ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზსს საკომისიო ექსპერტიზა დაადგენს
საზოგადოება

ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზსს საკომისიო ექსპერტიზა დაადგენს

ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზსს საკომისიო ექსპერტიზა დაადგენს
თამთა ქარჩავა

2018-06-08 18:00:37

მთავარმა პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და საქმის მასალების საფუძველზე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა. გამოძიება გაგრძელდება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლებააღკვეთილი პირის წამების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შესაბამისად, გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დაამძიმა. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად საკომისიო ექსპერტიზა ჩატარდება. გარდა იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, მას უკვე წამების კვალიფიკაცია დაემატა.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებული დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

„ფაქტობრივად, ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია.

ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნით დადგინდა, რომ ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანება აქვს მიყენებული. დასკვნაში საუბარია 46-მდე დაზიანებაზე, რომლებიც მიყენებულია ბრტყელი ცილინდრული ზედაპირის მქონე საგნების მრავალჯერადი გამოყენებით. მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ამისთვის, როგორც დასკვნაში წერია, აუცილებელია ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა, რათა განისაზღვროს დაზინებების სიმძიმე და სიკვდილის გამომწვევი მიზეზები.

როგორც ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი აცხადებს, ტატუნაშვილს ცხვირზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები, შეწეული იყო მარცხენა საფეთქლის მხარე. ასევე თვალთან და შუბლზე ჰქონდა დაზიანება. მისი თქმით, ოჯახს აქვს განცდა, რომ ეს იყო ნატყვიარი, მაგრამ ამ დეტალზე სამედიცინო ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი.

„საკონტროლო ტყვიაზე საუბარი არ არის, მაგრამ მაგალითად, ხელის მტევნებზე არის საუბარი. საუბარია სისხლნაჟღენთებზე, მოტეხილობაზე. მარტო ხელებზე 20-ზე მეტი მოტეხილობაა აღწერილი. დაზიანებებია თავის არეში - სისხლჩაქცევები, ასევე დაზიანებებია სათესლე პარკის მიდამოში. როგორც ამ დასკვნის ანალიზით ირკვევა, ამ მიდამოში დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით.

სახეზეა ასამდე მოტეხილობა და დაზიანება, რომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარეშე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ადვოკატთან ერთად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრას შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილიც დაესწრო. დაზარალებულ ოჯახს ამ ეტაპზე ექსპერტებთან შეკითხვები აღარ აქვს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დანიშნა.

„გვითხრეს, რომ ყველა დაზიანება შესაბამისად არის აღწერილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ინფორმაცია მიგვეღო. ჩვენ სრულად დამოკიდებული ვართ ექსპერტებზე. მივიღეთ პასუხი შუბლის ნაწილზეც. ოჯახი საუბრობდა, რომ ეს იყო ნატყვიარი. ამ კონკრეტულ საკითხზე გვითხრეს, რომ ეს იყო ე.წ. აშრევების შედეგი და არ იყო სიცოცხლისდროინდელი. იყო თუ არა საკონტროლო გასროლა, ამას ექსპერტიზა ვერ დაადგენს. გვითხრეს, რომ იქ საერთოდ არ იყო დაზიანება.

ისინი აღწერენ მხოლოდ დაზიანებებს. კითხვები გვქონდა საფეთქელთან შეწეულ ადგილთან დაკავშირებითაც. ეს იყო რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი. იქ ექსპერტიზისთვის ფაქტობრივად მოხდა თავის ნაწილის გადახერხვა და გამოიწვია საფეთქელთან ადგილის შეწევა. ჩვენ ვითხოვთ დასკვნის შემჭიდროვებულ ვადებში დადებას. ეს ძალიან გვჭირდება. თუ არ მოხდება შემჭიდროვებულ ვადებში დასკნის დადება, მაშინ ჩვენ გაგვიჭირდება სარჩელის მომზადება და მტკიცება იმის, რომ გარდაცვალება იყო წამების შედეგი. მე მაქვს იმედი, რომ სახელმწიფო სწორი სტრატეგიით წავა“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილს ამბობს, რომ მისი შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. ამბობს, რომ მისთვის ახლა საინტერესოა ის, რაც არ წერია დასკვნაში.

„შუბლზე წრე ეტყობა და ცხვირი თავისი არ იყო. ავარიაში მოყვა და ცხვირი ჰქონდა ტრავმირებული. ცხედარი კი, გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით. დასკვნაში არ წერია ცხვირზე. ნატყვიარი არ არისო, თუ ნატყვიარი არ არის, მაშინ გამაგებინონ რა არის. გამოძიება დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე. სხვანაირად გამოძიება ჩიხში შევა. წვდომა მაქვს ყველა ინფორმაციასთან, გამოძიების ახალ ინფორმაციასთან. შსს თავიდან როგორც დამპირდა რომ გვერდში დამიდგებოდა, ყველანაირად მიდგას გვერდში. გამოძიების ობიექტურობაში, რაც მთავარია, ეჭვი არ მეპარება“, - აცხადებს გიორგი ტატუნაშვილი.

ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ერთ ფაქტს - ტატუნაშვილის მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ამას გამოძიება შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს.

„გამოძიებისთვის საექსპერტო შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ასევე, რომ საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც უშუალოდ სიკვდილის მიზეზებს დაადგენს. ის, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მისი სიცოცხლის ძალისმიერი ხელყოფა მოხდა, თავიდანვე ცალსახა იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზამ აბსოლუტურად ყველა დაზიანება ძალიან დეტალურად აღწერა. ამ დაზიანებების მრავლობითობა უკვე, რა თქმა უნდა, ცალსახა სურათს იძლევა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

ნანახია - 1429

mikluxo

2018-06-08 19:47:58

“იმის ნაცვლად, რომ შეეფასებინათ ზნეობრივად, პოლიტიკურად და სამართლებრივად 9- წლიანი რეჟიმი, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დაადგა, რომელსაც დღემდე ახორციელებს. ამ კომისიის შექმნა არის ამ უმსგავსობის პიკი. ცინიზმს და უნამუსობას პარლამენტში არა აქვს საზღვარი და ვხედავ, რომ ეს საზღვრები გარღვეულია ამ თვალსაზრისით. ბატონო პროკურატურავ, იმის ნაცვლად, რომ თქვენ დაგებარებინათ ბოკერია და დაგეკითხათ, ახლა თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში. მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას“ - თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში და ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, რადგან მკვლელებსა და სადისტებს ხელს აფარებთ. ეს კომისია არის ამის გვირგვინი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80