„რეფორმები თუ იწყება, რეფორმატორებია საჭირო, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ბომონდში რეფორმატორს ვერავის ვხედავ“
საზოგადოება

„რეფორმები თუ იწყება, რეფორმატორებია საჭირო, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ბომონდში რეფორმატორს ვერავის ვხედავ“

„რეფორმები თუ იწყება, რეფორმატორებია საჭირო, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ბომონდში რეფორმატორს ვერავის ვხედავ“
მანანა ნოზაძე

2018-06-14 16:00:48

თვისობრივი ხასიათის ცვლილებების აუცილებლობას მმართველ გუნდშიც აღიარებენ. უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, როდესაც ამხელა პროტესტია ქვეყანაში, ცვლილებები აუცილებელია და მინისტრები შესაცვლელია. ზაქარია ქუცნაშვილიც იზიარებს აზრს, რომ თვისობრივი ხასიათის ცვლილებების დრო დგება. ასევე ფიქრობს ნუკრი ქანთარიაც. ამის მიუხედავად, ოფიციალურად „ქართული ოცნების“ საგანგებო შეხვედრა მხოლოდ „იუნისეფის“ კვლევაზე საუბრით შემოიფარგლა. თუმცა სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია, რომ საგანგებო შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა თანაპარტიელების მხრიდან მრავალი შეურაცხყოფა და „რაზბორკა“ აიტანა.

დადგა თუ არა ცვლილებების დრო ქვეყანაში და რას მოიტანს მთავრობის გუნდის უკვე მერამდენედ განახლება, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

სოსო ცინცაძე: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონაც არ იციან, რა სახის ცვლილებებზე ლაპარაკობენ. ეს გახლავთ ორმხრივი უნდობლობა, ხალხი არ ენდობა პოლიტიკოსებს, არ ენდობა მმართველ პარტიას, მაგრამ მმართველი პარტიაც არ ენდობა ხალხს.

საქართველოში სულ ასე იყო, არც ხალხი ენდობოდა პოლიტიკოსებს, არც მმართველი გუნდი ენდობოდა ხალხს. „ქართული ოცნებისმიმართ უნდობლობა რით დასრულდება?

- დიახ, ასე იყო ყოველთვის, მაგრამ 2012 წელს სრულიად სხვა ლოზუნგებით მოვიდა ეს ხელისუფლება. უკვე აღარ შეიძლება ერთი და იმავეს ატანა. ხომ არ შეიძლება, ათი წელი ვიძახოთ, რომ „ნაციონალების“ დროს თურმე ასე იყო, „ნაციონალების“ დროს ისე იყო. მომბეზრდა გაუთავებლად ამის მოსმენა. 90-იან წლებში მიხდებოდა იმის მტკიცება, რომ რამდენი მთავრობა უნდა შეცვლილიყო, რომ ზვიადისტებს დაევიწყებინათ თავიანთი ნათქვამი, „აღდგეს კანონიერი ხელისუფლება“. კარგით, ვთქვათ, იმ დროს ხელისუფლებაში მოვიდნენ პუტჩისტები, მაგრამ პუტჩის მერე ხომ არჩევნები ჩატარდა, მაინც იძახდნენ „აღდგეს კანონიერი ხელისუფლება“. ცხოვრება წინ მიდის, ამ დროს კი დღევანდელი დღით ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობის 98%. რაც ხდებოდა „ნაციონალების“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში, მორჩა, ჩაიარა იმ დრომ, ის უკვე ისტორიაა. გარდა ამისა, პოლიტოლოგიის ანბანური ჭეშმარიტებაა, ყოფილი ხელისუფლების ნებისმიერი დანაშაული ინდულგენცია არ არის მმართველი ხელისუფლებისთვის. ის, რომ წინა ხელისუფლება საშინელებებს ჩადიოდა, ეს ამ ხელისუფლების შეცდომებს სულაც არ ამართლებს. დავუშვათ, წინა ხელისუფლებამ შიმშილით მოკლა 100 კაცი, შენს დროს კი შიმშილით კვდება 50 კაცი, ეს შენ გამართლებს და შიმშილი აღარ არის ქვეყანაში? განა საამაყოა, თუ 50 კაცით ნაკლები მოკვდება შიმშილით?

წინა ხელისუფლების უმრავლესობის წევრები არაფრით ამბობდნენ, რომ თვისობრივი ცვლილებები აუცილებელი იყო, ეს ხელისუფლება კი აღიარებს ამ ნაკლს. ეს უკვე მიღწევაა?

- „ნაციონალები“ გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. იმ პერიოდში საერთაშორისო ვითარებაც უწყობდა ამას ხელს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც გაცილებით უკეთესი იყო აგვისტოს ომამდე. თვით რუსეთშიც კი იბეჭდებოდა წიგნები, „ზაჩემ პოლუჩილოს უ გრუზიი?!“ („რატომ გამოუვიდა საქართველოს“) რეფორმისტულ ქვეყნად სახელდებოდა ჩვენი ქვეყანა 2008 წლის ომამდე.

სააკაშვილის დროს პიარისტული ელემენტები მართლაც მოქმედებდა ქვეყნის გარეთ, მაგრამ ხალხი იმ პერიოდშიც ისევე გარბოდა საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად, როგორც ახლა გარბის. ეს ნაკადი არ წყდება არც ერთი მთავრობის დროს.

- ხალხი მაშინაც გარბოდა და ახლაც გარბის. ყველაზე მეტად შევარდნაძის დროს გარბოდნენ, მერე ოდნავ შენელდა, ახლა კი კვლავაც გაიზარდა ეს ნაკადი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თვისობრივი ცვლილებების შესახებ, მე არ მესმის, რა იგულისხმება თვისობრივ ცვლილებებში. თვისება უნდა შეცვალონ? თვისებრივი ცვლილება არის პერსონალური ცვლილებები, თუ კურსის ცვლილებები? ვთქვათ, გადადგა კვირიკაშვილი და მოვიდა გახარია, ან ივანიშვილი ან პეტრიაშვილი. ეს რა თვისებრივი ცვლილებებია? რეფორმები თუ იწყება, რეფორმატორებია საჭირო, მაგრამ მე ჩვენს პოლიტიკურ ბომონდში რეფორმატორს ვერავის ვხედავ. ამიტომ, ვინც არ უნდა მოვიდეს, რა შეიცვლება? თუნდაც გახარია რეფორმატორია? მე ეს არ ვიცი.

ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალების“, თუ მათ გარეშე მოწყობილმა საპროტესტო აქციებმა მაინც ამხელა მუხტი მოიტანა და უკვე ვადამდელ არჩევნებზეცაა საუბარი.

- რასაკვირველია, ამ აქციებზე მუხტი იგრძნობოდა. თვითონ ვერ ხვდებიან ეს სულელები, რომ როცა ამბობენ, ეს „ნაციონალებმა“ მოაწყესო, ამით კომპლიმენტს უკეთებენ „ნაციონალებს“. ეს მაშინ, როცა „ნაცმოძრაობა“ დღეს 50 კაცსაც ვერ გამოიყვანს ქუჩაში. იმ აქციაზე კი 10-15 და 20 ათასი კაციც იყო გასული. „ნაცმოძრაობას“ რომ ქუჩაში 20 ათასი კაცის გამოყვანის თავი ჰქონდეს, მაშინ ეს ხელისუფლება აღარ იარსებებდა. სად აქვს ამის თავი „ნაცმოძრაობას“? ეს გამორიცხულია.

ცხადია, ზაზა სარალიძეს ნიკოლ ფაშინიანს ვერ შევადრით, მაგრამ მის ტრაგედიას დიდი მუხტი და პიროვნული ქარიზმა მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, ხალხში დაგროვილი საპროტესტო მუხტი ისევ გახდება აქციების საწინდარი?

- უბრალოდ, ეს მოწმენდილი ცა არ ყოფილა. მოწმენდილ ცაზე მეხი არ ვარდება. ელემენტარულად, არ იქნებოდა ზაზა სარალიძე, გავიდოდა 5-6 თვე, რაღაც სხვა საბაბი იქნებოდა და ხალხი ქუჩაში მაინც გამოვიდიდა. საყოველთაო უკმაყოფილებას, საყოველთაო გაღიზიანებას კიდევ დაემატა ურცხვი ცინიზმი. ყველამ ნახა, რომ მკვლელებს ვიღაც-ვიღაცები ხელს აფარებენ. შეიძლება, სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, სხვა რეალობაში ამას ასეთი ფართო პროტესტი არ მოჰყოლოდა, მხოლოდ მთავარი პროკურორი გადამდგარიყო, ყველა კმაყოფილი იქნებოდა ამით და მოითხოვდნენ, მოდით, პროკურატურა გაიწმინდოს ამ ხალხისგანო, მაგრამ არავინ არ მოითხოვდა პრემიერის, იუსტიციის მინისტრის გადადგომას, ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გადადგომას. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა სერიოზულია და ყველა ზემოთჩამოთვლილის გადადგომას ითხოვენ.

გარდა ამისა, ჩვენ უცბად დავივიწყეთ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში. ერთი კვირის განმავლობაში იყო ჩვენთან ეს ინტერესი. როგორც ყოველთვის, ასეთი ინტერესისთვის ერთი კვირა მაქსიმუმია და მერე აღარავის ახსოვდა მისი დაბრუნება. არადა, კაცი ორი თვეა დაბრუნებულია და, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. გამოდის, ორთვიანი სამზადისი რაღაც ცვლილებებისთვის იყო გამიზნული? თუმცა ამ ერთი ციცქნა, სამმილიონიანი ქვეყნისთვის 2-თვიანი სამზიდისი, „რაზგონის“ ასაღებად ძალიან დიდი დროა. ახლა ყველა იძახის, თვისობრივი ცვლილებებიო, მაგრამ გუშინწინ კობა ნარჩემაშვილი ამტკიცებდა, არავითარი კრიზისი არ არისო და ტელევიზიიდან გვიხსნიდა, თუ რა არის პოლიტიკური კრიზისი. მისი აზრით, გინდაც გადადგნენ, ეს არ ნიშნავს სამთავრობო კრიზისსო. ეგ კაცი შს მინისტრი იყო, მაგრამ მაშინ ის დრო იყო, ვინ სად ინიშნებოდა, კაციშვილმა არ იცოდა. ამიტომ ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ პანაცეაა ეს ცვლილებები?

არ მჯერა, რომ ცვლილებებიდან 5-6 თვის შემდეგ უმუშევრობა შემცირდება, პროდუქტზე ფასები დაეცემა, ასევე, მედიკამენტებზე ზღაპრული ფასები, ბენზინზე ფასები შემცირდება. აუჩემებიათ ვადამდელი არჩევნები. კარგით, დაინიშნა ეს ვადამდელი არჩევნები, ისევ „ოცნება“ მოვა 100%-ით. თუ ამათ პროტესტის თავი ჰქონდათ, როცა ღებულობდნენ ისეთ წინასაარჩევნო კანონებს, რომლითაც ნებისმიერ არჩევნებში ნებისმიერი მმართველი პარტია გაიმარჯვებდა, მაშინ გამოსულიყვნენ და მაშინ აეტეხათ ერთი ამბავი. როდესაც 2024 წლამდე გადადეს პროპორციული არჩევნების ვადა, მაშინ აეტეხათ განგაში. ასეთ ვითარებაში წლები გადის და, მე, რომელიც, ასე თუ ისე, დაინტერესებული ვარ პოლიტიკით, პარლამენტარი შალელაშვილი თუ გვყავდა პარლამენტში, ესეც არ ვიცოდი. თეა წულუკიანმა, მგონი, მაგაზე თქვა, ეს კაცი სამსახურში არ დადისო. ამას წინათ კი ეს კაცი ლაპარაკობდა, ჩემს შვილზე სკანდალია ატეხილი ამერიკაშიო. ასე რომ, შეცვლის შემდეგ განა ისევ ეს ხალხი არ მოვა? თუ ეს ხალხი არ მოვა, შეიძლება, ამაზე უარესებიც მოვიდნენ.

როგორ ფიქრობთ, თავად ქართულ საზოგადოებაშია პრობლემა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ვერ სთავაზობს ღირსეულ კადრებს?

- ჩვენს ხალხს ერთ დღეზე მეტხანს პროტესტის თავი არ აქვს. ეს არის ემოციური სიტუაცია. უცბად ყველამ დაინახა, უბედური ზაზა სარალიძე რკინის გისოსებს როგორ უტყამდა თავს და როგორ ტიროდა. მაშინ მართლაც შეიძლებოდა, მილიონი კაცი გამოსულიყო ქუჩაში, მაგრამ გავიდა 3-4 დღე, განა იმ კაცს გაუცოცხლეს შვილი და აღარ აქვს სატირლად საქმე? თუ მიუყვანეს მკვლელი და დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნები? სად არის 10-15 ათასი კაცი? ეს არის აღმოსავლური არტისტიზმი, რაც ქართველებს გვახასიათებს. ყველა ქართველი არტისტი, პოეტი და მომღერალია. თავისთავად, ყველა ქართველი პოლიტიკოსია. ამ დღეებში გვესმოდა, მე მივიდოდი იმ აქციაზე, მაგრამ იქ „ნაციონალი“ იდგა და ვერ მივედი. რას ჰქვია, „ნაციონალი“ იდგა და ვერ მიხვედი? შენ თუ მიზანი გაქვს, შენ მიდიხარ არა იმისთვის, რომ ვიღაცის გვერდით დადგე, არამედ იქ შენი პატარა ადგილი, შენი პატარა მონახაზი გაქვს და იქ უნდა იდგე. ეს არის ცინიზმი, „ნაციონალები“ იქ რომ იდგნენ, იმიტომაც არ მივედი.

ზუსტად ამ ფაქტს გამოეხმაურა მეუფე ზენონი (იარაჯული). მან შვილმოკლულ მამაში თანადგომის მაძიებელი ქრისტე დაინახა და აღნიშნა, რომნაციონალებისმოტივით შვილმკვდარი მამის გვერდით არდადგომა იმას ჰგავს, რომ უფალს უთხრა, „საძულველ ადამიანთა შორის დგახარ, უფალო, და ეს მაბრკოლებს, რომ გითანაგრძნო“.

- ზუსტად ასეა. ის ხალხი, ვინც იქ არ მივიდა, ორ კვირაში ერთხელ მაინც მშვენივრად ქეიფობს ისეთ ხალხთან ერთად, რომელთა გვერდში დგომაც არ უნდოდათ იმ მიტინგზე.

 

ნანახია - 1725

Maverick

2018-06-14 22:35:17

სოსო ცინცაძე,
"- ჩვენს ხალხს ერთ დღეზე მეტხანს პროტესტის თავი არ აქვს. ეს არის ემოციური სიტუაცია. უცბად ყველამ დაინახა, უბედური ზაზა სარალიძე რკინის გისოსებს როგორ უტყამდა თავს და როგორ ტიროდა. მაშინ მართლაც შეიძლებოდა, მილიონი კაცი გამოსულიყო ქუჩაში, მაგრამ გავიდა 3-4 დღე, განა იმ კაცს გაუცოცხლეს შვილი და აღარ აქვს სატირლად საქმე? თუ მიუყვანეს მკვლელი და დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნები? სად არის 10-15 ათასი კაცი? ეს არის აღმოსავლური არტისტიზმი, რაც ქართველებს გვახასიათებს. ყველა ქართველი არტისტი, პოეტი და მომღერალია. თავისთავად, ყველა ქართველი პოლიტიკოსია. ამ დღეებში გვესმოდა, მე მივიდოდი იმ აქციაზე, მაგრამ იქ „ნაციონალი“ იდგა და ვერ მივედი. რას ჰქვია, „ნაციონალი“ იდგა და ვერ მიხვედი? შენ თუ მიზანი გაქვს, შენ მიდიხარ არა იმისთვის, რომ ვიღაცის გვერდით დადგე, არამედ იქ შენი პატარა ადგილი, შენი პატარა მონახაზი გაქვს და იქ უნდა იდგე. ეს არის ცინიზმი, „ნაციონალები“ იქ რომ იდგნენ, იმიტომაც არ მივედი."

ბატონო სოსო!

მარტო ამ სიტყვებით, ყველა ადრე ნათქვამი მიკიბულ-მოკიბული გააფერმკთალეთ. სულმნათი ილიას ნათქვამივითაა. ამ ნათქვამს რედაქტირება გაუკეთეთ, ქართველებმა საქართველოში ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაში, ყველა სახლის შესასვლელთან გამოვაკარათ, რათა ყველას თვალში გაეჩხიროს და სულში ჩაუძვრეს, გამოვიღვიძოთ საღათის ძილისგან და ქვყენის აღმშენებლობის რთულ და შრომატევად აღმართს შევუყვეთ...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80