ახალი პრემიერი ახალ კოდექსებს ითხოვს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

ახალი პრემიერი ახალ კოდექსებს ითხოვს

ახალი პრემიერი ახალ კოდექსებს ითხოვს
ბექა დანელია

2018-06-27 19:16:22

საქართველოს ახლო მომავალში, შესაძლოა, ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი ჰქონდეს. ახლადარჩეულმა პრემიერმა მოქმედი კანონმდებლობა საჯაროდ დაიწუნა და წამოაყენა წინადადება ახალი დოკუმენტის შექმნის შესახებ. სპეციალისტები და ბიზნესმენები მამუკა ბახტაძის ინიციატივას დიდი მოწონებით შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არსებული საბაჟო და საგადასახადო კოდექსი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას აქვს. მამუკა ბახტაძის თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში არ არის ასახული ის თანამედროვე ეკონომიკური სექტორები, რომლებიც განვითარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

„მე სასიცოცხლოდ მიმაჩნია დავამუშაოთ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი ღია რეჟიმში, კერძო სექტორთან ერთად. ვფიქრობ, ახალმა კოდექსმა უნდა უზრუნველყოს სწორედ იმ გეგმების და ჩავარდნების აღმოფხვრა, რაც რეალურად გვაქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის ამ გამოსვლამ ბიზნეს წრეებში და სპეციალისტებში დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოში საგადასახადო კოდექსს წლებია აკრიტიკებენ ეკონომისტები და მეწარმეები. მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას დადებითად აფასებს. მიხეილ ჭელიძე საგადასახადო კანონმდებლობის ნაკლოვანებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კოდექსი ნამდვილად საჭიროებს მოდერნიზებას.

„საგადასახადო კოდექსი მოძველებულია. ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებით მასში არ არის გაწერილი ბევრი ნორმა. მოდერნიზაცია სჭირდება. მაგალითად ტურიზმი თუ ცალკე გამოიყოფა საგადასახადო კოდექსში კარგი იქნება, რათა ერთ მუხლში იყოს თავმოყრილი ყველა ის სარგებელი ტურიზმთან დაკავშირებით, რაც გაფანტულია ამჯერად კოდექსში. კერძოდ, წარმომადგენლობის თემა, აგენტი, ტუროპერატორი ვინ არის და ა.შ.“ - აცხადებს ჭელიძე.

სპეციალისტები კი მოითხოვენ, რომ ახალ კოდექსში აღარ იყოს ბუნდოვანი მუხლები, რომელიც თავგზას უბნევს ცალკე ბიზნესმენებს და ცალკე ფინანსისტებსაც კი. სწორედ საბაჟო კოდექსის გამარტივებაზე საუბრობს ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე. მისი თქმით, კოდექსი უნდა იყოს კითხვადი და მარტივად აღსაქმელი, არ უნდა იყოს ორმაგი მუხლები და ბუნდოვანი მომენტები. ამისთვის საჭიროა, მთავრობამ კეთილი ნება გამოავლინოს, რათა ვითარება სწრაფად გამოასწოროს.

„ვეთანხმები პრემიერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დღევანდელი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი ვეღარ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნას. რომ წავიდეთ საბაჟოზე და ვცადოთ რაღაცის განბაჟება, დაგვჭირდება მინიმუმ ერთი დღე. პროცედურები მკვეთრად უნდა შეიცვალოს და შემსუბუქდეს.

კოდექსი უნდა იყოს კითხვადი და მარტივი. სავსებით მოგვარებადია არსებული სიტუაცია, მთავარია, იყოს კეთილი ნება, რომელსაც ერთი შეხედვით ავლენენ კიდეც. დიდი ხანია, ქვეყანაში ბიზნესი სტაგნაციაშია და ამის მიზეზი კანონმდებლობაა“, - განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.

ნანახია - 379

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80