„სადაც სისხლი იღვრება, იქ სამართალი უნდა აღსრულდეს“
პოლიტიკა

„სადაც სისხლი იღვრება, იქ სამართალი უნდა აღსრულდეს“

„სადაც სისხლი იღვრება, იქ სამართალი უნდა აღსრულდეს“
თამთა ქარჩავა

2018-06-11 12:00:45

დავით მათიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მხრიდან სრული კარტბლანში არსებობს, რომ მოზარდების საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ საქმის სრულფასოვანი გამოძიება მმართველი გუნდის ინტერესებში შედის, რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნითაც დადასტურდა. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირის, მათ შორის რომელიმე პროკურორის ბრალეულობა გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის ფარგლებში დაისჯება.

for.ge დავით მათიკაშვილს ესაუბრა.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო, პარალელურ რეჟიმში შს სამინისტრო გამოძიებას იმ პირების მიმართ აწარმოებს, რომელთაც, შესაძლოა, პროცესის მონაწილეებზე გავლენა მოეხდინათ. რატომ უნდა ჰქონდეს ამ პროცესის მიმართ ნდობა დაზარალებულს, მაშინ როცა მთავარმა პროკურატურამ ვერ, ან არ დაადგინა საქმეზე ჭეშმარიტება?

დავით მათიკაშვილი: ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და განვსაზღვროთ სად არის უნდობლობა და სად არის ნდობა. ის, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ წარმოებული გამოძიებისა და სასასმართლოს მიერ მიღებული განაჩენის ფონზე განჩნდა კითხვის ნიშნები, სწორედ ამ ფაქტებმა გამოიწვია მღელვარება, რის გამოც პასუხისმგებლობა აიღო მთავარმა პროკურორმა და გადადგა. პრინციპში, უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა საქართველოს პარლამენტმა და შექმნა საგამოძიებო კომისია - ასეთ მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არასდროს არ შექმნილა.

რაც ყველაზე მთავარია, საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა წარმოდგენლია უმრავლესობით, რაც დამატებით ქმნის გარანტიას, რომ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან საგამოძიებო კომისიის მუშაობა იქნება მიზანმიმართული იქითკენ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეზე არ დარჩეს კითხვის ნიშნები.

მეორე მხრივ, ამ კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს შსს. ის იძიებს ყველა იმ შესაძლო შემთხვევას, თუკი ასეთს ადგილი ჰქონდა - გამოძიების ფარგლებში ხომ არ მოხდა გამოძიებაში ჩარევა, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ა.შ. მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობა ამ საქმეში. სამივე მიმართულებით ძალიან აქტიურად არის სახელმწიფო ჩართული, რომ ამ გამოწვევას და ვთვლი, რომ ეს არის გამოწვევა სახელმწიფოსთვის, ადეკვატური პასუხი გაეცეს.

გამოძიებაში სერიოზული ხარვეზების შესახებ საუბრობს სახალხო დამცველი, რომლის განცხადებით, თუ საქმე ბოლომდე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ამით სისტემა შეიცვლება, რადგან 11-ტომიანი საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. ანუ, ვიღაცამ გააყალბა საქმე...

- სახალხო დამცველი ჩართულია ამ საქმეში. მისი უფლებამოსილების ფარგლებში მას გააჩნია ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, რომ ჩაერიოს ამ საკითხებში და მით უმეტეს, თუ ბრძანებს, რომ რაღაცა შენიშვნები გააჩნია უკვე წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მიმდინარე გამოძიებასთან ასევე შეიძლება რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს, მით უმეტეს, რომ გამოძიება ახლა დაიწყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება და საზოგადოებას გაეცემა პასუხები.

რაც შეეხება ამ საქმის ფონზე მოწოდებას ქუჩის აქციებისადმი. თუკი ქუჩის აქციების და საზოგადოებრივი მღელვარების საგანი არის სამართლიანობის დადგენა, დიახ, სადაც სისხლი დაიღვარა, იქ სამართალი უნდა განისაზღვროს და, ამ კუთხით ბატონი ზაზას და საზოგადოების აქტიურობამ გარკვეული ეფექტი მოახდინა. მაგრამ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების შეცვლის და არაკონსტიტუციურ მოწოდებებზე, ეს დაუშვებელია.

როგორც წესი, საქართველოში ნებისმიერი აქცია იწყება კონკრეტული მოთხოვნებით და მთავრდება ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით...

- მაგრამ ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენი საზოგადოება განვითარდა და კარგად იცის სად არის ლეგიტიმური და გულწრფელი მოთხოვნა, სად არის ზღვარსგადასული, პრობლემატიკას აცდენილი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესები.

მაგრამ ფაქტი ის არის, რომ საზოადოებაში არის პროტესტი. ეს ხალხი რომნაციონალური მოძარაობისგვედრით არ დადგა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დღეს ხელისუფლების გვერდით დგანან. ისინი, სწორედ, ხელისუფლებისგან ითხოვენ ობიექტურ გამოძიებას, რაც არ გააკეთა მთავარმა პროკურატურამ. საზოგადოებაში არსებული პროტესტის მაღალი მუხტი რამდენად რთულ ვითარებაში აყენებს ხელისუფლებას?

- იქ სადაც საზოგადოება ითხოვს სამართალს, ამ მოთხოვნაში საზოაგადოებასთან ერთად ჩვენც თანაზიარი ვართ, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული ნებისმიერი ჩინოვნიკით. მე ვიცი ჩემი თანაგუნდელების შეხედულება ამ საკითხთან მიმართებაში. საზოგადოებას და ხელისუფლებას გააჩნია ადეკვატური მოთხოვნა, რომ გვერდში დაუდგეს ბატონ ზაზას, ქართულ სახელმწიფოს დაუდგეს გვერდში, რომ ჩვენს სახელმწიფოში აღარასდროს არ იყოს სამართლის აღსრულების პრობლემა.

სამართლის აღსრულებას და ამ საქმეზე მკვლელების დასჯას ხელისუფლებისგან ითხოვსნაციონალური მოძრაობა“. როცა როლანდ ახალაია ითხოვს თქვენგან სამართლის აღსრულებას, არ ფიქრობთ, რომ აქ არის ხელისუფლების ბრალელულობა?

- ძალიან რთულია არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რაიმე სახის მოთხოვნა სამართლიანობის აღსრულებაზე ცინიკურიც არის და ამავდროულად აცდენილია ყოველგვარ გონივრულობის ფარგლებს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენი უბედურება აწევს მათ კისერზე, რამდენი მკვლელობა, რამდენი დაღვრილი სისხლი. ამიტომ, მათი მხრიდან მოთხოვნის დაყენება არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ცხადია, მე ამაშიც გეთანხმებით, ამ სამართლებრივ პროცესში რომ არ გაჩენილიყო კითხვის ნიშნები, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და სალაპარაკო არავის არაფერი არ ექნებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და სწორედ ამიტომ აიღო დიდი პასუხისმგებლობა მთავარმა პროკურორმა და გადადგა. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მსგავს ფაქტს ვერ ეღირსა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს ბევრი ტრაგიკული მოვლენა ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში, როდესაც კი არ გადააყენებდნენ მინისტრებს და პროკურორებს, არამედ აწინაურებდნენ.

ვანო მერაბიშვილი ბოლოს პრემიერად მოგვევლინა, მაშინ როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო. აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. სახელმწიფო პასუხისმგებლობით მიუდგა ამ მართლაც და მნიშვნელოვან გამოწვევას.

რეალურად, ყველა საფუძველია ქვეყანაში შექმნილი იმისთვის, რომ მეტი კითხვის ნიშანი აღარ დარჩეს ამ საქმეში. ან დაადასტუროს საგამოძიებო კომისიამ, რომ ამ მტიცებულებებზე მეტის მოპოვება პროკურატურას აღარ შეეძლო, ან დაადასტუროს, რომ პროკურატურაში შესაძლებელი იყო მტკიცებულებების მოპოვება და არასათანადოდ წარიმართა გამოძიება. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგები უკვე აისახება სამართლის აღსრულებაზე და უკვე საგამოძიებო სტრუქტურების მისაყვანია საქმე ბოლომდე.

საქმეს ართულებს ისიც, რომ მოწმეები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ამიტომ პროკურატურას უჭირს რეალური სურათის აღდგენა. თუმცა ძნელია პროკურატურის ამ ლოგიკას გაყვე, საერთოდ რომ არავინ არ დასწრებოდა დანაშულს, არ უნდა გამოძიებულიყო? ის, რომ პროკურატურამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა მოზარდი 13 ჭრილობით, ეს უკავშირდება ოჯახის ბრალდებას, რომ დამნაშვეს მფარველობენ და ამიტომ პროკურატურამ მისი შეხედულებით გამოიძია ეს საქმე. მაგალითად, გამოძიება არ ჩატარდა დეკანოზის შვილის დაჭრის ფაქტზე და .. რამდენად საფუძვლიანია განცხადება გამოძიების არაობიექტურობაზე, ეს არის ხარვეზი თუ შეცდომა პროკურატურის მხრიდან?

- სწორედ იმიტომ, რომ თქვენს მიერ დასამულ არაერთ კითხვაზე მივიღოთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ უმარვლესობამ ფაქტიურად, საკუთარი ლეგიტიმაცია და უფლებები გადასცა უმცირესობას, როდესაც შექმნა საგამოძიებო კომისია. გამოძიება დაიწყო შსს-ში, იმისთვის, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხები. რატომ მოხდა ისე და რატომ არ მოხდა ასე, სანამ საგამოძიებო მოქმედება არ დასრულდება, ამაზე საუბარი არის აბსოლუტურად არაპროფესიონალური.

რა შედეგს დადებს შს სამინისტრო და საგამოძიებო კომისია, იმის მიხედვით მოხდება ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება. როდესაც არასრულწლოვანი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ეს ცხადია, რომ არის პრობლემა. მაგრამ იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მოგეხსენებათ, როგორ პასუხობდნენ ასეთ საქმეს.

ძალიან ბევრი არასრულწლოვანი გახდა მაშინ რეჟიმის მსხვერპლი...

- არც ბავშვებს ინდობდნენ, არც მშობლებს. ისეთ ვითარებას უქმნიდნენ მშობლებს, რომ ბავშვები არჩადენილ დანაშაულსაც საკუთარ თავზე იღებდნენ. ჩვენ ასე არასოდეს არ მოვიქცევით, გამორიცხულია. ჩვენი ხელისუფლების პირობეში არის მიღებული არასრულწლოვანთა კოდექსი, მაქსიმალური აქცენტი გაკეთებულია მათ უფლებებზე.

არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებაში მსგავსი კონფლიქტები კიდევ იყოს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ და ვფიქრობ, რომ სამოქალაქო ვალდებულებაც არის და მორალურადაც გამართლებულია, როდესაც მკვლელი დაისჯება სათანადოდ და ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის ის, ვინ ფაქტს შეესწრო.

რა მნიშვნელობა აქვს სრულწლოვანია, თუ არასრულწლოვანი, მაგრამ შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს.

ნათქვამია ჩხუბის მერე მუშტებს არ იქნევენო, ამ ყველაფერის ფონზე რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა, ეს მართლაც გამოძიების ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ გამოძიების კუთხითაც დასაფიქრებელია, როდესაც მოწმეების ძალიან დიდი კონტიგენტი არ გეთანამშრომლება, რაღაცნაიარად ხომ უნდა იქნას მტკიცებულებები მოპოვებული.

რა მოლოდინი გაქვთ, იქნება კითხვებზე ის პასუხი, როგორსაც დაზარალებული და საზოგადოება ითხოვს?

- დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დასრულდება ყველა კითხვაზე პასუხის გაცემით და სამართლის აღსრულებით. ეს არის ის ხაზი, რომელზეც გადის საზოგადოების ნდობა. ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია, თუკი მას არ გააჩნია საზოგადოების ნდობა. თუკი ეს გამოძიება არ იქნება ეფექტური და ისეთი კითხვები დარჩება, რომელზედაც ნდობის კუთხით კითხვის ნიშნები გაუჩნდება საზოგადოებას, მაშინ ხელისუფლების მიერ იმ ტოტის მოჭრა გამოდის, რომელზეც სხედან.

მთავარია ზაზა სარალიძისთვის იმის შეგრძნების დაბრუნება, რომ მის მიმართ არსებულ პრობლემაში აღსრულდა სამართალი, რომ მისი შვილის მკვლელები ადეკვატურად არიან დასჯილები. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, რომ ყველა ამ გამოწვევას გასცეს პასუხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, სისხლის სადაც იღვრება, იქ სამართალი უნდა აღსრულდეს. ან უნდა დადასტურდეს, რომ ამ გამოძიების იქით არაფერი არ არის, ან უნდა დადასტურდეს, რომ გამოძიება არასწორად განვითარდა და შესაბამისად, პასუხიც ადეკვატური უნდა გაეცეს.

 

ნანახია - 1108

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80