-06-08 14:00:30

არაადეკვატური ხელფასები ჩვენს ქვეყანაში კვლავაც მთავარ გამოწვევად რჩება. თუ სააკაშვილის დროს მიუწვდომელი პრემიებითა და დანამატებით ინებივრებდნენ თავს მაღალჩინოსნები, ახლა უზომოდ გაბერილი ხელფასებით იწონებენ თავს. ამდენად, ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რომ უსამართლო სახელფასო დისპროპორცია მათ უკან შემოუბრუნდებოდათ და მეტროს მემანქანეები შესაბამის გასამრჯელოს მოითხოვდნენ.

საქართველოში არსებული ჰიპერბოლური და მინიმალური ხელფასების შესახებ For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ესაუბრა.

მეტროს მემანქანეების კვალდაკვალ, ხომ არ ამოქმედდება დომინოს პრინციპი და სხვა ადამიანებიც ხომ არ მოითხოვენ შედარებით ღირსეულ ხელფასს? თუნდაც კერძო სექტორში დასაქმებული მეშახტეები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში სიცოცხლის საფასურად შრომობენ და, როგორც ამბობენ, მათი ხელფასი 200 ლარიდან იწყება.

- პირველ რიგში, მეტროს მემანქანეები იბრძვიან თავიანთი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. ზოგადად, სოციალური კანონია, რომ ადამიანი იბრძვის თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, თუკი ბოლოდროინდელ მოვლენებს დავუკავშირებთ ამ თემას, შეიძლება, ეჭვი გაჩნდეს, ხომ არ იყენებენ მემანქანეების გულწრფელ მოთხოვნას პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად? მით უმეტეს, ჩვენ გვქონდა შეჭირვებაში მყოფი ადამიანების გამოყენების შემთხვევები, ვგულისხმობ ზაზა სარალიძესა და სხვებს. თქვენ წარმოიდგინეთ, სტუდენტი ან დასაქმებული, რომელსაც სამსახურში აგვიანდება, ვისკენ მიმართავს თავის რისხვას? არა მეტროს მემანქანისკენ, არამედ ხელისუფლებისკენ.

ამ ყველაფრის უკანნაციონალებისხელწერას ხედავთ?

- ეს ფაქტია. როგორც წესი, ასეთი რამ სპონტანურად არ ხდება. ვერავინ იტყვის, რომ ეს შემთხვევითია. ჩემი აზრით, ეს წინასწარ დაწერილი სცენარია. შესაძლოა, ჩვენი არაკეთილსინდისიერი მეზობელის სპეცსამსახურის მიერ დაწერილი სცენარიც იყოს. რაც შეეხება მის ეკონომიკურ მხარეს და ხელფასის 45%-იან მატებას, სიმართლე გითხრათ, რეალურად ვერ გავარკვიე, რა რაოდენობის ხელფასი ეძლევათ მემანქანეებს, რადგან ისინი სხვა ციფრს ასახელებენ, მერია - სხვა ციფრს. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ მემანქანეებს საკუთარი ხელფასის შესახებ, თუმცა რეალური ციფრები ჩვენ არ გვაქვს. თუნდაც 1000 ლარიც რომ იყოს ხელფასი, გამოდის, მემანქანეები ითხოვენ 450 ლარის მომატებას. გაფიცვისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხა მგონია.

რაც შეეხება დომინოს პრინციპის ამოქმედებას, მართლაც, მეშახტეები გაუსაძლის პირობებში შრომობენ, მეშახტის ხელფასი 800-1000-ლარიც რომ იყოს (რაც ასე არ არის და გაცილებით მცირეა), ეს საკმარისი მაინც არ იქნებოდა. მეტროს მემანქანის სამუშაო პირობებიც ძალიან მძიმეა, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ათასობით ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც მათ გადაჰყავთ. ასევე, ხელფასების ნაკლებობა აქვთ მასწავლებლებს, განსაკუთრებით, განათლების სექტორში მომუშავე ადამიანებს. ამ მხრივ გამონაკლისია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები. არასწორია, როცა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულს, ან თუნდაც პარლამენტარს რამოდენიმე ათასი ლარის ოდენობით ხელფასი ეძლევა.

ამ დღეებში კიდევ ერთი ჩინოვნიკის სახელფასო ანაზღაურება გახდა სალაპარაკო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, მამუკა კობახიძემ სულ რაღაც 41 დღეში 13 ათასლარიანი ხელფასი მიიღო. ხომ შეიძლება, ასეთი მაღალი ხელფასები გადანაწილდეს უბრალო მემანქანეებზე, ვისაც მეტროში რთულ პირობებში უწევთ მუშაობა?

- კი ბატონო, საქართველოს რეალობასთან შედარებით ეს ძალიან დიდი თანხაა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ამ თანხის გადანაწილება მემანქანეებზე, მაგრამ არ მესმის, რატომ არ აკეთებენ ამას. მაქსიმალური ხელფასი საქართველოში თავისუფლად შეიძლება იყოს 5 ათასი ლარი. ყველაზე ზედატვირთული ჩინოვნიკისთვის ეს ძალიან დიდი თანხა იქნებოდა. უკვე აღარაფერს ვამბობ 10 ათასლარიან და უფრო მეტი რაოდენობის ხელფასებზე. ეს რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ხოლო კერძო სექტორის დაფინანსება დამოუკიდებელია და, რამდენსაც უნდა, იმდენ თანხას აძლევენ დასაქმებულს. ეს კი ჩვეულებრივი შემოსავლების მქონე ადამიანთა გაბოროტებას იწვევს. ისინი თავიანთ რისხვას მიმართავენ ხელისუფლებისკენ და, თუ ხელისუფლებამ ძალიან სწრაფი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ეს პერმანენტულ აქციებში გადაიზრდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები ამას სათავისოდ გამოიყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პოლიტიკოსები და ოპოზიციონრები არც იქნებოდნენ.

დღეს ბევრი ფიქრობს, ხომ არ ჯობდა, მერიას ხისტი მიდგომა შეეცვალა და დაეთმო მემანქანეებისთვის, რადგან ლამაზად არ ჟღერს, როცა ჩვენი შეძლებული ჩინოვნიკები ამ გაუფასურებული ლარის პირობებში კვლავაც ძველ სახელფასო სარგოზე ლაპარაკობენ.

- გააჩნია, რა იგულისხმება დათმობაში. რაც დასათმობია, უნდა დათმონ კიდეც. გაჯიუტება არ იქნება სწორი. ის, რომ შრომის პირობები უნდა გაუმჯობესდეს, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა, ეს ყველასთვის ნათელია. ის, რომ მკვლელობა უნდა გამოიძიონ, ამას ლაპარაკიც არ სჭირდება, ნებისმიერი ხელისუფლების საფუძველია სამართლიანობა. სახელმწიფო იწყება სამართლიანობიდან. ცუდია, რომ ასეთ საკითხებში პოლიტიკური ელფერი შეერევა ხოლმე. ამიტომ რაც დასათმობია, უნდა დათმონ, რაც არა, აუხსნან და დაარწმუნონ მემანქანეები იმაში, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია ამის გაკეთება, თორემ ქაოსს მოვიღებთ.

გავიხსენოთ 1991 წელი. 91 წლის სექტემბერში მიტინგები დემოკრატიის ეგიდით დაიწყო. ითხოვდნენ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და ა.შ. ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლისთვის ვინმეს რომ ეთქვა, ამით რუსეთის საქმეს აკეთებთო, ალბათ, ვერავინ გაასწრებდა პასუხგაუცემლად. დღესაც, ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთის საქმე კეთდება. საქართველოს აქვს იმის შანსი, ძალიან დაუახლოვდეს ევროკავშირს, ასევე, ძალიან დაუახლოვდეს ნატოს, მაგრამ რეალურად ეს არის მსოფლიოს გადანაწილების პროცესი და ცალკეულ ძალებს სურთ, ჩვენ არ გადავიდეთ დასავლეთისკენ და არ მოვწყდეთ ჩრდილოეთის ვექტორს.

ჩვენ ვახსენეთ მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკები. ალბათ, დროა, ისინი თავადაც დაფიქრდნენ იმაზე, რომ ქვეყანაში ხელფასებს შორის ასეთი დისპროპორცია მათთვისაც დამღუპველია. იქნებ, მემანქანეებსაც და მეშახტეებსაც ოჯახები ჰყავთ შესანახი? იქნებ, დადგა დრო, რომ სოციალურ თანასწორობაზე იფიქრონ და ხელფასების გონივრული გადანაწილება დაიწყონ?

- ეს დრო დადგა. თუმცა რეალურად რა გაკეთდა? პრემიები და თანამდებობრივი სარგოები გაუქმდა, მაგრამ ეს თანხები ხელფასებში გადაიზარდა. რიგითი ადამიანისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელიმე ჩინოვნიკი პრემიით მიიღებს მაღალ ანაზღაურებას, დანამატით, თანამდებობრივი სარგოთი, თუ ერთბაშად აიღებს ხელფასის სახით? სამართლიანი გადანაწილების პერიოდი, ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგეს. ახლა იტყვიან, რომელიღაც ჩინოვნიკს ამით დააკლდება ხელფასიო, მაგრამ აჯობებს, რამოდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ჩინოვნიკი დარჩეს განაწყენებული, ვიდრე მასები დარჩნენ აღშფოთებულნი. ეს სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანს. თუმცა მე ვთვლი, რომ დღეისათვის სოციალური აფეთქების არანაირი შინაგანი ფაქტორი არ არსებობს. ამის მიუხედავად, გარედან ინსპირირებული ძალები მაქსიმალურად შეეცდებიან ხელსაყრელი ვითარების გამოყენებას.

ხალხს მობეზრდა იმის მოსმენა, რომ ახლანდელი ჩინოვნიკები შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკების მსგავსად დაბალი ანაზღაურების პირობებში ვერ იმსახურებენ და დატოვებენ თანამდებობებს. თუმცა, ალბათ, უნდა მოხდეს ჩინოვნიკების რანგირება. როდესაც საუბარია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორზე, ისეთი შეუცვლელი რა კეთდება ამ კომპანიაში, რომ ამხელა ხელფასებს ინაწილებენ?

- თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის სააგენტო და კონკურენციის სააგენტო ავიღოთ. მათი მხრიდან რაიმე სასიკეთო გაკეთდა? უბრალოდ, მათ ნავთობის კომპანიები დააჯარიმეს, მათ კი სასამართლოში მოიგეს თანხა და აქეთ დაადეს ჯარიმა. ცხადია, არაადეკვატური არ უნდა იყოს ხელფასები. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ სახელმწიფო უწყებაში ასეთი მაღალი ხელფასებია, მას კერძო საქმე აღარ აინტერესებს. სტუდენტს რომ ჰკითხო, რა გირჩევნია, შენი საკუთარი მზარდი ბიზნესი დაიწყო, თუ მერიაში, ან რომელიმე სამინისტროში წამყვანი სპეციალისტი გახდე, ამ უკანასკნელს ამჯობინებს. რეალურად, ეს არის მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით შეუსაბამო ხელფასი. საინტერესოა, დაბალ ხელფასს რას უწოდებენ? 3 ათასი ლარი ნამდვილად არ არის მცირე ხელფასი არც ერთი მინისტრისთვის, დეპარტამენტის თავმჯდომარის, თუ პარლამენტარისთვის. ეს არის საშუალოზე მაღალი ცხოვრების დონის უზრუნველყოფის საშუალება. 7 ათასი ლარის მქონე ჩინოვნიკი თუკი ხელფასის შემცირების გამო განაწყენდება და წავა სამსახურიდან, ძალიანაც კარგი, ნეტავ, წასულა და სულაც აღარ მისულა სახელმწიფო სამსახურში. მასზე უკეთესი პროფესიონალი მოინახება, რომელიც ნახევარ ფასად უკეთ შეასრულებს იმავე სამუშაოს. უცხოეთში განათლებამიღებული, სტაჟირებაგავლილი ნებისმიერი ადამიანი დათანხმდება 4 ათას ლარად მუშაობას.

უცხოეთში ხელფასებს შორის ასეთი დისბალანსი წარმოუდგენელია.

- მაგალითად, მასწავლებლის სპეციალობა პრესტიჟულია ამერიკაში. ასევე, შვეიცარიაში რომელიმე უნივერსიტეტის პროფესორი, ლექტორი, მასწავლებელი გაცილებით მაღალ ხელფასს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელე, რადგან სახელმწიფომ იცის, რომ მასწავლებელზეა დამოკიდებული მომავალი თაობის აღზრდა. საქართველოში კი ვიღაცები სამსახურში ეწყობიან ვიღაცის ხელსაყრელი კავშირებით და შემდგომ უკვე უკან აღარ იყურებიან. ჩვენი ქვეყნისთვის ეს დიდი პრობლემაა.

ნანახია - 1746

ლაზი1

2018-06-08 16:06:29

სერთოდ, ვინმეს შეუძლია გასცეს პასუხი კითხვას - რა პრინციპით დგინდება თუნდაც, მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებისა და მენეჯერების ხელფასები?
რას აკეთებენ ეს ზეპრივილეგირებული პერსონები ასეთ განსაკუთრებულს, ამხელა ხელფასებს რომ უნიშნავენ?
თუ აკეთებენ შედეგიც უნდა ჩანდეს. ე.ი. არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებენ. თანაც აქეთ ამადლიან თავს ქვეყანას.
სახელმწიფო სსიპ-ებში ააიპ-ებში გადაყვანილების ხელფასები, ხელფასებს კი არა თანამდებობასთან გამოთხოვების კომპენსაციას უფრო ჰგავს.

ამაპოლა

2018-06-08 16:22:18

ბ-ნ მამუკა კობახიძეს 2017 წლის განმავლობაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადასვლამდე, 320 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული შრომის ანაზღაურების სახით (ორ სამსახურში) და აბა "მათხოვრულ" 5000-ლარიან ხელფასზე ხომ არ გაცვლიდა.

ამაპოლა

2018-06-08 16:27:31

უფრო ზუსტად 334 365.48 ლარი.

serapina

2018-06-08 19:07:36

შევხედოთ, მასწავლებლის ხელფასს საქართველოში და ცხადი გახდება, რატომ არ აინტერესებს ქართველ პოლიტიკოსებს, მოზარდ-ახალგაზრდების განათლება.

ამიტომ ურჩევნიათ,ჩვენს პოლიტიკოსებს(ჩვენებური გაგებით,თორემ კლასიკური გაგაბით,ესენი, სულ სხვა სფეროს მიეკუთვნებიან!) ხალხმა ქუჩებში ირბინოს(კონტ/როლირებულად), ვიდრე თავად დაკარგონ ხელისუფლება. ხალხიც,ირბენს და ირბენს(მეტი რა გვიკეთებია,აქამდეც),ხოლო თვითონ ჭამენ და სვამენ.

...და რადგან ორგანიზებულ,გონივრულ და ჩამოყალიბებულ დემონსტ/რაციებს ამ მონაცემებით რაც გვაქვს ვერ მიიღებენ, თავის თავს დააჯოლდოებენ!
აბა,ამაზე კარგი რა უნდა გააკეთონ?!

ევროპა,ევროპაო!
აი,ხომ არის გამოსათვლელი სისიტემები...
გამოთვალონ, ევროპის თუნდაც ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში,მაღალი რანგის ჩინოვნიკების და მათზე დაქვემდებარებულების ხელფასები...მათ შორის პ/როცენტული სხვაობა.

ცოტა რამეში ვართ პირველ ადგილზე, მართალია უკუღმართულში მაგრამ... ნუ დავკარგავთ!
ყველაფერი სასწაული(უმსგავსობა),ამ საქართველოში როგორ უნდა ხდებოდეს?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80