შიდაპარტიული ომი შევარდნაძის გუნდში - ჟვანია, სააკაშვილი და სხვები
რეტრომედია

შიდაპარტიული ომი შევარდნაძის გუნდში - ჟვანია, სააკაშვილი და სხვები

შიდაპარტიული ომი შევარდნაძის გუნდში - ჟვანია, სააკაშვილი და სხვები
„დილის გაზეთი“, 1 ივლისი, 2001 წელი

2018-06-09 12:56:57

„მოქალაქეთა პარტიამ“ ბოლო ერთ წელიწადში პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა და პრეზიდენტის სკამი მიიღო ალაფად, რითაც უზრუნველყო მომავალი ხუთი წლის განმავლობაში უღრუბლო ზეობა, მაგრამ როგორც ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, "ყველაფერი რიგზე არ არის დანიის სამეფოში". აშკარაა, რომ გარეპარტიულ ტრიუმფს შიდაპარტიული ომი ჩაენაცვლა და პოლიტიკური პროცესები უკვე მოქკავშირის რიგებში იწყებს დუღილს.

მოქკავშირი, მიუხედავად ოპონენტების მხრიდან მისი ნეობოლშევიზმში დადანაშაულებისა, არ არის და არც შეიძლება იყოს კომპარტიასავით მონოლითური და დარაზმული ძალა. მეტიც, ის უფრო საფრანგეთის რევოლუციის კონვენტს მოგაგონებთ, რომელსაც საკუთარი "მთა", ცენტრისტი "ჟირონდისტები" და მობუყბუყე "ჭაობი" ჰქონდა, შესაბამისი "ბელადებითა" და ლიდერებით. არის განსხვავებაც, ედუარდ შევარდნაძის ავტორიტეტი და გავლენა იმდენად შეუვალია, რომ, ცნობილ თეზას თუ მოვიშველიებთ, როცა ვამბობთ მოქკავშირს, ვგულისხმობთ შევარდნაძეს, მაგრამ ნამდვილად არ ვგულისხმობთ მოქკავშირს. ეს სხვადასხვა წონის, პერსპექტივისა და ხარისხის კატეგორიებია და არ გვმართებს მათი აღრევა. შევარდნაძე უდავოდ ზევსია საკუთარი პარტიისთვის და მიმდინარე თუ მომავალი ბატალიების პროგნოზირებისათვის აუცილებელია თითოეული ჯგუფისა თუ მათი ლიდერის მასთან მიმართების დადგენა.

ზურაბ ჟვანია

თავისი მდგომარეობითა და პოზიციებით იგი "მთის" წინამძღოლი ჩანს, აქვს უზარმაზარი გავლენა პროცესებზე და, რაც მთავარია - ამბიცია, იყოს შევარდნაძის მემკვიდრე. უფრო მეტიც, მის მიერ დღემდე გადადგმული ყველა ნაბიჯი ამ მემკვიდრეობის მოახლოებისკენ იყო მიმართული. შიდაპარტიული ბრძოლაც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მისი დირიჟორობით მიმდინარეობს, თანაც არცთუ ისე უშედეგოდ. ბოლო დრომდე მისი ძალაუფლება უსაზღვროდ იყო გაზრდილი და ზოგიერთი ექსპერტის შეფასებას თუ ვერწმუნებით, ზევსსაც კი ედრება მანევრებით.

მას ადამიანების დარაზმვისა და გადმობირების დიდი ნიჭი აქვს, თანაც ახერხებს სხვისი ხელით გლიჯოს ნარი და მისივე გეგმით მოხსნილი თუ შერისხული პიროვნებები და კლანები არ გადაიმტეროს. ღირსებად უთვლიან ასევე აშშ-ის დემოკრატიულ ძალებთან კონტაქტებს, მათ მიერ გუშინ და გუშინწინ მოქკავშირის "მთის", ანუ ახალგაზრდული ფრთის დასაყრდენ ძალად განხილვას, კარგ კონტაქტებს ევროპაში, ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს, ოპოზიციასა და ნახევრადპოზიციაზე დიდ გავლენას, ორატორულ და ორგანიზატორულ ნიჭს, პოლიტიკური დინებების კარგ ცოდნას და ინტრიგებში დაოსტატებას.

ექსპერტების ნაწილი ნაკლად ანტირუსულ განწყობებს უთვლის, რაც წონადი მართლაც შეიძლება გახდეს რუსეთის გავლენის გაძლიერების პირობებში. გაურკვეველი ჩანს აშშ-ის რესპუბლიკებთან ურთიერთობების მომავალიც, რადგან გამარჯვებული ბუშის ადმინისტრაცია გამოკვეთილად შევარდნაძისტული ორიენტაციისა. ასევე ნაკლად არის მიჩნეული აჭარის ლიდერთან მტერმოყვრული ურთიერთობა, რის გამოც ჟვანიას პირველკაცობას, შესაძლოა აჭარის სეპარატიზაცია მოჰყვეს. კარიერისათვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს "მთის" მიერ საქართველოს მწერალთა კავშირისათვის გამოცხადებული ომი და ამ უკანასკნელთა მიერ ჟვანიას გუნდის ანტიეროვნულ საქმიანობაში დადანაშაულება. "მონტანიარებისათვის" ("მთა" - რადიკალების ჯგუფი საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროინდელ კონვენტში) სიტუაციის მთელი ტრაგიზმი ისაა, რომ სხვების მიმართ გამოყენებული ყველა ნაცადი გზა აქ უძლური აღმოჩნდა და, რაც უფრო იზრდება დაწოლა, მით უფრო ძლიერდება "მესამე ფენის" ძალა და წონა. არც გაჩუმებაა გამოსავალი, არც მისი გათიშვის მცდელობა. საკმაოდ მოხერხებული და კარგად მორგებული ანტიკორუფციული რიტორიკის ფონზე, ჟვანიამ ვერც ბიზნესისა და საფინანსო-სამრეწველო წრეებში დასაყრდენის შექმნა შეძლო, რაც მისი დიდი ნაკლია. ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენების აბსოლუტური უმრავლესობა მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა. "გადამხდელთა კავშირთან" ალიანსი კრახით დამთავრდა. ჟვანიამ (და შევარდნაძემ) ჯერ თოფაძის მრეწველთა ფრაქცია მიიღეს პარლამენტში, ხოლო შემდეგ ახალი მოძრაობა (ლ. გაჩეჩილაძე, დ. გამყრელიძე და სხვები). მრავალრიცხოვანი და ძლიერი გადამხდელთა კავშირიდან მოკავშირეებად ნიკო ლეკიშვილი და თემურ ჭყონიაღა შემორჩნენ. ასეთ პირობებში მდგომარეობა შეიძლება ეხსნა, ეგრეთ წოდებულ, "გქბ"-ის ჯგუფთან მეგობრობას, მაგრამ ეს მეგობრობაც კრახით დამთავრდა. ჯერ განაწყენებული სიორიძე ტოვებს მოქალაქეთა ფრაქციას, შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილი იქცა ჟვანიას ყოფილი თუ ახლანდელი გარემოცვის მუდმივ სამიზნედ. ეს, ბუნებრივია, ამ ჯგუფის განწყობას ჟვანიასადმი კარდინალურად შეცვლის. ამ დროს ჟვანიას შეეძლო თავისივე გუნდში გაჩენილი ბზარები ჩხარტიშვილ-სიორიძესთან დამეგობრებით დაებალანსებინა, მაგრამ ეს ხომ უკვე დიდი პოლიტიკაა და ასეთი რამ საქართველოში მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს შეუძლია.

პრემიერად გახდომა მას ამ სანუკვარ ოცნებასთან აახლოებს, თუმცა, აშორებს კიდეც, რადგან ამის შემდეგ ყოველივე ათას შემთხვევითობაზე ხდება დამოკიდებული. პარალელურ ბიოგრაფიებს თუ მოვიშველიებთ, ჟვანია ჰგავს მარატსაც, რობესპიერსაც და დანტონსაც, მაგრამ იმედია, იგი არ გაიზიარებს მათ ბედს. ერთი, რომ დროა სხვა და მეორეც, აბა რა იქნებოდა დღეს ქართული პოლიტიკა მის გარეშე.

მიხეილ სააკაშვილი

იგი ყველაზე რევოლუციური და ყველაზე თავშეუკავებელია, აშკარად რობესპიერისა და სენ ჟიუსტის პარალელურ სიბრტყეში მოძრაობს, უდავოდ, არის პერსპექტიული რევოლუციონერ-პოლიტიკოსის ყველა თვისებით შემკული ფიგურა. იყო დრო, როცა მას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მაგრამ გავიდა ხანი და ძალიან ბევრი კრთება მისი ხმის გაგონებაზე. ბოროტი ხმები ქართული მასმედიისა და მესამე სექტორის კურატორობას აბრალებენ და თუ ეს მართლაც ასეა, ან მთლიანად ჟვანიასგუნდელია, ან ცალკე თამაშობს საკუთარ თამაშს. ყველა შემთხვევაში, მის გავლენაში ეჭვის შეტანა არასწორია. თავი დავანებოთ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს, რადგანაც ისინი ტყუპისცალებივით ჰგვანან ჟვანიასას და განმეორება, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ არის ცოდნის დედა. დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი, "მთის" უდავო ლიდერთაგანია და აშკარაა, რომ მომავალში თავის სიტყვას იტყვის, ცხადია, თუ მიეცა ამის საშუალება. ძნელი სათქმელია, მინისტრთა კაბინეტში რა სტატუსი დააკმაყოფილებს მას, თუმცა, სურვილი, გახდეს ძალისმიერების კურატორი, ნაკლებ სავარაუდოა ახდეს, რადგან შევარდნაძე ამას ალბათ არ დაუშვებს.

ნიკო ლეკიშვილი

იგი მოქალაქეთა კავშირის ვეტერანია. საკუთარი არც პრესა გააჩნია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, გარდა გადამხდელთა კავშირისა, მაგრამ მისი დიდი გავლენის არსებობაში ეჭვის შეტანა სიბეცეა. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მას პარლამენტის თავმჯდომარედ კონკურენტი არ ეყოლება და ეს კიდევ უფრო გაზრდის მის წონასა და გავლენას.

ვაჟა ლორთქიფანიძე

დღეს იგი შერისხულია, დამარცხებულია და მისი ხვედრი ჟირონდისტების ბელადის ბრისოსას უდავოდ ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ შესაძლოა, მან მოქკავშირი დატოვოს და ახალი მემარჯვენე ძალის შექმნით სცადოს რევანში. ლორთქიფანიძის მომხრეები ჟვანიას ტრიუმფს "პიროსის გამარჯვებას" ადარებენ და ამ მტკიცებას მართლაც აქვს არსებობის უფლება, რადგანაც არავის მიუყენებია ჟვანიასთვის ისეთი სასტიკი დარტყმები, როგორიც ლორთქიფანიძემ გააკეთა. ეჭვგარეშეა, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე წავიდა, რათა მოვიდეს და ამ მოსვლაში მას დაეხმარება მისი ქარიზმა, მისი კავშირები, ბალანსი რუსებთან და ამერიკელებთან, კავშირი ინტელიგენციასთან და ქართულ ბურჟუაზიასთან. ვაჟა ლორთქიფანიძე თავისი ნაკლოვანებებით და ღირსებებით, ნიკო ლეკიშვილივით ძალიან ბევრისთვისაა მისაღები, მაგრამ საკითხავია, მოქკავშირის შიგნით იქნება იგი თუ გარეთ. ალბათ, უფრო გარეთ.

სხვა ლიდერების მოთხოვნა, მარჯვნიდან იქნება იგი, მარცხნიდან თუ ცენტრიდან, უდავოდ არის, მაგრამ ვინაიდან ისინი დღეს არენაზე არ ჩანან, ჩვენ მათ შესახებ ვერაფერს ვიტყვით.

 

 

 

 

ნანახი?- 217

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80